„არ გამოვრიცხავ ჩატაევის მომხრეებმა შეძლეს და მცდარ გზაზე დააყენეს ძალოვანი უწყება“

„არ გამოვრიცხავ ჩატაევის მომხრეებმა შეძლეს და მცდარ გზაზე დააყენეს ძალოვანი უწყება“

თემირლან მაჩალიკაშვილი ოჯახი მთავარ პროკურორს და საგამოძიებო ჯგუფს დღეს, 13:00 საათზე შეხვდება. მალხაზ მაჩალიკაშვილს ირაკლი შოთაძესთან კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით აქვს. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ მის სახლში შეცდომით შემოვიდა სპეცრაზმი და მათ არანირი საფუძველი არ ჰქონდათ, მოეკლათ თემირლან მაჩალიკაშვილი. შესაბამისად, მისი მოთხოვნაა საქმეში შვილის დაზარალებულად ცნობა.

მაჩალიკაშვილის ვერსია განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელსაც სუს ავრცელებს. გარდა იმისა, რომ ამოღებულია ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან, ასევე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იმ ბინიდან, სადაც ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები.

ამ ეტაპზე თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია რამდენად გაამყარებს ეს ფაქტი სუს-ის ვერსიას.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ საქართველოში მოქმედმა ტერორისტულმა ქსელმა ძალოვანი სტრუქტურა მიზანმიმართულად დააყენა არასწორ გზაზე.

for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ აჩვენა, რომ ვითარება არის მძიმე. გარდა იმისა, რომ სატრანზიტისთვის გამოიყენონ, სხვა რა ფაქტორით შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო ტერორისტებისათვის?

ვახტანგ მაისაია: 2015 წლიდან ვსაუბრობდი ე.წ. „გურჯისტანის ვილაიეთის“ არსებობის შესახებ. ლამის დამაბრალეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას ვუშლიდი ხელს. ვაფრთხილებდი და ვამბობდი, რომ ეს არის რეალური საფრთხე, ნამდვილი გამოწვევა, რასაც ნამდვილად შეიძლება ხელი შეეშალა ჩვენი ევროინტეგრაციის განვითარების საქმეში.

სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირმა ყვითელი ბარათი მოგვცა, საკმაოდ მკაცრად გაგვაფრთხილა არალეგალი მიგრაციის გადინების პრობლემასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია საერთაშორისო ტერორიზმის თემასთან. რაც შეეხება დაჭერებს, რომელსაც ვაკვირდებით, მეჩვენება, რომ კვალის არევის მიზნით არის გაკეთებული.

რატომ კვალის არევის მიზნით?

- იმიტომ, რომ ჩატაევის თემა არ არის მარტო ტრანზიტის თემა. ამან აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედებს ისლამური სახალიფოს საკმაოდ სერიოზული ქსელი - „გურჯისტანი ვილაიეთის“ სახით, რომელიც იატაქვეშეთში მოქმედებს, ეს არის მიძინებული ქსელი.

როგორ ფიქრობთ, „გურჯისტანი ვილაიეთი“, ჩატაევი და მის დაჯგუფება, ეს ერთი ქსელია?

- რამდენად ერთ ქსელს ეკუთვნის, ეს ცალკე თემაა, იმიტომ, რომ ეს ქსელი ასე იოლად არ გაიშიფრებოდა. იგივე თემირლან მაჩალიკაშვილის თემაც რომ დიდი შეცდომა იყო, ესეც ფაქტია. იმ მასალებითაც კი, რომელიც გაავრცელა ძალოვანმა უწყებამ, არ ჩანს მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორისტულ ქსელთან. საქმეს „საიდუმლო გრიფი“ ადევს და არ ვიცით რამდენად მყარია მტკიცებულებები სხვა დაკავებულებთან მიმართებაში.

თუ ისეთივე მტკიცებულებებია, როგორც მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, მაშინ ეს არის მცდარი და საშიში გზა. იმიტომ, რომ ჩვენ ამით რეალურ ქსელზე გასვლის შესაძლებლობას ვკარგავთ. ეს ქსელი, რომ არსებობს საქართველოში, ამას ადასტურებს ჩატაევი, რომელიც საკმაოდ თავისუფლად გრძნობდა თავს თბილისში.

შეიძლება თვითონ ამ ქსელის წარმომადგენლებმა დააყენს არასწორ გზაზე ძალოვანი სტრუქტურები და უდანაშაულო ადამიანებზე მოახდინეს კვალის გაყვანა. არ გამოვრიცხავ ამ სცენარს. ვიცი რა და როგორ მოქმედებენ ჯიჰადისტური იატაქვეშელთა ჯგუფები, როგორი სტრუქტურით მუშაობენ, როგორია მათი მანევრი და როგორ შეუძლიათ ცრუ კვალის შექმნა. მათი სტილია ცრუ კვალზე დააყენონ ძალოვანი სტურქტურა. ამის დასტურია 11 სექტემბერი, საფრანგეთი და ბრიუსელის ტერაქტი.

საქართველოს შემთხვევაში სად ჩანს, რომ ტერორისტულმა ქსელმა არასწორ კვალზე დააყენა ძალოვანი სტრუქტურა და გამოძიება?

- თუნდაც ის, რომ მაჩალიკაშვილს ბრალდებაც კი ვერ წაუყენეს ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ეს უკვე ნიშნავს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის საქმე. ტერორიზმი ეს არის უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული. ადამიანს ყალბ ბრალდებასაც ვერ უყენებ. ამიტომ, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ ჩატაევმა და მის მომხრეებმა შეძლეს და მცდარ გზაზე დააყენეს ძალოვანი უწყება.

ჩატაევი იყო ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი ფუნქცია და ამოცანა არ იყო საქართველოს სპეცსამსახურების ცრუ კვალზე დაყენება. ის გაცილებით მაღალი დონის საქმეებს იყო შეჭიდებული. ეს უფრო დაბალი დონის ქსელის ფუნქცია იქნებოდა, ვიდრე ჩატაევის. ელემენტარულია, როდესაც ადამიანს იჭერ, უყენებ ბრალდებას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ სხვა სახელი და გვარის მატარებელია ეს ადამიანი, ეს არის შეცდომა. მოდი, ჯერ მოახდინე იდენტიფიცირება და მერე წაუყენე ბრალდება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია, ჩატაევი და მასთან დაკავშირებული ქსელი, არის 2012 წლის ლაფანყურის მოვლენების გაგრძელება?

- რა თქმა უნდა. მით უფრო, როცა არ გამოიძიებ ლაფანყურის ოპერაციას და არ გამოიტან დასკვნებს. რატომ იყო მნიშვნელოვანი ლაფანყურის საქმის გამოძიება? - არა იმიტომ, რომ ვიღაცა დაგვესაჯა და ვიღაცის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოგვეტანა, - არა. ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური გამოძიება. პარლამენტს იმიტომ უნდა გამოეძიებინა ეს საქმე, რომ შესაბამისი პოლიტიკური დასკვნები გამოგვეტანა, გაგვეანალიზებინა და გამოგვესწორებინა ხარვეზები, რომელიც არსებობდა. დიახ, ეს არის 2012 წლის ლაფანყურის საქმის ლოგიკური გაგრძელება.

ვიცით, რომ წინა რეჟიმი ტერორიზმის სპონსორობის პოლიტიკის გამტარებელი იყო და ამით საკუთარ მოქალაქეებს საშიშ ავანტურებში ხვევდა. ლაფანყურის საქმის ავანტურისტები, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა არ არიან დასჯილები, მაშინ როდესაც ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გია ლორთქიფანიძე, დათა ახალაია, ახმედ ჩატაევი და ის ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ოპერაციის დაგეგმვაში და განხორციელებაში.

თქვენ ხართ იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც შეისწავალ ლაფანყურის საქმე. ამ ძიების საფუძველზე შეგიძლიათ თქვათ, რა ინტერესი ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ საქართველო, რომელიც პირადპირ არ იყო დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან, კვეთა მომხდარიყო?

- ჩვენ დავდეთ100-გვერდიან დასკვნა. ამ მასალებში კარგად ჩანს რა იყო მიზანი. ეს იყო კორუფციული გარიგებები და იარაღის უკანონო ვაჭრობა. კერძოდ, საუბარია შავი ტრანზიტის ჩართვაზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა და არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დადო დასკვნა, რომ საქართველო იყო შავი ტრანზიტის ქვეყანა, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება არა თუ ხელს უწყობდა, არამედ თვითონ იყო ჩართული. ამით გამოუტანა სააკაშვილის ხელისუფლებას განაჩენი, რომ ის იყო სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორობა.

ტერორიზმის სამი დრონე არსებობს - სახელმწიფო ტერორი, როდესაც სახელმიფო თვითონ ახორციელებს ტერორისტულ აქტებს, მეორე - ტერორიზმის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა, როდესაც სახელმწიფო თვითონ ახორციელებს აქტიურად ჩართვას, დაკვეთას და თანამშრომლობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მესამე ფორმა ეს არის - ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორობა. ანუ, პასიური მხარდაჭერა, როდესაც სახელმწიფო აძლევს თავის ქვეყნის ტერიტორიას, სამხედრო ბაზებს და ტერორისტებს მისი ტერიტორიის გამოყენების საშუალებას აძლევს. სააკაშვილი რეჟიმი იყო სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორი. ეს ვერდიქტი უნდა გამოეტანა საქართველოს პარლამენტს. საკმარისი იყო ფაქტები იმისათვის, რომ წარმოეჩინათ სააკაშვილის როლი ლაფანყურის საქმეში. ის იყო ავანტურისტი, რომელიც საკუთარი პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე მიდოდა. ეს დასკვანა არ იქნა გამოტანილი და ჩვენ მივიღეთ გაცილებით მძიმე შემთხვევა ჩატაევის სახით.

ჩატაევის საქმემ აჩვენა, რომ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მზად არის?

- არა, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მზად არ ვართ. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ 2015 წელს დავდეთ, რომელიც აისახა ლაფანყურის საქმის გამოძიების დასკვნაში. პირადად მე სამჯერ ვუთხარი ხელისუფლებას რას უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ჩვენ არ მივსულიყავით ამ ვითარებამდე. ჩვენ მზად არ ვართ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

საერთაშორისო ტერორიზმთან ხუმრობა არ შეიძლება, ძალიან სახიფათო და საშიშია. საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლი გახდა სომალი, იემენი, ლიბანი და ბევრი ისეთი სახემწიფოები, რომლებმაც იმის გამო, რომ თავიდანვე ვერ აღმოფხვრეს ტერორიზმის საფრთხე, დღეს უკვე სახელმწიფოებრიობა დაკარგეს, აი, ეს არის მთავარი საფრთხე.