რამდენიმე დღის წინ, 28 იანვარს, გამოჩენილ იტალიელ კარის დარაჯს ჯანლუიჯი ბუფონს დაბადებიდან ორმოცი წელი შეუსრულდა. ტურინის „იუვენტუსისა“ და „სკუადრა აძურას“ მეკარეს საქართველოში ბევრი თაყვანისმცემლები ჰყავს. მით საწყენია ის ფაქტი რომ მომავალ მსოფლიო პირველობაზე იტალიის ეროვნული გუნდი არ იასპარეზებს.
რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ბუფონისთვის დიდ ტრაგედიად გადაიქცა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჯანლუიჯი კვლავ მშობლიური „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს და „ხანდაზმული ასაკის“ მიუხედავად საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.
დღევანდელ წერილში იტალიელი კარის დარაჯი საკუთარ სპორტულ გზას თავად გაიხსენებს.
„ოჯახში ყველა წარმატებული სპორტსმენი იყო: მამაც, დედაც და დაც. მამაჩემი ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, დედა ბადროს ტყორცნაში იყო იტალიის ჩემპიონი. სხვათა შორის, თავის დროზე ის ქვეყნის რეკორდსმენი გახლდათ. ცხადია, მათი შემხედვარე მეც მსურდა წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი. ადრეულ ასაკში ისინი მეხმარებოდნენ, მაგრამ როცა გავიზარდე, უკვე თავად ვიცოდი, რა იყო ჩემთვის უკეთესი.
იყო რამდენიმე სპორტსმენი, ვისთან მსგავსებაც მსურდა. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ: მაგალითად ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი ივან ლენდლი ჩემი კერპი იყო, ასევე შვედი სტეფან ედბერგი, პატრიკ რაფტერი. ტომას ნკონოზე უკვე გითხარით. ასევე ძალიან მომწონდა მისი თანაგუნდელი, კამერუნის იმ ნაკრების ლიდერი როჟე მილა. მან იტალია 90-ზე მართლა ძალიან მაგრად ითამაშა!
არასდროს დამავიწყდება ჩემი დებიუტი „პარმაში" - ჩვენი მეტოქე ის „მილანი" იყო, სადაც ჟორჟ ვეა, რობერტო ბაჯო, დეიან სავიჩევიჩი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ. იცით, იმ დღეს ვგრძნობდი, რომ ოცნება ამისრულდა, რეალობად იქცა ყველაფერი, რისთვისაც ბავშვობიდანვე ვემზადებოდი! სხვათა შორის, მეც და მთელმა გუნდმაც დიდებულად ვითამაშეთ - მატჩი 0:0 დასრულდა. ასეთ მეტოქეებს გოლს რომ არ გაატანინებ, ესე იგი, კარგად გითამაშია. ვუყვირე თუ არა მცველებს? შეიძლება კი, შეიძლება - არა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა - მეკარის საქმე დაცვის ხელმძღვანელობაა და თუ საამისოდ ხმის აწევაა საჭირო, არავის უნდა გაუკვირდეს.
2001 წელს „იუვენტუსმა" ჩემს სანაცვლოდ 52,8 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს დიდებული იყო! სიმართლე გითხრათ, ამხელა თანხის გამო არავითარი პრობლემა არ მქონია, თავში ავარდნას და ამდაგვარებს ვგულისხმობ. თუ ფეხბურთელი კარგია, ფასიც შესაბამისია - ამას სატრანსფერო ბაზარი განაპირობებს. ხომ იცით, კარგი მეკარე ისევე მნიშვნელოვანია კლუბისთვის, როგორც ძლიერი თავდამსხმელი, ასე რომ... ალბათ, „იუვენტუსის" შეფებმა იფიქრეს, რომ მათი გუნდისთვის საჭირო ვიყავი. ადგნენ და ამხელა თანხაც გაიღეს. ტრანსფერი 5 მილიონი რომ ყოფილიყო, ამხელა ამბავი არ ატყდებოდა, მაგრამ თითქმის 53-მა მილიონმა თავისი გააკეთა. ისე, „იუვენტუსში" 5 მილიონის სანაცვლოდაც გადავიდოდი, მაგრამ მეეჭვება „პარმას" ხელმძღვანელობა ბედნიერი ყოფილიყო.
დარწმუნებული ვარ არავის ესიამოვნებოდა ის ამბები, რაც 2006 წელს სერია ა-ში მოხდა - კალჩოპოლის ამბებს ვგულისხმობ. მაშინ ჩვენ, ტურინელებმა ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ: კლუბი სერია ბ-ში დააქვეითეს და თან ორი სკუდეტო ჩამოგვართვეს. ჩვენ, ფეხბურთელები დამნაშავენი არ ვიყავით - მოედანზე გავდიოდით და საქმეს პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ ამით რა?. იმოქმედა თუ არა კალჩოპოლის სკანდალმა ნაკრებზე? თქვენ როგორ ფიქრობთ? გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულებს, გვსურდა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც იმ ნეგატიურ ამბავს გადაფარავდა. ყველა ვხვდებოდით, რომ მატჩიდან მატჩამდე გადამწყვეტი მომენტი გვედგა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს კალჩოპოლის გამო შევძელით - უბრალოდ, ძალიან გვინდოდა გამარჯვება და რაც მთავარია, მზად ვიყავით ამისთვის.
ზიდანის ის მომენტი ფინალში? კი, ძალიან მნიშვნელოვანი წამი იყო, მაგრამ საუკეთესო? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისაა ყველაზე მაგარი ეპიზოდი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნამდვილადაა! ისე, ეფექტური ნახტომი კი გამომივიდა. პრინციპში, ზიზუს თავურიც ძალიან ლამაზი იყო!
გადაწყვეტილებებით ფასდება ადამიანი. იმ დროს „იუვენტუსში" დარჩენა, ეგებ, არ იყო ლოგიკური, მაგრამ მაშინ გულს ვენდე და ვფიქრობ, არ წავაგე. სხვებმა სხვა გზა აირჩიეს - პატრიკ ვიეირა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერში" წავიდნენ, ფაბიო კანავარო და ემერსონი - მადრიდის „რეალში", ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონაში" გადავიდნენ. ეს მათი გადასაწყვეტი იყო. იყო თუ არა ადვილი სერია ბ-ში თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ადვილი ან სასიამოვნო იყო. ამას უფრო გამოცდილება ეთქმის, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა.
რონალდო საუკეთესო მოთამაშეა, ვის წინაშეც ვმდგარვარ - ის შეუდარებელი, ბრწყინვალე, მართლა ფენომენი იყო! იტალიელებიდან? რობერტო ბაჯო! მან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩვენ ფეხბურთზე.
როცა ანტონიო კონტე „იუვენტუსში" თამაშობდა, შეუდარებელი იყო: კარგი ფეხბურთელი, ნაღდი პროფესიონალი, მისაბაძი ბიჭი. მწვრთნელად დაბრუნებულიც უმაღლეს დონეზე იდგა - მისი შემხედვარე იცოდი, რომ პროფესიონალთან, თავისი საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე კაცთან მუშაობდი.
ვინ უფრო მკაცრი იყო: კონტე თუ ფაბიო კაპელო? ერთმნიშვნელოვნად, კონტე! ის ახალგაზრდაა, ყოველდღიურად ფეხბურთით ცხოვრობს და ალბათ, ამიტომაცაა კაპელოსთან შედარებით ფიცხი. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ მწვრთნელმა ყველაფერი თქვას, რაც საჭიროა. ეს არც კაპელოს ეშლებოდა და არც კონტეს. მგონი, საქმე ასე უკეთესად კეთდება.
დასამალი რაა, პენალტების დროს ვღელავ. ასეთ დროს შანსები 50/50-ზეა და ფეხბურთელის გარდა, მეკარეზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ვცდილობ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო. ვფიქრობ, ამას ვახერხებ. საერთოდ, პენალტების სერია თამაშის ის კომპონენტია, რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარს.
ამბობდნენ, რომ ევრო 2012-ის ფინალის შემდეგ მარიო ბალოტელიმ ესპანელებთან წაგება ჩვენ, იუვენტუსელებს დაგვაბრალა, ჩვენ კი ვეცით და გასახდელის იატაკზე დავაგდეთ. ეს სისულელეა, ასეთი რამ არ მომხდარა! თანაც, მეეჭვება მარიო ის ბიჭი იყოს, ვინც ამის თქმას გაბედავდა.
იტალიის პირველ გუნდში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ! ყოველთვის, როცა თამაშის წინ ჰიმნს ვისმენ და ვმღერი, ვფიქრობ, რომ იმ წუთებში იქ, მოედანზე ყოფნით მაგრად გამიმართლა.
მთელი კარიერის განმავლობაში მოკლე შორტებით ვთამაშობ. როგორ გითხრათ, თავს ასე უკეთესად ვგრძნობ. თან, შორტები ბავშვობიდან მიყვარს.
ვინ ვიქნებოდი ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი? ამაზე არ მიფიქრია. ისე, ყოველთვის თამაში მსურდა და ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავისრულე. თუ რამეზე ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგად ვითამაშო.
ჩვენი, მეკარეების შემთხვევაში ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვთამაშობთ 30 წლამდე. ჩემს შემთხვევაში ძალიან მეხმარება ფიზიკური ფორმა და სტაბილურობა, რითაც აქამდეც გამოვირჩეოდი. შესაძლოა, ახლა ვერ ვიყო ისეთივე სწრაფი, როგორც ვთქვათ, ათი წლის წინ, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი პოზიციის შერჩევა, გამოსვლაზე თამაში, რაც მხოლოდ გამოცდილებამ მოიტანა. კარიერის დასრულებას ნამდვილად არ ვჩქარობ. ამას ყოველთვის მოვასწრებ.
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებად მე და იკერ კასილიასს გვასახელებდნენ. თანამედროვეებიდან ინგლისელი ჯო ჰარტიც მომწონს - ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი წინ აქვს. თუ ასე გააგრძელებს, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება! იგივე შემიძლია ვთქვა ბელგიელ ტიბო კურტუაზეც“.