მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია ზოგიერთებმა ჩვენი დიპლომატიის შეურაცხყოფად აღიქვეს და დაასკვნეს, რომ უკრაინამ მტერიც კი არ გადმოსცა საქართველოს, ე.ი. ქართული სიმართლის არ სჯერა. თუმცა რეალურად, სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციით უკრაინამაც ამოისუნთქა და საქართველომაც, რომელსაც არ სურდა სააკაშვილისგან მიყენებული ნაწილობრივ დახურული იარები გახსნილიყო.
სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივის შესახებ For.ge ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
პოლონეთში სააკაშვილის გაძევებამ უცხოელ ანალიტიკოსებსაც მისცა სპეკულაციის საშუალება, რომ ეს ფაქტი ცუდია უკრაინისთვის და უარესია საქართველოსთვის. თქვენ როგორ აღიქვით რეადმისიის თანახმად პოლიონეთში მისი გაძევების ფაქტი და მის გადმოცემაზე თავის შეკავება იყო თუ არა ქართული დიპლომატიის შეურაცხყოფა?
- არა მგონია, ზოგიერთების მხრიდან ასეთი რადიკალური შეფასებები ღირდეს. უბრალოდ, სააკაშვილის გაძევება მოხდა სწორედ იმ ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინაში შევიდა. დანარჩენ სიღრმეებში არც შესულან არც უკრაინელი სამართალდამცავები და არც ქართველები მაინცდამაინც დაჟინებით არ ითხოვენ, ის გადმოეცეს ქართულ მართლმსაჯულებას. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ, როგორც ჩანს, ზედმეტი ხმაურის ატეხას ყველა ერიდება. არ არის საჭირო, სააკაშვილი მაინცდამაინც ციხეში იჯდეს, ეს მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარების მომასწავებელი იქნება და მის გარშემო უფრო მეტი ხმაური ატყდება. დრო მოვა, და აუცილებლად მოვა ამის დრო, როცა სააკაშვილს პოლიტიკური წონა უკვე აღარ ექნება და ამის მერე უფრო შესაძლებელი იქნება, სამართალი მისწვდეს და ის გაასამართლონ. მართალია, პოლიტიკური წონა არც ახლა გააჩნია, მაგრამ მაინც პოლიტიკურ ორბიტაზე ტრიალებს და სწორედ ეგ არის პრობლემა.
მაგრამ ახლა ევროპის პოლიტიკურ ორბიტაზე რომ განაგრძოს სააკაშვილმა ტრიალი და პოლიტიკური წონა თავიდან მოიპოვოს, ეს ვინმეს ინტერესშია?
- ევროპაში მის პოლიტიკას არა მგონია, რაიმე გაგრძელება ჰქონდეს. ევროპელი ლიდერებიც და სერიოზული წონადი პოლიტიკოსებიც მას აღარ აღიქვამენ მოქმედ აქტუალურ თემად. აქედან გამომდინარე, გაჭირდება, ისევ პოლიტიკაში დარჩენა შეძლოს. უბრალოდ, მისი მარგინალიზება მოხდება. ჩანს, რომ აქეთკენ წავა ეს პროცესი და შემდეგ, როცა უკვე განელდება მისდამი, როგორც „პოლიტიკოსისადმი“, ინტერესი, შესაძლებელია, უკვე ქართულ მართლმსაჯულებასაც გადმოეცეს.
ეს ერთეული წლების საქმეა თუ ათწლეულების საქმე, როცა ის პოლიტიკურად „დამსახურებულ“ პენსიაზე გავა?
- არ ვიცი, შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, შეიძლება, წლები გაგრძელდეს, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ჯერჯერობით მისი დაბრუნება საქართველოში მაინცდამაინც სასურველი არ იქნება იმიტომ, რომ ის ზედმეტი ტვირთი იქნება დაძაბულობის მხრივ.
სააკაშვილი ამბობს, რომ მისი საქართველოს ხელისუფლებას ისევე ეშინია, როგორც ჯვრის ან საკმევლის.
- ეს მისი ჩვეული სტილია, არავის მისი არ ეშინია, აქ შიშზე კი არ არის საუბარი, არამედ პროცესების არასასურველი მიმართულებით განვითარების პრევენციაზე. დიდი ხანია, მისი უკვე არავის ეშინია, 2012 წლიდან ის საშიში აღარ არის, ისედაც სასაცილო იყო და ახლა მით უმეტეს. უბრალოდ, ქართულ პოლიტიკაში მისი დაბრუნება კიდევ უფრო არასასურველი მიმართულებით განავითარებს პროცესებს. ეს კი არავის სურს, სხვათა შორის, თვით მის მომხრეებსაც არ სურთ. სიმართლე გითხრათ, „ევროპულ საქართველოს“ ხომ არ უნდა და არ უნდა... კი იძახიან, ვითომ სოლიდარულები არიან, მაგრამ არათუ „ევროპულ საქართველოს“, დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობასაც“ სინამდვილეში არ სურს საქართველოში მისი ჩამოსვლა.
რატომ არ სურთ, ის დაასახელებს კონკრეტული თანამდებობის პირებს, რომლებიც პოლიტიკაში არიან და მათზე კომპრომატებს წამოისვრის, თუ არ სურთ, ოპოზიციური ძალები მის გარშემო დაირაზმონ და, როგორც სააკაშვილი იმედოვნებს, დაჭერის შემთხვევაში, საქართველოში უმალვე მის გასათავისუფლებლად საპროტესტო მოძრაობა დაიწყება?
- თუ საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდა, რასაკვირველია, მას დააპატიმრებენ, გაასამართლებენ და მიუსჯიან კიდეც. ის იჯდება ციხეში, მაგრამ ციხიდან შექმნის ხმაურს და სწორედ ეს არის ძალიან არასასურველი. ძნელი წარმოსადგენიც კია, სააკაშვილი, ასეთი დაუოკებელი ადამიანი, ოთხ კედელში გამოამწყვდიო და ეს იქნება მუდმივი ხმაურის ობიექტი. ეს ხმაური არც „ნაცმოძრაობას“ უნდა აწყობდეს, რადგან არ არის მისთვის მომგებიანი. თვით მის მომხრეებსაც კი იგი გულზე არ ეხატებათ.
ალბათ, „ევროპულ საქართველოს“ და გიგა ბოკერიას გულისხმობთ, თორემ ნუგზარ წიკლაური და ზაზა ბიბილაშვილი ოპოზიციურ ძალთა ერთობის სააკაშვილისეულ ინიციატივას იწონებენ.
- ცხადია, ბოკერიას ფაქტორი გასაგებია და ბოკერია ამის აფიშირებასაც ეწევა, მაგრამ მე ვგულისხმობ მეორე ფრთას, იმავე მელიას და სხვებს, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“. თუკი ვითარება გამწვავდება და სააკაშვილი დაბრუნდება, კარგი დღე არ დაადგება „ნაცმოძრაობას“. ამაში დარწმუნებული ვარ. საქართველოში დაბრუნებულმა სააკაშვილმა თუ დაიწყო და პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევიდა არა მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებასთან, არამედ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრთან (და ეს აუცილებლად ასე მოხდება), ეს „ნაციონალებს“ არ წაადგებათ, რადგან „ნაცებთან“ ანგარიში ქართველ ხალხს ჯერ კიდევ გასასწორებელი აქვს. „ნაციონალებს“ ეს უნდა ახსოვდეთ. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ცუდი მიმართულებით განვითარდეს პროცესები საქართველოში. ზედმეტი თავის ტკივილი კი არავის უნდა, არც ქართველ მმართველ პოლიტიკოსებს, არც უკრაინელებს.
ხომ არ იყო ეს დასავლეთის შეთავაზება, რომ სააკაშვილი ჰაეროვნად ევროპაში გადაესროლათ და არა საქართველოს ციხეში, ან უკრაინის შინაპარტიმრობაში?
- ეს არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთის ხელისუფლებასთანაც წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული. დიდ ორბიტაზე სააკაშვილი ვეღარ იტრიალებს, იბოდიალებს ევროპაში, ქვეყნიდან ქვეყანაში. მთავარი ის არის, რომ მისი მარგინალიზება მოხდება და ეს გარდაუვალია.
გამორიცხავთ, უკრაინაში მას ისევ ჰქონდეს შანსები, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებია უკრაინაშიც ისევე, როგორც საქართველოში?
- ამასთან დაკავშირებით პოროშენკომ კარგი განმარტება გააკეთა, რომ სააკაშვილი არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ აქვს. სანამ უკრაინაში არის პოროშენკო და პოროშენკოს ხელში ჩატარდება უახლოესი არჩევნები, რასაკვირველია, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობას ვერ დაიბრუნებს და ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამას უკრაინაში არ დაუშვებენ და უკრაინელები მას საკუთარ ქვეყანაში აღარ შეუშვებენ. ის, რაც მოხდა, ძალით რომ შევიდა საზღვარზე, კორდონი გაარღვია, ასეთი რამ აღარ მოხდება. რასაკვირველია, მკვეთრი ქმედებით მოხდა მისი დაკავება, მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება, რომ, როცა უნდა, სააკაშვილი გადმოვიდეს საზღვარზე და ცირკი მოაწყოს. რაც შეეხება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს, სააკაშვილი არც საქართველოს მოქალაქეა და, სამართლებრივად, სანამ საქართველოს მოქალაქეობას არ დაიბრუნებს, რაც ასევე გამორიცხულია, ვერანაირ კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება.
როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი პოლიტიკურად უკვე განეიტრალებულია?
- ის დიდი ხანია, განეიტრალებულია, როგორც კი მან საქართველოში პრეზიდენტის პოსტი დაკარგა, პოლიტიკურად არავითარ წონას და ფიგურას აღარ წარმოადგენდა. უბრალოდ, ერთი პერიოდი, უკრაინას მოეჩვენა, რომ მისი გამოყენება სასარგებლო იქნებოდა. თუმცა რა შედეგამდეც მიიყვანა უკრაინა, უკვე ვნახეთ. ხაზგასმით ვამბობ, სადაც სააკაშვილი იქნება, იქ ჯანმრთელი პოლიტიკური პროცესი გამორიცხულია. მას მთელი სისტემის დაავადების განსაკუთრებული უნარი გააჩნია. ეს მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ამ შემთხვევაში, პოლონეთზე არ ვსაუბრობ, მე გარდამავალი ქვეყნების პოლიტიკაზე ვლაპარაკობ. საქართველოში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც სუსტი დემოკრატიებია, ის გრიპის ვირუსივითაა. სისტემას აავადებს და ძალიან დიდხანს სჭირდება ამ სისტემას განკურნება. მის მომწამვლავ თვისებას ამიტომაც ერიდება უკრაინაც და საქართველოც და არა იმიტომ, რომ ვინმეს მისი ეშინია.