„მერია აუქციონებს შემზღუდავი პირობით აცხადებდა, პირობები მორგებული იყო კონკრეტული პიროვნებების ინტერესებს“

„მერია აუქციონებს შემზღუდავი პირობით აცხადებდა, პირობები მორგებული იყო კონკრეტული პიროვნებების ინტერესებს“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხმაურიან ანგარიშში, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მოხვდა. ანგარიში, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიიღო, რომლის 100%-ის მფლობელი ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

კერძოდ, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული აუქციონები წინასწარ ცნობილი კომპანიებისთვის ცხადდება, რაც კონკურენტულ გარემოს ხელს უშლიდა, ხოლო უკონკურენტო გარემომ ქალაქის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის აზრით, არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოს ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვით აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. შედეგად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რადგან აუქციონი შემზღუდავი პირობით იყო გამოცხადებული, შედეგად ფარცხალაძის კომპანიისთვის აუქციონში დაწესებული საწყისი ფასის განსაზღვრა საბაზროზე ნაკლები ღირებულებით მოხდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველობების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი მამრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მერიაში სისტემური პრობლემები გამოვლინდა, რომელიც ეხება უძრავი ქონების პრივატიზებას ე.წ. შემზღუდავი პირობებით, რომლის დროსაც იზღუდებოდა კონკურენცია აუქციონებში, მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი და მერია კარგავდა დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

მისი თქმით, სისტემურმა პრობლემამ გამოიწვია ის, რომ ზიანი მიადგა საზოგადოების ინტერესებს და მერიამაც დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა. მისივე განმარტებით, მერიამ კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე გაიყვანა გზა მასთან შეთანხმების გარეშე, ეს პროცესი წარიმართა და გაჭიანურდა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში, კომპანიას აუნაზღაურდა იმაზე მეტი ღირებულების ზარალი, ვიდრე პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო გადახდილიყო.

„მერია უმეტეს შემთხევაში აუქციონებს აცხადებდა შემზღუდავი პირობით, ასეთ აუქციონებში მცირდებოდა საწყისი საპრივატიზაციო ფასი, შესაბამისად, რადგანაც შემცირებული ღირებულებით იყო გამოცხადებული და მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, არ ფიქსირდებოდა კონკურენცია და მიწების გასხვისებაც ხდებოდა არასაბაზრო ღირებულებით.

საუბარია 500 ობიექტზე. ჩვენი შესწავლით გამოვლინდა, რომ ნაწილზე შესაძლებელია იყოს ობიექტური გარემოება, თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებულია მინიმუმ ათი ფაქტი, რომელზეც, ჩვენი მოსაზრებით, არსებობს რისკი, რომ პირობები მორგებული იყო კონკრეტული პიროვნებების ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი მამრიკიშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვას, მამრიკიშვილის თქმით, კონკრეტულ გვარებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში მერიამ პროცესი გააჭიანურა და ისე წარმართა, რომ ზიანი მიადგა თბილისის ბიუჯეტს.

„სტანდარტის შესაბამისად, ჩვენ კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ ვსაუბრობთ, ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია სისტემურ დარღვევაზე, რაც გამოვლინდა მერიაში და ამან გამოიწვია, ის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მათ შორის თქვენს მიერ ხსენებული პიროვნებისთვის ობიექტის მიყიდვით ზიანი მიადგა მერიის ინტერესებს.

თანხობრივად ვერ ვიტყვით რამდენია ზარალი, რადგან ჩვენ ვერ ვადგენთ ამას, მაგრამ ვამბობთ, რომ მერიამ გააჭიანურა პროცესი, რამაც დააზარალა ბიუჯეტი. მოქალაქეს, რომლის მიწაზეც გზა გავიდა, თავიდან არ აუნაზღაურეს კომპენსაცია, ბოლოს კი იმაზე მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე გადაიხდიდნენ პროცესის სწორად წარმართვის დროს“, - აღნიშნა გიორგი მამრიკიშვილმა.

თბილისის მერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ აუდიტის დასკვნის საფუძველზე საქმე გამოძიებას გადაეცემა.

„საუბარი არის კომპლექსურ პრობლემაზე, რაც აუდიტის დასკვნაში არის წარმოდგენილი და, რის ნაწილსაც ჩვენ ვეთანხმებით. რაზეც არის რეკომენდაციები, აუცილებლად იქნება სამომავლოდ გათვალისწინებული. სხვა მიმართულებას რაც შეეხება, ალბათ, გამოძიებაში გადააგზავნის აუდიტის სამსახური და ეს გამოძიების საქმეა“, - აცხადებს კახა კალაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხმაურიან ანგარიშისა და მასში მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, თბილისის საკრებულოს წევრი, მარიკა დათუკიშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვიცით, ვინ არის ფარცხალაძე, რომელიც გახლავთ ბერა ივანიშვილის მეგობარი, ძალიან მეეჭვება, რომ იმ პროკურატურამ, რომელიც ფარცხალაძის კადრებით არის დაკომპლექტებული დღეს, ბერა ივანიშვილს გაუწიოს წინააღმდეგობა. აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ფარცხალაძეს მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისგება ამ კონკრეტულ საკითხზე, ისევე, როგორც ნარმანიას, რომელმაც აბსოლუტურად კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მარიკა დათუკიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს ზუსტად იმ ისტორიას, რომელიც ფარცხალაძესთან არის დაკავშირებული.

„თავის დროზე წყობილებიდან გამოსულ ფარცხალაძეს არ სურდა ეს დასკვნა გამოქვეყნებულიყო და ფიზიკურად იძალადა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსზე. კარგია, რომ აუდიტის სამსახურმა უკან არ დაიხია და ეს დასკვნა მაინც გამოაქვეყნა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერიამ ფარცხალაძეს განსაკუთრებული პირობები შეუქმნა, ეს არის სუფთა წყლის კორუფციული გარიგება, რაც მერიამ ფარცხალაძეს გაუკეთა“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, აუდიტის სამსახურის დასკვნა, სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას და ფარცხალაძის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„აუდიტის საბოლოო დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტები, რა ფაქტებზეც ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ. გახსოვთ, შესწავლას რაც მოჰყვა მაშინ - თავდასხმა ჩემზე. ჩვენ მაშინვე შუალედური ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, იმიტომ, რომ საზოგადოებას აინტერსებდა თუ რასთან ჰქონდა საქმე. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს გარიგებები და ფაქტები და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ალბათ, საბოლოო პასუხს გასცემს ყველაფერს, თუმცა, ამის იმედი მე ნაკლებად მაქვს“, - აცხადებს ლაშა თორდია.