უკავშირდება თუ არა გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა მის საბრძოლო წარსულს?

უკავშირდება თუ არა გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა მის საბრძოლო წარსულს?

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, დაჯგუფება „მხედრიონის“ ყოფილი წევრი, დოდო გუგეშაშვილი თბილისში, საკუთარ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს, მოკლულია მისი შვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

რამდენიმე მეზობელმა აღნიშნა, რომ სახლიდან ისმოდა ხმაური და ჩხუბის ხმა, თუმცა გასროლის ხმა არავის გაუგონია.

გამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილი და ოპერატიული ანალიზი იძლევა. მისივე თქმით, ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული. ასევე ცნობილია, რომ ნოდარ გუგეშაშვილს თავში აქვს რამდენიმე ტყვია მოხვედრილი, დოდო გუგეშაშვილს კი გამჭოლი ჭრილობა აქვს გულთან.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, თუ რამდენი იყო თავდამსხმელი, ასევე, ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილი, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, შს სამინისტრო არ საუბრობს, ასევე არ სახელდება სავარაუდო მოტივი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა საავადმყოფოში, ოპერაციის დაწყებამდე იმ პირის ვინაობა დაასახელა, ვინც მასზე თავდასხმა მოახდინა, თუმცა გამოძიება ამ ფაქტზე არ საუბრობს.

გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მკვლელობის ადგილიდან ვაზნები, ასევე სისხლიანი ტანსაცმელი და სხვა ნივთები უკვე ამოიღეს. რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, გუგეშაშვილის მეგობრები და ნაცნობები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი ოჯახი იყო, არც თუ შეძლებული და ძარცვის ვერსიას გამორიცხავენ.

პარლამენტის წევრის, კობა კობალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ შუძლია, ივარაუდოს, რა მოხდა.

„დოდო გუგეშაშვილი არის ყველასთვის ცნობილი, მასთან გვქონდა ურთიერთობის გარკვეული ისტორია, კარგი პროფესიონალი იყო და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი თქმით, როგორც ვეტერანთა კავშირის წევრებს, ასევე დოდო გუგეშაშვილსაც გარკვეული სოციალური პრობლემები ჰქონდა.

„ვეტერანთა კატეგორია და ვეტერანები არიან საზოგადოების ნაწილი, რომელთაც აქვს დამსახურება და არ იყო სათანადო ყურადღება მათ მიმართ, სოციალურ მდგომარეობაზე შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე სოციალური ფონია, კონკრეტულად რა იყო ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვანუგეშებდით“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

დოდო გუგეშვილის მეგობარი, კაკო ვაშაკიძეც აცხადებს, რომ ვერსიებზე საუბარი უჭირს, თუმცა ყაჩაღობას გამორიცხავს, რადგან ოჯახი არ ცხოვრობდა შეძლებულად, ამიტომ ყაჩაღობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

„ფულს ხან ვის ესესხებოდნენ, ხან ვის“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

როგორც გუგეშაშვილის მეზობელი აღნიშნავს, დოდო, შვილთან ერთად, ერთი წელია, რაც ამ მისამართზე გადმოვიდა, დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა.

„ბოლო პერიოდში დოდო ძალიან აქტიური იყო, მეც ვეტერანი ვარ და მეუბნებოდა, რატომ არ მოდიხარ ვეტერანთა კავშირშიო. გუშინ რომ ვნახე, არც აღელვება ეტყობოდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. მათი ბინა მე-13 სართულზეა, სროლის ხმა მე არ გამიგია, თუმცა სხვები ამბობენ, სახლიდან ხმაური ისმოდა. დოდოს შვილი ძალიან პატიოსანი ბიჭი, წესიერი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ის ჯერ ვეტერანთა კავშირში მუშაობდა ფოტოგრაფად, ბოლო პერიოდში კი ერთ-ერთ საბავშვო-გასართობ ცენტრში. დედა-შვილი დიღმის მასივში ქირით ცხოვრობდნენ. წარმოუდგენელია, მათთან ვინმე საყაჩაღოდ შესულიყო, რადგან მათ ეკონომიურად ძალიან უჭირდათ. არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელს იცნობდნენ და კარიც თვითონ გაუღეს".

მეზობლები ყვებიან, რომ ესმოდათ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა.

„თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა, სისხლი სდიოდა, თან ყვიროდა, მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მაშინვე სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.

„კონფლიქტურები არ იყვნენ, რომ რაიმე იეჭვო. პატიოსანი ხალხია“, - განაცხადა მეზობელმა.

დოდო გუგეშაშვილი „მხედრიონის“ წევრი იყო, რომელიც 1989 წელს ჯაბა იოსელიანმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დააფუძნა. ამ ორგანიზაციის შექმნის მთავარ მიზნად ეთნოკონფლიქტების დარეგულირება დასახელდა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ფაქტობრივად, შეიარაღებული ძალების გარეშე აღმოჩნდა.

„მხედრიონი“ მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციებში, აქტიურად მონაწილეობდა 1991-1992 წლების მოვლენებში; 1992-1993 წლებში ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასა და აფხაზეთის ომში.

სწორედ აფხაზეთის ომის დროს გახდა ყველასთვის ცნობილი დოდო გუგეშაშვილის სახელიც, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ ჯაბა იოსლიანის მარჯვენა ხელადაც -  კარგი მებრძოლი გახლდათ, იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე გაგრაში, ოჩამჩირეში, სოხუმში... ის უკანასკნელ დღემდე იცავდა სოხუმს, რომლის დაცემის შემდეგ დოდო გუგეშაშვილი თავისი რაზმით დალის ხეობის დასაცავად გადავიდა.

როგორც თვითონ  ერთ-ერთ ინტერვიუში იხსნებს, 1994 წლის მაისის ბოლოს ომში მიღებული ჭრილობებით და ტრავმებით კოდორის ხეობა დატოვა, სადაც ექვსი თვე პარტიზანულ ომებს აწარმოებდა. 1995 წელს დაიჭირეს, ბრალად წაუყენეს ბანდიტიზმი და დარჩელში სახლების გადაწვა. 10 წელი მიუსაჯეს, რომლიდანაც ციხეში 5 გაატარა. მას შემდეგ, რაც პარლამენტში 2000 წელს შეიქმნა ეროვნული შერიგების კომიტეტი, გუგეშაშვილი გაათავისუფლეს.

ცოტა ხნის წინ დოდო გუგეშაშვილმა საზოგადოების  ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის უკრაინაში მოხალისედ წავიდა. უკავშირდება თუ არა მის ოჯახზე თავდასხმა გუგეშაშვილის საბრძოლო წარსულს, ძნელი სათქმელია, თუმცა მედიასთან საუბრისას არაერთხელ განუცხადებია, რომ იყო დრო, როცა მასზე „დიდი ნადირობა“ მიდიოდა.