სამშენებლო სფეროში პრობლემები არ გამოილევა

სამშენებლო სფეროში პრობლემები არ გამოილევა

სამშენებლო სექტორში დარღვევები კიდევ უფრო გახშირდება. ამის მიზეზი უამრავია გარიგებით ჩატარებული ტენდერებიდან დაწყებული, კონტროლის სრული უგულებელყოფით დასრულებული. საქმე ისაა, რომ დარღვევებია ყველგან, მათ შორის, ავტომაგისტრალების მშენებლობის პროცესშიც.

როგორც ასოციაციის „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე აცხადებს, სამშენებლო ქაოსი დედაქალაქში არსებული განუკითხაობის შედეგია.

„უბედურება ის არის, რომ ეს პრობლემები არ გამოილევა. მეტიც, უფრო გახშირდება. როგორც წესი, ყველა სამუშაო, იქნება ეს სამშენებლო, სარემონტო თუ სხვა, ტენდერზე გადის და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ამ გზით ირჩევა. ჩვენთან „სატენდერო მაფია“ მოქმედებს და სატენდერო თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ მას მიაქვს. შედეგად კი, მშენებლებს აღარ ჰყოფნით თანხა, რომ სამუშაო ხარისხიანად შეასრულონ“, - აღნიშნა საკანდელიძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში საჭიროა, მერიამ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსოს, რის შემდეგაც სხვადასხვა ხარვეზებსა თუ დარღვევებზე პასუხისმგებელი თვითონ მერია იქნება.

ექსპერტი სამშენებლო სამართალში უჩა ზაქაშვილი კი მშენებლების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ შეიძლება სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ მშენებლობით დაკავებულნი.

„ცალკეულ კონკრეტულ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენა მართალია, მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პრობლემა უფრო გლობალურია. ქვეყანაში ისევ გრძელდება სამშენებლო სამუშაოების არაკვალიფიციური ადამიანების მიერ წარმოება. სამწუხაროდ, საქართველოში არანაირი ლიცენზია, ნებართვა არ არის საჭირო იმ ადამიანებისთვის, ვინც მშენებლობითაა დაკავებული. ამიტომ, ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემაა - ხან აღმოჩნდება, რომ სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ხან მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან და ა.შ. შესაბამისად, ვფიქრობ რომ აუცილებელი და საჭიროა, სახელმწიფომ ამ სფეროს მიმართ დამოკიდებულება გაამკაცროს და გარკვეული სტანდარტები დააწესოს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ზაქაშვილმა.

თბილისის საკრებულოში კი სამშენებლო ნორმების გამკაცრებაზე საუბრობენ. ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ რამდენიმე მიმართულება დაასახელა, რომელშიც საკრებულო მერიასთან ერთად მზად არის აქტიურად ჩაერთოს.

„როდესაც მსგავს სამუშაოებთან დაკავშირებით პროექტი დგება, მნიშვნელოვანია გაიწეროს ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა შედგეს პროექტი. ამასთან, ტენდერი კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და გამოირიცხოს შემთხვევითობა, რადგან რომელი კომპანიაც გაიმარჯვებს, სრულფასოვნად უნდა შეასრულოს სამუშაო. მნიშვნელოვანია, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა პროექტის ზედამხედველობის მხრივ უფრო მეტი კონტროლი დააწესონ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სპეციალისტები კარგა ხანია საუბრობენ, რომ შესაცვლელია არა მხოლოდ ტენდერების ჩატარების სისტემა, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს მთელი პროცესი დაპროექტებიდან ექსპლუატაციაში ჩაბარების ჩათვლით. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის შოთა გულბანის თქმით, დიდი პრობლემები უკვე გამოჩნდა ბევრი სახელმწიფო შეკვეთის შესრულების დროს, მათ შორის რაგბის მოედნის მშენებლობაში, გზების მშენებლობაში, სადაც საერთაშორისო ტენდერებს ატარებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შემდეგომ პროექტის ცვლილების გამო, უხარისხოდ სრულდება სამუშაო.

„მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში, თუ მაგისტრალების მშენებლობა ხარისხიანად და უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვით არ მოხდა, მეტროს ინციდენტი ძალიან მცირე იქნება იმ ტრაგედიასთან შედარებით, რაც შეიძლება ახალ მშენებარე გზებზე მოხდეს“ - ამბობს გულბანი.