მუხთარლი წუთისოფლის შესახებ...

მუხთარლი წუთისოფლის შესახებ...

ორი დღით საპატიმროდან გათავისუფლებული აფგან მუხთარლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრალდებას უყებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისი გატაცების ბრძანება პირადად გიორგი კვირიკაშვილმა გასცა და ირწმუნება, რომ კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს.

„ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს კვირიკაშვილის მთავრობას, მან მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე, მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ, ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მათთვის კანონიერად გადაეცა, მაგრამ ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ ჩემი გატაცება მოიფიქრეს.

თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მერე დავინახე მათი ფორმები და ჩემით ჩავუჯექი მანქანაში. მათ ავტომობილში ცემა დამიწყეს და თავზე ტომარა ჩამომაცვეს. საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში სხვა მანქანაში გადამსვეს, სადაც უკვე აზერბაიჯანელები ისხდნენ, მათ შორის აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის უფროსის თანაშემწე, ვიცე პოლკოვნიკი, ასკეროვი“, - აცხადებს აფგან მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც ადებს და აცხადებს, რომ ის საქართველოში ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნეს-პარტნიორის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა.

„მე ვწერდი ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნეს-ინტერესებზე სხვადასხვა სფეროში. მას აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, მიწა გურჯაანში, ფლობს ორ ბანკს, „პაშა ბანკსა“ და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს და სხვა ბიზნესებს. ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან მომიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა მისი ბიზნეს-პარტნიორი არის ბიძინა ივანიშვილი. მე ვფიქრობ, ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ახლა ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს, ალბათ იცოდა, რომ გამიტაცებდნენ.

ბიძინა ივანიშვილი თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი, მისი თანხმობის გარეშე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ, ეს გავაკეთო,“ - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლის ამ სკანდალურ ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ს მისცა უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდში. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, რომ კონსპირაციის ეჭვები უჩნდება, როდესაც მუხთარლი ექსკლუზიურად საქართველოს მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს.

„პირადად მე დიდი კონსპირაციის ეჭვებიც მიჩნდება. ყველამ თავისთვის განსაჯოს - კაცი, ვისაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა აზერბაიჯანულმა სასამართლომ და რომელიც თავს უდანაშაულო ჟურნალისტად მიიჩნევს, ექსკლუზიურად საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდისკენ იშვერს ხელს. დასკვნების გაკეთება ყველას შეგვიძლია. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არიან საქართველოს ხელისუფლების იმიჯისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენების და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მსურველები“, - აცხადებს თამარ ხულორდავა.

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მუხთარლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადება გააკეთა. ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს, რადგან ქვეყანას და ხელისუფლებას უღირსად მოექცა.

„კრიტიკულად ვუყურებ იმასაც, რომ ვერაფრით დადგინდა ის სურათი, თუ რა პირობებში გაუჩინარდა აფგან მუხთარლი, თუ საერთოდ გაუჩინარდა. მისი და მისი მეუღლის განცხადების ტირაჟირებას ვაკეთებთ, რომ ის გადაცმულებმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ამის დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც არსებობს? - არ არსებობს და ეს განცხადება აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა. ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა საქართველოს იმიჯის წინააღმდეგ, ეს არის დაგეგმილი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს ადამიანი ძალიან უღირსად იქცევა. ძალიან უღირსად მოექცა იმ ქვეყანას, რომელმაც შეიფარა“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

დეპუტატი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ასეთ საქციელს გარკვეული პოლიტკური წრეები პედალირებას უწევენ.

„მესმის, რომ გამოძიება იმის იქით ვერ განვითარდა, რომ ხელში არაფერი გვაქვს, მაგრამ სანამ ხელისუფლების წარმომადგენლების არცერთი ბრალეულობა არ არის დადასტურებული, ამაზე ასე გაურკვეველი საუბარი არ შეიძლება. ეს არის გარკვეული კამპანია, რომელსაც პედალირებას გარკვეული პოლიტიკური წრეები უწევენ. აფგან მუხთარლის საიდან მოაქვს, იცოდა, როდის და საიდან გაიტაცეს?

ამ გარემოებების შესახებ იცოდა თუ ყურში ჩასჩურჩულეს? არავინ იცის, რა მდგომარეობაში და რა პირობებში გაიტაცეს, ეს მისი განცხადებაა. სინდვილეში რა მოხდა, არ ვიცით. ამ საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, ყველანაირი ინტერესი დავკარგე მაშინ, როცა ამ ადამიანის ბედ-იღბალის მიმართ სხვანაირად ვიყავი განწყობილი. მისი განცხადებები ზღვარს გადასცდა და მისი ბედი აღარ მაინტერესებს“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობისგან განსხვავებით აფგან მუხთარლის განცხადების სისწორეში დარწმუნებულია ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართავს დასაქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას მოითხოვს. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლის მუხთარლის გატაცების და საზღვარზე გადაყვანის ფაქტი.

„ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ისედაც ნათელი იყო ყველასთვის - მისი გატაცება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ მოხდა. ის მომხდარ ფაქტში პირდაპირ ადანაშაულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

ამ მოვლენამ, რომელიც უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა, რითაც საქართველოს მთავრობისგან მომხდარი დანაშაულის დროული გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა“, - აცხადებს რომან გიცირიძე.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს გამოიძიოს მომხდარი, რადგან გოცირიძის განცხადებით, ამ დანაშაულში ჩართულია მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს აკისრებს პასუხისმგებლობას „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე, რომლის განცხადებით, დღეს რომ ეს ადამიანი ციხეში ზის, არის საქართველოს სირცხვილი.

„ჩვენ ვერ შევძელით უდანაშაულო ადამიანის დაცვა. ამ საქმის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა იყო ერთადერთი შანსი პრემიერ კვირიკაშვილისთვის შეენარჩუნება ღირსება და მისი ამ საქმეში მონაწილეობის ბრალდებები გაექარწყლებინა. სამწუხაროდ, მან ეს არ და ვერ შეძლო.

მე არ მაქვს იმედი, რომ ქართული მხარე ამ საქმეს გამოიძიებს, ერთადერთი შანსი მუხთარლისთვის და ჩვენთვისაც დავადგინოთ სიმართლე, არის სტრასბურგი. ქართული სახელმწიფო ამ საქმეს წააგებს ევროსასამართლოში და სამწუხაროდ, ამ შედეგებზე ისევ საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწევს ვაგოთ პასუხი“, - აცხადებას თამარ კეკენაძე.