„ქვეყანა იმართება არა საღი აზრით, არამედ „მენეჯერული არასრულფასოვნების კომპლექსის სინდრომით“

„ქვეყანა იმართება არა საღი აზრით, არამედ „მენეჯერული არასრულფასოვნების კომპლექსის სინდრომით“

„საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის მდგომარეობაა, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას მხოლოდ ეკონომიკის ინოვაციურ განვითარებაზე ორინეტირებული რადიკალური ეკონომიკური რეფორმები გადაარჩენს“,- ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი, აზიკო სისვაძე, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ხელისუფლებას სტრატეგიულ და ინოვაციურ იდეებს სთავაზობს.

For.ge აზიკო სისვაძეს ესაუბრა.

ეკონომიკა პოლიტიკის ფუნდამეტია და თქვენ, როგორ ეკონომისტი, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას?
- ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის მდგომარეობა, როდესაც ქვეყანა ტკეპნის ერთ ადგილს და განვითარების ამჟამინდელი ტემპებით ჩვენ სამუდამოდ განვითარებადი, ჩამორჩენილი, ღარიბ-ღატაკი ქვეყნების რიგებში დავრჩებით.

როგორც თქვენ ამბობთ ხელისუფლებამ ქვეყანაში სტაგნაციის მდგომარეობა შექმნა, თუმცა ეს ხელისუფლება ხალხმა მეორედ აირჩია ...

- კი ბატონო, აირჩია, მაგრამ როდესაც ძველი კვლავ მოდის ხელისუფლებაში, ეს ხშირად მისი წარმატებული საქმიანობის შედეგი კი არაა, არამედ ოპოზიცია ვერ გამოხატავს ამომრჩევლის სულისკვეთებას და თავისი შეცდომების თუ არაორგანიზებულობის გამო კიდევ უფრო სუსტია და ხალხი მას არ ენდობა.

დღევანდელი სამწუხარო პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა ისაა, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია არა გრძელვადიანი პერსპექტიული სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტაზე, არამედ მომდევნო არჩევნებამდე ხელისუფლების შენარჩუნებაზე. შესაბამისად, იგი ცდილობს გადაჭრას უპირატესად უმნიშვნელო მოკლევადიანი რუტინული საკითხები და არაა ორიენტირებული დაჩქარებულ განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე.
თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიტიკურ ველზე არ არის ოპოზიცია, რომელიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას და ქვეყენას სტაგნაციის მდგომარეობიდან გამოიყვანს?
- როდესაც არსებობას საზოგადოებრივი მოთხოვნა მკვეთრ ცვლილებებზე, გამოწვევების შესაბამისი პოლიტიკური ლიდერები თუ პარტები ადრე, თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებიან. ეს ისტორიის კანონზომიერებაა. ამჟამად კი, სამწუხაროდ ასეთი არ ჩანს, რადგან პარტიები ერთმათთან უსაგნო ამბიციურ ბრძოლაში არიან ჩაბმულები და ნაკლებად რჩებათ დრო ხალხისთვის პროგრესული იდეების მისაწოდებლად და დასარაზმად.

ხელსუფლება კი რეაგირებას ახდენს მხოლოდ მიმდინარე ნაკლებად შედეგიან გამოწვევებზე, თან არცთუ ისე ეფექტურად და მხედველობიდან რჩება სტრატეგიული გაცილებით დიდი სახელმწიფოებრივი სარგებლის მომტანი პრობლემები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტაბილური წარმატებებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა სტრატეგიულ აზროვნებაზე გადის.

რას გულისხმობთ სტრატეგიულ პრობლემებში, ანუ რა რჩება ხელისუფლებას მხედველობიდან?

- თანამედროვე სამყაროში სტრატეგიული სახელმწიფოებრივი აზოვნება გულისხმობს ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული ისეთი გრძელვადიანი პრიორიტეტული მიზნების დასახვას და მათი მიღწევის საშუალებათა ჩამოყალიბებას, რომელიც ქვეყანას მოკლე დროში შეზღუდული რესურსებით მსოფლოს წამყვან პოზიციებზე გაიყვანს, უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს და ღირსეულ საზოგადოებრივ კეთილდღეობას. ამასთან, გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომელის დღეს საზოგადოებას აწუხებს, ესაა უმუშევრობა, ინფლაცია, სოციალური უთანასწორობა, ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა.

დღეს რეალურად არსებობენ ყოფილი ჩამორჩენილი, მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნები, რომლებმაც მიმდინარე და პერსპექტიული პრობლემების გაცნობიერების საფუძველზე დასახეს სტრატეგიული მიზნები და გაატარეს რადიკალური, სისტემური და ყოვლისმომცველი ეკონომიკური რეფორმები, რის შემდეგად მცირე ხანში „ეკონომიკურ ვეფხვებად“ გადაიქცნენ.

მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიწასთან გასწორებულმა და გაპარტახებულმა, ფსიქოლოგიურად დათრგუნულმა ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და იაპონიამ, რადიკალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების საშუალებით მიაღწიეს იმას, რომ დღეს ისინი მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყენებად იქცნენ. ასეთი მაგალითები დღესაც საკმაოდ ბევრია, კერძოდ, ისრაელი, კორეა, სინგაპური, ჰონ-კონგი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვა.

ქართველმა ერმა ისტორიულად დაამტკიცა, რომ მას საამისო ინტელექტუალური პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. საკმარისია გავიხსენოთ იმ ქართველთა წარმატებლი მოღვაწეობა უცხოეთში, რომლებმაც სათანადო ასპარეზის პრობებში თავი დაიმკვიდრეს, როგორც მაღალი დონის მოაზროვნეებმა და რეფორმატორებმა. საქვეყნოდ ცნობილია ქართველთა ღვაწლი ირანის (უნდილაძეები), თურქეთის, ეგვიპტის (მამლუქები) სახელმწიფოების ფორმირებაში, რუსეთის იმპერიის (პეტრე პირველი, სტალინი) ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში, ამერიკული სამხედრო ავიაციის შექმნაში (ქართველიშვილი) და სხვა.

ჩვენს ქვეყანას ამჟამადაც სჭირდება ინოვაციურად და სტრატეგიულად მოაზროვნე ხელისუფლება, რომელსაც უნარი ექნება გაატაროს ისეთი რადიკალური რეფორმები, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში 1-2 ათწლეულში მსოფლიოს მოწინავე პოზიციებზე გაიყვანს.

როგორი სახის რეფორმები გაქვთ მხედველობაში?
- ეკონომიკური რეფორმები უნდა იყოს არა უსისტემო და ფრაგმენტული, როგორც ეს ახლა ხდება, არამედ რადიკალური, ღრმა, ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული და უნდა მოიცვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარე. უნდა დავიწყოთ მისი ფუნდამენტიდან - განათლებიდან და მეცნიერებიდან, რადგან თანამედროვე ცოდნიდან და შემოქმედებითი აზოვნებიდან იწყება ყველაფერი. თანამედროვე ევროპულ ეკონომიკას ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას უწოდებენ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეცნიერება საზოგადოებრივი პროგრესის ლოკომოტივია, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ამ მიმართულებებით სახელმწიფომ ბიუჯეტში გაიზარდოს შესაბამისი ხარჯების ხვედრითი წილი სულ ცოტა იმ დონემდე, როგორიც ესაა ინოვაციურად განვითარებად ქვეყნებში, თუნდაც სახელმწიფო ვალის აღების ხარჯზე.

მიჩნეულია, რომ განათლებასა და მეცნიერებაში ჩადებული თანხა ყველზე ეფექტური ინვესტიციაა. ცნობილი სენტენციაა: „მაჩვენეთ სამყაროს საყრდენი წერტილი და მე მას შევატრიალებ“. მეცნიერება და განათლება კი რეფორმირების სწორედ ასეთი წერტილია.

ამას უნდა მოჰყვეს სულ ცოტა საკადრო, საგადასახადო, სტრუქტურული და ისნტიტუციურ-საკანონმდებლო რეფორმები.

რას გულისხმობთ საკადრო რეფორმაში?

- ერთ-ერთი გადაუდებელი, სახელმწიფოებრივი პრობლემა კადრების ფორმირების და შერჩევის მახინჯი პრაქტიკაა. საჯარო სამსახურებში ჩვენი ეკონომიკის მასშტაბებთან შედარებით გაცილებით მეტი თანამშრომელია დასაქმებული, ვიდრე მრავალგზის ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში და თან ნაკლებად კვალიფიციური. ამდენად, სავარაუდოდ 10 თანამშრომლის შეცვლა ერთი კვალიფიციური კადრით სავსებით შესაძლებელია.

კიდევ უარესი, ქვეყანა იმართება არა საღი აზრით, არამედ „მენეჯერული არასრულფასოვნების კომპლექსის სინდრომით“, რომლის შესაბამისად, ყოველი არაკვალიფიციური მაღალი დონის საჯარო ხელმძღვანელი საკუთარი არაკომპეტენტურობის შესანიღბად და თანამდებობის დაკარგვის შიშით ხელქვეითებად ნიშნავს უფრო დაბალი დონის „სპეციალისტებს“, თანაც ნეპოტიზმის და უპრინციპობის ნიშნით. ეს უკანასკნელნი კი ამავე მოსაზრებით არჩევს თავის დაქვემდებარებულ აპარატს. საბოლოოდ გამოდის, რომ საჯარო სამსახურები კომპლექტდება არა ქვეყნის ინტელექტუალური ელიტიდან, არამედ ინტელექტუალური ნარჩენებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც გვყავს უამრავი შემოქმედებითად მოაზროვნე კადრი, რომლებსაც ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა წარმატებით გამოიყენებდა.

ასეთივე სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის საგადასახადო სისტემაში?

- ეკონიკური რეფორმების განხორცილების უმძლავრესი ინსტრუმენტი საგადადასახადო პოლიტიკაა. ამჟამად იგი ჩვენთან ასრულებს მხოლოდ ერთადერთ ფუნქციას, ესაა გადასახადების ამოღება და ბიუჯეტის შევსება. თუმცა, დღეს თვით პირველკურსელმა სტუდენტებმაც კი იციან, რომ მას აკისრია ეკონომიკური, მოტივაციის, რეგულირების, ანტიმონოპოლიური და სოციალური ფუნქციები, რომლებისგანაც ჩვენი საგადასახადო სისტემა „გამოშიგნულია“.

„ნაცონალურმა მოძრაობამ“ თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამ მიმართილებით დაუშვა უდიდესი, დილეტანტური შეცდომა, როდესაც კონსტიტუციით დააკანონა, რომ მთავრობას უფლება არა აქვს გადასახადები რეფერენდუმის გარეშე გაზარდოს, თუნდაც იქ და მაშინ, სადაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. სამწუხაროდ იგივე შეცდომა გაიმეორა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც.

ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული საგადასახადო განაკვეთების ერთიანობა მთელი ეკონომიკის მასშტაბით. მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების პრაქტიკით ისინი დარგების პრიორიტეტულობის მიხედვითაა დიფერენცირებული. კერძოდ, პროგრესულ დარგებზე წესდება დაბალი გადასახადები. მათი მეშვეობითვე იზღუდება მონოპოლიებიც მაღალი პროგრესიული გადასახადების დაწესების გზით.

საღ კრიტიკას ვერ უძლებს საშემოსავლო გადასახადის ერთიანი 20%-იანი განაკვეთი. თუ თქვენი 300 ლარიანი ხელფასიდან 60 ლარი უნდა გადაიხადოთ საშემოსავლო გადასახადის სახით და კიდევ გყავთ ოჯახში სხვა სარჩენი წევრები, ფაქტიურად, ეს ნიშნავს არსებობას შიმშილის ზღვარზე ან მის ქვემოთ. მაშინ, როდესაც 10 000 ლარიანი ხელფასის პირობებში 2000 ლარი საგადასახადო დანაკლისი კეთილღეობის თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ასეთი არაკვალიფიციური მიდგომა ქვეყნის საგადასახადო სისტემაში საკმაოდ ბევრია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო პოლიტიკა უნდა განვიხილოთ, როგორც ეკონომიკის რეგულირების უმძლავრესი ინსტრუმენტი, რომელზეც ბოლო ორმა ხელისუფლებამ შეგნებულად თქვა უარი.

რა უნდა გაკეთდეს საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის მიმართულებით?

- როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკური პოლიტიკის მსოფლიო პრაქტიკაში საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა ეროვნული მეურნეობის ეფექტური რეგულირების უმძლავრეს ინსტრუმენტადაა მიჩნეული, რომლის შესაბამისად გადასახადებს, ბიუჯეტის შევსების გარდა, ენიჭებათ ეკონომიკური, მარეგულირებელი, მოტივაციური, სოციალური და ანტიმონოპოლიური ფუნქციები.

ამ საფუძველზე შესაძლებელია ეკონომიკის ტექნოლოგიური გადაიარაღება, ეკონომიკის ინოვაციური განვითარება, ბიზნესის ოპტიმალური დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება, სოციალური ჰარმონიის დამყარება, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ტემპების მიღწევა...

წამოიდგინეთ თუნდაც ის ფაქტი, რომ მსხვილი მონოპოლიური ბიზნესი, რომელიც ამაჟად მოსახლეობის, ჯანსაღი კონკურენტული ბიზნესის და სახელმწიფო ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე დაუმსახურებლად იღებს მრავალმილიონიან ზემოგებას, იბეგრება საშუალო და მცირე ბიზნესის თანაბრად. ე.ი. გამოდის, რომ იგი აკრძალული კრიმინალური საქმიანობისათვის ჯილდოვდება.

მონოპოლიზაციის ტენდენციების მოთოკვა შესაძლებელია ამ თვალსაზრისით სახიფათო ბარიერის მიღწევის შემდეგ მოგებაზე და ბრუნვის მაჩვენებელზე პროგრესული - ზრდადი ანტიმონოპოლიური გადასახადის განაკვეთების დაწესებით. ამ პირობებში მონოპოლიური მდგომარეობა ბიზნესისთვის წამგებიანი გახდება და ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოიხსნება. ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში მონოპოლიები და მათი მესვეურები მკაცრად ისჯებიან და იქ მათ თავზე ხელს არავინ გადაუსვამს იმის გამო, რომ მდიდარი და გავლენიანნი არიან, როგორც ეს ჩვენთან ხდება.

სხვათა შორის, ის მონოპოლიები ოლიგარქიის ჩათვლით, რომელიც ახლა ქვეყანას ჭამენ და აჩანაგებენ, თვით სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოზარდა, რომლებმაც შემდეგ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დაუნდობლად გადაყლაპეს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპი რამდენადმე დაჩქარდა. რას იტყვით ამაზე?

- დღეს ქეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და განვითარების მთავარ მაჩვენებელად მიჩნეულია მშპ ზრდის წლიური ტემპი. 2017 წელს მან 4,8% შეადგინა, რაც აშკარად არაა საკმარისი ეკონომიკური ჩამორჩენილობის დასაძლევად. მაგრამ, მთავარია არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ზრდა, მათ შორის, ბიზნესის მომგებიანობის თვალსაზრისით.

საკითხის რეტროსპექტიული ანალიზი გვიჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ბიზნესის მომგებიანობა იზრდებოდა, ხოლო ახლანდელი ხელისუფლების პერიოდში კატასტროფულად დაეცა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით 2005 წელს მთლიანი სამეწარმეო სექტორის მოგებამ ზარალის გამოკლებით შეადგინა 659 მილიონი ლარი, 2010 წელს 1 923 მილიონი, 2012 წელს 3 732 მილიონი, 2015 წელს კი 1 968 მილიონამდე შემცირდა. უფრო მძიმე მდგომარეობაა სახელმწიფო მეწარმეობის სექტორში, რომელიც ბოლო წლებში მთლიანად ზარალიანი გახდა გაღრმავებადი ტენდენციით.

2015 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა 424 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2016 წელს - 161 მილიონი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ამ სექტორის ხვედრითი წილი მთლიან ბიზნესში ბოლო თხუთმეტ წელიწადში სისტემატურად მცირდება.

ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იწონებენ იმით, რომ მათი ძალისხმევით ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიზაციის ხარისხი გაიზარდა. რას იტყოდით ამის შესახებ?

- შეუძლებელია გაჭირვებული და დამშეული ადამიანი თავისუფალი იყოს. ასეთი კი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია. რაც შეეხება დემოკრატიას, იგი ნამდვილად ვერ იქნება იმ ქვეყანაში, რომელიც არაფორმალური ლიდერის მიერ ავტორიტარული მეთოდებით, საკუთარი ინტერესების შესაბამისად და თან არაკვალიფიციურად იმართება.

რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის დემოკრატიზაციის გაღრმავების მიმართულებით?

- ყველაზე მეტად საგანგაშოა საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების უაღრესად დაბალი დონე, რის გამოც ამომრჩეველი ხმას აძლებს იმ პარტიას, რომელიც მას სხვაზე დამაჯერებლად და „იმედიანად“ გააცურებს.

ამ ფონზე ერთ-ერთ გადაუდებელ ღონისძიებად გვესახება „მოსახლეობის პოლიტიკური განათლებისა და განვითარების“ მძლავრი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა სათანადო დაფინანსებით, ტელევიზიით, გაზეთით და რადიოთი, რომელმაც უპირველესად იმაზე უნდა იზრუნოს, რომ მოსახლეობამ პარტიათა შორის სწორი რაციონალური არჩევანის გაკეთება შეძლოს. მანამ კი თავისი პრინციპული ობიექტური სიტყვა უნდა თქვას დამოუკიდებელმა მასმედიებმა.