დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ამას საპარლამენტო უმრავლესობა 19 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე გადაწყვეტს. ცნობილია პარლამენტის თავმჯდომარის პირადი პოზიცია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვეტო უნდა დაძლიონ და მიიღონ ის კანონპროექტი, რომელიც თავიდანვე მიიღეს. თუმცა, კობახიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერება საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე მოხდება. „გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გაუარესებით არაფერი გაუარესდება. ანუ არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით კერძო მაუწყებლებს. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რადიკალურად განსხვავებულია საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის პოზიცია. სულხან სალაძე თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს პრეზიდენტის მოტოვირებული შენიშვნების გაზიარება, ეს იქნება გამოსავალი და შესაძლებლობა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ყველასთვის მისაღები ცვლილებების მოსამზადებლად.
„პარლამენტი არ არის ისეთ სიტუაციაში, რომ გამოსავლის პოვნა არ შეიძლებოდეს. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტს არ სურს პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება, მარტივად შეუძლია, არც ვეტო გაიზიაროს და შემდგომში კენჭისყრაზე არც კანონპროექტს დაუჭიროს მხარი. ამით შეიქმნება საფუძველი, ისეთი ცვლილებები მოვამზადოთ, რომელიც მოწონებული იქნება ყველა მხარის და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი კობახიძის და მედიაორგანიზაციების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების შეხვედრა მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმათა. ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა აღნიშნა, რომ მიღებული კანონპროექტი უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. საპასუხოდ კობახიძემ ჯანგირაშვილს მისი არგუმენტების დასაბუთება მოსთხოვა.
„ჩვენ გავაკეთეთ მიმოხილვა 2014-2015-2016 წლების, ვინაიდან სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენცია 2015 წლიდან დაიწყო. სუფთა სარეკლამო ბაზრით მიღებულმა შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 92 670 274 ლარი. კითხვის ნიშნები რომ არ ყოფილიყო, ამ თანხას გამოვაკელით პოლიტიკური რეკლამით შემოსული თანხა ტელევიზიებში. აუდიტის სამსახურში მხოლოდ ეს სახეობაა ცალკე გამოყოფილი და არ არის გამოყოფილი მაგალითად, რადიოებში შესული თანხა, თუმცა არ მგონია, რომ ეს ძალიან დიდი თანხა იყოს. გამოკლების შედეგად, სუფთა სარეკლამო თანხა პოლიტიკური რეკლამის გარეშე 2014 წლისთვის 91 456 910 ლარი დარჩა.
ეს არის ყველა მაუწყებლისთვის (რადიო, ტელევიზია) სარეკლამო შემოსავალი. 2015 წელს ჯამური შემოსავალი ყველა მაუწყებლისთვის იყო 98 204 758 ლარი, უშუალოდ რეკლამის, სპონსორობის და ტელეშოფინგის გზით მიღებული შემოსავალი კი - 81 951 841 ლარი, ანუ წინა წელთან შედარებით, 2015 წელს სარეკლამო ბაზარმა დაიკლო 9 504 000 ლარით“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
ჯანგირაშვილს სიტყვით გამოსვლა ირაკლი კობახიძემ შეაწყვეტინა, ის სიცრუეში დაადანაშაულა და საკუთარი არგუმენტებით უპასუხა, რომ სარეკლამო ბაზარი კლებადი არ არის, იმიტომ, რომ 25 მილიონიანი მატება გვაქვს 2012 და 2013 წელთან შედარებით. იმის თქმა, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ტყუილია.
„2014 და 2016 წლებს შორის თქვენ გიწერიათ, რომ 2 მილიონი არის მინუსი. მარეგულირებლის ინფორმაციაში წერია, რომ 3 მილიონი არის პლუსი. რეალურად, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ტყუილია, როდესაც ვამბობთ, რომ ბაზარი კლებადია“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ ჯანგირაშვილი ამტკიცებდა, რომ შეხვედრაზე მოიტანეს რეალური მონაცემები სარეკლამო ბაზრის შესახებ, რომლის დროსაც იხელმძღვანელეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით. ამასთან, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, აღნიშნული მათ დაითვალეს დოლარსა და ლარში, თუმცა კრიპტოვალუტაში არ დაუთვლიათ, რაზეც მას პარლამენტის თავმჯდომარემ კორექტულობისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ნინო ჯანგირაშვილის მისამართით აღნიშნა, რომ ის ციფრებში იტყუება.
„რასაც წინა წლებში მხარს უჭერდით, დღეს ეწინააღმდეგებით, შესაძლოა, მაშინ გაწყობდათ პოლიტიკურად და ახლა არ გაწყობთ, თუმცა ასე არ შეიძლება კანონზე მსჯელობა“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ჯანგირაშვილს, რომელმაც კობახიძეს დესტრუქციული პერსონა უწოდა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„პარლამენტის თავმჯდომარე იცავდა ამ კანონს და აიძულებდა დეპუტატებს კენჭისყრისას მათაც დაეჭირათ მხარი პროექტისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე არის დესტრუქციული პერსონა. ის ნამდვილად არ შეეფერება ამ თანამდებობას. მან არ მათქმევინა ჩემი სათქმელი, ორი წინადადების მერე შემაწყვეტინა. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ კაცი 10-15 წუთი მეძახდა, რომ ვიტყუები, სინამდვილეში ჩვენ მოვუტანეთ ციფრები, რომლითაც ვადასტურებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები თქვა“, - აღნიშნა ნინო ჯანგირაშვილმა.
ნინო ჯანგირაშვილთან ერთად, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა, რომლის განცხადებით, წინასწარი განწყობა იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო აგრესიული და არანაირ არგუმენტაციას სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენციასთან დაკავშირებით კატეგორიულად არ იღებდა.
„თუ ადამიანი მოტივირებულია, რომ გაიგოს სიმართლე, მაშინ ის უნდა დაფიქრდეს და შეაჯეროს ორივე მხარის პოზიცია. ვფიქრობ, ამ დისკუსიას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ტრიბუნასთან ვხედავდით სავარაუდოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თავმჯდომარეს და არა პარლამენტის თავმჯდომარეს“, - აღნიშნა თამთა მურადაშვილმა.
თავის მხრივ, „რეგიონმედია მარკეტის“ წარმომადგენელი დაინტერესდა, რა სიკეთე უნდა მიიღოს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 1-2 მილიონით, თუ ის 21 არხს მოკლავს. ლევან ალექსიშვილმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ სარეკლამო დროის მიცემით, რეგიონულ ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი აღარ ექნებათ.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“, იმაზე მეტი ფული აქვს ბიუჯეტიდან, ვიდრე ეს არის სარეკლამო ბაზარი. ამის იქით, როდესაც მას ეძლევა უფლება, 3 წუთით, ანუ სარეკლამო დროის 1/4-ით შემოვიდეს ბაზარზე კონკურენციაში, რას წაიღებს? ვის წაართმევს დროს? წაართმევს რეგიონულ არხებს.
რას არეგულირებს, კანონში რა ჩანაწერია, რომ რეკლამას არ გაყიდის 2 ან სამ ლარად? მას კონტენტის წარმოებისთვის ფული აქვს, ეს არის დამატებითი შემოსავალი და რა უშლის ხელს რომ დაბალ ფასად გაყიდოს? ამას როგორ გავაკონტროლებთ? ჩვენ ვსაუბრობთ 22 ტელევიზიაზე. განა რა სიკეთე უნდა მიიღოს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამ ერთი და ორი მილიონით, თუ ის 21 არხს მოკლავს“, - განაცხადა ლევან ალექსიშვილმა.
ხმაურიან შეხვედრაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელმა ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს სთხოვა, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მივიდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნონ. როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ სერიოზული ცვლილება მიმდინარეობს.
„ფული არაეფექტურად იხარჯებოდა, ძალიან დიდი რეფორმა არის გასაკეთებელი, გთხოვთ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, გარკვეული პარლამენტარები მობრძანდეთ ტელევიზიაში და ნახოთ, რა მდგომარეობაშია ტელევიზია და რა პროცესი მიდის ახლა. ადგილზე ვნახოთ, რისთვის არის კონკრეტული გადაწყვეტილება საჭირო, რატომ იყო საჭირო მანქანა, კამერა და ა. შ. ჩვენი თხოვნაა, მობრძანდეთ ერთი საათით და ნახოთ, რა ხდებოდა ტელევიზიაში და რა ძვრები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მის აზრით, ნინო ჯანგირაშვილი და თამთა მურადაშვილი კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს ატარებენ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მიმდინარეობს პოლიტიკური შტურმი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და ამ შტურმის მონაწილეები, სხვა სუბიექტებთან ერთად, არის პარტიული აქტივი, რომელსაც, ამ შემთხვევაში, წარმოადგენდა როგორც ჯანგირაშვილი, ისე მურადაშვილი. კითხვაზე, თუ რომელ პარტიას გულისხმობდა, პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა.
„ეს შტურმი არის ახსნადი, პოლიტიკური ახსნა აქვს, თუმცა არავითარი გამართლება არ აქვს. რამდენიმე ტყუილში ვამხილე ჯანგირაშვილი და ეს იყო რეალურად მიზეზი, რატომაც დატოვა დარბაზი. მას მოჰყავდა არასწორი მონაცემები სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით. ტყუილები არის ამ პარტიული აქტივის დამახასიათებელი ნიშანი.
ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. არ ვგულისხმობ კონკრეტულად პარტიას, ეს არის ის პოლიტიკური წრე, რომელიც ფიქრობს რევანშზე - ეს რევანში ბუნებრივია, ვერ შედგება, თუმცა ისინი თავიანთ ბრძოლას განაგრძობენ. ისინი არიან ერთგულნი საკუთარი პოლიტიკური პარტიის მიმართ. მათ აქვს გამოყენებული ეს თემა ზოგადად ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამავე შტურმში ჩართულია არასამთავრობო სექტორის ნაწილიც.
„ამ შტურმში ჩართულნი არიან სუბიექტები, ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიედ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები - ისინი ასოცირებული არიან პოლიტიკურ ძალებთან და შესაბამისად, მათაც ამოძრავებთ პოლიტიკური ინტერესი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სიღრმისეულად განიხილავენ და საქმიანი დისკუსიის შედეგად სწორ გადაწყვეტილებამდე მივლენ და პრეზიდენტის ვეტოს გაიზიარებენ.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი, ძლიერი და პროფესიონალური „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ძლიერი კომერციული მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, ეს კანონი ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დგას, პირიქით, ამ კანონმა შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეა და არსი. ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს, ასევე ქმნის სერიოზული კორუფციის რისკებსაც“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.