დოდო გუგეშაშვილის ოჯახის ანგარიშსწორება ძალიან ჰგავდა 90-იანი წლების საქართველოში არსებულ განუკითხაობას, როცა ოჯახებში შევარდნა და დაწიოკება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჩვენს საზოგადოებაში „მხედრიონელების“ მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, ასეთი სცენარი ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რას ფიქრობენ თავად ვეტერანები მომხდარის შესახებ, მატერიალურად რატომ უჭირთ ომის ვეტერანებს და რატომ არ წყალობს სახელმწიფო ბრძოლაგამოვლილ ადამიანებს?
ამის შესახებ For.ge-ს „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია ბერძენაძე ესაუბრა.
როგორ აღიქვეს ვეტერანებმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახში მომხდარი ტრაგედია და რა ვერსიებს განიხილავენ?
- ამ ოჯახის ტრაგედია ყველა ვეტერანის ტრაგედიაა. დოდო გუგეშაშვილს ბრძოლებიდან მოყოლებული ვიცნობთ. ეს ადამიანი საკუთარი ქვეყნის ერთგულია, იბრძოდა აფხაზეთში, არაერთხელ დაჭრილა და თავისი სიცოცხლის ფასად ცდილობდა დაეცვა საკუთარი ქვეყნის ინტერესი. წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არასდროს ყოფილა ამ ადამიანის მხარდაჭერა.
ქალბატონი დოდო ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ჰქონდა ძალიან რთული სოციალური პირობები. მისი შვილი სამხედრო მოსამსახურე გახლდათ, წესიერი ადამიანი, ყველას უყვარდა, იგი თავდაცვის სისტემაშიც იყო და გარშემომყოფები ახასიათებენ, როგორც საუკეთესო ადამიანს პიროვნულადაც და სამხედრო მოსამსახურის თვისებებითაც. ვფიქრობ, ვიღაცას პირადი ინტერესი ჰქონდა ამ ოჯახის მიმართ და ამიტომაც ჩაიდინა ეს საზარელი მკვლელობა.
რა მოტივათაც არ უნდა ყოფილიყო დანაშაული გამოწვეული, დამნაშავეები უმკაცრეს სასჯელს იმსახურებენ. ასეთი არაადამიანური მკვლელობის შესახებ კარგა ხანია არაფერი გამიგია, მით უმეტეს, დედა-შვილის მიმართ. ვიმედოვნებთ, დოდო გუგეშაშვილი გადარჩება, ვეტერანები ძალზე აღშფოთებულნი არიან ამ ფაქტით. შეიძლება, ჩემი, როგორც პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარის მხრიდან პოპულარული განცხადება არ იყოს, მაგრამ ქვეყანაში საპოლიციო კონტროლი უნდა გამკაცრდეს. შეიძლება, ეს არ მოეწონოთ ცალკეულ არასამთავრობოებს, მაგრამ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები ისე, რომ არ დაირღვეს წესიერი მოქალაქეების უფლებები, თორემ შეიარაღებული ადამიანების ქუჩაში სიარულმა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. მით უმეტეს, ახალგაზრდა თაობას არ უნდა მიეცეს საშუალება, ერთმანეთი პირდაპირ ქუჩაში დახოცონ.
ალბათ, მოისმენდით ერთ-ერთი ვეტერანის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას, თუკი სახელმწიფო ვერ იცავს მოქალაქეებს, ადამიანები იძულებულნი გახდებიან, თავად დაიცვან თავი. თქვენც ფიქრობთ, რომ ნამდვილად დასაცავნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები, თუ ეს არის ერთეული შემთხვევა, რომელიც შესაძლოა, „მხედრიონის“ თემასაც უკავშირდებოდეს?
- „მხედრიონის“ თემას გამოვრიცხავ. ჩემი აზრით, ეს უფრო სხვა საკითხს უკავშირდება, რადგან უკვე 26 წელი გავიდა სამოქალაქო დაპირისპირებიდან და, თუ ვიღაცას რაიმე გასარკვევი ჰქონდა ქალბატონ დოდოსთან, აქამდეც მოახერხებდა. ამავდროულად, მე იურისტი ვარ და არ მინდა გამოძიებას გავუსწრო. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი სამართალდამცავ ორგანოებში, ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე, მიმუშავია შს სამინისტროში, სხვადასხვა სამსახურებს ვხელმძღვანელობდი უშიშროებაში, მაგრამ ისევ იმას ვიტყვი, რაც დასაწყისში აღვნიშნე - თუ ქუჩაში პატრული გამაჩერებს და მოახდენს ჩემს დათვალიერებას, პრობლემა ამაზე არ მექნება. ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ ადამიანებმა ასე უაპელაციოდ ერთმანეთი არ დახოცონ. ამ საზარელ მკვლელობაში მონაწილე პირთა დასჯა კი უნდა იყოს მაგალითი იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ უკანონოდ შეიარაღებული დადის და ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს, როგორიც ყაჩაღობა, ქურდობა, ძარცვა, გამოძალვაა. ასეთები დღეს კვლავაც არიან.
მაგრამ გუგეშაშვილების ოჯახში საქურდლად არ შევიდოდნენ.
- ამას მეც გამოვრიცხავ, ამ ადამიანებს არაფერი გააჩნდათ ვალების გარდა. პრინციპში, დოდო გუგეშაშვილს არც სამსახური ჰქონდა და იგი მთელი ცხოვრება არსებობისთვის იბრძოდა. წვალობდა იმისთვის, რომ შვილი გაეზარდა და ძალიან კარგადაც გაზარდა.
ყველა ხელისუფლების დროს პრობლემაა ვეტერანების დაუფასებლობა. დოდო გუგეშაშვილის მატერალური გაჭირვებაც, ალბათ, ამის მაგალითია.
- რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ვეტერანებს არ აქვთ ეკონომიკური საშუალება ოჯახის სარჩენად, ძალიან ბევრ მათგანს დაენგრა ოჯახი. წლების განმავლობაში ვერ ხორციელდებოდა მათი ჯეროვანი მკურნალობა, ამიტომაც ბევრი ვეტერანი გარდაიცვალა. სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ კონტინგენტს, როგორც ეს ხდება საფრანგეთში, ინგლისში, შეერთებულ შტატებში. პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც კი გაცილებით მეტი ყურადღება ექცევათ ვეტერანებს. ჩვენს მოძრაობაში დაახლოებით 25-27 ათასი კაცია გაერთიანებული, ესენი არიან ღირსეული ადამიანები. ჩვენთან ვერ შეხვდებით მოძალადეებსა და ყაჩაღებს. ასეთ ხალხს ჩვენ არ ვიღებთ, აქ ხდება თვითლუსტრაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში არავის ადარდებს ვეტერანთა ბედი. რა კანონებიც წარვადგინეთ, პარლამენტმა მხარი არ დაგვიჭირა. ეს პარლამენტი ჩემთვის გაუგებარი ადამიანების კრებულია, როგორ მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში, გაურკვეველია. არანაირი დამსახურება მათ არ აქვთ.
ალბათ, ფინანსური ვალდებულებების აღება არავის სურს.
- ვეტერანისთვის სამათხოვრო კომპენსაციაა 22 ლარი. ვეტერანს, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ ქვეყანას იცავდა, 22 ლარი დაუწესა სახელმწიფომ, მაგრამ მათ დიდ ნაწილს ეს 22 ლარიც არ აქვს, რადგან, ვინც 2009 წლის შემდეგ მიიღო ეს სტატუსი, მათ არ აძლევენ 22 ლარს. ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში დაკავებულნი იყვნენ და შემდეგ ციხიდან გამოვიდნენ, ვეტერანის სტატუსი წაართვეს. ამ სტატუსის წართმევის უფლება სახელმწიფოს არ ჰქონდა. ამის გამო მათ 22 ლარიც არ ეძლევათ. რა უფლება აქვს სახელმწიფოს, დაუმსახურებლად წაართვას ვეტერანს სტატუსი და კომპენსაცია? ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც 22-ლარიან კომპენსაციას იღებდნენ და შემდეგ დაიწყეს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, ეს 22 ლარი შეუჩერდათ; ხოლო შემდეგ, როცა წამოვიდნენ სახელმწიფო სამსახურებიდან, კომპენსაციის მიღების საშუალება აღარ მიეცათ. თუ ხელისუფლება ვეტერანებს მხარს არ დაუჭერს, სერიოზულ პრობლემას წააწყდება ამ კონტინგენტის მხრიდან.
თავის დროზე სააკაშვილმა ვეტერანებს თითქმის ყველა შეღავათი გაუუქმა, მაშინ 5-6 ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში.
- მეც მათთან ერთად ვიყავი და, ხშირ შემთხვევაში, მე ვხელმძღვანელობდი ამ გამოსვლებს. იმის მერე რაღაცები ვეტერანთა სასიკეთოდ შეიცვალა, წლების დამსახურების მიხედვით მოხდა გადაანგარიშება და მათ, მაქსიმუმ, 560 ლარამდე პენსია დაენიშნათ, ინვალიდმა ვეტერანებმაც შეძლეს კომპენსაციის მიღება, მაგრამ ვეტერანების დიდი ნაწილი დღესაც არც კომპენსაციას იღებს, არც ხელფასი აქვს, არც სამსახური. ასაკის გამო მათ სამსახურში არ იღებენ და საარსებო მინიმუმიც არ გააჩნიათ. არადა, 22 ლარის ნაცვლად, ვეტერანებისთვის საარსებო მინიმუმის კომპენსაციის ზღვარი უნდა დაწესდეს და პენსიის არმქონე ვეტერანებს მინიმუმ 186 ლარი მაინც მიეცეთ.
ვეტერანებს საშინელი ომები აქვთ გამოვლილი და მათ ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებთ. ამ მხრივ ხომ შეიძლება ერთ-ერთ ვერსიად განვიხილოთ დოდო გუგეშაშვილის რომელიმე თანამებრძოლის, თუნდაც ფსიქიკური პრობლემის მქონე ვეტერანის მისვლა მის ოჯახში?
- არ გამოვრიცხავ, ეს ადამიანები იცნობდნენ დოდოს, ან სულაც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პირადად არ იცნობდნენ დოდოსა და მის ოჯახს, მაგრამ სხვამ გააგზავნა ამ ვანდალური აქტის ჩასადენად. დოდოს ისეთი რამ არ ექნებოდა ჩადენილი, საშინელი ანგარიშსწორების მსხვერპლი ყოფილიყო. ბოლო პერიოდში ეს ადამიანი ვეტერანების საქმეებთან დაკავშირებით ბევრს აკეთებდა, ბევრს წვალობდა და ისეთ პრობლემებს აგვარებდა, როგორიცაა ვეტერანებისთვის სტატუსის მინიჭება, მკურნალობა.
ვფიქრობ, პირადი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა ეს ფაქტი, ვერ გაარკვიეს რაღაც საკითხი და ამიტომ იძიეს შური. ჩემი აზრით, ეს წინასწარ განზრახული შურისძიება იყო. ალბათ, ორ პირზეა საუბარი და, როგორც ვიცი, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, დადგენილნიც არიან. თუკი ხელისუფლება ამ ვანდალებს არ დასჯის, მაშინ დოდოს თანამებრძოლები პირადად მოახდენენ ანგარიშსწორებას. მე არ მინდა სამართლის თვითგანხორციელება. არადა, საქართველოში ხდება ხოლმე, როცა ადამიანები სამართალს თავად ახორციელებენ, რადგან სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს. ცხადია, გვირჩევნია, სახელმწიფომ მოახდინოს ამ პირთა დაკავება, იზოლირება და სამართალში მიცემა, ვიდრე ვეტერანებმა თვითონ იძიონ შური.
ჩვენი გასაკეთებელი არ გახდეს ის, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ნებისმიერი მეთოდით ვეტერანებს ყოველთვის დავიცავთ. არ დავუშვებთ ჩვენიანების ასეთ ხოცვას. თუმცა, თუ იძულებულნი გახდებიან ვეტერანები, არც ამაზე დაიხევენ უკან. ღმერთმა აცოცხლოს დოდო, მან ხომ იცის, კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს პირები. ყველამ იცის, რომ საომარ პოზიციებზე იბრძოდა ეს გულადი ქალბატონი, საურთიერთოდ ძალზე მეგობრული იყო.
გასაგებია, სამოქალაქო ომის პერიოდში ორ მხარეს შორის დაპირისპირებაც იყო, პრეტენზიაც ჰქონდათ დოდოს მიმართ, დოდოსაც ჰქონდა უკმაყოფილება, მაგრამ, ვინ მართალი იყო, ვინ მტყუანი, ეს ისტორიამ იცის და ყველაფერი შემონახულია. ზოგადად, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ომს ვერანარად ვერ გავამართლებ და ვერც ვერავინ გაამართლებს, მაგრამ მოხდა ასეთი რამ. თუმცა იმის მერე შერიგებაც გვახსოვს, ბოდიშის მოხდაც და ხელის ჩამორთმევაც.
დოდო გუგეშაშვილი სესხულობდა ხოლმე ფულს. ვეტერანთა დეპარტამენტი მას რამენაირად ეხმარებოდა?
- დოდოსთვის ეს არ მიკითხავს, მაგრამ ვეტერანთა დეპარტამენტი რაღაც ფორმით რომ დაეხმარებოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. დეპარტამენტის დღევანდელი თავმჯდომარე, ვლადიმერ იმნაძე, კარგი ადამიანია და გამიგია, რომ ბიჭებს პირადად თვითონ საკუთარი ჯიბიდან ეხმარება. თუმცა პრობლემად რჩება, რომ ამდენი ვეტერანი იღუპება წლის განმავლობაში. ამის მიზეზია ფსიქოლოგიური სტრესები, წაგებული ომის სინდრომი. თუმცა ვეტერანებს ომი არ წაუგიათ, ომი პოლიტიკოსებმა წააგეს. ამხელა „მახინა“ რუსეთთან ომს ვერავინ ბედავს, ამ დროს წელიწადი და სამი თვე იბრძოლეს ჩვენმა ბიჭებმა. საოცარი გმირობის მაგალითი იყო.
ამ გმირების პროპაგანდა არ ხდება, სამაგიეროდ, ხდება ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერების პროპაგანდა. არასამთავრობოები ადამიანის უფლების დაცვაზე რომ ლაპარაკობენ, ვეტერანი ნომერ პირველი ღირსეული ადამიანია საქართველოში. ახლა ორ-სამ საავადმყოფოში ვართ მისასვლელი, ზოგიერთ ვეტერანს ინსულტი სჭირს, ზოგს-დაფინანსება არ აქვს. სანამ ვეტერანებს საკუთარი ჰოსპოტალი არ ექნებათ, ეს პრობლემა ყოველთვის იარსებებს და ვეტერანები ყოველთვის მოსთხოვენ სახელმწიფოს ჰოსპიტლის დაარსებას.
ჩემთან მოდიან ბიჭები, მატყობინებენ, რომ რომელიმე ვეტერანი სადღაც დააწვინეს, ერთი ადგილიდან მეორეზე უნდა გადაიყვანონ, დაფინანსება უნდა ჩაურიცხონ, მერე დახმარება მერიას უნდა ეხვეწო, შემდეგ- გამგებელს, გადის დრო და ეს ბიჭები სანამ მიიღებენ დაფინანსებას, უკვე ცოცხლები აღარ არიან. ამიტომ ჰოსპიტალს ჩვენ არ დავთმობთ. ვეტერანები ითხოვენ, სიბერეში მაინც მიიღონ მკურნალობა და ქუჩაში არ გარდაიცვალონ, სახლში რომ მივლენ, შვილს საჭმელი მიუტანონ. გვყავს ერთი ადამიანი, რომელიც სამი წელი ბრძოლის ველზე იყო, მაგრამ არც 22 ლარი აქვს, არც პენსია. მან 19 წელი და 11 თვე იმსახურა, 1 თვე აკლია იმისთვის, რომ მიიღოს ვეტერანის პენსია და არ აძლევენ. ასეთები ჩვენთან ბევრია.
იყო ასეთი გია პერელაძე, რომელსაც 15 დღე აკლდა პენსიის აღებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტისთვის, მაგრამ არც მას მისცეს თანხა, 15 დღე არ დაამრგვალეს, რომ ერთხელ მაინც აეღო პენსია ამ ადამიანს და ეს ბიჭი გულით გარდაიცვალა. ამ პრობლემების შესახებ ლევან იზორიას გინდა მისწერე, გინდა - არა, ეს კაცი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი, კონფორმისტია, ყველა ვეტერანი გააგდო თავდაცვის სამინისტროდან. „ქართულ ოცნებაში“ ბევრ ადამიანთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოვთქვით და ის ადამიანები დღეს სამსახურში აღარ მუშაობენ. 45 მილიონერია პარლამენტში და 7 მილიონერი მთავრობაში. ამისთვის ვიბრძოდით, რომ ესენი მოგვეყვანა ხელისუფლებაში?