ოპოზიცია მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტზე საკითხის განხილვას საკრებულოში ითხოვს, თუმცა, ფრაქციის ფორმატში მოხდება ეს, თუ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.
„ჩვენი მთავარი ინტერესია დადგინდეს, თუ რა იყო ფაქტის გამომწვევი მიზეზი. თუ ბრალეულობა გამოიკვეთება, დამნაშავე პირები უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელიც დაიდება. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ნებისმიერი საკითხის გარკვევაზე, ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველო“ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, თბილისის მერის მოადგილეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ფრაქციის სხდომაზე იბარებს, ხოლო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სატრანსპორტო საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, დამნაშავე პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
„გუშინ ჩვენი ქვეყანა და თბილისი გადარჩა ძალიან დიდ ტრაგედიას და ეს იყო „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და კორუმპირებული, მავნებლური მმართველობის შედეგი... თბილისელებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თბილისის მეტროპოლიტენში რამდენად უსაფრთხოა გადაადგილება. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკრებულოს უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე არ იტყვის უარს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი იხსენებს, თავის დროზე დავით ნარმანიას ადმინისტრაციამ თქვა, რომ ამ სადგურის შიდა სახურავი, რომელიც წინა მთავრობამ გააკეთა, იყო საშიში და აალებადი. თითქოს ამიტომ გაკეთდა უსაფრთხო რემონტი, რამაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. „ნარმანიას პატარ-პატარა ნაღმები აქვს დედაქალაქში დატოვებული“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
წინა მოწვევის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოში როდესაც ეს საკითხი დასვა, ყველამ ჩასაფრებული უწოდა.
„მაშინ ვამბობდი, რომ იმ ვესტიბულს ახალი შეკიდული ჭერი არ სჭირდებოდა, რადგან ის ისედაც ბეტონისგანაა გაკეთებული, შეეღებათ და მორჩა. მაშინ ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს. ამბობენ გავარკვევთ და პასუხი იქნებაო - არის აგერ ნარმანია დოყლაპია, რომელიც ამის გამო ახლა ციხეში უნდა იჯდეს, მეორე მხარეს კი კომპანია - დარწმუნებული ვარ, რომ მანდ კორუფციული სქემა ჰქონდათ“,- აცხადებს ელისაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მერიაში კორუფციის არსებობაზე ღიად საუბრობს და მაგალითად ტენდერების თემა მოჰყავს, თუმცა დედაქალაქის ახლანდელი მერი ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ კატეგორიულია.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, თბილისის მერია კორუფციის ბუდე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და იმდროინდელი მერი, ბატონი უგულავა 50 მილიონის მითვისებაზე თუ გაფლანგვაზე იხდიდა სასჯელს, რაც მან აღიარა - ის იყო ჩვეულებრივი კორუმპირებული, გაქსუებული ჩინოვნიკი.
„თუ რაიმე კონკრეტული ფაქტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ნარმანიას დროს იყო კორუფცია თბილისის მერიაში, არსებობს შესაბამისი სამსახურები და ამ ადამიანებს შეუძლიათ, თუ აქვთ რაიმე კონკრეტული, შესაბამის სამსახურებს მიმართონ“, - განაცხადა კალაძემ.
ქალაქის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანია, რომელმაც მეტრო „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ის იმ დროისთვის „შავ სიაში“ არ ყოფილა.
ნარმანია თვლის, რომ კომპანია „ყვარელრემმშენის“ შესახებ კითხვები მას არ ეხება და სატრანსპორტო კომპანიამ უნდა გასცეს პასუხი, რადგანაც მისი შერჩევა არა მერიის, არამედ სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოხდა.
„ჩემი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორც ხელმძღვანელი პირის და მინდა გამოვეხმაურო ხაზგასმას, რომ მე თითქოს ზარ-ზეიმით გავხსენი, იქ არც ცეკვა-სიმღერა ყოფილა და არც ლენტის გაჭრა, როგორც ამას ჩვენი წინამორბედები აკეთებდნენ. ისედაც დრამატიზება ამ რთული სიტუაციისა არ არის მიზანშეწონილი“, - აცხადებს ყოფილი მერი.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი თვლის, რომ თუ რაიმე კითხვა არსებობს, საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა გამოიძიონ.
„არსებობს როგორც შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზის, ასევე ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა, რა ეტაპზე იქნა შეცდომები დაშვებული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.
შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ისნის ისნის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეტროში ჯერ ჩამოიშალა კონსტრუქცია და სწორედ ამას მოყვა შპს-ს გაკეთებული ჭერი. თავის დროზე მათი რეკომენდაცია იყო იმ ფილების შეცვლა, რაზეც კონსტრუქცია მაგრდებოდა, რადგან არასაიმედო იყო, მაგრამ მერიისგან უარი მიიღეს დამატებითი ხარჯების გამო.
ჯოხარიძის ინფორმაციით, კომპანია ე.წ. შავ სიაში ნამდვილად იმყოფებოდა, არა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების, არამედ ერთ-ერთ ობიექტზე გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული საკითხი ყველა დონეზე აქტუალურია და ყველა შესაბამის უწყებაში განიხილება, როგორც შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს და მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ვერსიებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ვისი დანაშაულებრივი წვლილიც იქნება დადასტურებული, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.