თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად ქართული მხარე ევროკავშირის სახელმწიფოებს უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანას სთხოვს. ამ მიზნით ქართველები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, გერმანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ.
როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, ამ მიზნით მომავალ კვირას გერმანიაში შს მინისტრის ვიზიტი იგეგმება. გარდა ამისა, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის თაობაზე, პრაქტიკულად, ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.
„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სახით. ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომელიც დამარწმუნებელი ეფექტის მქონე იქნება, რათა საქართველოში მყოფმა მოქალაქემ არ მიიღოს გადაწყვეტილება შენგენის ზონაში წასვლისა და დარჩენის თაობაზე და არ ააგოს ოქროს კოშკები მაშინ, როცა ამის რეალური პირობები და შესაძლებლობა არ მიეცემა. დამატებითი ფინანსური ბარიერისა და ვალდებულების შემოტანა შეაჩერებს იმ ხალხს, ვინც შესაძლოა, ამ მიზნით წასვლას აპირებდეს“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.
დეპუტატი გია გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო ისედაც უსაფრთხო ქვეყანაა და ეს აღიარებულია ყველა იმ კვლევით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ. შარშანდელი მონაცემებით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ არა მარტო რეგიონში, არამედ კონტინენტური მასშტაბითაც კი. ამიტომაც იმ ხალხს, რომელიც მიდის უცხოეთში და ცდილობს, თავშესაფარი მოითხოვოს, უცხოელები ეუბნებიან, მეგობრებო, თქვენი ქვეყანა უსაფრთხოა, უცხოეთში რომ მოდიხართ მოგონილი თემებითა და პრობლემებით, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ. მით უმეტეს, არსებობს საერთაშორისო შეფასებები, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოში არაფერი ისეთი არ ხდება, თქვენ იქიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდეთ. ამიტომ ნუ გვატყუებთ. შესაბამისად, მხოლოდ მცირე პროცენტს აძლევენ თავშესაფარს.
დეპუტატის თქმით, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ჩასული ცალკეული ადამიანები ძალიან ცუდად იქცევიან. ასეთი ხალხის მიმართ საქართველოს სახელმწიფო უმკაცრესი უნდა იყოს, რადგან რომელიღაც არანორმალური ადამიანის გულისთვის საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარს ვერ იტყვის. აქ სასწორზე დევს სახელმწიფოს მომავალი განვითარების პერსპექტივა.
„არ ვიცი, უცხოეთში როგორი კატეგორიის ხალხი მიდის, „ნაცები“ თუ „ნაცობას“ ამოფარებულნი. არა მგონია, პოლიტიკური ნიშნით მიდიოდეს იქ ადამიანი და მერე კბილის ჯაგრისს იპარავდეს მაღაზიებიდან. ამით ვის მოატყუებენ? პოლიტიკური ნიშნით შევიწროება საქართველოში აღარ არის, შეხედეთ ქართულ ტელევიზიებს, ვინ არის იქ გამოჭიმული 24 საათი? ვინ ზის პარლამენტში, ვინ არიან საკრებულოებში? რა ამბავში არიან, თავდაყირა გადადიან. ქართულ მედიაში „მწვანეთა პარტიას“ ვერ ნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფრაქცია არსებობს, უძველესი პარტია ვართ, გამოვდივართ პარლამენტში. სამაგიეროდ, გამოჭიმულია ბოკერიას პარტია. რომელ პოლიტიკურ შევიწროებაზეა საუბარი? თუ დამნაშავეებზეა ლაპარაკი, რომლებიც აწამებდნენ ხალხს და ახლა გარბიან საქართველოდან, ისინი პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც ვერ ნახავენ, რადგან ყველამ იცის, რა კატეგორიის ადამიანებიც არიან“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე და დარწმუნებულია, რომ საქართველოდან გაქცეულმა თავშესაფრის მაძიებლებმა ისედაც ძალიან კარგად უწყიან, რომ ვერავითარ თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ ევროპაში, რადგან, სანამ ადამიანი იქ წასვლას გადაწყვეტს, წინასწარ იკვლევს, უცხოეთში რა ხდება.
გია გაჩეჩილაძის თქმით, უცხოეთში ბრმად არავინ მიდის, უბრალოდ, საქურდაოდ მიდიან. მოლოდინის პერიოდს, რაც თავშესაფრის მაძიებლებს უარის მიღებამდე სჭირდებათ, რაღაცების მოსაპარად იყენებენ და ამით თავს ჭრიან საკუთარ ქვეყანას.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასულ კიდევ უფრო ნაკლებ ხალხს მისცემენ თავშესაფარს ევროკავშირში. თუკი აღიარებულია, რომ ადამიანი ევროკავშირის ქვეყნებში ჩადის უსაფრთხო ქვეყნიდან, მას ბევრად ნაკლები არგუმენტი აქვს თავშესაფრის მისაღებად.
„თუ ჩვენი მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლობა გართულებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინ მნიშვნელოვნად შემცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში ამ იმედით მიემგზავრებიან. სინამდვილეში, თავშესაფარს იღებს ადამიანთა მცირე რაოდენობა, მაგალითად, შარშან 7 ათასამდე ადამიანმა შეიტანა განაცხადი და აქედან მხოლოდ 450-მა მიიღო დასტური“,-აცხადებს კახა გოგოლაშვილი.