მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს სააკაშვილის შეგონებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებისა და პრაიმერიზის ჩატარების თაობაზე. სამაგიეროდ, დაფაცურდნენ „ნაციონალები“ და მათი მომხრეები. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ოპოზიციის დახარისხებაც არ დაივიწყა და ოლიგარქის წინააღმდეგ საერთო ოპოზიციურ შეთქმულთა შორის გამორიცხა „ივანიშვილის ფულით მოსყიდული“ ყოფილი „ნაციონალები“ და „რუსეთუმე პატრიოტთა ალიანსი“, მის მომხრეებს იმედი გაუჩნდათ.
„ნაციონალი“ ზაზა ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნაა მხოლოდ პროდასავლურ ძალებს შორის და, „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებას მარტო შეძლებს, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს“.
სააკაშვილის ნათქვამმა არც ნუგზარ წიკლაური დატოვა გულგრილი და მანაც დაასკვნა, რომ ოპოზიციურ ძალთა ერთობა ოლიგარქის წინააღმდეგ საუკეთესო გზაა. სამაგიეროდ, „ევროპული საქართველოს“ პრიზმაში მოვლენები სხვაგვარად დაინახა გიგა ბოკერიამ. მან განმარტა, რომ სააკაშვილის ინტერვიუ იყო დეგრადირებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა და ეს გაერთიანება ვერ მოხდება უშუალოდ სააკაშვილის გარშემო, თორემ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა კონკრეტულ საარჩევნო ამოცანათა გადასაჭრელად.
„ერთი მხრივ, სააკაშვილი მოუწოდებდა ოპოზიციას, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრაიმერიზით გაერთიანებისკენ, მეორე მხრივ, არჩევნებს აზრი არ აქვსო, რადგან არჩევნებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებო. ეს გზავნილი ივანიშვილს აწყობს, ამით აღვივებს უიმედობას ამომრჩეველში“, - ფიქრობს გიგა ბოკერია, რომელიც პროდასავლურ ძალებთან თანამშრომლობას განიხილავს, ოღონდ პარტია არ უნდა იყოს პუტინის მოკავშირე.
რა პერსპექტივა აქვს სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციურ ძალთა გაერთიანებისა და პრაიმერიზის ჩატარების თაობაზე?!
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ჰიპოთეტურად რომც წარმოვიდგინოთ, რომ გაერთიანდა ყველა ძალა, „პატრიოტთა ალიანსიდან“ დაწყებული (მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მათ არ ცნობს), „ნაციონალებით“, „რესპუბლიკელებით“ და მარგველაშვილით დაგვირგვინებული, ეს გაერთიანებაც კი სააკაშვილს არ მიიღებს ლიდერად. ეს გამორიცხულია. ხოლო, თუ ამ გაერთიანებას მოვაშორებთ „პატრიოტთა ალიანსს“, რომელთანაც მიშა არ ითანამშრომლებს, მაინც არ მოხდება ისეთი გაერთიანება, რომელიც სააკაშვილს ლიდერად აირჩევს სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისა და წამყვანი საერთაშორისო მოთამაშეებისგან მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი.
რაც შეეხება ზოგადად, საპრეზიდენო არჩევნებისთვის ოპოზიციურ ძალთა გაერთიანებას, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული მოძრაობა ძალების გასაერთიანებლად გამორიცხული არ არის. უბრალოდ, ეს უშედეგო იქნება, რადგან ქართული საზოგადოება ამ გაერთიანების წარმომადგენლის მხარდასაჭერად მზად არ არის. მოსახლეობის 40-50% ინდიფერენტულადაა განწყობილი ნებისმიერი არჩევნებისა და პერსპექტივის მიმართ და მათი გადაბირება მხოლოდ ქმედით ახალ ძალას შეუძლია, სადაც ახალგაზრდები და უფროსი თაობა გააერთიანებს თავის ძალისხმევას.
„სიტუაცია მზად არის ახალი, პერსპექტიული, რეალისტური პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად, თუმცა ფინანსების გარეშე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. თანხების გარეშე პოლიტიკა შარლატანების არენაა. ამიტომ ისევ მთავარ ძალად დარჩება „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი, რომელსაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებში უპირატესი შესაძლებლობები ექნება. ამას ოპონირებას ვერ „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩამოყალიბებული ალიანსი გაუწევს და ვერც „პატრიოტთა ალიანსი“. სხვათა შორის, „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდა ხმების დაახლოებით 30-40%-ის მობილიზების საშუალება, მაგრამ, ფაქტობრივად, მათ პარტიული მშენებლობა შეაჩერეს, ამიტომ ეს შესაძლებლობა ახლა უკვე ხელიდანაა გაშვებული“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავად „ნაცმოძრაობის“ წევრებიც არ არიან მზად, სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერად იხილონ. უბრალოდ, ეს ყველაფერი ცარიელი ლაპარაკია, რომლის უკან საქმე არ დგას.
„სააკაშვილი, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ გახდება პოლიტიკური ლიდერი, ეს გამორიცხულია, რადგან მისი დრო წასულია. დღეს სხვანაირია პოლიტიკური სივრცე საქართველოში. მით უმეტეს, ყოველთვის ავადმყოფური ელფერი იქმნება სააკაშვილის ირგვლივ. გიგი უგულავამ სწორად თქვა, არავითარი პრაიმერიზი. ეს უაზრობაა, რადგან რეალურად, ამ პრაიმერიზში მონაწილეობას მიიღებენ ისევ და ისევ მხოლოდ „ნაციონალების“ მხარდამჭერები. პრაიმერიზი რომც ჩაატარონ, რასაკვირველია, მე მათ პლებისციტში მონაწილეობას არ მივიღებ და სულ არ მაინტერესებს, მათი ლიდერი ვინ იქნება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობაც ასეა. რა აზრი აქვს ასეთ პრაიმერიზს, არ ვიცი. თავის მომხრეებში კიდევ ყველაზე მეტი მომხრე ისევ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს. ისედაც ცხადი იქნება პრაიმერიზის შედეგი და რაღა საჭიროა ამ პროცესის დაწყება?!“ - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი, რომლის აზრითაც, ეს არის ხმაური არაფრის გამო, რათა სააკაშვილმა ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყროს.