„საქართველოს რაც სჭირდება ეს არის პირდაპირ გაწევრიანება, ან MAP-ის მიღება“

„საქართველოს რაც სჭირდება ეს არის პირდაპირ გაწევრიანება, ან MAP-ის მიღება“

41% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას; 45% - ევროკავშირში; 19% - ევრაზიულ კავშირში - ასეთია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევა, რომლის საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია. კვლევის პარალელურად საინტერესო განცხადებას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომლის შეფასებით, საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატო-ს 2018 წლის სამიტზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მიაღწია განსაკუთრებულ პროგრესს ყველა მიმართულებით. 2017 წელი შეფასდა როგორც წარმატებული წელი ყველა პარტნიორის და ალიანსის ყველა წევრის მხრიდან. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში და გახლავთ რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლის სამიტს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი. სწორედ ის პროგრესი, რომელიც დღევანდელ სხდომაზეც აღინიშნა, წარმოადგენს საფუძველს საქართველოს წარმატებისთვის 2018 წლის სამიტზე და ველოდებით, რომ ეს პროგრესი შესაბამისად იქნება ასახული, ასევე საქართველო სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ყველა შესაბამის ფორმატებში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა საქართველოს მზაობა აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ მიმართულ ალიანსის ძალისხმევაში.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების ეფექტური იმპლემენტაციის კუთხით, რაც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისაკენ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს წევრობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. თვითონ ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს იან კელი.

ნატო-ს 2018 წლის სამიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპერტები, თუმცა აცხადებენ, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ვერ და არ გახდება წევრი ქვეყანა. „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველოს რაც სჭირდება ეს არის ნატოში პირდაპირ გაწევრიანება, ან MAP-ის მიღება.

„2018 წელს არც ერთს და არც მეორეს არ ველოდები. აღნიშნული იქნება ჩვენი წარმატება და კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს და ნატოს სტანდარტებს. ეს ფრაზები გაისმება, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვანს ხელშესახებ საკითხს, რასაც ჰქვია გაწევრიანება და MAP-ის მიღება, ამ ორიდან არც ერთს არ ველოდები. საუბრები იქნება ჩვენს წარმატებებზე, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს for.ge-სან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

რაც შეეხება იან კელის განცხადებას, რომ ნატო-ში საქართველოს წევრობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე, აგლაძის შეფასებით, მიუხედავად განცხადებისა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღია არის, ყველა ვხვდებით, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნატოს წევრი ქვეყნები, რომლემიც წინააღმდეგი არიან საქართველოს გაწვრიანების, ანგარიშსს უწევენ რუსეთს.

„რა თქმა უნდა, რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს, მაგრამ თავისი ქმედებით და შესაძლებლობებით ის ცდილობს დაბლოკოს საქართველოს ნატოში გაწვერიანება. რაც შეეხება პოზიტიურ და დადებით სიგნალებს, ამის შესახებ ყოველდღიურად გვესმის ჩვენი პარტნიორი ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ეს უბრალოდ საუბერებია, თუმცაღა ხელშესახები არაფერი, გარდა იმისა, რომ არის ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ეს კარგია, ასეთი ნაბიჯები უნდა გაგრძელდეს. თუმცაღა უშუალოდ წევრობაზე ალბათ, ჯერ-ჯერობით ნაადრევია საუბარი“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღნასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების გატარება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პრესის თავისუფლება. მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია კარგი მმართველობა, სადაც გათვალისწინებულია ყველას აზრი და არ ხდება ერთი პარტიის მხრიდან დომინაცია.

„ამ კუთხით გასულ წელს ვერანაირი პროგრესი ვერ ვაჩვენეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ დაუპირისპირონ ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტებს. ასევე პრობლება გახლავთ ისიც, რომ საგარეო პოლიტიკური აქტივობების მხრივ აქცენტირენა ხდება ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავების თემაზე. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის საფუძველზე კი, ნატოს თემა გვერდზე არის გადადებული. თითქოს, თუკი ნატოში გაწევრიანებას უფრო აქტიურად გავუკეთებთ ფორსირებას, ეს რუსეთს გააღიზიანებს და ჩვენს წინააღმდეგ გაიზრდება აგრესიის საფრთხე. ამ დროს ყველაფერი პირიქით არის“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

მისი თქმით, რაც უფრო გაჯანჯლდება საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და გაწევრიანება, მით უფრო მძალვრად ჩაჭიდებს ამ რეგიონს ხელს რუსეთი.

„სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება იმისა, რომ რუსეთის მხრიდან დაცულები ვიყოთ, არის რაც შეიძლება მაქსიმალური ინტენსიური ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის და ნატოელი პარტნიორების. ამიტომ არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. ისინი არ გაღიზიანდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით სუსტი, დაშლილი და გარიყული საერთაშორისო თანამეგობრობიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.