გირგვლიანის მკვლელების შეწყალება არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება. ექსპრეზიდენტმა ასეთივე პრეცედენტი დაუშვა „ნაცმოძრაობის“ წევრსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორზე, შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე თენგიზ გუნავაზე. სწორედ ამიტომ დამოუკიდებელმა ადვოკატმა, უფლებადამცველმა გრიგოლ გაგნიძემ იუსტიციის მინისტრის სახელზე საჩივარი შეიტანა სააკაშვილის მიმართ 2013 წელს გამოყენებული შეწყალების აქტთან მიმართებით.
For.ge გრიგოლ გაგნიძეს ესაუბრა.
თქვენ მიიჩნევთ, რომ თენგიზ გუნავას შეწყალებისას გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ანალოგიურად დაირღვა კანონი და ექსპრეზიდენტმა ამით ჩრდილი მიაყენა ქართულ მართლმსაჯულებას. რას გვეტყვით ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ?
- მმართველი პარტიის დღის წესრიგში დადგა საკითხი ახალი საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტის - „გირგვლიანის შესწორებების“ განხილვის თაობაზე, რაზეც განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. „გირგვლიანის შესწორებები“ მოჰყვა სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით სააკაშვილის გასამართლებას გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო. ამ მიზეზით პირველი ინსტანციის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ექსპრეზიდენტს შეწყალების აქტის ბოროტად გამოყენებისთვის. სააკაშვილისდროინდელ შეწყალების პრაქტიკას როცა გადავხედე, აღმოვაჩინე ერთ-ერთი მსგავსი ფაქტი. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი 2013 წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტის ფუნქციას ასრულებდა. ახალი ხელისუფლება მოსული იყო, როცა სააკაშვილი კვლავაც პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა. სწორედ იმ პერიოდში სააკაშვილმა 2013 წლის 30 ივლისს პრეზიდენტისვე განკარგულებით შეიწყალა თენგიზ გუნავა, შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი.
მოგეხსენებათ, გუნავა გასამართლებული იყო 3000 ლიტრი ბენზინისა და 49 ათას 500 ლარის მითვისების გამო. შთანთქმის პრინციპით, ამნისტიის შესახებ 2013 წლის 12 იანვრის კანონის გამოყენებით, მას საბოლოო სასჯელად ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამასთანავე, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. კურიოზული ის იყო, რომ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და დაარღვია სამი უმნიშვნელოვანესი ნორმა. პირველი - თავად შეწყალების წესი. მან დაარღვია 2004 წლის 19 ივლისის 277-ე განკარგულება შეწყალების გამოყენების წესის შესახებ. კონკრეტულად, ამ წესის პირველი მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულს სასჯელის 1/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი, რათა მას შეწყალება შეეხოს. ასევე, როგორც ცნობილია, გუნავა არ ინანიებდა დანაშაულს, არ ითხოვდა შეწყალებას, რაც აუცილებელი ნიუანსებია შეწყალების დროს, ანუ მას არ ჰქონდა მიმართული შეწყალებისთვის იურიდიულ პროცედურათა დაცვით. ეს იმ დროს, როდესაც ბევრი სხვა პატიმარი ითხოვდა შეწყალებას, რომლებიც ვადასა და ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ. ამ შემთხვევაში, აშკარად დისკრიმინაციული მიდგომა, პოლიტიკური ანგაჟირება იკვეთებოდა ისევე, როგორც გირგვლიანის შემთხვევაში. ამით არა მარტო დაირღვა შეწყალების კანონი, ასევე, დაირღვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტმა ამავე შეწყალების აქტით ნასამართლეობა მოუხსნა თენგიზ გუნავას. ეს ნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტმა უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლი პირის შეწყალების თაობაზე. ამ კანონში წერია, რომ ნასამართლეობა შეიძლება მოეხსნას პირს, რომელმაც სასჯელი მოიხადა. გამოდის, გუნავას სასჯელი მოხდილი არ ჰქონდა, მაგრამ შეწყალებასთან ერთად ნასამართლეობაც მოუხსნა სააკაშვილმა. ცხადია, ესეც უკანონობა იყო.
თქვენი აზრით, ამ სამოხელეო დანაშაულზეც უნდა მოხდეს რეაგირება და მხოლოდ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების უკანონობით არ უნდა შემოიფარგლონ?
- დიახ, ეს იგივეა, რაც გირგვლიანის შემთხვევაში იყო, მაგრამ გირგვლიანის საქმეში საერთაშორისო სასამართლომ ექსპერტიზა დადო და სახელმწიფო ვალდებული იყო, რეაგირება მოეხდინა ამაზე. გარდა ამისა, მესამე და უმნიშვნელოვანესი, თენგიზ გუნავას საქმე გასაჩივრებული იყო აპელაციის წესით და კანონიერ ძალაში არ იყო შესული განაჩენი. თუმცა აქაც სასამართლოს საქმიანობაში უხეშად ჩაერია ექსპრეზიდენტი, ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას და არ დააცალა, მართლმსაჯულება ბოლომდე აღსრულებულიყო თენგიზ გუნავას მიმართ. ანუ გასაჩივრებული იყო, ჯერ საბოლოოდ მისჯილიც არ ჰქონდა გუნავას და ეს მაშინ, როცა შეწყალების აქტი ითვალისწინებს, რომ პირს უნდა ჰქონდეს მისჯილი სასჯელი და ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი შეწყალება.
ფაქტია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩქარობდა თენგიზ გუნავას გათავისუფლებას.
- ჩვენ ვიცით, რომ მას ოქტომბრისთვის ვადა ეწურებოდა. ასევე, გვახსოვს იმავე პერიოდში ზერელედ ათი ათას უცხოელს რომ მიანიჭა მოქალაქეობა, რაზეც შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჯაროდ შენიშვნებს აძლევდა, რომ არ შეიძლებოდა ასე ხელაღებით და სახელმწიფო უსაფრთხოების გზის ავლით, გადამოწმების გარეშე მოქალაქეობის მინიჭება. შეიძლებოდა, ამას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სამომავლოდ საფრთხე შეექმნა. ასე რომ, ბევრი რამ პოლიტიკურად ანგაჟირებულად, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დისკრიმინაციულად ხორციელდებოდა სააკაშვილის დროს. ხშირად იგი უკანონოდ იყენებდა უფლებამოსილებას. ამიტომაც სარჩელით მივმართე იუსტიციის მინისტრს. შეიძლებოდა, სარჩელი მთავარ პროკურატურაში შემეტანა, მაგრამ მინდოდა, იუსტიციის მინისტრი გასცნობოდა საჩივარს, ვინაიდან „გირგვლიანის შესწორებებთან“ მიმართებაში, როგორც ვიცი, იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა იმ განცხადებას, რაც მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
გუნავას შეწყალებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვთ?
- დიახ, გამოძიების დაწყებას ვითხოვ. მინისტრი თუ ჩათვლის საჭიროდ, გადაუგზავნის მთავარ პროკურატურას, რადგან სააკაშვილის იმდროინდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია. მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს აღნიშნულ საკითხზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ სამი წლით პატიმრობა შეუფარდა ექსპრეზიდენტს, ანალოგიურად სასამართლო თუ იმსჯელებს, შესაძლოა, გუნავას საკითხშიც გამოვლინდეს სააკაშვილის პასუხისმგებლობა.
ამ ორი საკითხის გარდა, რასაც ჰქვია გირგვლიანის მკვლელებისა და თენგიზ გუნავას შეწყალება, თუ გახსოვთ კიდევ სხვა შემთხვევები, როცა ექსპრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება?
- კიდევ ერთი საკითხი გამახსენდა, მაგრამ ეს ცოტა სხვა თემაა. ჩვენ გვახსოვს, იმავე პერიოდში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გულებიანი დროშა რომ აღმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავზე და შემდეგ თავის მართლების რეჟიმში ჩადგა, გადაღება მიმდინარეობდაო. შიდა სამართლებრივი აქტები არ მინახავს, მაგრამ თავად ფაქტია დაუშვებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის თავზე სახელმწიფო დროშის გარდა სხვა რაიმე ეკიდოს. თუ გადაღებაა, ამისთვის შიდა ადმინისტრაციული აქტი უნდა იყოს მიღებული. არავინ გაჰყვა ამ საკითხს ბოლომდე, მაგრამ მწვავედ შეიძლება აღვიქვათ სახელმწიფო დროშის დამახინჯება და გულებიანი დროშის გამოფენა. შეიძლება, ეს დროშის მიმართ უპატივცემულობად, დროშის შებღალვად, ცინიზმად ჩავთვალოთ, რაც, ასევე, სისხლის სამართლის დანაშაული შეიძლება იყოს.
ზოგადად, როგორ აფასებთ „გირგვლიანის შესწორებების“ კონტექსტში განხორციელებულ ცვლილებებს, რამდენად დროულია ასეთი საკანონმდებლო პაკეტის გამოცემა და სსკ-ის ნორმების გამკაცრება, რომელიც მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლას ეხება?
- ეს მნიშვნელოვანია, რადგან, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, მან ბოროტად არ გამოიყენოს უფლებამოსილება, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. როგორი „მიშა 2“-იც არ უნდა იყოს მომავალი პრეზიდენტი, იგი კანონს უნდა დაემორჩილოს.