იუსტიციის მინისტრი პოლიციელებს ახალ მაკონტროლებელს უნიშნავს

იუსტიციის მინისტრი პოლიციელებს ახალ მაკონტროლებელს უნიშნავს

პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს. ახალი საგამოძიებო უწყება პერსონალური მონაცემების გარდა, სწორედ პოლიციელთა გადაცდომებსაც შეისწავლის. საუბარია ისეთი ტიპის დანაშაულებზე, როგორიცაა: წამება, წამების მუქარა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა. ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები 21 კანონში უნდა შევიდეს. სამსახურს პარლამენტი აკონტროლებს და მის ხელმძღვანელსაც საკანონმდებლო ორგანო 5 წლის ვადით ნიშნავს.

ინიციატივა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოადგინეს, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახალხო დამცველი. ინიციატივა კი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარმოადგინა.

როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორი გახდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას და მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სწორედ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ლოგიკურად ჯდება იმ რეფორმებში და იმ გეგმებში, რომელიც ჩვენ გვაქვს სამინისტროსთან მიმართებაში. ჩვენ ვერ ვხედავთ რისკს იმ ფასეულობებთან მიმართებაში, რომლის დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაპირებთ“,- განაცხადა მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ჰქონდათ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნებოდა, ძალზედ მოსახერხებელი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესძლებოდა მეტად ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ მყარი ობიექტურობის შეგრძნება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი მექანიზმის ობიექტურობა არის ლაკმუსის ქაღალდი, რაზეც უნდა გაიაროს მისმა ეფექტურობამ“, - აცხადებს შს მინისტრი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაუგებარს უწოდებს ახალი საგამოძიებო მექანიზმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან შექმნის გადაწყვეტილებას. „ბუნებით აბსოლუტურად განსხვავდება ეს ორი მიმართულება და ვერანაირი ლოგიკა და დასაბუთება, თუ რატომ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, დღეს ვერ მოვისმინეთ“, - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, გამოძიებაზე ზედამხედველობა, საბოლოო ჯამში, მაინც პროკურატურის ხელში რჩება.

„დევნა მთავარი პროკურატურის ხელში რჩება, რაც ნიშნავს, რომ ირიბად პროკურატურა მაინც ზედამხედველობს გამოძიებას და პროკურატურა წყვეტს, რა საქმეები წავიდეს სასამართლოში, რაზე შეიძლება პოტენციურად შედეგი დადგეს. ამ დროს მთავარი საკითხი ქვეყანაში წორედ ყველა სამართალდამცავი უწყების დამოუკიდებლობის და ეფექტურობის პრობლემაა“, - მიიჩნევს ორგანიზაციის წევრი, გია გვილავა.

კითხვები ინიციატივის მიმართ სახალხო დამცველსაც გაუჩნდა - მაგალითად, რამდენად უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის რეფორმირება ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებას.

როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემოთავაზებული ვერსია მოულოდნელი იყო და პოზიციის ჩამოსაყალიბებლად სახალხო დამცველს დრო სჭირდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ინსპექტორი, ერთი მხრივ, ზედამხედველობას და კონტროლს უწევს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და პერსონალური მონაცემების დაცვას, მეორე მხრივ, ის ამ კანონპროექტით ოპერატიულ სამძებრო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილებებით აღიჭურვება. კითხვა გვიჩნდება - როგორ მოხდება ამ პროცესში ინსპექტორის აპარატის მხრიდან ზედამხედველობა პერსონალური მონაცემების დაცვაზე?

ასევე, გვაქვს შეკითხვა - ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა რამდენად მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გამოძიების დროს ინსპექტორის საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა გვრჩება. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდანაც. მივესალმები, რომ დისკუსია გაიხსნა და ამაზე მხოლოდ იდეის დონეზე არ ვსაუბრობთ. თუმცა, ჩვენ ნამდვილად ეფექტური მექანიზმი გვჭირდება“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

როგორც ჩანს, ახალი მაკონტროლებლის ფუნქციები ბოლომდე გარკვეული და გამიჯნული არ არის და სავარაუდოდ, ფართო მსჯელობის საგანიც გახდება, თუმცა, მთავარია, ისეთი მექანიზმი შეიქმნას, რომელიც უწყებებს შორის კონფლიქტის გაღვივებას არ შეუწყობს ხელს და ჯანსაღ პროცესს ჩაუყრის საფუძველს.