2018 წელის შემოდგომაზე ქვეყანა განსხვავებული სტილის პრეზიდენტს აირჩევს. რაც იმას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი არა პრეზიდენტობის კანდიდატია, არამედ ის, რომ სისტემურად იცვლება ყველაფერი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. შესაბამისად, ახალი კონსტიტუციის პირობებში 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი მმართველობითი სისტემისთვის აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეის მდგომარეობით. მას არ ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქციები და გარკვეული მმართველობითი პრეროგატივები.
ამის მიუხედავად, კონკურენცია დიდია. ტრადიციულად პრეზიდენტობისთვის ემზადება მშრომელთა პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო კამპანია უკვე დაიწყო. საპრეზიდენტო მარათონისთვის ემზადება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩაერთვება. ამავე სტატუსით იბრძოლებენ ალექსანდრე ელისაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე დავით უსუფაშვილი.
არსებული ინფორმაციით, დავით ბაქრაძე იქნება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი. საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“ თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატი არ სახელდება. ნაციონალები მოლაპარაკებას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აწარმოებენ, რათა ერთიანი კანდიდატით წარსდგნენ. არჩევნებისთვის ემზადება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას გაზაფხულზე გეგმავს. სახელდება სავარაუდო კანდიდატები - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. რომელ კანდიდატზე შეჩერდება არჩევანი, ამ ეტპაზე უცნობია. თავის მხრივ ორივე კანდიდატმა კატეგორიულად გამორიცხა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა შესაძლოა არჩევანი მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთოს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით ზეპარტიული ფიგურის თვალსაზრისით ყველაზე უფრო მისაღები კანდიდატი იქნება, რომელიც თითქოსდა პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება, დისტანცირებულია, მაგრამ მმართველი ძალა მას მხარს უჭერს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პარტიულ ამბიციას დაძლევს და ასეთ კანდიდატს შემოგვთავზებს, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს იქნება კარგი შანსი მმართველი გუნდისთვის.
„ასეთი განწყობით უნდა შეხედოს მმართველმა პარტიამ ამ არჩევნებს. იმ შემთხვევაში, თუკი ზურაბიშვილს „ქართული ოცნება“ დაასახელებს როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, რასაკვირველია აქვს შანსი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისასდავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობისათვის ემზადება. თავის მხრივ თავისი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს პრეზიდენტი. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საინტერესო იქნება პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში. რადგან, მისი თქმით, ამის შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება რას აპირებს მარგველაშვილი.
„ეს უფრო გამოიკვეთება იმ თემების და სტილის მიხედვით, როგორი იქნება მისი გამოსვლა საგაზაფხულო სესიაზე. უფრო გამოიკვეთება, აპირებს თუ არა მეორე ვადით ბრძოლას. არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ მას უნდოდეს მეორე ვადით არჩევა. თუმცა ერთი რამე შემიძლია ვთქვა - თუ თავიდანვე ჰქონდა მიზანი, რომ მეორე ვადით კენჭი ეყარა, თავისი საქმიანობა სხვაგვარად უნდა წარემართა.
უფრო კონსოლიდირებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საზოგადოებასთან. საორგანიზაციო ბაზა არ შეუქმნია, ამისთვის დიდად არ უზრუნია. ცალკე აღებული მარგველაშვილი არა მგონია, რომ სახიფათო გახდეს ხელისუფლებისთვის, მაგრამ თუ იქნება ოპოზიციის კანდიდატი და ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმდება, მაშინ პრეზიდენტის სავარძლისთვის იქნება სერიოზული ბრძოლა. თუ ოპოზიცია გამოვა დაშლილი, როგორც დღემდე იყო, მაშინ ჩათვალეთ, რომ პრეზიდენტის სავარძელი ისევ ხელისუფლების იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ძაბირაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის შიდა სამზარეულოს არ იცნობს, შესაბამისად, ძალიან რთულია პირდაპირ კანდიდატურის დასახელება.
„საუბარი იყო გიორგი კვირიკაშვილზე და დავით სერგეენკოზე. ორივემ კატეგორიულად უარყო. კვირიკაშვილის შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, როგორი იქნება პოლიტიკური და სოციალური ვითარება ქვეყანაში და თავად კვირიკაშვილს რა რეიტინგი ექნება მოსახლეობაში. თუ მთავრობის გადახალისება გახდება აუცილებელი, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. ჯერ-ჯერობით ასეთი აუცილებლობა არ ჩანს.
სერგეენკომ განაცხადა, რომ არ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ალბათ სწორიც არის მისი გადაწყვეტილება. ძალიან კარგად აუღო ალღო ჯანდაცვის სფეროს, ვგულისხმობ ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებას. სხვა ამპლუაში გადასვლა იქნება ძნელი და რთული. მით უმეტეს, რომ მას პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონდა და, როგორც მახსოვს, არც ჯანდაცვის მინისტრობას შეხვედრია დიდი აღფრთოვანებით. თუ ძალიან დაავალებენ, შესაძლოა გარისკოს, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი არჩევანის წინაშე დადგეს“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, სანამ ოპოზიცია დაყოფილია, მმართველ გუნდს შეუძლია მშვიდად იყოს, თუნდაც სახელისუფლებო რესურსების ხარჯზე შეძლებს გამარჯვების მოპოვებას.
„მმართველი გუნდისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თავიანთ კანდიდატებსდაასახელებენ. ეს ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს 100%-ით განაღდებული აქვს გამარჯვება, ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობა გვაქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ რეალობა ძალიან პრიმიტიულია, არავის აქვს ისეთი ფანტაზიის უნარი, რომ რამოდენიმე კანდიდატი ჩამოწეროს და შემდგომ ელოდოს ლატარიის მოგებას, ანუ დამაჯერებელი კანდიდატის გამარჯვებას. ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ბიძინა ივანიშვილზე.
„ივანიშვილი არავის იკარებს რაიმე საკითხის ერთად გასარკვევად. მის გარემოცვაში საკმარისსზე მეტი ისეთი ადამიანია, რომლებიც ალბათ ურჩევენ კადრებს და ფაქტია, რომ ეს უმრავლესშემთხვევაში საზოგადოებისთვის არ არის მისაღები გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, მომავალი პრეზიდენტისთვის უპირველესი ნიშანი უნდა იყოს მზაობა იმისა, რომ დასახლდეს გრიგოლ ორბელიანის სასხლეში და არა ავლაბრის რეზიდენციაში, რადგან, პრეზიდენტის სასახლე გახლავთ სწორედ ის თემა, რის გარშემო უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უმრავლესობის და პრეზიდენტის განცხადებებმათავი მოგვაბეზრა. რასაკვირველია, თუ ვიტყვით, ვის გაუჭირდება უფრო პრეზიდენტის სავარძელის მორგება წლევანდელ შემოდგომაზე, ეს გახლავთ მოქმედი პრეზიდენტი. თუმცა, არაფერია გამორიცხული“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, როგორც ჩანს გიორგი მარგველაშვილი უკვე ფიქრობს წინასაარჩევნო საკითხებზე. ცისკარიშვილი არც მეორე ტურს გამორიცხავს.
„საკმარისი დროა იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ჩამოაყალიბოს საკუთარი პრესპექტივა, ვიხილოთ უფრო აქტიური და ასევე ახალი პროგრამებით დახუნძლული პრეზიდენტობის კანდიდატი. თუ ჩვენი ამომრჩეველი ვერ შეთანხმდება, დადგება მეორე ტურის ალბათობა. ასეთი პრესპექტივა არ არის გამორიცხული, თუმცა მისი თავიდან აშორების ალბათობა შესაძლებელია თუკი მისი ძირითადი კონკურენტები იქნებიან ქალბატონები, ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.