ვინ არის „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის“ პატრონი - ადეიშვილი თუ ივანიშვილი?

ვინ არის „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის“ პატრონი - ადეიშვილი თუ ივანიშვილი?

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. უვადო მოსამართლეობის მსურველი 51 კანდიდატიდან ანა დოლიძის აცილება უკვე ოთხმა კანდიდატმა დააყენა. ესენი არიან: გიორგი გოგინაშვილი, რევაზ ნადარაია, ლეილა მამულაშვილი და მერაბ ლომიძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 8 თებერვალს დაასრულებს და გაიზრდება თუ არა ამ პოზიციის მქონე მოსამართლეობის კანდიდატთა რიცხვი, სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი.

ერთ-ერთმა კანდიდატმა, მერაბ ლომიძემ აცილების მიზეზად დოლიძის 6 თებერვლის განცხადება დაასახელა, რომლის თანახმად, ზურაბ ადეიშვილის ნარჩენების მხრიდან მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება შეინარჩუნონ. ლომიძის შეფასებით, ამგვარი განცხადების ფონზე ანა დოლიძე კანდიდატების შეფასებისას ობიექტური არ იქნება.

„მიგვაჩნია, რომ ანა დოლიძე ცდილობს სასამართლო სისტემაში შემოიტანოს პოლიტიკური მოტივები. ცხადია,  ჩვენთვის ეს მიუღებელია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნდა, რომ დოლიძე ვერ იქნებოდა ობიექტური ჩვენს მიმართ, ვინაიდან მან ასეთი მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება დაანონსა“, - განაცხადა ლომიძემ.

მოსამართლეობის კიდევ ერთი მსურველი, რევაზ ნადარაიაც აცხადებს, რომ ვიდრე მოსამართლეებთან გასაუბრება დაიწყებოდა, ანა დოლიძემ მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ადეიშვილის ნარჩენებად მოიხსენია, რაც მისი აზრით, პოლიტიკური და არაეთიკური განცხადებაა.

„ანა დოლიძე ავიცილე მისი განცხადებიდან გამომდინარე. მან თქვა, რომ მოსამართლეები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში და საქმეებს იხილავდნენ, არ უნდა დაინიშნონ. მან უკვე პირდაპირ და ცალსახად გამოთქვა წინასწარ აზრი ამ კონკურსანტების მიმართ. ის ჩემს მიმართ და ამ ტიპის კონკურსანტი მოსამართლეების მიმართ ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი. ვფიქრობ, რომ მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩემს შეფასებაში, გასაუბრებაში და ასევე კენჭისყრაში მიუხედავად იმისა, რომ მისი აცილებით, ერთი ხმა აკლდება კონკურსანტს. მისი აცილება არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრის დევნა. შეუძლებელია სასამართლო სისტემის ლანძღვა იყოს თავისუფალი აზრი. მან თითოეულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა, ნარჩენებად მოიხსენია. მისი არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები სისტემას ზიანს აყენებს. ასევე შეურაცხყოფას აყენებს მთელ სასამართლო სისტემას“, - განაცხადა ნადარაიამ.

რაც შეეხება თავად გასაუბრების პროცესს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, ის სრულიად ამოვარდნილია ყველა ფორმატიდან და საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა გარკვეულ საკითხებზე პასუხები მოთხოვა - საქმე ეხება მედიასთან საუბარს. ჯანეზაშვილის მტკიცებით, სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის.

როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, საბჭოს სხდომაზე, რომელზეც უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, საბჭოს ერთ-ერთი წევრი, შოთა ქადაგიძე არაკორექტულად ესაუბრა, რის გამოც კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დროებით დატოვა.

„ჩემი პოზიცია გამოვხატე ლეილა მამულაშვილის შუამდგომლობასთან (მამულაშვილმა ანა დოლიძის აცილება მოითხოვა. რედ.) დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ეს არის დაუსაბუთებელი, თუმცა, ისიც აღვნიშნე, რომ „ადეიშვილის ნარჩენებთან“ დაკავშირებით დოლიძის პოზიციას არ ვიზიარებ. ამაზე კითხვამ კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია. შოთა ქადაგიძე, რომელიც გამოირჩევა მოსამართლე წევრების პოზიციის მხარდაჭერით, ჩემი აზრით, მათი დავალებების შემსრულებელია“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება სერგო მეთოფიშვილის მხრიდან „საქმის გარჩევას“, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე, ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე და ამავდროულად საბჭოს წევრიც არის, როგორც ჯანეზაშვილი აღნიშნავს, მეთოფიშვილმა მისგან პასუხები მოითხოვა იმაზე, თუ რატომ მისცა მედიას კომენტარი, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ.

„დიახ, ახლაც ვაცხადებ, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერაა მიღებული. მეორე მხრივ, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ისინი დღეს ახორციელებენ, არის საშიში, ვინაიდან ცდილობენ, რომ გააჩუმონ სხვა წევრები, რომლებიც საერთოდ რამეზე საუბრობენ და ამავდროულად, კრიტიკულები არიან. როგორც იცით, ჩვენთან გვყავს მდუმარე წევრები, რომლებიც საერთოდ ხმას არ იღებენ სხდომებზე და კომენტარებითაც არ გამოირჩევიან. როგორც ვიცით, მხოლოდ ორი მოსამართლე წევრი აკეთებს ხოლმე კომენტარს და ისიც, ალბათ, წინასწარ არის დაგეგმილი“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განმარტებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილი სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. დოლიძე აცხადებს, რომ კანდიდატების მხრიდან მისი აცილების საკითხმა უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო.

„დახურულ სხდომაზე ჩემი აცილება, რომელსაც მხარს ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი უჭერს, უკვე ტენდენციაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის კამპანიის ნაწილი. საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებსაც დანიშვნებზე დღეს სრული კონტროლი აქვთ დამყარებული, ცდილობენ, სასამართლოს შიგნით პანიკა დათესონ, ასევე, მოსამართლეებს შორის ჩემ მიმართ გაავრცელონ უარყოფითი დამოკიდებულება, ჩემი გამოსვლის დამახინჯებით, თუ სხვადასხვა ხრიკებით. ამიტომ, ყველა მოსამართლეს მოვუწოდებ, ჩემი განცხადებების სისწორეში პირადად ჩემთან კომუნიკაციით დარწმუნდეს“,- აცხადებს ანა დოლიძე.

მისივე განმარტებით, ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები არის ის ჯგუფი, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს კონტროლი დღეს სასამართლო ხელისუფლებაზე.

„ამ ჯგუფის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საბჭოში. საბჭოს მოსამართლეთა ნაწილი დღეს ცდილობს, შეინარჩუნოს სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, ნაწილი ამ ჯგუფისა სასამართლო ხელისუფლების გარეთაა“, - აღნიშნავს დოლიძე.

მისივე ინფორმაციით, აცილების გამოყენების მსგავსი პრაქტიკა, ახალი არა არის და მანამდე იყო გამოყენებული სხვა წევრების მიმართ.

„ვფიქრობ, თუ ეს პრაქტიკა არ გაჩერდა, ის მომავალშიც აქტიურად იქნება გამოყენებული, რათა საბჭომ კომფორტულ რეჟიმში იმუშაოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმარლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება ოპოზიციაც - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, სწორედ საქართველოს სასამართლო სისტემა იყო მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ არარეფორმირებული სასამართლო სისტემა გახდება ძალიან სერიოზული დაბრკოლება ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„ეს არის ის სასამართლო სისტემა, რომელიც გუშინ ღიად და აშკარად გამოვიდა და დაფიქსირდა, როგორც ხელშეუხებელი კლანი, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს იღებს და ასრულებს უმრავლესობისგან და ბიძინა ივანიშვილისგან. ეს კლანი ბედავს გალაშქრებას იმ ადამიანებზეც, რომლებსაც არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ ვალდებულებაც აქვთ ისაუბრონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მათ შორის იუსტიციის საბჭოს წევრებზე. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ცენზურა დაგვიწესონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე საუბართან დაკავშირებით. ასე რომ, სასამართლომ სისტემა დღეს არა მხოლოდ არ არის დამოუკიდებელი, არამედ გახდა ჩვეულებრივი მართვის ინსტრუმენტი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

არსებული რეალობის ობიექტურობას აცდენილი სახით წარმოჩენა „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანია, თუმცა არც რეალური სურათია დამაიმედებელი.

სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო სისტემას აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ეფექტიან სასამართლოდ მიიჩნევს - „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა „მემკვიდრეობის ფონდის“ შეფასება მოიშველია, რომლის თანახმად, ეფექტიანობის თვალსაზრისით, ჩვენმა სასამართლო სისტემამ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაიკავა ადგილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საკმაოდ რთულია, რომელიმე კვლევითი ორგანიზაციის შეფასებამ ხელისუფლება თვითკმაყოფილებაში ჩააგდოს, მითუმეტეს, როცა არასამთავრობო სექტორი „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ორგანიზებულ მცდელობაზე“ საუბრობს.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის გამო ანა დოლიძის ჩამოშორება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან აზიანებს მიმდინარე პროცესის ხარისხს, ხელს უშლის საბჭოს წევრს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობის პრობლემას სასამართლო სისტემაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რაკი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის საჯარო განცხადება არ იყო მიმართული რომელიმე კონკრეტული მოსამართლისადმი, რომელთა უვადოდ დანიშვნის საკითხიც განიხილება საბჭოს სხდომაზე, გაუგებარია როგორ შეიძლებოდა, დაესაბუთებინათ მოსამართლეებს ან საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს ანა დოლიძის აცილებას, რომ იგი არ იქნებოდა ობიექტური.

ძნელი საპროგნოზო არ არის, როგორ დასრულდება ეს პროცესი, თუმცა რჩება კითხვა, რომელზე პასუხიც მოგვიანებით გახდება ნათელი - ამჯერად მაინც დაადგა თუ არა საქართველო სასამართლო სისტემის რეფორმირების ჭეშმარიტ გზას?!