დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი კომიტეტის ოთხმა წევრმა დაუჭირა, ექვსმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას კომიტეტის წევრთაგან სულ მცირე 8 ხმა სჭირდება, თუმცა კენჭისყრის დროს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო რაოდენობის ხმები არ დაფიქსირდა.
კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განმარტებით, ვეტოს მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ მან მხარი უნდა დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სტარტაპების დაფინანსების ინიციატივას, რასაც არ იზიარებს. როგორც კაკულია აღნიშნავს, ის არ ეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში გამოყენებულ ვეტოს, რადგან ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციონირების პირობებში, მისგან გამოწვეული საფრთხეები არ იარსებებს.
„პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, რადგან ერთ-ერთ საკითხში არ ვეთანხმები. პრეზიდენტს ვეტოთი ის ორი საკითხი რომ წარმოედგინა, რაც ჩვენი შენიშვნა იყო, მაშინ ცხადია, ვეტოს გავიზიარებდი. არ ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილი არის ის თემა, რომელიც შეიძლება ჩვენ ვერ გავაკონტროლოთ და აქ საფრთხეს ვერ ვხედავ. სწორედ ამ მიზნით პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოზიცია შევიცვალე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე უნდა ეყაროს კენჭი“, - აცხადებს რომან კაკულია.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ რომან კაკულია მაუწყებლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით თავდაპირველად შეცდომაში იყო შეყვანილი. დეპუტატი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს და აცხადებს, რომ კანონის დამტკიცება კერძო მაუწყებლების ინტერესებს დააზიანებს.
„პრეზიდენტის ვეტოს ნამდვილად ვიზიარებ. ვთვლი, რომ ეს კერძო მაუწყებლების ინტერესს დააზიანებს. ისედაც მცირე ლეგალური დაფინანსება, რომელიც დღეს არსებობს, იმას კიდევ უფრო შეამცირებს და ალბათ, არალეგალურ დაფინანსებას გააჩენს, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვის უნდა ებრძოლოს. პატარა ტელევიზიები, რომლებიც ძირითადად კომერციულ რეკლამაზე არიან დამოკიდებულები, ძალიან დაზარალდებიან.
საზოგადოებრივ მაუწყებელს არგუმენტად მოჰყავს, რომ კომერციული რეკლამა სჭირდება, რათა თავისი ჟურნალისტები წაახალისოს, მაშინ სხვა ჟურნალისტებმა რა დააშავეს? მათ შემოსავლის წყარო გაუქრებათ. ამიტომ ვეტოს მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი კოლეგები დავაჯეროთ, რომ ვეტო უნდა გავიზიაროთ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტის ინიციატორი ეკონომიკის კომიტეტი არ იყო. მისი თქმით, ეს რამოდენიმე დეპუტატის ინიციატივა იყო და მათ შორის ასახელებს ეკა ბესელიას.
„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ბოდიშიც მოიხადა და თავის ხელმოწერაც გაიხმო - თავისი შეცდომა აღიარა. რომან კაკულიამ თქვა, რომ ამ ხელშეკრულების ინიციატორი არ უნდა ყოფილიყო. თუ საჯაროდ არ უთქვამს, მაშინ შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ და გეტყვით. ეს შიდა განხილვების დროს ითქვა. არ უჭერდა მხარს და მთელი თავისი შინაარსით მხარს დღესაც არ უჭერს. ხელი ძალით არ მოაწერინეს. შეიძლება თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს. ვინ შეიყვანა, ეს უკვე მას ჰკითხეთ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
დეპუტატის ამ ხმაურიან განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და ჭიჭინაძეს მიუთითა, რომ კოლეგების მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია. რაც შეეხება გუნდის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამ შეხვედრის მერე გადაწყდება, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.
„მე მქონდა შეხვედრა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორი კვირის წინ და მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედიაორგანიზაციების და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მონაწილეობით. ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლო გადაწყვეტილებას, დაძლევს თუ არა ვეტოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა სიახლე არ არის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არსებითად ჩაიხედონ სიღრმეებში და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
„კომიტეტის სხდომაზე დავინახეთ, რომ კომიტეტი კვლავ არ უჭერს მხარს პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადმოგზავნილ ვერსიას, ასევე არ ჰქონდა წინააღმდეგობა ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტაციის მიმართ, მაგრამ ვინაიდან ეს არის პრეზიდენტის ვეტო, ვეტო არ იქნა გაზიარებული. შემდგომი ეტაპი არის პლენარული სხდომა და იქ განხილვა. რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე პოზიცია და არგუმენტაცია გვექნება, რა არგუმენტაციითაც დღეს კომიტეტის წინაშე წარვსდექით“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილმა.
„ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს ურჩევს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ამით ხელისუფლება თავიდან აიცილებს იმ ზიანს, რაც ამ კანონის მიღებით საზოგადოებას მიადგება.
„ორ რამეს აღვნიშნავ, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ თქვენ, ბატონო რომან და კომიტეტის წევრებმა შეინარჩუნეთ პრინციპული პოზიცია პლენარულ სხდომაზე, რაც თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროა, რომ თქვენ ვერ შეძელით კოლეგების დარწმუნება იმაში, თუ რა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს საზოგადოების ინტერესებისათვის აღნიშნული კანონპროექტი.
ამიტომ, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, როგორც მინიმუმ, არ დაძლიოს ვეტო. ჩვენი აზრით, ძალიან მოტივირებულია ის, რაც წერია შენიშვნებში, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ არ დაძლევს ამ ვეტოს, თავიდან ავიცილებთ იმ ზიანს, რაც ამ კანონპროექტის მიღებით მოგვადგება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცორიძის შეფასებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ზურგი აქცია მთელმა საზოგადოებამ. დეპუტატის განცხადებით, რომ არა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, შეიძლება დღემდე არ გვცოდნოდა ის მოვლენები, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. მისივე შეფასებით, დღეს მაუწყებელი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ლამაზი სტუდიები. გოცირიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს 2%-იანი რეიტინგი, როდესაც 50 მილიონს ხარჯავს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს ზურგი აქცია მთელმა საზოგადოებამ. არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ერთი ნაწილი ბოიკოტსაც კი უცხადებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი 5 რეფორმით მოითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულ რეფორმას და მათი ხელმძღვანელობის გათავისუფლებას. მწერლების ნაწილი უკვე ინტერვიუსაც არ აძლევს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს მხარს არ უჭერს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე და მიაჩნია, რომ კანონი ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეას და საქართველოს კონსტიტუციას.
„იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი შეინარჩუნებს პოზიციას, რაც მას კანონპროექტთან დაკავშირებით ამ დრომდე ჰქონდა. ვეტოსა და კომიტეტის უარყოფით დასკვნას შორის არის გარკვეულწილად თანხვედრა, რადგან კომერციული რეკლამის ნაწილში როგორც პრეზიდენტი, ასევე კომიტეტი ამბობს, რომ ეს პრობლემურია.
იმედი მაქვს, პარლამენტს ექნება საგნობრივი დისკუსია და უმრავლესობა გადაწყვეტილებას სრული ანალიზის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვნია, რომ არ დაზარალდეს სარეკლამო ბაზარი და ასევე ის, რომ არ შეიქმნას სამართლებრივ დონეზე ისეთი პირობები, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ კორუფციული გარიგებების გაფორმების საფრთხე გაჩნდეს“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.