ჰოლანდია სააკაშვილს ოჯახის გაერთიანების პროცედურის ფარგლებში მიიღებს

ჰოლანდია სააკაშვილს ოჯახის გაერთიანების პროცედურის ფარგლებში მიიღებს

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსი დაკარგა. უკრაინის სააპალაციო სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს ბოლო დოკუმენტიც ჩამოართვეს, რაც მას ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის უფლებას აძლევდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ეს არის არა სასამართლოს, არამედ პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, უკრაინის გენერალური პროკურორის,იური ლუცენკოს განცხადებით, ის მის მიერ შერჩეულ ქვეყანაში ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას დაექვემდებარება. როგორც ლუცენკო აცხადებს, ჰოლანდიამ, სადაც ამჟამად სააკაშვილის ოჯახი ცხოვრობს, დაადასტურა იმის მზაობა, რომ სააკაშვილი ოჯახის გაერთიანების პროცედურის ფარგლებში მიიღონ.

„მეორე შესაძლებლობა მოიცავს ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, ანუ პოლონეთში. მესამე ვარიანტი კი საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, მისი საქართველოში ექსტრადირებაა.

ექსტრადირებისთვის საჭიროა კიდევ რამდენიმე ხანგრძლივი სასამართლო პროცესის გავლა. თუმცა, ჩვენ მივდივართ ამ გზით, ვინაიდან უკრაინამ ხელი მოაწერა შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოს წინაშე. ჩემთვის ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მის დაპატიმრებას ნიშნავს. გულწრფელად გეუბნებით, არ მსურს მისი ქართულ ციხეში გაგზავნა“, - აღნიშნა ТСН-სთვის მიცემულ ინტერვიუში იური ლუცენკომ.

სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა ძალაშია. შებამისი მოთხოვნა გაგზავნილია უკრაინაში, დანარჩენი კი, საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძეს განცხადებით, უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტია.

„რაც შეგვეხება ექსტრადირების საკითხს, შესაბამისი მოთხოვნა გაგზავნილია უკრაინაში, დანარჩენი არის უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტი და მათ კომპეტენციას მიეკუთვნება“, - აცხადებს ირაკლი შოთაძე.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მზად არის საჯაროდ დაწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება, რადგან მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ პუტინი გაანადგურებს უკრაინას, მთლიანად რეგიონი, მათ შორის საქართველო, დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ეკონომიკური ზრდის გარეშე სამოქალაქო მშვიდობა საფრთხის ქვეშ დადგება.

„მზად ვარ, საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება. მე არ შემიძლია საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა. მაგრამ, თუ მე დავეხმარები პოლიტიკურ სცენაზე გამაერთიანებელი და ახალი ფიგურის გამოჩენას, ეს დიდი წარმატება იქნება. ჩემი საბოლოო მიზანია - წარმატებული უკრაინა. თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს ან სტაგნაციაში დარჩება, ვლადიმერ პუტინი გაანადგურებს უკრაინას. მთლიანად რეგიონი, მათ შორის საქართველო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება.

ჩემთვის ეს არის შანსი, პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ქვეყანა წარმატების ისტორიად ვაქციო. რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე ვიბრძოლებ. როდესაც მე პოროშენკოს შევუტიე, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს ბლოკავს, ხალხი გარეთ გამოვიდა მანიფესტაციებზე. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ჩემს პარტიას 6-7%-იანი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ შეგვიძლია პარლამენტში შევიდეთ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში მხარდამჭერები მთავრობას დაამხობენ, რათა ქართული ციხიდან გააათავისუფლონ. სააკაშვილმა ფრანგული გამოცემა Liberation-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ უკრაინის ხელისუფლება ექსტრადირებისთვის ემზადება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ექსტრადირება აუცილებლად საქართველოში მოხდება.

„ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საქართველოში გამაგზავნიან. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებას მიმართეს ჩემი უკან მიღების თხოვნით. რაც შეეხება ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, ეს ძალიან რთული იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის. მათ არ სურთ ჩემი იქ ყოფნა.

საქართველოს მთავრობა სუსტია. ქართველების უმეტესობამ იცის, რომ ჩემს დაუსწრებლად ჩატარებული პროცესი ფარსი იყო. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოფშორულ ანგარიშებს ეძებდნენ, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ჩემ დროს კორუფცია არ იყო. თუ დამაპატიმრებენ, საქართველოში ჩემი მხარდამჭერები დაამხობენ მთავრობას, რათა მე გამათავისუფლონ. ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებას ქვეყნიდან სააკაშვილის შესაძლო უკანონო გაძევების და შესაძლო უკანონო ექსტრადიციის გეგმების რეალიზების ბევრ საფუძველს აძლევს.

„მიხეილ სააკაშვილს გააჩნია ჯერ კიდევ მოქმედი ცნობა დამატებითი დაცვის თაობაზე, რომლის ვადაც 2018 წლის 1 მარტამდე ვრცელდება. სასამართლოს არ გაუუქმებია ეს ცნობა. შესაბამისად, მისი უკრაინაში ყოფნის საფუძველთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.