მალხაზ მაჩალიკაშვილი: „როდესაც ის განცხადება გავაკეთე, სამწუხაროდ მაშინ ამოიწურა საეთერო დრო, არ მომეცა ჩემი აზრის ბოლომდე დაფიქსირების საშუალება“

მალხაზ მაჩალიკაშვილი: „როდესაც ის განცხადება გავაკეთე, სამწუხაროდ მაშინ ამოიწურა საეთერო დრო, არ მომეცა ჩემი აზრის ბოლომდე დაფიქსირების საშუალება“

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ხეობაში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვს. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი შვილი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშულონ, მაგრამ ამბობს, რომ გამოძიებას ამის საშუალებას არ მისცემს და დარწმუნებულია, რომ შვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

for.ge მალხაზ მაჩალიკაშვილს ესაუბრა.

თქვენ შეხვდით მთავარ პროკურორს, მაგრამ ამბობთ, რომ ვერ მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია. ამ შეხვედრის შემდეგ იგივე აზრზე რჩებით, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით არ მიდის?

მალხაზ მაჩალიკაშვილი: უკვე ვფიქრობდი, რომ კომენტარი არ გამეკეთებინა.

რატომ?

- იმიტომ, რომ შეიძლება რაღაცა სიტყვა წამომცდეს, არასწორად იქნას გაგებული და ამაზე იწყება შემდეგ აჟიოტაჟი. სწორედ ამიტომ მომიწია განცხადების გავრცელება.

რას გულისხმობდით, როდესაც აღნიშნეთ, რომ „თუ დამნაშავე პირები არ დაისჯებიან ხელისუფლება პანკისს დაკარგავს“?

- როდესაც ეს განცხადება გავაკეთე, სამწუხაროდ მაშინ ამოიწურა საეთერო დრო, არ მომეცა ჩემი აზრის ბოლომდე დაფიქსირების საშუალება. მე ვსაუბრობდი ნდობაზე და ასეთი რამ გულში რომ მქონოდა, მაშინ ვიტყოდი, როდესაც ჩემი შვილის გარდაიცვალა. მე ვამბობდი, რომ თუ გამოძიება არ იქნება ობიექტური, თუ არ დაისჯება ის ხალხი, ვინც უდანაშაულო შვილი მომიკლა, ასეთ შემთხვევაში ხეობა ქისტებისგან გაიწმინება. აი მაშინ იქნება ხეობა დაკარგული, უქისტოდ ამ ხეობას აზრი არ ექნება.

ნაწილი ევროპაში გადაიხვეწება, ნაწილი კი ჩეჩნეთში გადავა და ხეობა დაცარიელდება. უქისტოდ დარჩენილი პანკისის ხეობა კი, დაკარგულია. მე ამას ვგულისხმობდი. მე ქართველი ხალხის მადლიერი ვარ, მაგრამ მე მაქვს პრობლემები სახელმწიფოსთან და მე ამ პრობლემებს მოვაგვარებ. ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვამბობ.

ყველანაირად შევეცდები, რომ თამირლანის საქმე იქნას გამოძიებული და სასამართლოს წინაშე წარსდგეს ყველა ის ნაძირალა, ვინც ჩემი შვილი მოკლა. რაც შეეხება შოთაძესთან შეხვედრას, დიახ, უკმაყოფილო ვარ ამ შეხვედრით. მთელი ხეობა ითხოვდა გენერალური პროკურორის პანკისის ხეობაში ჩამოსვლას, მაგრამ ვერ ამოვიდა. არც ერთი სახელმწიფო მოხელე და მინისტრი არ მოდის. ბედის ანაბარა არის მიტოვებული ხეობა.

თქვენ შეხვდით ირაკლი შოთაძეს თბილისში. რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანია მთავარი პროკურორის და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლა ხეობაში?

- იმიტომ არის აუცილებელი მათი ჩამოსვლა, რომ მთელმა ხეობამ იცის, თემირლანი რა ბავშვი იყო და ასეთი შვილი დამიხვრიტეს, როგორი ფიზიკური და მორალური შეურაცხოფა მიაყენეს მის ოჯახს. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, გარედან თქვენ ამას ვერ ხედავთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოვიდნენ და შეხვდნენ ქისტ ხალხს, შემხვდნენ მე. მოვითხოვე ვახტანგ გომელაურთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრა, მაგრამ - უშედეგოდ.

შოთაძესთან შეხვედრის ერთ დეტალს გავიხსენებ. თქვა, რომ ხეობაში იმიტომ არ ამოვიდა, თითქოს ოჯახის წევრებს უნდა გააცნოს მასალები. მაგრამ გამოძიების მასალები და თუნდაც კონკრეტული დეტალი არ გვინახავს. როდესაც საუბარი მიმდინარეობდა, ჩვენმა ადვოკატმა კითხვა დაუსვა შოთაძეს, რაც არ მოეწონა და იმ წუთში იცით რა თქვა? –„თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ავდგეთ, ხელები ჩამოვართვათ და დავემშვიდობოთ“. მაშინ ვიფიქრე, ხელის ჩამორთმევა კი არა, ავდგე და უნდა გავიდე-თქო, მაგრამ თავი მაინც შევიკავე. აი, რატომ ვარ უკმაყოფილო - საქმეს აქვს გრიფი „საიდუმლო“, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს არანაირი წვდომა არ აქვთ გამოძიების მასალებთან.

ეს კანონით რეგულირდება...

- გრიფი „საიდუმლო“ იმიტომ დაადეს, რომ როგორც უნდათ, ისე ატრიალონ ეს საქმე. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული. ჩვენ ხომ ვიცით, რა ხდება რეალურად.

როგორც ცნობილია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს საბანკო ანგარიშებს, რომელიც თქვენს შვილს ეკუთვნოდა. როგორ ფიქრობთ, სუსი იტყვის, რომ საბანკო ანგარიშებით დადასტურდა თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან?

- რა ბედიც ჩატაევს ეწია, ის ბედი ეწიოს სუს-ის ხელმძღვანელობას. ჩემს შვილს ჰქონდა ჩატაევთან კავშირი? თქვენ მაინც არ ფიქრობთ რას ამბობთ? რაღაცის გააზრება ხომ არის საჭირო?!

ის, რომ თქვენს შვილს ჰქონდა კავშირი ჩატაევთან, ამას ამბობს სუსი. მე ვსვავ კითხვებს...

- სუსი იტყვის, აბა რას იზამს. შემოცვივდნენ, ჩვენ მძევლად აგვიყვანეს და 19 წლის მძინარე შვილი მომიკლეს, პირდაპირ საწოლში ჩაცხრილეს. სხვა რა უნდა თქვან?! რაღაცაში ხომ უნდა დაადანაშულონ, რაღაცა ხომ უნდა მოიმოქმედონ. იმას იტყვიან, უდანაშაულო იყო და შეცდომა დავუშვითო? ჩემი შვილი რომ ჩატაევის მოკვაშირე ყოფილიყო, ჩემი შვილიც იმ ბინაში აღმოჩნდებოდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. იმ ბიჭებს მთელი ხეობა და ნახევარი თბილისი იცნობდა, ჩემი ბიჭიც იცნობდა. საიდან შემოვიდნენ, ვინ შემოიყვანა ეს ხალხი საქართველოში?! ისევ გომელაურის უწყებამ არ შემოიყვანა?! თუ არა მათი ხელშწოყობა, როგორ შემოვიდნენ საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანები?!.

დაკავებული რუსლან ალდამოვი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში კი სპეცრაზმი მას ეძებდა. ბატონო მალხაზ, უშვებთ ვერსიას, რომ მისი პიროვნება შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნებაში?

- პირველი დღიდან ორ ვერსიაზე ვსაუბრობდი, ჩემი შვილი ვიღაცაში შეეშალათ, ან ტელეფონის შეეშინდათ, რომელიც თემირლანს ხელში ეკავა. ის, რომ კადრებში ჩანს, ეს არაფერს არ ნიშნავს. მოსულიყვნენ და წაეყვანათ დაკითხვაზე. კი ბატონო, ეს მათი ვალდებულებაა, მაგრამ ლიკვიდირება მოხდა შეცდომით, შეეშალათ. პირველი დღიდან ვიძახდი ამას.

თავისთავად ჩნდება კითხვა, ალდამოვში რატომ უნდა შეშლოდათ თქვენი შვილი, გარდა იმისა, რომ ბავშვობაში ორივეს თემოს ეძახდნენ, სხვა რა მსგავსება იყო მათ შორის, რამაც ეს შედეგი გამოიწვია?

- იცით, რა ხდება... ხელმარჯვნივ პირველი არის ჩემი სახლი, ხელმარცხნივ პირველი სახლი არის რუსლან ალდამოვის. მაგრამ როდესაც მთავარი გზიდან მოდიხარ, ხელმარცხნივ ჩემი სახლია, ხელმარჯვნივ - რუსლანის. აი აქ მოხდა არევა, სახლები შეეშალათ. თემირლანი რომ მოკლეს, მერე აიღეს მისი დიპლომი, როდესაც დაათვალიერეს დიპლომი, მიხვდნენ რა ჩაიდინეს. რუსლან ალდამოვი დააკავეს, თავზე რაღაცა ჩამოაფარეს და ამის მერე ეკითხებიან სახელს და გვარს.

ალდამოვმა  უთხრა, თუ სახელი და გვარი არ იცით, რატომ შემოცვივდით ჩემთან, რატომ მაკავებთო. ამის შემდეგ ისევ მოხსნეს ტომარა, რომელიც თავზე ჩამაცვეს, არ იცოდნენ მართლა იყო თუ არა დაკავებული რუსლან ალდამოვი. გზაშიც ეკითხებოდნენ, ვინ იყო. ეს ვარაუდები არ არის, ეს არის ფაქტები. ბოლოს გაირკვა, რომ შეეშალათ, ვინ უნდა ყოფილიყო მსხვერპლი. სროლის მერე თვითონ სპეცრაზმს მოუვიდა ჩხუბი ჩემს ეზოში, ერთმანეთს დედას აგინებდნენ, რა ქენიო.

თქვენ ამბობთ, რომ შეეშალათ, მაგრამ გამოძიება არ უშვებს ამ შეცდომას.  გამოძიება ამბობს, რომ თქვენს შვილს კავშირი ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ამ ბრალდებას გამოძიება ცნობილი ვიდეო-კადრებით ამყარებს, რომელიც გავრცელდა...

- მანამდე საავადმყოფოში 24-საათიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობდა ჩემს შვილზე. ამ დრომდე არ წაუყენებიათ ბრალი, არც ჩემთვის გაუცვნიათ ბრალი. მესმის, თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ, მაგრამ თუ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი, მარტო იმ ორ ადამიანს იცნობდა და სხვას არა? ჩემს შვილს გაუკეთდა ოპერაცია, ოპერაციამდე გარეთ არ გადიოდა, ოპერაციის მერე გავიდა გარეთ.

მე, ან ჩემს მეუღლეს ყოველ თვე საავადმყოფოში დაგვყავდა კონსულტაციებზე და არის ამის ჩანაწერები. ასეთ რეჟიმზე მყოფმა ბავშვმა სად მოასწრო ამდენი, რომ ჩატაევი გაეცნო და ემოქმედა, მაშინ, როდესაც მას ეს თემა საერთოდ არ აინტერესებდა. დღეს ჩემი შვილი მოკლულია და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თემირლანი დაადანაშაულონ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში. მაგრამ ამას არ დავუშვებთ, მთელი ხეობა შეშფოთებულია, ევროპის ჩეჩნური დიასპორა ფეხზე დგას.

თქვენ ფიქრობთ, რომ გამოძიება იმ მიმართულებით მიდის, რომ თქვენი შვილი სცნონ დამნაშავედ და არა დაზარალებულად?

- მე ვითხოვ, რომ ჩემი შვილი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. სუს-ი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩემი შვილი დაადანაშულონ ტერორისტებთან კავშირში. ყველაფერი მათ ხელშია, დაამონტაჟებენ, გააყალბებენ. ჩვენი სახლიდან ამოიღეს თანხა, რომელიც გერმანიიდან გამოგვიგზავნეს. ამიტომ დაასკვნეს, რომ თურმე ჩატაევთან ჰქონია კავშირი.

გარწმუნებთ, რომ ჩემმა შვილმა არ იცოდა ჩატაევი საჭმელია, თუ სასმელი. რადგან ჩემი შვილი ცოცხალი არ არის, ახლა ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ხალხს დაანახონ, აი კავშირი ჰქონდა ჩატაევთანო. თუკი ამ დონის კავშირი ჰქონდა, მაშინ რატომ არ აღმოჩნდა იმ ბინაში?! ვიმეორებ, ჩატაევთან კავშირი არ ჰქონია, იცნობდა იმ ორ ბავშვს, მეც ვიცნობდი და მთელი ხეობა იცნობდა. ამოდიოდნენ ხეობაში. მაგრამ ვინ ჩამოიყვანა, ვინ მიიყვანა იმ ბინაში - ეს ჩვენ საიდან ვიცით?

ის, რომ ჩატაევის თანამზრახველებთან ჰქონდა კავშირი, არის თუ არა ეს თქვენთვის საფუძველი იფიქროთ, რომ შესაძლოა თქვენს შვილს კავშირი ჰქონდა ამ ორგანიზაციასთან?

- არა. ეს არაფრის ეჭვის საფუძველს არ მაძლევს. როგორც გითხარით, მარტო თემირლანი არ იცნობდა მათ, მთელი ხეობა იცობდა. მეორეც, მე ყოველ მის ნაბიჯს ვაკონტროლებდი. ჩემს შვილს რადიკალებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, არ იყო ასეთი ადამიანი, არ არის ჩემი ოჯახი ასეთი და  მთელმა ხეობამ იცის ამის შესახებ. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რომ ისინი ინტერპოლით იძებნებოდნენ, ან რა ინტერესები ამოძრავებდათ. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, ვინ შემოიყვანა ისინი საქართველოში. ჩატაევი სუს-მა შემოიყვანა, ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ.

ბევრჯერ ახსენთ, რომ სუს-მა შემოიყვანა... რა ინფორმაციის საფუძველზე ამბობთ, რომ ჩატაევი და მისი ჯგუფი სუს-მა შემოიყვანა?

- სხვანაირად შემოსვლა შეუძლებელია. წითელი ცირკულარით ძებნილმა ადამიანმა ორი საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ ვერავინ ვერ ნახა?!

გამოძიება ამბობს, რომ დაკავებულებმა შემოიყვანეს ჩატაევი და მისი ჯგუფი საქართველიში...

- თუ დაკავებულებმა შემოიყვანეს, ე.ი. ისინი თანამშრომლობდნენ სუს-თან. საქმე გააკეთებინეს და მერე გამოკეტეს. მე ჩემი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ. საქართველოში თუ ვერ შევძელი, სტრასბურგში აუცილებლად დავამტკიცებ ჩემი შვილის უდანაშაულობას. ჩემი შვილი არის უდანაშაულო.