ვინ განდევნა სააკაშვილი საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური პროცესებიდან? უშუალოდ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებებმა (დასავლეთის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევით), თუ თავად დრომ, რომელიც ყველაზე ულმობელი მსაჯულია?! როგორი იქნება მისი შემდგომი ბედი ევროპაში, ისეთი ხომ არა, როგორც ამას დიმიტრი შაშკინი ამტკიცებს, „ჩემს მტერს გაბრაზებული სააკაშვილი ევროპაში“?! ამ კითხვებით დავიწყეთ საუბარი ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან.
- დრო ულმობელი მსაჯულია, მაგრამ დრო ძირითადად ისტორიულ პერსპექტივაში აფასებს მოვლენებს. სააკაშვილი სერიოზული მოვლენაა, სერიოზული მოღვაწეა, მან რეალური როლი შეასრულა მოვლენათა განვითარებაში კავკასიასა და შესაძლოა, საერთაშორისო მასშტაბითაც. მის შესაფასებლად არ გასულა აუცილებელი ისტორიული სიშორე, რაც საჭიროა პიროვნების ღვაწლის რეალური შეფასებისთვის, სადაც პიროვნებისა და მოვლენების შეფასებისას, კატაკლიზმებისა და დაპირისპირებების ნაცვლად ზოგჯერ ისტორიული კანონზომიერება წარმოჩინდება ხოლმე. ამიტომ ყველაფერი, რასაც დღეს ჩვენ ვიტყვით და შევაფასებთ, ეს არის უფრო პოლიტიკური რაკურსი მიმდინარე მომენტის გასაანალიზებლად. ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს აღმატებული ჭეშმარიტების პრეტენზია.
ამ თვალთახედვით, ის, რაც ამ დღეებში სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა, აბსოლუტურად ლოგიკურია, ვინაიდან სააკაშვილი ვირტუოზულად ასრულებდა ორი ბატონის მსახურის როლს. ვერ ვიტყვი, რომ ის რომელიმე კონკრეტული სპეცსამსახურებისგან იღებდა დირექტივებს, მაგრამ ფაქტია, რომ მის უკან ყოველთვის იდგა დასავლეთი და რუსეთი.
რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ერთი რაკურსით, დასავლეთისთვის იყო მისაღები, სასიამოვნო და კარგად აღსაქმელი, მეორე მხრივ, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ (სიტყვიერი ეკვილიბრისტიკისა და შეურაცხმყოფელი შეძახილების გარდა ორივე მხრიდან), სააკაშვილი რუსეთის ნეოიმპერიულ ინტერესებს ემსახურებოდა. ეს 2008 წლის მოვლენებმაც ცხადყო, როცა აღმაშენებლობაზე თავდადებული და თავგამოდებული სააკაშვილი ლამის ქვეყნის ორად გახლეჩის ინიციატორად მოგვევლინა, რადგან მისი მცდელობა, შემოეერთებინა აჯანყებული სეპარატისტული რეგიონები, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების მიტაცებითა და რუსეთის მიერ კავკასიის რეგიონში სამხედრო ბაზების დაბრუნებით დასრულდა.
არადა, ჯერ კიდევ 1999 წლის სტამბოლის შეთანხმებით, ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების დახმარებით, ელცინმა იკისრა და მას გააყვანინეს ეს ბაზები. თუმცა აღნიშნული ბაზები ისევ დაბრუნდა კავკასიაში, რადგან სომხეთში გიუმრის ბაზა კავკასიაში რუსეთის ყოფნას, რუსების თვალთახედვით, საიმედოდ არ ხდიდა და არც რუსეთის სამხრეთ ფლანგს წარმოაჩენდა დაცულად, ისევ და ისევ რუსებისვე აზრით. ამიტომ რუსები თავიანთი ბაზებით დაბრუნდნენ მიტაცებულ ტერიტორიებზე და ამაში სააკაშვილის წვლილი წონადია. პოლიტიკოსი ის არის, ვინც განჭვრეტს გადადგმული ნაბიჯების რეალურ შედეგებს და არ ის, ვისაც ამოძრავებს საკუთარი განდიდების მანია და მიდის ნებისმიერ ავანტიურაზე. ძალიან ბევრი ასპექტი აქვს იმას, რაც სულ ახლახანს მოხდა, როცა რეადმისიის ფარგლებში უკრაინიდან პოლონეთში სააკაშვილის დეპორტაცია განხორციელდა, საიდანაც იგი უკანონოდ შევიდა უკრაინაში.
დასავლეთში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ იგი უკრაინასაც დაღუპავდა და ამიტომაც გაარიდეს ამ ტერიტორიას?
- ამით დროებით მოგვარდა ის თავსატეხი, რაც რეალურს ხდიდა დესტაბილიზაციას უკრაინაში და, რისთვისაც არსებობს შესაბამისი ფონი უკრაინაში. ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე, დემოკრატიის სისუსტე, ეკონომიკის მძიმე მდგმარეობა, რთული სოციალური ვითარება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოპულისტური რიტორიკის დრო არ არის, რითაც სააკაშვილი გამოირჩევა. როგორც თავად ამბობს, ის რევოლუციონერია მოწოდებით.
მან საოცარი გზა განვლო, ერთი მხრივ, შემოვიდა პოლიტიკაში, როგორც ამერიკის დამფუძნებელ მამათა მიმდევარი და რეფორმატორი, ხოლო გუშინწინ სიამაყით აცხადებდა, რომ ის არის ჩე გევარას მიმდევარი, რევოლუციონერი, რომლის შეჩერება-გაჩერებაც დაუშვებელია. ეს ტრანსფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ, ამავე დროს, ის უაღრესად ნიჭიერი ადამიანია, მიზანსწაფული, ენერგიული, რასაც მას ვერავინ დაუკარგავს. ამიტომ უკრაინაში პრობლემა დროებით გადაწყდა იმით, რომ მე ვფიქრობ, ჩვენმა სტარტეგიულმა პარტნიორმა, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სწორი, ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და გაარიდა სააკაშვილი უკრაინას, რადგან უკრაინაში მისი ყოფნა უკრაინის დესტაბილიზაციისა და პერსპექტივაში მისი დაშლის ერთ-ერთი წინამორბედი იყო.
ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, სააკაშვილს ემართა პროცესები უკაინაში, გამხდარიყო უკრაინის პირველი პირი, ან ერთ-ერთი პირველი პირი, ბუნებრივია, ის წამოიწყებდა სტერეოტიპულ რეფორმებს, დაიწყებდა ბრძოლას ოლიგარქების წინააღმდეგ. ოლიგარქების მიერ უკრაინაში სიტუაციის მართვა, რა თქმა უნდა, არ არის დემოკრატიის სიძლერის და ქვეყნის პერსპექტივის გამომხატველი. თუმცა, ამავე დროს, სწორედ ამ ოლიგარქების ფინანსურ ძლიერებასა და პოლიტიკურ გავლენაზეა დაფუძნებული ის მყიფე სახელმწიფოებრიობა, რაც უკრაინას დღეს აქვს. ამიტომ ფილიგრანული ტექნიკაა საჭირო ამ სისტემის დემონტაჟისთვის და ოლიგარქების პოლიტიკიდან გაშვებისთვის.
მათი პოზიციებიდან ერთბაშად მოხსნა და მათი გარეკვა დასავლეთში გამოიწვევს იმას, რომ ისინი წაიღებენ ეკონომიკურ ბერკეტებს, ფინანსებს, ქონებას. დასავლეთის შესაბამის გავლენიან პირებს მოისყიდიან, რასაც ყველა რუსი ოლიგარქი აკეთებდა და აკეთებს დღესაც. ეს უკრაინას დააკარგვინებდა იმ მიზერულ პოტენციალსაც კი, რაც დღეს აქვს. დაიწყებოდა უმართავი პროცესები, რაც ადვილი შესაძლებელია, დამთავრებულიყო უკრაინის სახელმწიფოებრიობის კრიზისით, უკრაინის დაშლით და რეგიონში მთავარი მოთამაშეების გავლენის გაძლიერებით უკრაინის ამა თუ იმ ნაწილში. მოგეხსენებათ, რუსეთის გავლენა მოიცავს მიერთებულ ყირიმს და აჯანყებულ დონბასს. ამას მოჰყვებოდა პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სხვა ქვეყნების გავლენის მქონე ტერიტორიებზე არაპროგნოზირებადი შედეგები.
რასაკვირველია, სააკაშვილის მიერ პიარტექნოლოგიების მეშვეობით განხორციელებული პატრულის, სასამართლოს, ეკონომიკის ობიექტების ზეიმით გახსნა უკრაინაშიც დაიწყებოდა, მაგრამ, ამავე დროს, ამას მოჰყვებოდა უკმაყოფილების ტალღა, რასაც შესაძლოა, უმართავი პროცესები გამოეწვია. ეს კი ხელს აძლევს რუსეთს და საშუალებას მისცემს, უფრო მასშტაბურად ჩაერიოს უკრაინულ პროცესებში.
არსებითად დასავლეთის მოკავშირე უკრაინასა და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი ომი და სამხედრო ოპერაციები ამ ეტაპზე გამორიცხულია, ამიტომ რუსეთს უკრაინის საქმეებში ჩარევის სხვა ფორმა არ აქვს, თუ არა შიდაარეულობა. თუ ამას დაემატებოდა ნიჭიერი ავანტიურისტის-სააკაშვილის პოლიტიკური ავანტიურები, ეს საოცნებო სიტუაცია იქნებოდა რუსეთისთვის. ამიტომაც რუსულ მედიაში ცალსახად ყიჟინა და სიხარული სააკაშვილის დეპორტის გამო არ არის, რადგან რუსეთშიც არიან ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები, რომლებიც სიტუაციას ადეკვატურად უყურებენ. მათ მაინცდამაინც არ უხარიათ სააკაშვილის უკრაინიდან მოცილება.
რომ არაფერი ვთქვათ ჟირინოვსკიზე, რომელმაც „ნარინჯისფერი რევოლუციის ლენინი“ უწოდა სააკაშვილს და ქათინაურებით კიდევ ერთხელ შეამკო.
- რა თქმა უნდა, ჟირინოვსკი ჩვენი ოპონენტია, მაგრამ თავისთავად უნიჭიერესი კაცია. ის დემაგოგიის კლასიკოსია და ხშირად, რასაც კრემლის იდეოლოგები ფუთავენ და მალავენ, ის ხმამაღლა ამბობს. ამ მხრივ მისი არსებობა ჩვენთვის მისაღებია. ახლა სააკაშვილის ქმედებების შეფასება იოლია, მთავარია, რა გაგრძელება ექნება ამ სიტუაციას.
ხომ არ ფიქრობთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, დაფიქრდება სააკაშვილი იმაზე, რაც მისი ფაქტორის გამო მოხდა საქართველოსა და უკრაინაში და გავა პოლიტიკიდან?
- სააკაშვილი პოლიტიკიდან არ გავა, ის ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე, ნიჭიერი ადამიანია და რომელიმე დავარცხნილ, დალაგებულ, მდიდარ ევროპულ ქვეყანაში, ან ამერიკის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა მისთვის ჯერ ადრეა. ამიტომ შეეცდება, დარჩეს აქტიურ მოქმედ პოლიტიკოსად. ის ახლა მოსინჯავს, როგორ წარიმართება უკრაინაში მოვლენები, საპროტესეტო აქციები დაიწყება თუ არა, ამ აქციებში მოსახლეობის რა ნაწილი მიიღებს მონაწილეობას. თუ ეს 300-500, ან კიდევ 5 და 10-ათასკაციანი საპროტესტო თავყრილობა იქნება, ეს არაფრის მომტანად ჩაითვლება 45-მილიონიან უკრაინაში, მაგრამ, თუ საპროტესტო აქციების მასშტაბი გასცდება 100-200 ათასს და სხვადასხვა რეგიონში გაიმართება, ბუნებრივია, სააკაშვილს რაღა დააკავებს?! მას ან დააბრუნებენ, ან თავად დაბრუნდება და შევა უკრაინაში, ან არჩევნების შედეგებზე შეეცდება ზეგავლენის მოხდენას.
ამის მცდელობა მას ექნება. თუ არადა, მერე დაიწყებს ფიქრს იმაზე, რაში დაიხარჯოს ენერგია. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალანაზღაურებადი პოზიციები მას ნაკლებად ხიბლავს, მას უფრო მოქმედი პროცესები უყვარს და აქ ხედავს თავის შესაძლებლობას. გამორიცხული არ არის, კავკასიაში დაბრუნების მცდელობაც ჰქონდეს. აქ განზრახ ვამბობ კავკასიას, რადგან მისი მასშტაბებისთვის საქართველო საკმარისი არ არის, როგორც თვითონ მიიჩნევს. ამიტომ, თუ რეგიონული, კავკასიური მასშტაბის მოღვაწე იქნება ახალ ეტაპზე, ან მახლობელ აღმოსავლეთში რაღაც ფუნქციას შეიძენს, მაშინ შეიძლება იფიქროს კიდეც ამაზე.
ის ახლა ამბობს, „მე მიყვარს პოლონეთი, მაგრამ ჩემი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოშია და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“. თუკი საქართველოსა და უკრაინაში მას არ ელიან, კავკასიაში მისი ადგილი სად მოინახება? ჩვენ გვახსოვს სააკაშვილმა ერთხელ უკვე ჩამოიქროლა სარფისკენ და ისევ გაიქროლა.
- მის ადგილს საქართველოში ვერ ვხედავ. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მშვიდად, ევოლუციურად, არჩევნების გზით ხელისუფლებათა მონაცვლეობით თუ სირიიზაციისკენ, არც ერთ შემთხვევაში, საქართველოში მისი ადგილი არ არის. საქართველოს მოსახლეობის მყარი 2/3-სთვის სააკაშვილი არა მარტო სულერთია, არამედ კატეგორიულად მიუღებელია. მის მიმდევრებს კი, სადაც, მაქსიმუმ, 20-25%-ს, რეალურად კი 10%-ს, მისი იმედი აქვთ და სააკაშვილი უნდათ, მაგრამ, ვინც არ უნდა იდგეს სააკაშვილის უკან (დასავლეთი, რუსეთი, თურქეთი თუ სხვა ვინმე), ამ 2/3-ის განწყობიდან გამომდინარე, შეუძლებელია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება. თუმცა ის თავად არ კარგავს იმედს და რაღაც ისეთ სიტუაციას ელის, რაც ადამიანური ლოგიკის ფარგლებს მიღმაა.
თავის დროზე მას მხარს უჭერდა დასავლეთი და, ჩემი აზრით, რუსეთიც. სააკაშვილმა ამით ისარგებლა, ქმედუუნარო, კორუფციის მორევში ჩაფლულ, ტერიტორიებმთლიანობა დარღვეულ საქართველოში მას მისცეს 50 ათასი ადამიანის მობილიზებისა და ვარდების რევოლუციის ჩატარების საშუალება. ახლა ის ისევ მექანიკურად ელის ამის გამეორებას, რა თქმა უნდა, მისთვის სასურველია დასავლეთის სახელითა და მხარდაჭერით მოქმედება, მაგრამ არც რუსულ და არც სხვა მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის. ეს არის ძირითადი წინაპირობა მისთვის საქართველოში დაბრუნებისთვის იმ პირობებში, როცა მოსახლეობის 2/3 მისი წინააღმდეგია. რაც არ უნდა გართულდეს აქ ვითარება, ნახევარზე მეტი მაინც იქნება მისი აქტიური მოწინააღმდეგე. ამიტომ ეს პოზაა, რომ მე დავბრუნდები, რადგან მე მელიან საქართველოში.
იქნებ, ნაწილობრივ, სააკაშვილს ქართველების გულმავიწყობის იმედი აქვს, რადგან პერიოდულად ჩვენ მარგინალიზებულ პოლიტიკოსებს ხელმეორედ ვაძლევთ შანსებს.
- ქართველ ელექტორატთან მიმართებით მაღალი წამოდგენის ვარ, ვიდრე მიჩნეულია საზოგადოდ, რომ ჩვენი ელექტორატი შეცდომებს უშვებს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა აირჩია გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი. სინამდვილეში, ქართველი ხალხის უმრავლესობა უცდომელია და პირველად ხმა მისცა ეროვნული თავისუფლების იდეას, მეორედ - სამოქალაქო ომისგან ქვეყნის დამშვიდებას და საერთაშორისოდ აღიარებას, მესამედ - რეფორმისტული ჯგუფის მოსვლას ხელისუფლებაში. მეოთხედ - სიმშვიდეს და სტაბილურობას ივანიშვილის სახით. ეს გადაწყვეტილებები მოცემული მომენტისთვის შეცდომა არ ყოფილა. ქართველი ხალხი გონიერია და მას სწორი გადაწყვეტილებები აქვს. სამწუხაროდ, ხშირად არჩევანი აქვს ძალიან შეზღუდული. ახლა თითქოს ისეა, რომ „ქართული ოცნება“ ცალკეა და ყველა მისი წინააღმდეგია, მაგრამ ეს დაშვებული შეცდომებისა და ბიძინა ივანიშვილის არასწორი წარმოდგენების შედეგია პოლიტიკაზე, თითქოს მას ქვეყნის მართვა მოკავშირეების გარეშე შეუძლია. რეალურად, არის ხალხი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ აირჩევს, არ მისცემს ხმას, მაგრამ მომხრეა იმ პოლიტიკის, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს.
მე უფრო სხვა რამის მეშინია, რომ სააკაშვილი ისევ არ იქნას გამოყენებული რეგიონში სიტუაციის ასარევად, რადგან დასავლური მიდგომა ასეთია, თუ სიტუაცია არ ლაგდება ლოგიკურად, დასავლეთისთვის მისაღებად, მაშინ ისინი ვითარების პროვოცირებას ახდენენ დესტაბილიზაციით ამ რეგიონში. ასე იყო ლიბიაში, სირიაში, იემენში და სხვაგან. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, მთლად მართვადი ქაოსი არ იქნება, მაგრამ მოხდება რომელიმე ძალის გაძლიერება, ან რომელიმე ძალის დასუსტება. ჩვენ ამას ვხედავთ, ვამჩნევთ, მაგრამ მაინც გეოსტრატეგიულად ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი ვრჩებით.
შესაძლოა, დასავლეთმა გადაწყვიტოს, რომ კავკასიაში სიტუაცია ისე არ ლაგდება. მაგალითად, სომხეთის ხელისუფლება ვერ ახერხებს პროდასავლურ და პრორუსულ ვექტორებს შორის ვარირებას, რასაც მისგან მოელიან; ან კიდევ, ალიევის ხელისუფლება დემოკრატიის სერიოზული ხარვეზებით აზერბაიჯანში მანამდე იქნება მისაღები დასავლეთისთვის, ვიდრე რაიმე სხვა ალტერნატივა არ გამოჩნდება. დიდი ენერგორესურსების, მაგისტრალების მნიშვნელობის გათვალისწინებით, დასავლეთისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლებას დღემდე ბევრი რამ მიეტევებოდა და მიეტევება.
მე არ ვიცი, რამდენად რეალურად ბრძანა ალიევმა ის, რაც გავრცელდა მედიაში, თითქოს ერევანი აზერბაიჯანელების ისტორიული მიწაა და უნდა დავიბრუნოთ; ან რამდენად რეალურია სომხეთის ლიდერის მოწოდება, რომ ყარაბაღის პრობლემა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ძალის გამოყენების, იძულების მეთოდით. თუ ამ კონფლიქტების კიდევ უფრო რადიკალიზაცია მოხდა, პლუს ამას ოკუპირებულ რეგიონთა თემა და ახალ კონფლიქტთა პროვოცირება დაემატა, მაშინ რეგიონში დიდი დესტაბილიზაცია არ გამოირიცხება. როგორც გადადის ხანძარი სახლიდან სახლზე, შეიძლება, ისე აალდეს ყველაფერი ჩვენს სამეზობლოში, ასეთ შემთხვევაში, უკვე ნებისმიერი ფიგურა მისაღებია და შესაძლოა, სააკაშვილიც გახდეს მოთხოვნადი, მაგრამ ეს იქნება საქართველოს ნანგრევებზე, რასაც არავინ ისურვებდა.
აქ ჩვენი კეთილდგონიერებაა მოსახმობი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ თავადვე მართოს საზოგადოებრივი აზრი. ჩვენ უნდა შევქმნათ განწყობა, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, თუ რას ვაკეთებთ, ვბრუნდებით ძველ ორბიტაზე, მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის მიმართულებით, თუ ერთგულნი ვრჩებით ჩვენგან შორს მყოფი დასავლეთის, რომელიც ხშირად აგვიანებს ჩვენს მოშველებას, თუ მეოცნებეთა ფანტაზიებს მივეცემით. ასე რომ, სააკაშვილის პერსპექტივას უამრავი ასპექტი აქვს.
თუკი ეს აპოკალიფსური პროცესი გამოვრიცხეთ, მაშინ სტრატეგიულ პარტიონერებს სააკაშვილზე ისევ ექნებათ გათვლა და მას ისევ გამოიყენებენ ცალკეული მოვლენების დასაჩქარებლად ან შესანელებლად?
- მე მაღალი წარმოდგენის ვარ, როგორც ამერიკელი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების, ისე რუსი სპეციალისტების მიმართ, თუმცა რუსებს ახლომხედველური დამოკიდებულება შერჩენიათ და ამ უაღრესად ცივილიზებულ ერს სკვითური მიუღებლობა მაინც აქვს სხვა აზრის მიმართ. ასევე, მაღალი აზრის ვარ თურქების პრაგმატიზმზე. ეს მაინც არ არის ოსმალეთი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების ნაწილი ცდილობს თემების აჟიტირებას, რომ ლამისაა, დაგვიპყრეს თურქებმა, ლამის ისმის ყიჟინა, დავიბრუნოთ ოკუპირებული ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, ლაზეთი. თუმცა არავინ სვამს კითხვას, რატომ არის, რომ თურქეთი 26 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური დიასპირა ისევე, როგორც ჩრდილოკავკასიური, ჩერქეზული, ძალიან ძლიერია თურქეთში? ნუთუ თურქეთი ამას მზაკვრულად იმისთვის აკეთებს, რომ აჭარა მიიტაცოს და აჭარის მოსახლეობის აბსორბცია მოახდინოს?
არის რაღაც ელემენტები, მაგრამ თურქეთს ეს დადებითიც უნდა დავუნახოთ. სხვანაირად ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ სამი დიდი ვეშაპის მეზობლად, როგორიცაა რუსეთი-თურქეთი-ირანი. თუ ამ ვეშაპებს შორის მყოფმა ქართველობამ 10 საუკუნის განმავლობაში მათთან ურთიერთობის სახით ვერაფერი ისწავლა, მაშინ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლობის და თავისუფლების ღირსი. ახლა მოვიდა დრო, საზოგადოებამ გაიაზროს ეს ყველაფერი და არა დემაგოგებმა და პოპულისტებმა, რომლითაც სავსეა ქართული პოლიტიკა. სააკაშვილის მიერ ჩატარებულ მორიგ ექსპერიმენტს საქართველო ვერ გადაიტანს. ის არა მარტო დაქცუცმაცდება და დაიშლება, არამედ საერთოდ გაქრება პოლიტიკური რუკიდან.
ჩვენ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი გვაქვს, ვართ თუ არა იმის ღირსნი, როცა რამდენიმე საუკუნის მერე გიორგი ბრწყინვალის მიერ ფაქტობრობრივად არარსებული საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრიობა შეზღუდულ-შეკვეცილი ფორმით აღვადგინეთ. აქ არსად არის სააკაშვილის ადგილი და ქართული საზოგადოება არ მიიღებს მას. ისტორიული რემინისცენციები, რომ გიორგი სააკაძეც არ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ, არაფრის მომტანია. სხვათა შორის, თვითონ სააკაშვილმა თქვა, დავით აღმაშენებელს ვბაძავდიო, აღმაშენებელი როგორ ხოცავდა და ანადგურებდა მოწინააღმდეგეებსა და უკეთურებსო. აღმაშენებელს რომ ბაძავს ნებისმიერი ლიდერი, ეს გენიალურია, მაგრამ ვისაც მე-11-12 საუკუნეების საქართველო და დღევანდელი საქართველო და მისი გარემოცვა ვერ გაურჩევია, იმას საერთოდ რა ესაქმება პოლიტიკაში. ჩემი აზრით, არც არაფერი.