როცა პროკურატურა ზედამხედველია, აზრს კარგავს, რას გამოიძიებს ქალდანი

როცა პროკურატურა ზედამხედველია, აზრს კარგავს, რას გამოიძიებს ქალდანი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება და ღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

საუბარია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს. საუბარია ისეთი ტიპის დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა. ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები 21 კანონში უნდა შევიდეს. სამსახურს პარლამენტი აკონტროლებს და მის ხელმძღვანელსაც საკანონმდებლო ორგანო 5 წლის ვადით ნიშნავს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი.

„გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველი იდეას მხარს უჭერს, თუმცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ შენიშვნები აქვს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპროცესო ხელმძღვანელობის უფლების პროკურატურისთვის დატოვება ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას განსაკუთრებით შეასუსტებს.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მოდელი შესაძლოა ეფექტური იყოს თუკი მოხდება კანონპროექტში არსებული პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების კორექტირება.

„კანონით უნდა განისაზღვროს ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის ვალდებულება - მოითხოვოს სხვა საგამოძიებო დანაყოფიდან მის ქვემდებარე დანაშაულზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემა, ხოლო მეორე მხრივ, პროკურორის ვალდებულება მოთხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცეს ინსპექტორს საქმე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის შენიშვნებში.

ინიციატივა პირველად, ორიოდე კვირის წინ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოადგინეს, კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორი გახდება.

არასამთავრობო სექტორმა მაშინვე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება - ისინი თვლიან, რომ გაუგებარია ახალი საგამოძიებო მექანიზმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან შექმნის გადაწყვეტილება, რადგან ბუნებით აბსოლუტურად განსხვავდება ეს ორი მიმართულება.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, გამოძიებაზე ზედამხედველობა, საბოლოო ჯამში, მაინც პროკურატურის ხელში რჩება, ამ დროს კი მთავარი საკითხი ქვეყანაში წორედ ყველა სამართალდამცავი უწყების დამოუკიდებლობის და ეფექტურობის პრობლემაა - არასამთავრობოებს კანონპროექტის მიმართ დღესაც იგივე შენიშვნები აქვთ.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა, სოფო ჭარელმა განაცხადა, ძალიან უცნაურია ის გარემოება, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეძლევა უფლებამოსილება, შეითავსოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისთვის მოაზრებული უფლებამოსილებები, რამდენადაც ამგვარი პრაქტიკა საერთაშორისო დონეზე არ არსებობს.

„მხოლოდ გამოძიების უფლებამოსილება ენიჭება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, რაც ნიშნავს იმას, რომ მას არ ექნება დევნის ფუნქცია. საპროკურორო ზედამხედველობა იმდენად მკაცრია გამოძიების მიმართ, რომ თუ არ მიენიჭება დევნის ფუნქცია, ძალიან გართულდება ამ ტიპის დანაშაულების გამოძიება და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელში არ იქნება ეფექტური ბერკეტები, რათა სურვილის შემთხვევაში სრულყოფილად გამოიძიოს ყველა ის ქვემდებარე საქმე, რომელიც მის კომპეტენციას მიეკუთვნება“, - განაცხადა ჭარელმა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი ძალიან დიდი ხანია ელოდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. ბესელიას შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება არის ძალიან თამამი, გაბედული, დემოკრატიულობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

„ეს ნაბიჯი ემსახურება სწორედ სახელმწიფოს მხრიდან დაცვის მაღალი გარანტიების შექმნას. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მხარს ვუჭერ ამ იდეას. სწორედ ეს იდეა მოდის იმ მემკვიდრეობიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალიან მძიმე დარღვევებს ადამიანის უფლებათა სფეროში. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის განსახილველად. პერსონალური დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის გაძლიერებით და ახალი ფუნქციების დამატებით, ნდობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დასაწყისია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე კი თვლის, რომ საგამოძიებო ორგანოს შექმნით ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს ჩაიწეროს ქულები, თითქოს რაღაც გააკეთა.

მისივე შეფასებით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამავე დროს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელი.

„ასეთი რამ არის ნონსენსი. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა მნიშვნელოვანია და „ევროპული საქართველო“ იზიარებს არასამთავრობო სექტორის წარმოდგენილ პროექტს ამასთან დაკავშირებით. მთავარია ინსტიტუციური გარანტიები, მეორე არის, რომ არეალი იყოს ფართო და არ შემოიფარგლოს მხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობით. ხელისუფლება ცდილობს ჩაიწეროს ქულები თითქოს რაღაც გააკეთა, სინამდვილეში კი პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული იყოს გამოძიებული, ამას აქამდეც ვნახავდით, ბოლო წლებში რომელიმე საქმეზე გვექნებოდა შედეგი. მნიშვნელოვანია კარგად მოუსმინოს ხელისუფლებამ როგორც ოპოზიციას, „ევროპულ საქართველოს“, ისე არასამთავრობო სექტორს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რომან გოცირიძე თვლის, რომ სამართალდამცავთა დანაშაულების გამოძიების მიზნით არავითარი დამოუკიდებელი ორგანო არ იქმნება და ეს არის თვალის ახვევა და პროფანაცია.

„შეუძლებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციასთან ერთად არსებობდეს მსგავსი ორგანო, რომელიც იქნება პროკურატურის რეალურ დაქვემდებარებაში და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება ნული. ამიტომ სჯობს, საერთოდ არ წამოიწყონ ისეთი ინიციატივა, რომელსაც საბოლოოდ ცუდი შედეგი ექნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.