დემირელის სკოლის მენეჯერის ბედს ქართული სასამართლო 19 თებერვალს გადაწყვეტს. ახლა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს სახელის შენარჩუნებას, ასევე გახდება თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქი წამებისა და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ორივე შემთხვევაში მოსამართლე ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დგას.
მით უფრო, რომ ჩაბუქის მხარდასაჭერად საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი, რომლის განცხადებით, ევროპარლამენტარები ამ საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ინტერესით აკვირდებიან. მისი თქმით, ჩაბუქი ოჯახს უნდა დაბრუნდეს და კვლავ გააგრძელოს კოლეჯში მოღვაწეობა. მისი თქმით, ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება.
„არასწორად მიმაჩნია მისი დაკავების ფაქტი. შესაბამისად, მისი თურქეთში ექსტრადირება უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება. თურქეთში მას არ ელოდება სამართლიანი სასამართლო. თურქეთის ციხეში, სავარაუდოდ, მას ელოდება სასტიკი მოპყრობა და წამებაც კი. ამიტომაც, მე ვთხოვ საქართველოს სასამართლო სისტემას, დაიცვას საერთაშორისო წესები და არ დაუშვას მისი ექსტრადირება.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტისთვის ჩაბუქი ციხეში არ უნდა იმყოფებოდეს. როგორც მე მესმის, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, დრო, რომლის განმავლობაში მისი დაკავება შეიძლება გადაწყვეტილების მიღებამდე, უკვე იწურება. ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს და გადაწყდეს ბატონი ჩაბუქის სასარგებლოდ. ჩაბუქი საქართველოში უნდა დარჩეს, ის დაცული უნდა იყოს და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი უნდა მიეცეს“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
for.ge-სთან საუბრისას საქმის ადვოტაკი, სოსო ბარათაშვილი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ისეთ მძიმე შეცდომას, რასაც ჰქვია უდანაშაულო ადამიანის ექსტრადირება ქვეყანაში, სადა ის წამების მსხვერპლი გახდება.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს. თუკი სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს აქვს უფლება გადასცეს, ასეთ შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 19 თებერვალს?
სოსო ბარათაშვილი: იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ექსტრადიციას და შემდეგ უკვე მხარე, ამ შემთხვევაში მუსტაფა ემრე ჩაბუქი, უზენაეს სასამართლოშიგაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა მიიჩნევს, რომ ექსტრადიცია დასაშვებია, ამის შემდეგ კანონმდებლობის თანახმად „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო კანონის“ მიხედვით იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს ხელი მოაწეროს, ან არ მოაწეროს განკარგულებას ექსტრადიციის თაობაზე.
ანუ, თუკი სასამართლო მიიღებს ექსტრადიციის გადაწყვეტილებას, იუსტიციის მინისტრს აქვს უფლება ხელი არ მოაწეროს განკარგულებას პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრს კანონით შეუძლია ხელი არ მოაწეროს. ეს მისი დისკრეციული უფლება არის. მინისტრს სასამართლოს მიერ ეძლევა ნება და არა დავალება, გამოსცეს, ან არ გამოსცეს განკარგულება ექსტრადიციის შესახებ. საექსტრადიციო პროცედურების დაწყებას წინ უძღოდა მრავალი თვის განმავლობაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე პროცედურები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში.
ორივე ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილების გაუქმებაზე, რომლითაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თვითონ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება აჩერებს ექსტრადიციას.
როდესაც გავეცანით ამ გადაწყვეტილებებს, დავინახეთ, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვინაიდან განხილული არ არის დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება. არათუ შეფასება არ აქვს მტკიცებულებებს, არამედ ნამსჯელიც არ არის.
კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?
- ორივე შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე და ექსტრადირების დასაშვებობის განხილვის დროს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს რამდენიმე საკითხზე, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. პირველი - ხომ არ ატარებს ბრალდება პოლიტიკურ ხასიათს; მეორე - არის თუ არა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება; მესამე - ხომ არ მოელის პირს წამება და არადამიანური მოპყრობა იმ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს მის ექსტრადირებას.
ლტოლვილთა სამინისტროს და შემდეგ უკვე ორი სასამართლო ისტანციის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველო უშვებს ჩაბუქის ექსტრადირებას?
- არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ სახალხო დამცველის, ასევე უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნითაც მიჩნეულია, რომ ეს ბრალდება არ პასუხობს დასაბუთებული ბრალდების ვარაუდს და არის ბუნდოვანი, ვინაიდან ჩაბუქს ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში ისე, რომ ამ ბრალდების ფაბულა პრაქტიკულად არის ის, რომ როგორც მინდობილი პირი აშშ-ში რეგსტრირებულ კომპანიაზე აპირებდა დემირელის სახელობის კოლეჯის დამფუძნებლების წილის გასხვისებას.
თვითონ ბრალდება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს იმდენად, რამდენადაც თვითონ ამ კომპანიის დამფუძნებლებს, რომლებიც გერმანიაში და აშშ-ში ცხოვრობენ, რომლებიც ყიდულობდნენ ამ წილებს, ბრალი არ აქვთ წარდგენილი და საერთოდ არ დგას საკითხი მათი თურქეთში ექსტრადიციის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარება არის თვითონ თურქეთში. ეს არ არის ჩვენი პირადი მოსაზრება. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების უამრავი დასკვნა, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ განსაკუთრებული წამების მსხვერპლი არის ის ჯგუფი, რომლებიც გიულენის მომხრეებს მიეკუთვნებიან. გაუსაძლისი მდგომარეობა არის ციხეებში.
თურქეთის სისხლის სამართლოს კოდექსის 314-ე მიუხლი 2016 წელს გახდა ვენეციის კომისიის მსჯელობის საგანი და მიჩნეული იქნა, რომ ეს არის ტერორიზმი და მასიურად გამოიყენება პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დევნისათვის. მარტო ეს გარემოება საკმარისი იყო იმისათვის, რომ ადამიანს მინიჭებოდა ლტოლვილის სტატუსი და უარი თქმულიყო ექსტარდიციაზეა. ჩვენ გვაქვს მიზნობრივი დასკვნები,სადც დეტალურად არის განხილული, რატომ უნდა მინიჭებოდა დაკავებულს ლტოლვილის სტატუს და რატომ არის დაუშვებელი ექსტრადიცია.
გასაოცარია, მაგრამ იმ მიზეზით, რომ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის მიმართ ხორციელდება მუქარები, მისი ოჯახის წევრები დღესაც ჩართული არიან დაცვის სპეციალურ პროგრამაში. ანუ, ერთის მხრივ, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი საფრთხის ქვეშ არიან და მეორეს მხრივ აცხადებს, რომ მათ არავითარი საფრთხე არ მოელით თურქეთში.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ვერ გაუძლო თურქეთის ხელისუფლების წნეხს?
- 5 თებერვლამდე ჩვენთვის ეს სრულიად ნათელი იყო. საქართველოში მიიჩნიეს, რომ ეს საქმე უნდა დასრულებულიყო ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციით. შეიძლებოდა მცირე გართულება მოჰყოლოდა ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩაივლიდა და დასრულდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ექსტრადირების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, გამოიკვეთა, რომ ასე არ არის.
განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის 4 წევრმა. საქართველოში ჩამოვიდა ქალბატონი რებეკა ჰარმსი. აშშ-ის საელჩო დაინტერესდა ამ საქმით, ისინი ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს. ის რეზონანსი, რომელიც ამ საქმეს მოჰყვა, ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს საკითხი ასე წყნარად არ ჩაივლის და ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც ეს მეტ-ნაკლებად გააცნობიერა.
ანუ, ექსტარდირების მოლოდინი არ გაქვთ?
- არ მინდა წინასწარი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ასეთი ვითარებაა. 19 თებერვალს იმართება სასამართლო, თუ ამავე დღეს გამოვიდა გადაწყვეტილება 7 დღეში საჩივრდება. მაგრამ 24 თებერვალს ჩაბუქი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ვინაიდან ჩვენი კანონდმებლობის მიხედვით საექსტრადიცო პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს და ეს ვადა გადის 24 თებერვალს.
აქიდან გამომდინარე, ხელისუფლებას რომ სდომოდა ასე ხელაღებით მისი ექსტრადიცია, 5 თებერვალს პროცესის გადადების აუცილებლობა არ იყო. 5 თებერვალს დაასრულებდა საქმეს. ყველაფერი ნათელი იყო, საექსტრადიციო ვადა გადიოდა და პროკურორი ამის შესახებ აცხადებდა სასამართლო პროცესზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება აპირებს ექსტრადირებას, შეეძლო 5 თებერვალს გამოეტანა განაჩენი სასამართლოს.
ხელისუფლება მძიმე ვითარებაშია, ეს არ არის მარტივი საქმე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა უფრო ადრე. როდესაც დააპატიმრეს ჩაბუქი, მაშინვე უნდა განემარტათ თურქეთის ხელისუფლებისთვის, რომ იმოქმედებდნენ გამჭვირვალედ, კანონმდებლობის შესაბამისად, რომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლება ჩაყენებული იქნებოდა საქმის კურსში და რომ დაცული იქნებოდა როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა და ხელშეკრულება, რომელთანაც საქართველო არის მიერთებული. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა და ახლა არის პრობლემა.
ყველაზე უარეს შემთხვევაში შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს?
- თუ პირველი ინსტანციის სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ჩაბუქის ექსტრადიციას, 7 დღის ვადაში ჩვენ უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. პარალელურად მივმართავთ შუამდგომლობით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოვითხოვთ საქმის არსებით განხილვამდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისადშეჩერდეს ექსტრადიცია.
არსებობს ასეთი პრეცედენტი?
- რასაკვირველია, ამის ძალიან ბევრი პრაქტიკა არსებობს. ევროპის სასამართლო 48 საათის განმავლობაში განიხილავს საქმეს და ჩვენს შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ მიიღო დიპლომატიური გარანტია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში არ დაირღვევა ჩაბუქის უფლებები. დიპლომატიური გარანტია საკმარისი არ არის?
- ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით, რომელიც მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადასტურებულია მომთხოვ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, ამგვარი გარანტია მხედველობაში არ მიიღება.
ამ შემთხვევაში საქართველო არ არის ბრალდების მხარე და არ იხილავს ბრალდების ნაწილს, მაგრამ თუ მიიღო პროკურატურამ თურქეთიდან დასაბუთებული ბრალდება, რომელიც ადასტურებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან?
- ნადვილად, საქართველოს ხელისუფლება არ იხილავს ბრალდებს. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომელიც ყველაზე უფრო დაბალი სტანდარტია, ამ დონზეც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. საქმეში ამგვარი მტკიცებულება არ არსებობს. არის რაღაც შეთხზული დეკლარაცია, რომ თითქოსდა არსებობდა რაღაცა „ბაილოკის სისტემა“ და ამ სისტემაში ჩართული იყვნენ გიულენის მომხრეები და ა.შ. ბაილოკის სისტემის არსებობა და ამ ტიპის ბრალდებები გაკრიტიკებულია უამრავი სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე, ბრალდება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვერც დასაბუთებული ბრალდების სტანდარტს და ვერც ვერაფერს. მათივე ფაბულით, ჩაბუქის მოქმედება დაიწყო საქართველოში, გაგრძელდა საქართველოში და დასრულდა საქართველოში.
თუ ასეა, მაშინ ისმის კითხვა - რატომ არ დაინტერესდა საქართველოს საგამოძიებო ორგანოები მისი ქმედებით და რატომ არ მისცეს მას სამართლებრივი შეფასება? იცით, ეს ბრალდება საბჭოთა კავშირის 30-იანი წლების ბრალდებებს მახსენებს, სადაც შეიძლებოდა ნებისმიერი ბრალდების შეთხზვა და ადამიანის დახვრეტა. ფაქტობრივად, ევროკავშირის არც ერთი ქვეყანის მხრიდან არ არის დაკმაყოფილებული თურქეთის არც ერთი მოთხოვნა. უკანასკნელ პერიოდში გერმანიამ და საბერძნეთმა უარი უთხრეს თურქეთს გიულენის მომხრეების გადაცემაზე...
რაც აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო ხელისუფლება მძიმე ვითარებაშია და, რომ ეს არ არის მარტივი საქმე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ჩაბუქის ექსტრადირებაზე, როგორც იურისტი და ადვოკატი იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რა პროცესებიც შეიძლება ამას მოჰყვეს თურქეთის მხრიდან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია?
- როდესაც აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; საბერძნეთი; ბრიტანეთი უარს ეუბნება ნატოს წევრ ქვეყანას ექსტრადიციის მოთხოვნაზე, ისმის კითხვა, რითი არის განპიროვნებული ეს უარი. იქნებ იმით, რომ მოთხოვნა არ არის დასაბუთებელი და ადამიანს, ვის ექსტარდირებასაც ითხოვენ, მოელის წამება და არადამიანური მოპყრობა. თურქეთი არ არის სხვა პოლიტიკურ ბანაკაში მყოფი ქვეყანა, ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ სამხედრო ბლოკშია გაერთიანებული სწორედ ამ ქვეყნებთან, რომლებიც უარს ამბობენ ექსტრადირებას.
რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ვითარებას, რასაკვირველია, ბრძოლა არის სხვადასხვა ღირებულებებს შორის. მივესალმები საქართველოსა და თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებას. თურქეთი ამ შემთხვევაში არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უნდა ვეცადოთ, რომ გავაუმჯობესოთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ დაუშვებელია, რომ არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს უკანონო მოთხოვნას ჩვენ ვუპასუხოთ თანხმობით. ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია. მეორეს მხრივ, ჩაბუქის საქმე არ არის მხოლოდ ჩაბუქის საქმე, ეს არის ჩვენი ღირსების საქმე, ეს არის ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისათვის.
ამიტომ, ეს არის ძალიან რთული პროცესი. მე ამ შემთხვევაში პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, სამართლებრივ პოზიციაზე. დიახ, ამ ადამიანის ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს, ვინაიდან მას მოელის ძალზედ მძიმე ხვედრი. ის არის სრულიად უდანაშაულო პიროვნება. არ შეიძლება ასეთი ადამიანის გაწირვა, რაც ჩვენს სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდებ და. გარკვეული თვალსაზრისით შეაფერხებს ჩვენს განვითარებას.