რამაზ საყვარელიძე: „სერიოზული ბრძოლა იქნება“

რამაზ საყვარელიძე: „სერიოზული ბრძოლა იქნება“

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მარგველაშვილის მოქმედების სტილში არ იყო იმის ნიშნები, რომ პრეზიდენტობის ერთი ვადით დაასრულა პოლიტიკასთან ურთიერთობა. გამომდინარე იქიდან, რომ მარგველაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე და საპარლამენტო არჩევნებზე არ ზრუნავს, საყვარელიძის შეფასებით, სავარაუდოა, რომ ისევ პრეზიდენტის სასახლისკენ აიღებს გეზს. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება რთული.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღება, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა და მათი შემოტანა-ტრანზიტი, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამარტივება შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს?

რამაზ საყვარელიძე: მარგველაშვილის მოქმედების სტილში არ იყო იმის ნიშნები, რომ მან ამ პრეზიდენტობის ვადით მოათავა პოლიტიკასთან ურთიერთობა. არც ის ეტყობა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნაზე და საპარლამენტო არჩევნებზე ზრუნავს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ისევ პრეზიდენტის თანამდებობისკენ აიღებს გეზსს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას, პოლიტიკოსმა პიარი სულ უნდა აკეთოს იმიტომ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ითვლება პოლიტიკოსის აქტიურობა.

მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის მოღვაწეობა არ არის დაცლილი პიარისგან...

- ასეც უნდა იყოს. ყველა თავის ნაბიჯს ბრიფინგების საშუალებით უხსნის მოსახლეობას. მოსახლეობასთან ასეთი დიალოგი უკვე პიარია. მცდელობა, რომ მოსახლეობამ გაიგოს, თუ რატომ გადადგა ესა თუ ის ნაბიჯი, ეს უკვე პიარია. ასე, რომ, მარგველაშვილს ყოველთვის თან ახლავს ასეთი პიარი. არჩევნები ახლოვდება და ამიტომ ჩვენ ახლა გვახსენდება მისი აქტივობები და ვფიქრობთ, რომ შეიძლება არჩევნებისთვის ემზადება. მისი ქცევის სტილი დიდად არ შეცვლილა. საზოგადოებასთან დიალოგის სტილი ჰქონდა ადრეც და აქვს ახლაც.

რაც შეეხება ინიციატივას, წარსულში დაშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს, რომ სამომავლო შეცდომების პრევენცია მოხდეს. ამას, რა თქმა უნდა, საზოგადოება შეხვდება გაგებით და მიიღებს კიდეც ამ პოზიციას. კი ბატონო, ამ მხრივ პიარის ელემენტებს ატარებს, მაგრამ თავისთავად ეს ლოგიკური პროცესია.

მარგველაშვილის პიარ ნაბიჯები ლოგიკური პროცესია, მაგრამ რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი მარგველაშვილი, როგორც კანდიდატი? ცნობილია, რომ ეს არ იქნება „ქართული ოცნება“...

- მომზადების თემაზე მოგახსენეთ და ვთვლი, რომ პრინციპში ყოველთვის ემზადებოდა. არხეინად არასოდეს ყოფილა. ყოველთვის აქტიური იყო, რაც მუდამ იქცევდა მისდამი ყურადღებას. რაც შეეხება მეორე საკითხს, პრეზიდენტს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს მთელ საკითხზე, მათ შორის დასავლეთის პოზიციაზე. კერძოდ, როგორია დასავლეთის შეფასება. მე მგონია, რომ ამ მომენტებს უწევს ანგარიშს მარგველაშვილი, ისევე როგორც ბევრი პოლიტიკური ჯგუფი დაპოლიტიკური ფიგურა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხშირად მარგველაშვილის ნაბიჯები დასავლეთის პოზიციით არის განპირობებული.

მოგეხსენებათ, რომ დასავლეთის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჯერ კიდევ არ არის ცალსახა. „რადიო თავისუფლების“ გარშემო მიმდინარე პროცესი ანარეკლია ამ დამოკიდებულების. სავარაუდოა, რომ ამ ცვლილებებს პრეზიდენტი უკეთესად ხედავს და ითვალისწინებს საკუთარი პოზიციის დაკავებაში. როცა ჩვენ ვსაყვედურობთ, რომ იგივე პიჯაკების, თუ სხვა ამ ტიპის საქმეებზე მისი შეფასება სააკაშვილის დაცვა იყო, შეიძლება ეს სააკაშვილის დაცვა იმდენად არ იყო, რამდენადაც დასავლეთის პოზიციის გარკვევა.

მეორეს მხრივ, ამ ბოლო ინიციატივით - ვინც გირგვლიანის საქმეში მიიღო მონაწილეობა პასუხი უნდა აგოს - უპირველეს ყოვლისა ეს არის სააკაშვილის იმდროინდელი გარემოცვა და თვითონ სააკაშვილი. ეს ინიციატივა წორედ რომ სააკაშვილის მომხრეების წინააღმდეგ არის მიმართული. ასე რომ, ცალსახად რომელიმე ერთი მიმართულებით არ დგამს ხოლმე ნაბიჯებს. ამიტომ თქმა იმისა, თუ რომელ ჯგუფთან იქნება, საკამოდ ძნელია. ასეთი გუნდი არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ.

გუნდის გარეშე აქვს შანსი მიიღოს მოსახლეობის მხარდაჭერა? ვგულისხმობ ხელისუფლებისადმი უკმაყოფილოდ განწყობილ მოსახლეობას და თუ NDI-ის კვლევას გავითვალისწინებთ, ციფრი მაღალია. ამომრჩევლის ამ ნაწილის ხმა საკმარისია იმისათვის, რომ მარგველაშვილი მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი? ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ წაიღებს უკმაყოფილო ამომრჩევლის ხმას დამოუკიდებელი კანდიდატიალეკო ელისაშვილი, თუ ირაკლი ალასანია...

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და თქვენს მიერ განხილული ვერსიაც საფუძვლიანია. ბევრი დაიწყებს ნადირობას იმ ხმებზე, რომლებმაც მერის არჩევის დროს ელისაშვილს მისცა საშუალება, დაემარცხებინა ყველა ოპოზიცური კანდიდატი. დაინახეს, რომ ამ ელექტორატზე მუშაობა საკმაოდ პროდუქტიულია.

სავარაუდო იყო, რომ ამ ელექტორატისკენ გადადგამდა ნაბიჯებს ელისაშვილი და თუ ალასანია შემოდის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ამომრჩეველში ისიც ხელისუფლებისგან და ნაციონალებისგან დამოუკიდებელ კანდიდატად აღიქმება. არ არის გამორიცხული, მარგველაშვილიც ამავე ხმებზე იყოს ორიენტირებული. ასე რომ, დამოუკიდებელი კანდიდატობა საკმაოდ პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი პოლიტიკოსისთვის.

როგორც წესი, საქართველოში ამომრჩევლი აქცენტს აკეთებს ახალ სახეზე. ახალ კანდიდატად შეიძლება მიიღოს ამომრჩეველმა ალასანია, რომელიც საარჩევნო პროცესში პოლიტიკური გუნდის გარეშე შემოდის...

- თუ პროცესებს დავაკვირდებით, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან რთული საპრეზიდენტო არჩევნები. პრესტიჟის საქმეც არის, რომ პრეზიდენტის სავარძლისთვის გამართულ არჩევნებში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვოს იმიტომ, რომ თუ ვერ მოახერხა გამარჯვება, ეს იქნება ბზარი მის რეიტინგში. მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში, უფრო ადვილი იქნება მმართველი გუნდის წაქცევა. მაგრამ როცა ორი, ან სამი კანდიდატი შემოდის, ისინი ერთმანეთს ურთულებენ საქმეს, რაც მმართველი გუნდის კანდიდატისთვის იქნება მომგებიანი. რაც მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, მით უფრო ნაკლებ ხმებს მიიღებს თითოეული და გამარჯვების შანსიც შეუმცირდება.

რამდენად კონკურენტული იქნება საპრეზიდენტო არჩევნები?

- მე მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება რთული იმიტომ, რომ არის პრობლემები. საპრეზიდენტო არჩევნები რთული იქნება იმიტომაც, რომ შეიძლება გაიმარჯვოს კანდიდატმა, რომელიც არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს და ეს შექმნის მეორე სირთულეს. პარტიული გუნდი მაინც გარკვეულ პასუხისმგბელობას უქმნის ხოლმე ამა თუ იმ თანამდებობაზე ადამიანს. პარტიის მხარადჭერის გარეშე თუ გავიდა, იქ წმინდა პარტიული მოტივები აღარ იმუშავებს, რაც რთულია.

სერიოზული ბრძოლა იქნება. არ ვიცით, ვინ იქნება ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ არანაკლები ბრძოლა მოუწევს, ვიდრე კალაძეს. იქ რომ კალაძის რეიტინგი არ ყოფილიყო, შეიძლება ელისაშვილი კიდევ უფრო შორს წასულიყო და კალაძეც დაემარცხებინა. ანალოგიურად, აქაც ხელისუფლებას დაჭირდება კანდიდატი, რომელიც პიროვნული რეიტინგითაც არის ცნობილი მოსახლეობისათვის და არა მარტო პარტიულით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ გუნდს გაუჭირდება ბრძოლა.

„დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც“, - ამ ინიციატივით გამოდის გიორგი კვირიკაშვილი. ფაქტია ისიც, რომ შავი ჯიპების თემა არის საკითხი, რომელიც წლებია მოსახლეობის გაღიზიანებს იწვევს, მაგრამ როდესაც მმართველი ძალა ხელისუფლებაში მოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ აკეთებს ამაზე აქცენტს, ეს უკვე ნიშნავს, რომ მარგველაშვილს მიერ დაწყებულ საარჩევნო კამპანიას უპირისპირდება? როგორ ფიქრობთ, ეს მოკლევადიანი ეფექტისთვის არის გათვალისწინებული და შესაძლოა გრძელვადიან პრესპექტივაში სულაც არ იყოს ეფექტური?

- კომუნისტების დროს იყო შავი „ვოლგები“, ახლა არის შავი ჯიპები. თავისთავად, ანალოგიური განცხადებები საზოგადოებისთვის საყურადღებო განცხადებებია, ხშირად კეთდება ამ შინაარსის განცხადებები, მათ შორის, კვირიკაშვილის მიერ და ხშირად იმას ჩივიან, რომ განცხადება კეთდება და საქმე არ მოჰყვებაო. გახსოვთ, პენსიების მომატებაზე და მგზავრობის საფასურის დაკლებაზეც იყო დაპირება, მაგრამ ისევ იგივე სიტუაცია გვაქვს. ახლა ჯიპების თემა წამოვიდა, თუ პრობლემა გადაწყდება - კარგია. პრობლემები არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით საქმე არ ჩანს.