დღევანდელ წერილში ახლო წარსულში გამოჩენილ ლიტველ კალათბურთელ არვიდას საბონისზე ვისაუბრებთ. ალბათ გახსოვთ წინა საუკუნის 80-იანი წლები. სსრკ-ის პირველობა და მოსკოვის „ცსკა“-სა და კაუნასის „ჟალგირისის“ დაუვიწყარი პაექრობები. ლიტვურმა კლუბმა რუსული არმიის ჰეგემონია რამდენჯერმე დაამსხვრია და ამ წარმატებაში ლომის წვლილი არვიდას საბონისს მიუძღოდა.
ეს დღეს არის, წარმატებული კალათბურთელები გუნდებს ხელთათმანივით რომ იცვლიან. საბონისი კარიერის უმეტესი ნაწილი მშობლიური „ჟალგირისის“ ერთგული გახლდათ. მხოლოდ მას შემდეგ რაც ასაკი მოემატა, სათამაშოდ თავდაპირველად ესპანეთში გადაბარგდა, მოგვიანებით კი აშშ-ის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, სადაც რამდენიმე სეზონის განმავლობაში კლუბი „პორტლენდის“ ღირსებას იცავდა.
კარიერის დასასრულს მშობლიურ ლიტვაში დაბრუნდა და თამაში კაუნასის „ჟალგირისში“ დაასრულა.
დღევანდელ მოგონებებში არვიდას საბონისი საკუთარ სპორტულ გზას თავად გაიხსენებს.
„სპორტი პატარაობიდანვე მიყვარდა. კალათბურთამდე მძლეოსნობაში ვვარჯიშობდი: სიგრძეზე ხტომა, ბირთვის კვრა, შუბის ტყორცნა. შემდეგ ცურვა იყო, ფრენბურთიც ვცადე, მაგრამ კალათბურთმა ყველაზე ძლიერ მომხიბლა და აქ დავრჩი.
აკადემიის გუნდიდან დავიწყე მოგზაურობა. ჯერ საბჭოთა კავშირის ქალაქები იყო - თითქმის ყველგან ვთამაშობდით, სადაც მეტოქე გვეგულებოდა. ნელნელა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც წავედით: უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა... მახსოვს, ერთხელ კუბაშიც უნდა წავსულიყავით, მაგრამ პატარები ვიყავით და მგონი ამიტომ არ გაგვიშვეს.
საბჭოთა კავშირში ჩვენი მთავარი მეტოქე მოსკოვის ცსკა იყო. სხვა ქალაქებშიც კარგი გუნდები ჰყავდათ, მაგრამ „ჟალგირისის" ნომერი პირველი კონკურენტი სწორედ არმიის სპორტული კლუბი გახლდათ. იქ ქვეყნის ნაკრების ბირთვი თამაშობდა, ყველაზე მეტი დაფინანსება ჰქონდა და ყურადღებაც, სხვებთან შედარებით, მეტი ექცეოდა, მაგრამ ასეთი მოდელი მიუღებელი მგონია. ალბათ, ეს იყო იმის მიზეზი, რომ სხვა რესპუბლიკებში, იგივე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და ბელარუსში კალათბურთის დონე ლიტვასთან და რუსეთთან შედარებით, დაბალი იყო.
ცსკა-ს წინააღმდეგ თამაში რატომაც მიყვარდა, ადვილი მისახვედრია - როცა მთავარ კონკურენტს ეთამაშები, მოტივაცია მეტია. რაც შეეხება ქალაქს, ასეთი ლენინგრადი და თბილისი იყო - ორივეგან ბრწყინვალე გულშემატკივრობა იცოდნენ და ორივე ქალაქი ძალიან ლამაზი იყო.
ლამის 40 წლის ვიყავი, როცა „ჟალგირისში" დავბრუნდი და ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელი გავხდი. მაშინ წერდნენ, რომ ეს სასწაული იყო, მაგრამ ბევრს არ ახსოვდა, რომ მე და ჩემი თაობის კალათბურთელები მთელი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით მომდევნო თაობისგან განსხვავებით. არა, მათ კი არ ვაკნინებ, მაგრამ დამიჯერეთ, ვარჯიშის ისეთი მეთოდები, რაც საბჭოთა კავშირში იყო, სხვაგან არსად მინახავს.
ჩვენ დროს ფულის გამო არ ვთამაშობდით, დღეს კი. ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი თავიდანვე მაღალ ხელფასს იღებს და შემდეგ გამოცდას ვეღარ უძლებს. 20 წლის ასაკში კარგ კონტრაქტს მიიღებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს მიაღწიეს. ამ შემთხვევაში რაიმე რჩევის მიცემა უაზრობაა - ეს კონკრეტული ადამიანის შინაგანი მორალური არჩევანის საკითხია. ვიღაც მზად არის მცირედით დაკმაყოფილდეს, სხვას კი პირიქით, სურს თავისი ნიჭის 100 პროცენტით რეალიზაცია მოახდინოს. საქმისადმი დამოკიდებულება - აი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.
ოლიმპიადების მხრივ არასდროს მიმართლებდა. 1984 წელს შესანიშნავი გუნდი გვყავდა, მაგრამ ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო, საბჭოთა კავშირის ნაკრები ლოს ანჯელესში არ გაუშვეს. რაც შეეხება სეულის ოლიმპიადას, იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მანამდე წელიწადნახევარი თამაშგარეში ვიყავი - უმძიმესი ტრავმა მივიღე და დიდი დრო გამიცდა. სიმართლეს გეტყვით: სეულში ჩემი წასვლა არც იგეგმებოდა, უბრალოდ, ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გომელსკიმ ძალიან მკაცრად მითხრა: „სეულში წამოხვალ და ითამაშებ კიდეც"! ოლიმპიადაზე სწორედ მის გამო მოვხვდი და ვითამაშე, თუმცა „ცალი ფეხით".
ხომ გახსოვთ როგორი პოლიტიკური სიტუაცია იყო საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების ბოლოს? მოსკოვსა და ლიტვას შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა, ნაკრებში კი, რუსების მხარდამხარ მაშინ ძალიან ბევრი ლიტველი თამაშობდა. ყველაფრის მიუხედავად, გომელსკიმ მოახერხა და ჩვენგან ერთი დიდი ოჯახი შექმნა! მეტიც, მან იმდენი შეძლო, რომ მოთამაშეებს საზღვარგარეთ წასვლის საშუალება და ფულის შოვნის შანსიც გაგვიჩინა! მეეჭვება ისეთი გუნდი, როგორიც ჩვენი ნაკრები იყო სეულის ოლიმპიადაზე, ვინმემ სადმე შეკრას.
ოლიმპიადა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩვენი გამჩერებელი არავინ იყო. ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი ამერიკელებთან ნახევარფინალში, გადამწყვეტ შეხვედრაში იუგოსლავიასთან კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე ისინი წინ იყვნენ, ჩვენს ჩემპიონობაში წამითაც არ შემპარვია ეჭვი! საბოლოოდ ასეც მოხდა - ოქრო ჩვენ დაგვრჩა!
კარიერა იმიტომ დავასრულე, რომ ყველაფრით დაღლილი ვიყავი. თეორიულად კიდევ შემეძლო ერთი-ორი სეზონი უმაღლეს დონეზე თამაში, მაგრამ ათენის ოლიმპიადის შემდეგ მივხვდი, რომ სეზონისწინა შეკრებას და მომქანცველ ვარჯიშებს ვეღარ გადავიტანდი. თანაც, ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება მსურდა. ყველაფერი ძალიან მალე გადავწყვიტე.
მწვრთნელობა არასდროს მსურდა. დასამალი არაფერია - „ჟალგირისიც" მთავაზობდა გუნდში დარჩენას და რამდენიმე ევროპული კლუბიც, მაგრამ ყველა წინადადებაზე უარი ვთქვი. მოთამაშისგან განსხვავებით, რომელსაც დროდადრო დასვენება შეუძლია, მწვრთნელი წამით არ უნდა მოდუნდეს. პლუს ამას, გუნდის ხელმძღვანელი მუდმივ სტრესშია, კოლოსალურ ძალას ხარჯავს, მე კი ამის სურვილი არ მქონდა!
სპორტულ ფორმას დღემდე ვინარჩუნებ. ორგანიზმი წლების მანძილზე ეჩვეოდა დატვირთვას, ამიტომ, ჩემდაუნებურად ვგრძნობდი, რომ თამაში მჭირდებოდა. დღესდღეობით კვირაში ერთხელ აუცილებლად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად.
1995 წელს, როცა მადრიდის „რეალში" ვთამაშობდი, კლუბში ფინანსური კრიზისი დაიწყო. „ბარსელონაში" გადასვლა არ მსურდა, საბერძნეთის ვარიანტიც გამოვრიცხე და სწორედ იმ დროს გამიჩნდა NBA-ში გადასვლის შანსი. ჩემთვის ვთქვი, რატომაც არა? ცხადია, მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ამერიკაში 7 წელი დავრჩებოდი, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ იქ წასვლა ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა.
პორტლენდში ნორმალურად მიმიღეს. საერთოდ, NBA-ს გუნდებში ასეთი წესია - ახალბედებს აშაყირებენ ხოლმე, ჩემთან მიმართებაში კი ასეთი რამე არავის გაუკეთებია. ასაკის გათვალისწინებით, მწვრთნელი ხშირად მაძლევდა სულის მოთქმის საშუალებას. კალათბურთის მხრივ NBA-ში პრობლემა ნაღდად არ მქონდა, სამაგიეროდ, ცხოვრების ამერიკული წესი ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ევროპაში და მითუმეტეს, საბჭოთა კავშირში მივეჩვიე.
ყველაზე რთული მოწინააღმდეგე? საბჭოთა კავშირში ასეთი ტკაჩენკო იყო, ნამდვილი ადამიანი-მთა. მის ფონზე მოზარდის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. მასთან შეჯახებისას, ერთი მატჩის განმავლობაში დაახლოებით ათჯერ ვეცემოდი პარკეტზე. ცხადია, ასეთ შემთხვევებს ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი - ვცდილობდი მსაჯისთვის ჯარიმა დამეტყუებინა. რაც შეეხება NBA-ს, იქ ასეთი მეტოქე შაკილ ო'ნილი იყო. მის შესაჩერებლად ბოლომდე ჯანმრთელი უნდა ყოფილიყავი. ერთი ერთზე მისი შეჩერება არარეალური იყო. გარდა იმისა, რომ შაკი საოცარი გაბარიტების პატრონი გახლდათ, ძალიან მოქნილიც იყო. ერთი სიტყვით, მის წინააღმდეგ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არასდროს ვიყავი - პარტნიორებიც მეხმარებოდნენ.
საუკეთესო კალათბურთელი? ალბათ, გამორჩეული არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ასეთად მაიკლ ჯორდანი მიმაჩნია. ის სრულყოფილი მოთამაშე იყო! შესანიშნავი ტყორცნები, დაფარული პასები, დიდებული თამაში დაცვაში, საოცარი მოქნილობა. ის ტალანტი იყო! ცხადია, როცა ჯორდანის სიდიადეზე ვსაუბრობთ, მისი თანაკლუბელებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც მართლა მაგარი კალათბურთელები იყვნენ, მაგრამ მაინც - მაიკლი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია! ის უდიდეს გავლენას ახდენდა არამარტო გუნდზე, მეტოქეზეც!
რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს? ერთის გარდა, ყველაფერს უცვლელს დავტოვებდი - 16 წლისა ერთდროულად სამ ნაკრებში არ ვითამაშებდი. საკუთარ თავს ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევდი, სამმაგ დატვირთვას ვიღებდი და ალბათ, სწორედ იმ პერიოდში დავიზიანე მუხლები, რის გამოც მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი. ალალად ვამბობ, 1984 წლიდან მოყოლებული უფრო ტრავმებს ვებრძოდი, ვიდრე კალათბურთს ვთამაშობდი. ტკივილებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი - პარკეტზე ყოველთვის გავდიოდი, მიუხედავად იმისა, შემეძლო ფეხზე დგომა თუ არა.
სანამ მოთამაშის კარიერას დავასრულებდი, კაუნასში ბავშვთა საკალათბურთო სკოლა გავხსენი, სადაც 8-დან 16-წლამდე ბავშვები ვარჯიშობენ. მიხარია, რომ იქაურობა ვითარდება. იცით, ლიტვაში კალათბურთი ნომერ პირველი სპორტია და მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვეკარგება უსახსრობის გამო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი აკადემია მცირედით მაინც ცდილობს ამ პრობლების მოგვარებას. დროდადრო იმედისმომცემ მწვრთნელებს ამერიკაში ვაგზავნით განათლების მისაღებად და გამოცდილების შესაძენად. ამას ფინანსური მოგების მისაღებად არ ვაკეთებ, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია“.