ტაქსების შემდეგ რეგულირებას შესაძლოა, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები დაექვემდებაროს. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ამ კუთხით ქვეყანაში დიდი განუკითხაობაა.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით ამ კუთხით ქვეყანაში ქაოსია.
„წლების წინ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მხოლოდ ავტობუსები დადიოდნენ. შემდეგ უკვე მიკროავტობუსებზე მოხდა გადასვლა, რის შედეგადაც თბილისში რაიონებიდან დღის განმავლობაში 1 800-მდე რეისი მივიღეთ. ეს კი დიდ ქაოსს ქმნის და ვგეგმავთ მომავალში მათი მარშრუტებიც დავადგინოთ.
ამასთან, დღეს საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ძალიან ბევრი მინივენი მოძრაობს, რომელზეც არანაირი რეგულაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ჩემი პირადი მოთხოვნა და ტრანსპორტის სამსახურის რეკომენდაცია იქნება, რომ მინივენები გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებაროს“, - განუცხადა „საქმეს“ მუმლაძემ.
ამ სფეროში ვითარება, რომ უკონტროლო და რთულია, ადასტურებენ დარგის სპეციალისტებიც. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვნელი დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით უმეტესად ამორტიზებული მიკროავტობუსებით ხდება, რაც ყოველდღიურად ასობით ადამიანს უქმნის საფრთხეს.
„ყოველთვის ფასზე კეთდება აქცენტი და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ტრანსპორტის უმეტესობა გაუმართავია. ჯერ უნდა ვთქვათ, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია მიკროავტობუსი და შემდეგ ვისაუბროთ ფასებზე. ტრანსპორტის ტექნიკური გამართვის თვალსაზრისით განუკითხაობაა. დედაქალაქში ეს სისტემა მსუბუქ კონტროლს მაინც ექვემდებარება, საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქვეყანაში არის საშიში. არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხს აგებს დედაქალაქიდან რეგიონში მიმავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ან პირიქით.
ხშირად ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ამორტიზებული და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველას აქვს მოხსნილი. მძღოლები, ერთი შეხედვით, გადიან სამედიცინო შემოწმებას, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. დაღლილი მძღოლი საჭესთან რისკია. ზოგჯერ 3-4 რეისს ასრულებენ დღეში. ტარიფებს არეგულირებს ბაზარი, მაგრამ მოქმედებს განუკითხაობა, რასაც აუცილებლად სჭირდება ყურადღება“, - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ ლამის მთელი წლის განმავლობაში მაგისტრალებზე მოძრაობა გადატვირთულია. ამიტომ მგზავრთა უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
სპეციალისტების აზრით, რეგიონების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების უმეტესობა სტანდარტთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. უცხოეთიდან ხშირად სატვირთო მიკროავტობუსები ჩამოჰყავთ და ადგილზე ხდება მისი სამგზავროდ გადაკეთება. ასეთი სიტუაცია იმიტომაა, რომ სატვირთო ტრანსპორტი უფრო იაფია, ვიდრე სამგზავრო და მისი შეძენა მძღოლისთვის გაცილებით ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ასეთ ტრანსპორტში მგზავრთა ექსპლოატაციის წესები დარღვეულია, ელემენტარულად, სავარძლების განთავსების წესი ნორმასთან არ არის შესაბამისობაში, არ აქვთ ღვედები, სავარძლებს შორის მანძილი არ არის დაცული, მათი დამაგრება და აღჭურვა კუსტარულად ხდება და სხვა. სამწუხაროდ, როცა ასეთი მიკროავტობუსი მოხვდება ავტოსაგზაო შემთხვევაში, შედეგი არის ფატალური.