რამდენად შეგვიძლია ვენდოთ სახელმწიფოს, რომ 20-30 წლის შემდეგ ჩვენს მიერ შეტანილი თანხები საპენსიო ფონდში დაგვხვდება და სახელმწიფო არ მოიქცევა ისე, როგორც ხშირად იქცეოდა, როცა შენატანები უმისამართოდ ქრებოდა?! ამის შესახებ For.ge საბანკო სფეროს ექსპერტს გოჩა თუთბერიძეს ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ საპენსიო რეფორმას მოწინააღმდეგენი გამოუჩნდნენ. რეალურად, დაგროვებითი პენსია შეაფერხებს თუ არა ეკონომიკურ ზრდას და ხომ არ გაზრდის უმუშევრობას?
- ცხადია, ეს გავლენას იქონიებს ეკონომიკურ ზრდაზეც და უმუშევრობაზეც, ვინაიდან გარკვეული თანხები უნდა გაიღოს დამსაქმებელმაც. რომელ გადაწყვეტილებებსაც ჩვენი ხელისუფალნი ღებულობენ, კონტრპროდუქტიულია. ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რეფორმაც ბოლომდე გააზრებული და იმ ადამიანებისთვის სასარგებლო იქნება, რომლებიც შემდგომში უნდა დაელოდონ საპენსიო ანაზღაურებას. მათი კვალიფიკაციის არ მჯერა. დამსაქმებლები ეცდებიან, ნაკლები ხალხი აიყვანონ სამსახურში, ვიდრე ჰყავდათ. ცხადია, ეს უმუშევრობის მატებაზეც აისახება. ამიტომ, როდესაც ატარებ ასეთ რეფორმას, ყველა რისკი უნდა გაითვალისწინო და უნდა მოძებნო ამ რისკების აღმოფხვრის საშუალებები. ეს გასაგებად უნდა აუხსნა მოსახლეობას, რასაც ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ.
მაშინ რისთვის დასჭირდათ საპენსიო რეფორმაზე საუბრის დაწყება? პოლიტიკური ქულებისთვის, რომ, მართალია, დღეს ვერ ზრუნავენ პენსიონერებზე, მაგრამ მომავალში მათ ღირსეულ სიბერეს ჰპირდებიან?
- ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარ მაგალითზე იმსჯელოს, აწყობს ის, რასაც სახელმწიფო სთავაზობს დაგროვებითი პენსიის სახით? ხომ არ ურჩევნიათ, ის ფული ბანკში შეიტანონ და უფრო მეტი პროცენტი მიიღონ იქიდან. არ გამოიტანონ თანხა და გააკეთონ დაგროვებითი ანაბარი. ნებისმიერ კომერციულ ბანკში მათ ერიცხებათ ლარში სადღაც 10, 5-11% და ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ბანკის მიხედვით მერყეობს. შეგიძლიათ ბანკში ჩადოთ ეს თანხები, დათვალოთ, რამდენი წლის ხართ, როდის უნდა გახვიდეთ პენსიაში და დაინახავთ, გაცილებით მეტი თანხა დაგიგროვდებათ ბანკებში. ბოლოს და ბოლოს, გეცოდინებათ, რომ ეს თქვენი ფულია და სხვა რისკებთან არ იქნება დაკავშირებული.
რაც შეეხება რისკებს, ეროვნული ბანკი, როგორც მთავარი რეგულატორი, აპირებს აიღოს ვალდებულება, რომ მოსახლეობის დანაზოგი არ დაიკარგება. ყოველ შემთხვევაში, კობა გვენეტაძე მზადაა, დადოს ეს პირობა. ასეთ დაპირებებს თუ ენდობით?
- როგორც მე ვიცი, კობა გვენეტაძე 7 წლით არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. აქ ლაპარაკია, რომ ჩვენ ათეული წლების განმავლობაში უნდა ველოდოთ ჩვენს პენსიას. აქედან გამომდინარე, გვენეტაძის ეს დაპირება არაფერს ნიშნავს. მეორეც, ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა მიეჩვია ახალი რეგულაციების შემოღებას, რომლითაც კიდევ უფრო ზრდის ტრანზაქციულ ხარჯებს, რაც ძალიან ცუდად აისახება დასაქმების მაჩვენებლებსა და ეკონომიკურ ზრდაზე. ახალი რეგულაციები, რომლითაც ესენი ფიქრობენ პრობლემის მოგვარებას, წარმოშობს დამატებით ხარჯებს ბიზნესისთვის და არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი მომხმარებლები არიან, ანუ მოსახლეობისთვის.
რისთვის სჭირდებათ ახალ-ახალი რეგილაციები, ამით უფრო ადვილად ხდება არამიზნობრივი თანხების ჩადება ჯიბეში?
- დამატებითი რეგულაციები დამატებით კორუფციულ შესაძლებლობებს წარმოშობს. გარდა ამისა, ეს რეგულაციები სჭირდებათ იმისთვის, რომ არ აქვთ იდეოლოგია, ჩამოყალიბებული ხედვა არ გააჩნიათ. რაღაც ხედვას განუხრელად უნდა მისდევდეს ყოველი მთავრობა. ახლა კი რაღაც უბედურება მოხდება და მერე იწყებენ იმაზე ფიქრს, შემოიღონ თუ არა დამატებითი რეგულაციები.
მაგალითად, ახლა თავზე ჩამოემხოთ ვარკეთილის მეტრო, ამის გამო იწყებენ ახალი რეგულაციების შემოღებას და კიდევ უფრო უარესს გახდიან ბიზნესგარემოს. თავიანთი მოვალეობები კარგად რომ შეესრულებინათ, სახელმწიფოს ყველა სამსახურს გამართულად, სწორად და კვალიფიციურად რომ ემუშავა, ხომ არ დაემხობოდათ ჭერი თავზე?! ახლა კი დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე რომ ფიქრობენ, ეს ნიშნავს, რომ, თუ მეტრო ვარკეთილში 14 ადამიანი დაშავდა, ახლა ამ რეგულაცებით უნდა დაშავდეს მილიონობით ადამიანი.
პრაქტიკულად, ეს გაუაზრებელი, დამატებითი რეგულაციები გამოიწვევს სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირებას ყველა მიმართულებით. ამას აკეთებს ეროვნული ბანკი, სხვადასხვა სამინისტროები, უწყებები, ანუ სრული ქაოსია.
საპენსიო რეფორმას დავუბრუნდეთ. არის იმის რისკი, რომ დამსაქმებელმა და დასაქმებულმა არაფორმალური შრომითი გარიგებები დადონ და ამით საბიუჯეტო შემოსავლები შეამცირონ?
- ეს რისკი ნამდვილად არის და ამ რისკს როგორ მოუვლის მთავრობა, ამის შესახებ არაფერს ამბობს. აქ მთავარია, ვის აწყობს ეს რეფორმა? რეალურად, დამსაქმებელს არ აწყობს, დასაქმებულსაც არ აწყობს. ამ დროს კი დასაქმებულს ამას ავალდებულებენ. დასაქმებული ვალდებული იქნება, შეიტანოს თანხები, შექმნას დანაზოგები. ასევე, დამსაქმებელი იქნება ვალდებული, შეიტანოს თანხები. რაც შეეხება მთავრობას, ის თავისი წილით ვითომ გვეხმარება, ოღონდ ისევ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ხდება ეს დახმარება. აბა, მთავრობას საკუთარი ფული საიდან აქვს? ის ხომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულია?
ხელისუფლება აცხადებს, რომ დაახლოებით ასეთი საპენსიო მოდელი არსებობს სხვა ქვეყნებშიც.
- მაშინ ის გვითხრან, რომელი ქვეყნის მოდელი გადმოიღეს. ასეთი მოდელი გერმანიაშია და ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა თავად გერმანელები ბევრს აკრიტიკებენ ამ მოდელს და არა მხოლოდ გერმანელები. ერთი პერიოდი, ამ სისტემის გამო ამერიკელებიც დასცინოდნენ გერმანელებს. გერმანიაში სავალდებულოა საპენსიო შენატანების გაღება. თუკი მუშაობს ადამიანი, ან თუკი მისი შემოსავალი წლიურად მილიონ ევროზე ნაკლებია, ის ვალდებულია გააკეთოს შენატანი საპენსიო ფონდში, საიდანაც მოგვიანებით მას პენსია მიეცემა.
ამერიკაში განსხვავებული მოდელია, იქ კერძო საპენსიო სქემებია. სკანდინავიის ქვეყნებში კიდე უფრო განსხვავებული მოდელია. ისინი მაინც სოციალისტური მიმართულებისანი არიან და იქ საგადასახადო ტვირთი შემოსავლის 75%-მდე აღწევს. საქართველოში ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ამ განსხვავებული მოდელებიდან უნდა შეირჩეს ისეთი მოდელი, რომელიც საქართველოს სინამდვილეს ყველაზე მეტად მიესადაგება და, ასევე, გათვალისწინებული იქნება სამუშაო ადგილების შემცირების რისკები. გარდა ამისა, საინტერესოა, როგორ მოუვლის და მიხედავს ამ ფონდებში დაგროვილ ფულს სახელმწიფო, ან რაში გამოიყენებს ამას.
ახლა საუბარია მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში ამ თანხების ინვესტირებაზე. მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში დღეს არის საპროცენტო განაკვეთი 7%, რომელიც შეიძლება ხვალ 4% გახდეს. ღია ბაზარი, სადაც შესაძლებელი იყო ურისკო ფასიან ქაღალდებში ამ ფონდების განთავსება, სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია.
თქვენი აზრით, არსებობს იმის რისკი, რომ „ქართული ოცნების“ საპენსიო რეფორმის განხორციელების შემდეგ საპენსიო ასაკი გაიზრდება და საპენსიო ფონდები დანაკლისს ბიუჯეტიდან შეივსებენ?
- დიახ, ძალიან ბევრი რისკი არსებობს და ამ რისკების შესახებ ჩვენ არ გვაქვს დეტალური ანალიზი თავად ამ პროექტის ავტორთა მხრიდან. ისინი სათანადოდ ვერ სცემენ დასმულ კითხვებს პასუხს.