საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა - ტრანზიტისა.
შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებსაც სასჯელი დაეკისრათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.
ასეთივე წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.
ინიციატივის თანახმად, ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გასული იქნება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.
ამჯერად, არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს პრეზიდენტის ჰუმანურ აქციას და თვლის, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი კორუფციულ ქმედებებში მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გადაწვეტილება მიუღებელია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ეთანხმება იმ ნაწილს, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ლოიალური და ჰუმანური პოლიტიკის გატარებას ეხება.
„ჩვენ ვეთანხმებით ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ლოიალური და ჰუმანური პოლიტიკის გატარებას. ეს არის სწორი ნაბიჯი, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ პარლამენტში უკვე განიხილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე და ამ მიმართულებით შეწყალების კომისიის მიდგომების გადახედვა სრულიად ლოგიკურია. თუმცა, ცხადია ამ მიდგომებში, ისევე როგორც კანონმდებლობაში, სიმკაცრე უნდა შენარჩუნდეს ნარკოტიკების გამსაღებლებთან მიმართებაში“, - აცხადებს გიგაური.
რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი კორუფციულ ქმედებებში მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას, გიგაურისთვის ამ მიმართულებით ცვლილებების შემოთავაზება მოულოდნელიც კი იყო.
„სისტემური კორუფციული დანაშაული გავლენას ახდენს სახელმწიფოს უნარზე შეასრულოს თავისი საბაზისო ფუნქციები, მათ შორის დანაშაულთან ბრძოლა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება და სხვა, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ყოფაზე. ჩვენ ასეთი ვითარება უახლოეს წარსულში გვქონდა და ქვეყანამ ამას დიდი ძალისხმევის შედეგად დიდწილად დააღწია თავი. დღეს, როდესაც კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტურ კორუფციაზე ეფექტურად რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა, სამოხელეო დანაშაულზე ლოიალური მიდგომის შემოთავაზება მცდარი და საშიში გზავნილია“, - აცხადებს ეკა გიგაური.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე თვლის, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთგვარი შეტყობინებაა პრეზიდენტისგან, რომ არსებული რეგულაციები და სამართლებრივი ბაზა, რომელიც ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში გვაქვს, საჭიროებს სერიოზულ გადახედვას, ხოლო სახელმწიფომ მაქსიმალურად დროულად უნდა გაატაროს ის რეფორმა, რომელიც დღეს პარლამენტშიც არსებობს საკანონმდებლო ინიციატივის სახით.
კითხვები სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც აქვს, თუმცა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, მისთვის მისაღებია თუკი შეწყალების კომისია ნარკოპოლიტიკის რეფორმის დასრულებამდე განსხვავებული მიდგომით განიხილავს იმ ტიპის დანაშაულს, როგორიც არის ნარკოტიკების მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა.
„ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არ შეეხება დიდ ოდენობას ან გასაღების მუხლით მსჯავრდებულ პირებს, ეს ნამდვილად მისაღებია ჩემთვის“, -აცხადებს ლომჯარია.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ჰუმანური მიდგომა არ უნდა იყოს გამოყენებული ისეთი ტიპის დანაშაულზე, როგორიც არის კორუფცია, სამოხელეო დანაშაული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ა.შ. ომბუდსმენის აზრით, ამ ტიპის დანაშაულების განხილვისას კომისია ფრთხილი უნდა იყოს.
რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულებზეც ანალოგიური წესის გავრცელებას, ლომჯარია თვლის, რომ კორუფცია, უფლებამოსილების გადამეტება, მისი ბოროტად გამოყენება, მართლმსაჯულების ინტერესების წინააღმდეგ გარკვეული მოქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში.
„მე, როგორც ამ კომისიის წევრი, თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად მივუდგები, ისე, რომ არ მოხდეს ამ ტიპის დანაშაულის მიმართ ლიბერალური მიდგომები ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ პირიქით, მთელ რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პოლიტიკა კიდევ უფრო გასამკაცრებელია და პირიქით, გვაქვს პრეტენზიები, რომ ამ ტიპის დანაშაულების ეფექტური გამოძიება არ ხდება“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
არასამთავრობო სექტორის მიდგომებს იზიარებს ოპოზიციაც -„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომა სწორია, თუმცა სამოხელეო დანაშაულის საკითხში მეტი სიფრთხილის გამოჩენას ისურვებდა.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, პრეზიდენტს აქვს სრული თავისუფლება შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, თუ ეს მისთვის მართებულია, ამაზე მას შეიძლება გააჩნდეს გარკვეული მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
„როცა საუბარია სამოხელეო დანაშაულზე, რაც ასევე მოიცავს კორუფციას, ქრთამს და ა.შ. აქ არის ერთი პრობლემა. შსს-ს ბოლოდროინდელი სტატისტიკა მიუთითებს ამ ტიპის დანაშაულის ზრდაზე, რაც არსებითი პრობლემაა და ყველა მოქალაქეს აწუხებს, მათ შორის გახშირებული ქურდობები. ამ კუთხით ეს გზავნილი შეიძლება არასწორად იქნას აღქმული“, - აცხადებს ტუღუში.
ხელისუფლება პრეზიდენტის ამ ინიციატივაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობისათვის ემზადება და ამყარებს იმ იურიდიულ პლატფორმას, რომლის გამოყენებითაც შეწყალების გამო მის მიმართ ბრალის დადება გართულდება.
„პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების შესახებ ბრძანებულებით, ერთი მხრივ, წესს უწესებს საკუთარ თავს, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ბრძანებულებით ადგენს უფლებას, არ დაემორჩილოს მის მიერვე დადგენილ წესს და საგამონაკლისოდ იმოქმედოს... როგორც ჩანს, ამ ინიციატივით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს, დანაშაულთა ერთი ნაწილისათვის კიდევ უფრო ლიბერალური რეჟიმი იყოს, რათა შემდგომში არ დაბრალდეთ, რომ პრეზიდენტმა საგამონაკლისო წესით იმოქმედა“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
როგორც ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, პრეზიდენტის ეს ინიციატივა კანონის სახეს ვერ მიიღებს და პარლამენტში ვერ შევა, თუმცა მეორე საკითხია, რომ პრეზიდენტს ისედაც აქვს შეწყალების უფლება და ამ უფლებას მას არავინ არ უზღუდავს.
„მას შეუძლია შეიწყალოს, ვინც უნდა და როცა უნდა, ვისაც კი საჭიროდ ჩათვლის, ასე რომ, ამ ინიციატივის გახმოვანება და წინ წამოწევა ჩემთვის, მაგალითად, აზრს მოკლებულია. თუ შევაჯამებთ ყველაფერს, ლოგიკურად რჩება ერთი რამ - ეს მას პიარისთვის სჭირდება“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი თვლის, რომ სხვა არგუმენტაცია არ ჩანს.
„არ ვდაობ იმაზე, რამდენად სწორია, ან არასწორია ეს ინიციატივები, მაგრამ მას ხომ ისედაც აქვს შეწყალების უფლება?! რა საჭიროა ნარკოტიკების მომხმარებელთა ან სამოხელეო დანაშაულის ჩამდენთა გამოყოფა“? - აცხადებს ძაბირაძე.
ექსპერტი თვლის, რომ რაკი გაუგებარია, რაში დასჭირდა პრეზიდენტს ამ ინიციატივის მომზადება და აფიშირება, გამოდის, რომ პიარია, რომელიც ალბათ, იმისათვის არის საჭირო, რომ თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, გარკვეული ფოკუსჯგუფები წინასწარ დაიბევოს.
შესაძლოა, საკამათოც გახდეს, მაგრამ აღნიშნული ფოკუსჯგუფები საშიშ კრიმინალებს არ აერთიანებს, ამიტომ, როგორც ვახტანგ ძაბირაძე თვლის, მთლად კრიმინალური სამყაროს მიმხრობის მცდელობასაც ვერ დავაბრალებთ მარგველაშვილს.
„სწორედ ამიტომ გამოყო ორი კატეგორია, ნარკომომხმარებლები, რომლებსაც გარკვეული მომხრეებიც ჰყავს მოსახლეობაში. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ამ თემის განხილვა დაიწყო, ასეთი ტენდენცია გამომჟღავნდა - დიდი ნაწილი უჭერს მხარს ამ დანაშაულის დეკრიმინალიზაციას - ეს ერთი ფოკუსჯგუფია. მეორეა - სამოხელეო დანაშაული, თუმცა ეს ფუკუსჯგუფი ადამიანთა რა რაოდენობას მოიცავს, ვერ გეტყვით.
შეიძლება ვივარაუდოთ, მეორე კატეგორიის დასახელება იმისათვის გახდა საჭირო, რომ ვინმეს არ ეფიქრა, მხოლოდ ერთ ფოკუსჯგუფზე მუშაობსო - სამოხელეო დანაშაულიც დანაშაულია, მაგრამ არა იმ კატეგორიის, რომელიც კრიმინოგენულ ვითარებას ამძიმებს“, - აღნიშნავს ძაბირაძე.
თუკი ეს საარჩევნო ტაქტიკაა, ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ შეიძლება ველოდოთ სხვადასხვა ფოკუსჯგუფებისადმი მიძღვნლ აქციებს, რომელიც საარჩევნო გზავნილის დატვირთვის მატარებელი იქნება.
რაც შეეხება აღნიშნულ ინიციატივას, როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ „მე თუ ვიქნები პრეზიდენტი, ამ კატეგორიის ხალხს შევიწყალებ და ამას ვაცხადებ წინასწარ“.
„დაახლოებით ასეთი ქვეტექსტი იკითხება ამ განცხადებაში. როდესაც საარჩევნო კამპანია იწყება, ნებისმიერი პოლიტიკოსი სთავაზობს საზოგადოებას საკუთარ დაპირებას და ამაში დასაძრახი და სამარცხვინო არაფერია, უბრალოდ, ჯერ არ არის საარჩევნო კამპანია დაწყებული და ინიციატივა შემოგვთავაზა - ეს არის და ეს“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.