საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. გარდა ამისა, ათასობითაა ისეთი ოჯახი, რომლებსაც ძალიან უჭირთ, მაგრამ არც სოციალური დახმარება ეძლევათ და არც რაიმე შეღავათით სარგებლობენ. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ მათი მდგომარეობა წლების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობა 456 634 ადამიანმა მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
ქვეყანაში არაორდინალური ვითარებაა შექმნილი. ერთი მხრივ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იზრდება მოსახლეობის შემოსავალი, მაგრამ მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება. ეს იმის ბარილია, რომ ეფრო დიდი სისწრაფით მატულობს ხარჯი. ამიტომ შემოსავლის მატება ვერ აბალანსებს ინფლაციურ პროცესებს. ბოლო წლებში ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, ეს იგი ფასები გამუდმებით იზრდება. მაგალითად, შარშან ყველაფერი მკვეთრად გაძვირდა და მისი გავლენით 2018 წლის პირველი ნახევარიც ამ ტალღაზე გაგრძელდება.
ეკონომისტები ადასტურებენ, რომ მოსახლეობის შემოსავლის მატების ტემპი დაბალია. სხვა ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირადაა მოგვარებული. როდესაც ინფლაცია მატულობს, მთავრობა ზრდის სოციალურ გასაცემლებს, პენსიებსა და ხელფასებს სახელმწიფო სექტორში. მართალია, არა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ინფლაცია იზრდება, თუმცა მაინც დგამს ნაბიჯებს. საქართველოში ასეთი პრაქტიკა არასდროს ყოფილა. ინფლაციის მაჩვენებელზე მთვარობის რეაქცია ნულოვანია.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლებში უთანასწორობა იზრდება.
„წლიდან წლამდე ძვირდება პირველადი მოთხოვნის პროდუქცია, ხოლო ამ პროცესს ვერ ეწევა მოქალაქეების შემოსავლების ზრდა, რაც არასახარბიელო ტენდენციაა. ზოგადად, რთული სიტუაციაა და გამონაკლისი არც საქართველოა. ასეთი დისბალანსი განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სხვა.
ზოგიერთების შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ უმრავლესობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა წლების განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაუარესდა კიდეც. საშუალო ფენა არ არსებობს, საქართველოში არის ძალიან მდიდარი და ღარიბი საზოგადოება. ეს დისბალანსი აშკარად ჩანს, თუმცა, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, შეიძლება ადამიანს უჭირდეს, მცირეშემოსავლიანი იყოს, მაგრამ თავის გაჭირვებას არ ამხელდეს. ასეთი ბევრი ოჯახია, ჯერ კიდევ გვარიშვილობით რომ იწონებენ თავს.
ძალიან დამაფიქრებელი სტატისტიკა გვაქვს, რა თქმა უნდა, არაოფიციალური, მაგრამ რეალური. კერძოდ, სიღატაკე სადღაც 15-17%-ს შეადგენს საქართველოში. გაცილებით მეტია სიღარიბის დონე, დაახლოებით 50%-მდეც. დღესდღეობით შეგვიძლია თქმა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს ღარიბი და ღატაკი ოჯახები შეადგენენ. საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ძალიან მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა 10%-ს არ აღემატება“, - განმარტავს პაატა აროშიძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის თითქმის 41%-ზე მეტი იღებს. რეგიორნში 31 000 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 12 775 ადამიანი იღებს.
ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7,1% იღებს. „ბიპიენის“ ინფორმაციით, რეგიონში 160 600 ადამიანი რეგისტრირებული, სახელმწიფო შემწეობის მიმღები კი 11 527 ადამიანია.
რაც შეეხება დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, თბილისში საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა 99 074 ადამიანს შეადგენს, გურიაში - 18 020-ს, კახეთში - 51 419-ს, იმერეთში - 66 285, მცხეთა-მთიანეთში - 16 068-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 50 900-ს, ქვემო ქართლში - 43 893-ს, შიდა ქართლში - 48 280-ს, აჭარაში - 38 393-ს.
საქართველოში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობას თვიდან თვემდე სურსათის შესაძენად თანხა არ ყოფნის. საშუალოშემოსავლიან ოჯახს თვეში დაახლოებით 575 ლარი აქვს და იქედან თითქმის ნახევარი საკვების შეძენაზე იხარჯება.
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამის” კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახების 60%-ზე მეტის შემოსავალი 100-დან 700 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ამ მაჩვენებლში დაბალ შემოსავლიანი ჯგუფი იგულისხმება. ოჯახების მხოლოდ 18%-საქვს 700-დან 1200 ლარამდე შემოსავალი, რომელიც საშუალო ფენად მიიჩნევა. შეძლებულ ჯგუფს კი ოჯახების 4% განეკუთვნება და მათი საშუალო შემოსავალი 1200 ლარს აღემატება.
როგორც “ოქსფამის” კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ მანჯავიძემ განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 65% განეკუთვნება იმ ჯგუფს, რომელიც საკუთარი შემოსავლის უმეტეს ნაწილს სურსათის შეძენაში ხარჯავს.
“თითქმის 70%-ს აღწევს მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელსაც სხვა საჭიროებების შესაძენად თანხა აღარ რჩება, რადგან უმეტესი ნაწილი სურსათის შეძენაში იხარჯება. დაბალშემოსავლიან ჯგუფშიასევე იგულისხმება ისიც, რომ ადამიანებს სურსათის საყიდლად ვალის აღება უწევთ”, - აღნიშნა “ბიზნესკოდთან” მანჯავიძემ და დასძინა, რომ ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ფინანსები, თუმცა პრობლემაა ცოდნისა და ინფორმაციის დეფიციტიც.
ყოველი მესამე გამოკითხული ოჯახი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი თანხა სურსათის შესაძენად.
ყოველი მეხუთე ამბობს, რომ საჭმელს ნასესხები ფულით ან ბანკის კრედიტით ყიდულობს.
საშუალოშემოსავლიან ოჯახს თვეში დაახლოებით 575 ლარი აქვს. აქედან თითქმის ნახევარი საკვების შეძენაზე იხარჯება.
დაბალშემოსავლიანი ოჯახის თვიური ბიუჯეტი დაახლოებით 219 ლარია. აქედან საკვები პროდუქტების შესაძენად ის 65%-ს, ანუ 142 ლარს ხარჯავს.
მაღალშემოსავლიანი ოჯახის ბიუჯეტი დაახლოებით 1421 ლარია. შემოსვლის მხოლოდ 35% (492 ლარი) იხარჯება საკვებზე.
სპეციალისტები ამბობენ, რომ 2017 წელს კვების რაციონზე გაზრდილმა ინფლაციამ ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია. ოჯახების უმრავლესობას სურსათის შეძენა ძალიან გაუჭირდა.
“ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ, შარშანდელთან შედარებით, მდგომარეობა უფრო გართულდა. მოსახლეობას გაეზარდა ხარჯი, შეუმცირდა შემოსავალი და უფრო გაღარიბდა მათი მენიუ. ამას ფინანსების ნაკლებობაც ერთვის, ოჯახებს არ აქვთ შემოსავალი, რომ ნორმალურად იკვებონ. მოსახლეობის მყიდველობითი უნარი მინიმუმზეა.
არასრულფასოვანი კვება კი არასრულფასოვან განვითარებას განაპირობებს და ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზია. ადამიანმა კომბინირებულად ცილებიც და ნახშირწყლებიც უნდა მიიღოს სხვადასხსვა საკვების ხარჯზე. იმის გადანაწილება აუცილებელია. დღეს კი მოსახლეობის უმეტესობა, შემოსავლების სიმცირის გამო, მხოლოდ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებას ახერხებს და არა ნორმალურად საკვების მიღებას. ეს ხალხს კიდევ უფრო დააავადებს”, - მიაჩნია სურსათის სფეროს ექსპერტს, პროფესორ ლია კვარაცხელიას.
სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის 2017 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში“ კი საქართველო 119 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზეა. ინდექსის თანახმად, საქართველოში შიმშილის საერთო ქულა 7,7 და ამ მაჩვენებლით იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც შიმშილის დაბალი ინდექსია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ინდექსში საქართველო 8,2 ქულით მე-16 პოზიციაზე იყო.