შოთა გულბანი: „უცხოური კომპანია დემპინგური ფასით იმარჯვებს საგზაო ტენდერში და უხარისხო გზებს აგებს“

შოთა გულბანი: „უცხოური კომპანია დემპინგური ფასით იმარჯვებს საგზაო ტენდერში და უხარისხო გზებს აგებს“

„ვარკეთილის მეტროს ინციდენტი არაფერია იმ ტრაგედიასთან შედარებით, რაც შეიძლება ახალ მშენებარე გზებზე მოხდეს“, - აცხადებს „აფბა“-ს პრეზიდენტი შოთა გულბანი. მაგისტრალების მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით For.ge შოთა გულბანს ესაუბრა.

თქვენ საფუძვლიანი ეჭვი გაქვთ საგზაო მაგისტრალის ხარვეზებსა და დარღვევებთან დაკავშირებით. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტეთ მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მონიტორინგის დაწყება. საგზაო კომპანიები კონკრეტულად რაში სცოდავენ?

- ეს ყველაფერი მას შემდეგ დამტკიცდება, რაც მივიღებთ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით. ამ სამინისტროებში უკვე გაგზავნილი გვაქვს კითხვები. თუმცა ვადასტურებ, რომ ეს პრობლემა მანამდე არსებობდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ახალი არ არის ტენდერების ჩატარებისა და შემდგომ უკვე კომპანიების მიერ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც, თავის მხრივ, კიდევ მრავალი მიმართულებით წარმოშობს პრობლემას.

საქმე ის არის, რომ უცხოური კომპანია შემოდის საქართველოში, დემპინგური ფასით იმარჯვებს ტენდერში, თუმცა ეს ფასი რეალურად არ არის საკმარისი კონკრეტული პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის. როდესაც გამოვლინდება, რომ თურმე უცხოური კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა პროექტის დასრულებისთვის საკმარისი არ ყოფილა, შემდგომში უკვე ბიუჯეტს ხელახლა უწევს თანხების გამოყოფა პროექტის დასრულების მიზნით, რათა დაუსრულებელმა პროექტმა, ერთი მხრივ, სოციალური მღელვარება არ გამოიწვიოს და, მეორე მხრივ, საგზაო უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს უკანასკნელი ასევე წარმოშობს დიდ კითხვებს.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი ფოტომასალა, მტკიცებულებები, რომ კონკრეტულად ერთ-ერთი ჩინური კომპანია, რომელიც ახორციელებს მსხვილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში, მის მიერ შესრულებული სამუშაო მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. ამას არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი უარყოფს. ის, ასევე, ადასტურებს, რომ, კონკრეტულად, სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, გამოვლენილია ხარვეზები. მათ შორის, უკვე დაგებულ გზებზე დეფორმირებულია გარკვეული საგზაო მონაკვეთები, რაც გულისხმობს, რომ ამ ახლად დაგებული გზის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციაზე საუბარიც ზედმეტია.

ანუ ასფალტი აიყარა?

- ეს გზა ჩაზნექილია, რაც მიუთითებს, რომ კიდევ უფრო ჩაიზნიქება და დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა უსაფრთხოებას ვერ დაიცავს. ასეთ დეფორმირებულ გზაზე ძალიან ცუდი რამ შეიძლება მოხდეს, თანაც, ეს არის მაგისტრალი და აქ დიდი სიჩქარით მოძრაობენ მანქანები. ასეთი ხარვეზები  გამორიცხული უნდა იყოს, თანაც, ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი. ამიტომაც დავინტერესდით ამ კვლევის ჩატარებით, რადგან პრობლემა ნამდვილად არსებობს და დეტალურად მაშინ მოგაწვდით ინფორმაციას, როცა პასუხებს კონკრეტული სამინისტროებისგან მივიღებთ.

თქვენ სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მაგისტრალზე არსებული ხარვეზები ახსენეთ. სხვა მაგისტრალებზე რა ხდება და რომელი ჩინური კომპანია აჩენს კითხვებს?

- ჩვენ ამას გლობალურად ვაკვირდებით, მაგრამ გამოკვეთილად არაკეთილსინდისიერი ქმედებებით გამოირჩევა ჩინური კომპანია  „სინოჰიდრო“, რომელმაც უგულებელყო მთელი რიგი საკითხები, თუნდაც ქობულეთის შემოვლით გზასთან დაკავშირებით. იქ არის ერთ-ერთი სოფელი, სადაც ამ ჩინურ კომპანიას სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებული ჰქონდა  ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების უფლება, მაგრამ რეალურად, ამ კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები, რაც წესის თანახმად ევალებოდა. კერძოდ, ბუნებრივ წიაღისეულს როცა მოიპოვებს კომპანია, იმ კონკრეტულ ადგილებში, სადაც მიმდებარედ დასახლებული პუნქტებია, მიწების რეკულტივაცია უნდა განახორციელოს, რათა მოსახლეობამ შეძლოს მიწებით სარგებლობა. საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ადგილები აბსოლუტურად დაჭაობებულია, ანუ მათი გამოყენება შემდგომი ასი წლის განმავლობაში ვეღარ მოხერხდება. აქ არსებობენ, ასევე, დაზარალებული მცხოვრებელებიც, რომელთაც კომპენსაცია არ მიეცათ გარკვეულ გარემოებათა გამო. ამას გამოძიება დაადგენს.

ეს ადგილები ამ კომპანიის ხელოვნურად  ჩარევის შედეგად დაჭაობდა?

- დიახ, როდესაც გზის დაგებას ახორციელებს კომპანია, მას უფლებამოსილება აქვს, მიმდებარე ტერიტორიებზე მოიპოვოს ბუნებრივი წიაღისეული, ქვა-ღორღი, რომელიც მიწიდან უნდა ამოიღოს, დააგოს და შემდგომში უკვე ასფალტის დაგება   განახორციელოს. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიამ ღრმულები ამოიღო, ამოთხრილ ადგილებში გაჩნდა ჭაობები, ჭები, სადაც შეიძლება ადამიანი სულაც ჩავარდეს და დაიხრჩოს. აქ აშკარაა გარემოზე ზემოქმედების ნორმების უგულებელყოფა. ამას ემატება უხარისხო გზა, რომელზეც მილიონობით ლარი იხარჯება. ელემენტარულად, უსამართლობისა და პროტესტის განცდა გვიჩნდება.

გამოდის, ხელახლა უნდა დაიგოს ეს გზები? იმედს ვიტოვებთ, ეს ყველაფერი გამოვლინდება და მთავრობა შესაბამის მკაცრ ზომებს მიიღებს არა მარტო ჩინური კომპანიის, არამედ იმ კომპანიებთან მიმართებითაც, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად არ ასრულებენ. ამას გარდა, კეთილსინდისიერად მოთამაშე კომპანიებს შესაძლებლობას არ აძლევენ, რომ პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო თანხა გადაიხადონ. უცხოელები დემპინგური ფასით იმარჯვებენ და შემდგომში გარკვეული სქემების, მთავრობასთან მაქინაციების მეშვეობით ცდილობენ, გააჯანჯლონ ეს პროცესი, უხარისხოდ დააგონ გზები.

თუკი ადგილობრივ კომპანიებს ძირავენ უცხოელების სასარგებლოდ, შესაძლოა, გარკვეულ კორუფციულ გარიგებებთან გვქონდეს საქმე?

- ამის შესახებ ეჭვები არსებობს. სრულებით შესაძლებელია, ამ კონკრეტულ ტენდერებთან დაკავშირებთ, რომელთა კეთილსინდისიერებასაც ჩვენ ვიკვლევთ, რეალურად იყვნენ კიდეც მსურველი ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც სრულყოფილად განახორციელებდნენ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თუმცა ჩინურმა კომპანიამ სახელმწიფოს უფრო დაბალი ფასი შესთავაზა და, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, იოლად გაიმარჯვა. როდესაც უფრო დაბალ ფასს სთავაზობ, გამომცხადებელიც იძულებულია, დათანხმდეს ამ პირობებს.

წინა წლების გამოცდილებით გვახსოვს, რომ მაგისტრალების მშენებლობა და ასფალტის დაგება ხშირად ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალება იყო. ამ შემთხვევაში, თქვენს მიერ ნახსენები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ხომ არ მიჩქმალავენ იმ კონკრეტულ ფაქტებს, რაზეც თქვენ რეაგირებას ითხოვთ?

- კორუფციასთან მიმართებით ცოტა რთულია ჩემი მხრიდან მტკიცებულებების გარეშე განცხადების გაკეთება. იმედი მაქვს, ასე არ იქნება, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი იბადება თავად სახელმწიფო სტრუქტურებისა და ამ კომპანიების მოქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, გზები ნორმალურად დაიგოს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები ყაირათიანად დაიხარჯოს და წყალში არ გადაიყაროს, რადგან სწორედ ჩვენ ვართ შემავსებლები ამ ბიუჯეტის. 

ხშირად მაგისტრალების მშენებლობის ერთი პროექტი მეორით იცვლება. ეს ჩანაცვლება რამდენად უხარვეზოა? ბევრად უფრო გაუარესებულ პროექტს ხომ არ გვთავაზობენ?

- ისეთი კითხვებს მისვამთ, რაზეც პასუხებს ამ კონკრეტული სამინისტროებისგან ვითხოვთ. სწორედ ეს ჩანაცვლებები და პროექტში შესული ცვლილებებია ძალზე საინტერესო. რატომ დადგა დღის წესრიგში, რომ თავდაპირველ პროექტში ცვლილებები შესულიყო? შემდგომ გაიარა თუ არა ხელახალი ექსპერტიზა ამ ცვილებებმა? სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემულია თუ არა შესაბამისი ნებართვა და მიმდინარეობს თუ არა მონიტორინგი გარემოზე ზემოქმედების ნორმების უგულებელყოფასთან დაკავშირებით? დამეთანხმებით, ძალიან ბევრი კითხვაა დაგროვილი.