ემიგრანტი ქართველების შვილებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება

ემიგრანტი ქართველების შვილებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება. როგორც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, ემიგრაციაში იბადება და იზრდება თაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, წარმოდგენა არ აქვს ქართულ კულტურაზე და ქართულ ენსაც ვერ ფლობენ. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ბევრგან გახსნილია საკვირაო სკოლები, ეს საკმარისი არ არის, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ საზღვარგარეთ ქართული ისწავლოს.

ალიბეგაშვილის თქმით, ჩვენი ემიგრანტების შვილებმა ქართული ენა კვალიფიციური სპეციალისტებისგან უნდა შეისწავლონ. რაც შეეხება ონლაინ-კურსების დაფინანსებას, გიორგი ალიბეგაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამისთვის რესურსი გამოინახება; ასევე, შესაძლებელია, ეს კომერციული საქმიანობის ნაწილი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ შექმნილი ენის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ამ დეპარტამენტში მომუშავეთა რიცხვი 15 კაცის შემადგენლობითაა განსაზღვრული და 500 ათასი ლარიდან 400 ათასი ლარი სწორედ მათი შრომითი ანაზღაურებისთვისაა განკუთვნილი.

ენათმეცნიერი, პროფესორი ავთანდილ არაბული For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ელექტრონული კურსების მიწოდება ქართველებისთვის თუ არაქართველებისთვის უაღრესად  აქტუალურია. თუმცა მანამდე დისტანციურ სწავლებას მომზადება, პროფესიული და ფინანსური რესურსები სჭირდება. უცხოეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორები ამ თვალსაზრისით არ არიან უზრუნველყოფილნი, ჩვენი სახელმწიფო მათ ვერ აქცევს ყურადღებას, ქართული საზოგადოებებიც ისე ცხოვრობენ, რომ უცხოეთშიც კი დაჯგუფებები აქვთ. თუმცა ჩვენი ემიგრანტები მუდმივად ინტერესდებიან იმით, რომ მათ შვილებს, შვილიშვილებს არ დაავიწყდეთ ქართული ენა. საამისოდ მათ სახელმძღვანელოც არ აქვთ, ამიტომ ამ ხარვეზს ელექტრონული ვერსია შეავსებს ან თანხის გადახდით, ან თანხის გადაუხდელად.

„ქართული ენის შესწავლა არა მხოლოდ ემიგრანტი ქართველების სურვილია, არამედ გასულ ზაფხულს ისრაელში ყოფნა მომიწია და, იქ გაზრდილ ებრაელთა შთამომავლებსაც აქვთ სურვილი, ქართული შეისწავლონ. ჩვენ იქ შეგვხდა ქართველი ებრაელი, რომლის შვილიშვილმაც ისწავლა ქართული იმის გამო, რომ პაპამისი საქართველოს შესახებ უყვებოდა.

სხვათა შორის, დისტანციური სწავლება საქართველოშიც რომ განგვევითარებინა, ჩვენივე უნივერსიტეტის კონტინგენტს, რომლებიც რეგიონებიდან არიან ჩამოსულნი, აღარ მოუწევდათ დიდ გაჭირვებაში ცხოვრება თბილისში. ისინი თვეში მინიმუმ 300 ლარს იხდიან ბინის ქირისთვის. ამ დროს კი შეიძლებოდა რეგიონებში დისტანციური ფორმით გვესწავლებინა. ამ ფორმით შეიძლებოდა თვით საკურსოების, სადიპლომოების მომზადება, გამოცდების ჩაბარება. პარმენ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით კეთდებოდა ასეთი პროექტი, რომელიც რეგიონებში ეპარქიების ბაზაზე ასეთი კურსების ჩატარებას ითვალისწინებდა. დისტანციურ სწავლებაში ხარვეზს ვერ ვხედავ, რადგან ჩვენ იმ პირობებს უნდა ვუპასუხოთ, რომელიც დრომ შემოგვთავაზა. ჩვენს გაჭირვებულ ყოფაში ტექნიკის გამოყენება მისასალმებელია“, - აცხადებს ავთანდილ არაბული.

მისივე განმარტებით, ელექტრონულად მიწოდებულ მასალას ის პლუსიც აქვს, რომ მას ნებისმიერ დროს - ღამით, დილით, შუადღის შესვენებისას გამოიყენებს ადამიანი. განსხვავებით, საკვირაო სკოლისგან, სადაც მეცადინეობა კონკრეტულ დროს არის დანიშნული და, თუ ემიგრანტის შვილები ვერ მოასწრებენ იქ მისვლას, ეს დრო გაცდენილად ჩაეთვლებათ.

თუმცა დისტანციური სწავლების მინუსად ავთანდილ არაბული იმას მიიჩნევს, რომ კვალიფიციური კადრები ჩვენი აქილევსის ქუსლია. დისტანციური სწავლებისას იმპროვიზაცია არ გამოდგება, რადგან ონლაინ-რეჟიმით სწავლება კონკრეტულ დროში უნდა იყოს ჩაწერილი და საათივით აწყობილი. ამდენად, ძალზე საპასუხისმგებლოა.

ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება მთელ მსოფლიოში წარმატებულია, ხალხი ლამის ოქსფორდსა და კემბრიჯს ამთავრებს სწავლების ამ ფორმით.

„უცხოეთში მცხოვრები ქართველები გაჭირვებაში ცხოვრობენ, ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. ამიტომ ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება გენიალური იქნება, რომელიც არა მარტო ქართულ ენას, არამედ ქართულ ცნობიერებასაც აზიარებს ემიგრანტების შვილებს. მართალია, უცხოეთში მცხოვრები ქართველების შთამომავლებს უკვე სხვა ინტერესები აქვთ და ქართული ენა ნაკლებად სჭირდებათ, მაგრამ, თუ, მინიმუმ, მათ მშობლებს აინტერესებთ, რომ შვილებმა ქართული იცოდნენ, შესაბამისად, ბავშვებსაც დააინტერესებთ ქართული ენა. რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება ეს პროექტი, მით უფრო შედეგიანი იქნება. დისტანციური სწავლება დამღლელი არ უნდა იყოს ბავშვებისთვის. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, საზღვარგარეთ მცხოვრები ხალხის უკან დაბრუნებას და არდაკარგვას. დიასპორაზე დგას სომხეთს მთელი ეკონომიკა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდობაც თუ არ დაკარგავს ქართულ სულს, კარგი იქნება“, - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.