ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავების მიზნით საქართველოს მთავრობა ზომების გამკაცრებას გეგმავს. ამ მიზნით პრემიერმა საგანგებო თათბირი გამართა.
გადაწყდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დეპორტაციისთვის გამზადებულ პირთა რეადმისიის ხარჯებს თავად რეადმისირებულები გაიღებენ; გარდა ამისა, გამკაცრდება გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურებიც. საუბარია იმაზე, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო მასპინძელ ქვეყანაში შავ სიაში შეყვანილი პირები ხშირად გვარს იცვლიდნენ, რათა ამავე ქვეყანაში განმეორებით მოხვედრილიყვნენ. ასეთი რამ ამიერიდან გამოირიცხება.
გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებთან კანონის გამკაცრება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც შეეხო. კერძოდ, შსს-ს დაევალა პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოდან წასულ პირთა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კუთხით; ასევე, გათვალისწინებულია საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, თუ რა რისკს უკავშირდება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა პრობლემებს მოუტანს ეს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებას წინ უძღოდა ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების უკმაყოფილება მათ ქვეყანაში საქართველოდან საეჭვო პირების შესვლის თაობაზე. მათ შორის, საუბარია გერმანიის, კერძოდ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის ხელისუფლების სურვილზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე. მიზეზი ბანალურია. რაინ-ვესტფალის მესვეურები მიიჩნევენ, რომ კონკრეტულად მათ რეგიონში დევნილთა ბანაკებში გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილია, მათ შორის, საქართველოდანაც, დანაშაულის სტატისტიკა კი მზარდია.
გამოიღებს თუ არა შედეგს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გასამკლავებლად საქართველოს მთავრობის რეაქცია და რა შემთხვევაში დაიხურება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩვენთვის?
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რადგან ევროკავშირმა წითელი ხაზი აგვინთო და მიგვანიშნა, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით შენგენის ქვეყნებში, პრობლემური აღმოჩნდა. როგორც ჩანს, როცა კვირიკაშვილი ჩავიდა ბრიუსელში, მას არცთუ სასიამოვნო საუბარი ჰქონდა მოგერინთან და სხვებთან. ამის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ კონკრეტული ღონისძიებების გატარება გადაწყვიტა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
„მე თვითონაც ჩავდივარ ხოლმე შენგენის სახელმწიფოებში და თავადაც ვხედავ, განსაკუთრებით, რამდენიმე სახელმწიფოში მასობრივად როგორ ახდენენ საქართველოდან ჩასულთა ნეიტრალურ ზონაში გადაყვანას, სადაც მათ დეტალურად ამოწმებენ. ამ ქვეყნების დასახელებისგან თავს შევიკავებ. სხვათა შორის, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ სულ რაღაც ერთ კვირაში ჩავედი ბულგარეთში და ისე შევედი, არც არავის მოუთხოვია ჩემთვის, მეჩვენებინა საბუთები. მაგრამ ამჟამად როცა ვსტუმრობ შენგენის ქვეყნებს, მეკითხებიან, ვინ ვარ და რატომ ჩავდივარ. როგორც ჩანს, აღარ გვენდობიან.
ეს მხოლოდ ახლანდელი კრიმინალების „დამსახურება“ როდია, არამედ თავიდან, როცა დაიწყო ჩვენი ქვეყნის გარეთ გადინება, იყო შემთხვევები, რომ ციხიდან გამოსულ კრიმინალებს საქართველოში არ აჩერებდნენ და ეუბნებოდნენ, საზღვარგარეთ წასულიყვნენ. ცხადია, ხალხი დღესაც გარბის საქართველოდან, რადგან ჩვენს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ანაზღაურება, რასაც ვღებულობთ, გაცილებით დაბალია, ვიდრე ადრე იყო. დღევანდელი ათასი ლარი ადრინდელ 500 ლარს უდრის, ჩვენი ტექნოკრატიული მთავრობა კი უკვე გადავიდა ტექნიკური მთავრობის დონეზე. თუ კარდინალური რეფორმები არ განხორციელდა თავად მთავრობაში, ვერაფერს მივაღწევთ.
მართალია, ჩვენთან სააკაშვილისდროინდელი პოლიტიკური დევნის პრობლემა მოხსნილია და ამ მოტივით, წესით, არც უნდა ეძიებდნენ უცხოეთში თავშესაფარს, მაგრამ აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუკის საქმეებით საქართველოს რეპუტაციას ჩრდილი ადგება. დღევანდელი სიტუაცია ქმნის ნოყიერ საფუძველს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის ქვეყნის გარეთ გამოყენების მიზნით. თუ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ-სოციალური პირობები არ გაუმჯობესდება, ყველა გაიქცევა. ის კი არა, მეც გავიქცეოდი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ აქამდე პროფესორები და აკადემიური წრის წარმომადგენლები მეტ-ნაკლებად მაინც დაცულნი იყვნენ, მაგრამ დღეს უკვე სოციალურად დაცულთა კატეგორიას ისინი აღარ განეკუთვნებიან.
თავად ის ფაქტი, რომ შენგენის ქვეყნები საქართველოდან ჩასულ ამდენ ადამიანს ნეიტრალურ ზონაში აჩერებენ და დეტალურად ეკითხებიან, რისთვის ჩადიან უცხოეთში და უკანაც უპრობლემოდ აბრუნებენ, მიუთითებს, რომ ეს ქვეყნები ჩვენთვის საზღვრებს ჩაკეტავენ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბევრი უცხოელი ჩამოდის საქართველოში, შემდეგ ისინი გადადიან სხვა სახელმწიფოებში, რაც მოსაგვარებელი საკითხია. ვახტანგ მაისაიას თქმით, ჩატაევის ფაქტორმაც დადებითი როლი არ შეასრულა ამ მიმართულებით და ევროკავშირის წევრებიც უკვე ეჭვის თვალით გვიყურებენ, თუ როგორ მოხდა საერთაშორისო დონის ტერორისტის ასე იოლად გადაადგილება ქვეყნის შიგნით.
დემოგრაფი თომა გუგუშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ზომების გამკაცრება კარგია, მაგრამ პრობლემას ვერ მოხსნის. მისი თქმით, მიგრანტის ბედზე პასუხისმგებელია ამ მიგრანტის მიმღები თითოეული ქვეყანა. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, როგორც არ უნდა შევზღუდოთ მიგრანტების გადაადგილება, შედეგს ვერ მივაღწევთ.
„ამ ღონისძიებებმა შეიძლება ოდნავ დადებითად იმოქმედოს, მაგრამ მთლიანად არ მოხსნის პრობლემას. ცალკეულ ქვეყნებს არ აქვთ უფლება, გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია, რადგან შენგენის ქვეყნების ერთი ვიზით ყველგან შედიხართ. როგორც კი საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, მას შემდეგ უცხოეთში წასულთა მთელი არმია გვყავს, ისინი იზიდავენ ახალ კონტინგენტს საქართველოდან და ასე ხდება კრიმინალიზაცია. მსოფლიოს პრაქტიკაშიც ასე ხდება. ამიტომ არ არის ისე, რომ რომელიღაც მექანიზმს მოუჭერ და ამით კრიმინალს მოსპობ. თანაც, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, რომ ისეთი მასშტაბის ემიგრაცია გვყავდეს, ევროპელებს პრობლემას უქმნიდეს. რამდენიც გინდათ, დასავლეთში არიან ჩინელები, სირიელი ლტოლვილები. ცოტა ხანში ნახავთ, გერმანია რას დაემსგავსება.
გერმანიამ ერთხელ უკვე დაუშვა თავის ქვეყანაში თურქების შესვლის პრეცედენტი და თურქებმა შეჭამეს მთელი გერმანია. გერმანია ახლა კრიზისულ მდგომარეობაშია ისევე, როგორც საფრანგეთი. ამიტომაც, ვინც კი ცოტა ეროვნულ სულზე დაიწყო საუბარი, საფრანგეთის პრეზიდენტიც ის გახდა. ტრამპმაც ყველაზე მეტად იმით მოიგო, რომ იმიგრანტების ნაწილის გაშვების პირობა დადო და მექსიკასთან სიტუაცია გაართულა“, - აცხადებს თომა გუგუშვილი.
საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR იუწყება, რომ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.
როგორც WDR-ი იუწყება, საქართველოდან ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ. გარდა ამისა, WDR-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.
სწორედ ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დახურული შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრას შინაგან საქმეთა, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მთავარი პროკურორი და სუს-ის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. მთავრობა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით. კერძოდ, შესაძლოა, დაწესდეს ფინანსური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც სავიზო პირობებს დაარღვევენ და მოთხოვენ თავშესაფრს. ასევე, გარკვეული ტიპის სანქციებიც დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც შენგენის ზონაში დადგენილ წესებს დაარღვევენ. პარალელურად, საქართველო გააძლიერებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავრობის ჩვენი მიზანია, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები და თავშესაფრის მოთხოვნები, რამდენად მძიმეა მათთვის ეს, როგორც ფინანსურად, ასევე შემდგომი შედეგებიდან გამომდინარე. მისი თქმით, მთავრობა ამ ინფორმაციას მაქსიმალურად ეფექტურად გაავრცელებს და შეეცდება, კიდევ ერთხელ, კამპანიური სახით მიაწოდოს მოსახლეობას.
„ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რომელიც ამ რისკებიდან დაგვაზღვევს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს არ გახდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების მიზეზი. ჩვენი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით და ქვეყნის შიგნით შესაბამისი კამპანიის წარმოების კუთხით, რომელიც დაფარავს ყველა ასპექტს.
პარტნიორ ქვეყნებთან ვიმუშავებთ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მომავალშიც გაგრძელდება, რათა ჩვენ ორივე გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ, ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას და მეორე - თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯებით გავუმკლავდეთ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ერთ-ერთი საკითხი რაზეც პარტნიორი ქვეყნები საუბრობენ, ეს კრიმინალის გაზრდა. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გაძლიერდება ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს ევროპელ კოლეგებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. მინისტრის განცხადებით, ის მიღწევა, რომელიც საზოგადოებამ მოიპოვა შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის სახით, უნდა იყოს შენარჩუნებული.
„ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს კიდევ უფრო მეტი გეგმები. ვგეგმავთ ვიზიტებს იმ ქვეყნებში, სადაც ვაპირებთ ჩვენი პოლიციის ატაშეების ინსტიტუტების გაძლიერებას, მათი ეფექტურობის ამაღლებას და ასევე - იმ ქვეყნებში, სადაც დღეს პოლიციის ატაშეები არ გვყავს და სადაც პოლიციის ატაშეები უნდა გაჩნდნენ“, - განაცხადა გახარიამ.
მაშ ასე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არღვევენ, გარკვეული ტიპის სანქციები დაეკისრებათ. მთავრობა ახლა იმაზე ზრუნავს, რომ შევინარჩუნოს ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ფრუიძე აცხადებს, რომევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გერმანიას, ამბობს, რომ კრიმინალის გაზრდილი ფაქტები არსებობს, ასევე გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც, თუმცა კრიტიკული ნიშნები არ არის, რომელმაც შეიძლება თავისუფალი სავიზო რეჟიმი საფრთხის წინაშე დააყენოს.
„საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს როგორც გერმანიის მთავრობასთან, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან. რეადმისიის ხელშეკრულებას ძალიან კარგად ვასრულებთ. ეს თანამშრომლობა გასაგრძელებელია. გერმანიის მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს, რადგან პრობლემები, რომელიც ბოლო პერიოდში წამოიჭრა, მოგვარდეს“, - ამბობს ირინა ფრუიძე.
დეპუტატის განცხადებით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით მიღებული მონაპოვარი შეინარჩუნოს. მისი თქმით, ქართველები გარკვეულ შემთხვევებში ფიგურირებენ და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მცირედ გაზრდილია, თუმცა შარშანდელთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი არ ყოფილა.
„ჩვენ ყველა ამ ფაქტს ყურადღებას ვაქცევთ. საქართველო შესულია უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში და საქართველოს მთავრობა რეადმისიის ხელშეკრულების პირობებს ძალიან კარგად ასრულებს. ქვეყნის იმიჯისთვის სასიამოვნო არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებთან გარკვეული კრიმინალური ფაქტები ასოცირდება. იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვებები არ გვექნება“, -აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირინა ფრუიძემ.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, რომლის განცხადებით, სწორედ ხელისუფლების ხელში გაიფურჩქნა კრიმინალური სამყარო. სამადაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებზე საუბარი ორ პრობლემას უკავშირდება. ერთი ეს არის ის, რომ ქვეყანაში უკიდურესად დამძიმებულია კრიმინალური ვითარება, ორგანიზებული დანაშაული გათავისუფლებულია თავის მოქმედებებში. ამან ასახვა ჰპოვა კრიმინალის ექსპორტზე ევროპაში. ქართული ორგანიზებული დანაშაული აქტიურად საქმიანობს, მათ შორის, ევროპაში.
დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ კრიმინალური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს უქმნის საფრთხეს და საფრთხეს უქმის ისეთ ფუნდამენტურ ინტერესებს, როგორიცაა ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან. კიდევ ერთი პრობლემა, რაც უკავშირდება უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს არის ის, რომ სრულ ეკონომიკური კრახისა და უმუშევრობის ფონზე სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ეძებს შესაძლებობას არსებობისთვის სახსრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოიპოვოს“, -აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.