ანზორ სახვაძე: „რით უნდა გააჩერო ადამიანი, რომელსაც შია, წყურია და სამუშაო არ აქვს?“

ანზორ სახვაძე: „რით უნდა გააჩერო ადამიანი, რომელსაც შია, წყურია და სამუშაო არ აქვს?“

ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 35%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტო (EASO) ავრცელებს. სააგენტოს მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით 1465 განცხადებაა აღრიცხული. თუმცა მაღალია განცხადებაზე უარის თქმის შემთხვევები. თავშესაფარზე უარი საქართველოს 879-მა მოქალაქემ მიიღო. მხოლოდ 13 მოქალაქის თხოვნა დაკმაყოფილდა, 5 მოქალაქე დროებითი სუბსიდირების პროგრამაში მოხვდა. დანარჩენების ბედი გაურკვეველია. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პასუხის მოლოდინში ამჟამად საქართველოს მოქალაქეთა 3117 „ქეისია“.

თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ანზორ სახვაძე ესაუბრა.

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის 35%-იანი ზრდა საქართველოს დემოგრაფიულ სურათს რამდენად დაამძიმებს? საყურადღებოა, რომ საქართველოს, ვენესუელისა და თურქეთის მონაცემები ამ მხრივ გაზრდილია.

- საერთოდ, ჩვენი მიგრაციული პროცესების აღრიცხვა ძალიან მწირია, ის მხოლოდ იძლევა საერთო სხვაობას ჩამოსულებსა და წასულებს შორის, ესეც როგორი სიზუსტით, კაცმა არ იცის. პრაქტიკულად, ეს საერთო სენია. გარე მიგრაციის აღრიცხვა სრულყოფილად არსად ხდება, თვით ისეთ ქვეყნებშიც კი, რომელთაც შემსვლელებისა და გამსვლელების ნაკადების კონტროლის დიდი ხნის ტრადიცია აქვთ. ისინიც ვერ აღრიცხავენ, მათი ქვეყნიდან რამდენია გასული, რადგან, როცა გადის ადამიანი, რამდენი ხნის შემდეგ შემოდის, ან შემოდის თუ არა, ეს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად რეგულირდება. როგორც წესი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, თუკი ადამიანი ერთ წელზე მეტია გასული, მაშინ ის უკვე აღარ ითვლება ამ ქვეყნის მოქალაქედ. თანაც, მიზანი უნდა იყოს, ადამიანი რისთვის წავიდა საზღვარგარეთ. შეიძლება, მავანი ხუთჯერ წავიდეს უცხოეთში, თუნდაც სამკურნალოდ მიდი-მოდიოდეს, ისიც შეიძლება, ერთხელ წავიდეს და სულაც დარჩეს უცხოეთში.

თქვენი მონაცემებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიგებს ისევ ავსებენ ქართველები?

- ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდების მისწრაფება უცხოეთში წასვლის მიმართულებით მზარდია. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა, რომელსაც აქ დასაქმების პერსპექტივა თვალსაწიერ მომავალში არ უჩანს, ცდილობს, წავიდეს საზღვარგარეთ ბედის საძებნელად. ამ შემთხვევაში, იგულისხმება სამუშაოდ წასვლა, მაგრამ, თუკი პირადი ურთიერთობებიც აეწყო უცხოელთან, ბევრი მათგანი არ არის წინააღმდეგი, უცხოეთში დარჩეს საცხოვრებლად. დემოგრაფიული თვალსაზრისით, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა. ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და ყოველი ადამიანის გასვლა ჩვენთვის დემოგრაფიული დანაკარგია, თუკი ის დროებით არ არის წასული და რაღაც საქმის შემდეგ ისევ არ დაბრუნდება საქართველოში.

როდესაც დასაქმება პრობლემატურია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, ისინი ცდილობენ, თავიანთი ენერგიის, პოტენციალის რეალიზება სადღაც მოახდინონ. დღესდღეობით ყველაზე მიმზიდველი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც ახალგაზრდების ძირითადი ნაკადები მიედინება. რუსეთმა მათთვის მომხიბვლელობა დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში უფრო მეტია დასაქმების შანსი. იმის გამო, რომ ახალგაზრდებმა რუსული არ იციან, ცდილობენ, ევროკავშირის ქვეყნებს მიაშურონ, სადაც თავიანთი ორი ღერი, ან საფუძვლიანად შესწავლილი ინგლისურით ურთიერთობებს დაამყარებენ. ასეთი ტენდენცია გასაგებია და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენთან სათანადო რაოდენობით სამუშაო ადგილები არ შეიქმნება. ალბათ,  ვერასდროს შევძლებთ, ახალგაზრდების აბსოლუტური რაოდენობა დავასაქმოთ, მაგრამ უდიდესი რაოდენობა მაინც რომ დასაქმდეს, კარგი იქნება. 

საქართველოსგან განსხვავებით, 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რიცხვი სხვა ქვეყნებიდან 43%-ით შემცირდა. რა არის ამ შემცირების მიზეზი, ის ხომ არა, რომ  ევროკავშირმა ჩაკეტა და გაამკაცრა საზღვრებზე გადასვლა? არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოთხოვნა ხუთი წლის განმავლობაში სირიის ქვეყნებიდან ფიქსირდებოდა.

- ევროკავშირში წასვლის სურვილი სირიის მოქალაქეებს ყველაზე მეტად 2016 წელს ჰქონდათ, 2017-ში კი, როდესაც სირიის პრობლემა პრაქტიკულად გადაწყდა და რუსეთის დახმარებით სამთავრობო ძალებმა შეძლეს კონტროლი აღედგინათ სირიის უდიდეს ნაწილზე, ბევრი სირიელი აღარ ცდილობს ევროპაში წასვლას. ძალიან ძნელია ერთი ხელის მოსმით მიატოვო მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი დანაზოგი, დედაბუდიანად აიყარო და სხვაგან გაიქცე.

ცხადია, ყველას არ უნდა წასვლა. თუ არის წამსვლელი, შეიძლება იყოს ახალგაზრდა, რომელსაც სასწავლებლად წასვლის სურვილი აქვს, მაგრამ ისეთი დიდი ნაკადი, როგორიც 2015-2016 წლებში იყო სირიიდან, აღარ იქნება, რადგან ახლა უკვე სირიას თვითონ ესაჭიროება წასული ხალხის დაბრუნება და აღორძინება. მათი სახლ-კარი უმეტესად დანგრეულია. მით უმეტეს, ის ევროპაც არც თუ ისე ხელგაშლილი ეგებება მათ. თქვენ გახსოვთ, ლიბიიდან წასული რამდენი ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, როგორი რთული რეჟიმი იყო და ევროპაში გადასულები, პრაქტიკულად, გამოყარეს. ძნელია, შეხვიდე იმ ქვეყანაში, სადაც არ გეპატიჟებიან. მით უმეტეს, თუ რაღაც დააშავე და დაარღვიე კანონი. ამისთვის ნოყიერი ნიადაგია ლტოლვილებში, რადგან შეიძლება ისინი ციხეშიც აღმოჩნდნენ.

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის 35%-იანი ზრდა იმითაც ხომ არ არის გამოწვეული, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია გამარტივდა?

- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თავშესაფრის მაძიებელთა რანგში ძირითადად გადის ისეთი კატეგორიის ხალხი, რომელთაც აქ არ აქვს სამუშაო, თორემ, თუ შენ აქ გაქვს აწყობილი საქმე, მუშაობ, გაქვს სახლ-კარი, რისთვის უნდა წახვიდე საზღვარგარეთ? შეიძლება წახვიდე სამოგზაუროდ, მაგრამ წახვიდე იმისთვის, რომ ეხვეწო უცხოელს, შენი ჭირიმე, თავშესაფარი მომეცი, თანაც, პოლიტიკური თავშესაფარი, საქართველოში მჩაგრავენო, არ არის მარტივი. ამიტომ აქ ძირითადი მოტივია უმუშევრობა და არა ის, რომ ჩვენთვის გაიღო ევროპის კარი.

ეს კარი რომ გაიღო, განა ევროპელები გვეპატიჟებიან, ჩვენთან მობრძანდითო? პირიქით, ბარიერებს გვიქმნიან. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით შეტანილ 3117 განაცხადს, ჩვენ არ ვიცით, ამ 3117-ში შედის თუ არა წინა პერიოდი, ანუ გასული წლის ნოემბერი, ან ივნისი, როცა გაგვიხსნეს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. მასშტაბებზე თუ ვილაპარაკებთ, 3117 საკმაო ციფრია, თანაც წარმოიდგინეთ, რომ ეს უნდა იყოს, მაქსიმუმ, ნახევარი წლის მონაცემი, რადგან შარშან სწორედ ივნისიდან გაიხსნა უვიზო მიმოსვლა.

თუკი ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფარს 3117 კაცი ითხოვდა, საშუალოდ წელიწადში გამოდის, რომ 5 ათასი კაცი მაინც ითხოვს წასვლას, ყოველწლიურად 5 ათასი კი ძალიან დიდი ციფრია საქართველოსთვის. პრაქტიკულად, 5 ათასი არის ჩვენი ბუნებრივი მატების აღმნიშვნელი ციფრი ბოლო წლების განმავლობაში; ანუ ჩვენთან წლის განმავლობაში დაბადებულთა რიცხვი გარდაცვალებულთა რიცხვს დაახლოებით 5-6 ათასით აღემატება. ამიტომ დაბალი შობადობის პირობებში თავშესაფრის მაძიებელთა ეს მაჩვენებელი საგანგაშოა. 2017 წელს შობადობა 2016 წელთან შედარებით კიდევ შემცირდა. 2016-ში თუ დაახლოებით 57 ათასი ბავშვი დაიბადა, 2017 წელს, წინასწარი მონაცემებით, სადღაც 53-54 ათასი დაიბადებოდა. ასეთი დაბალი შობადობის პირობებში რა ბუნებრივი მატებაც გვაქვს, ყველანი შეიძლება აღმოჩნდნენ ევროპაში და ჩვენთან მოსახლეობა ისევ იმ დონეზე დარჩეს. ხოლო, თუ ჩვენთან მიგრაციის უარყოფითი სალდო იქნა, ეს კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს დემოგრაფიულ სიტუაციას.

თავშესაფრის მთხოვნებლები ვეღარ იტყვიან, რომ საქართველოში მათ მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. საინტერესოა, რა მიზეზებს იგონებენ თავშესაფრის მისაღებად?

- ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, თუ რა მოტივაცია აქვთ და რა მიზეზით შეიძლება მისცეს ერთმა ქვეყანამ სხვა ქვეყნის მოქალაქეს თავშესაფარი. შეიძლება, ზოგან საკმარისი იყოს საკუთარ ქვეყანაში მუქარა, პოლიტიკური დევნა, ან კიდევ, არსებობის საშულების მიუღებლობა, როცა ვერ ღებულობს ადამიანი სამუშაოს. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, რა მოტივით ითხოვენ თავშესაფარს. თავისთავად, დემოგრაფიულად არასახარბიელოა, რომ ამ ადამიანებს საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნიათ და უცხოეთში ან სამუდამოდ, ან დიდი ხნით დარჩენა სურთ. ვიმეორებ, ამის შემაკავებელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იქნებოდა სამუშაო ადგილების შექმნა. რითი უნდა გააჩერო ადამიანი, რომელსაც შია, სწყურია და სამუშაო არ აქვს? ნუთუ იმით, რომ სახელმწიფო მათ ეუბნება, მე ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეო? გახდი, მერე რა?! ადამიანი თუ შიმშილით კვდება, სულ არ აინტერესებს არც ევროპა, არც ევროკავშირი.