აბაშიძე-კარასინის მორიგი მოლაპარაკების წინ რუსულმა მხარემ კვლავ სცადა მწვავე განცხადებებით სიტუაციის დამუხტვა, თუმცა ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს - რუსული მხარე არ ჩქარობს, შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომელმაც 2011 წლის შეთანხმების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების მიმოქცევა უნდა გააკონტროლოს. აქვს თუ არა საქართველოს ზემოქმედების რაიმე ბერკეტი ხელთ და უფრო გასაგები გახდება თუ არა, რუსეთის გეგმები აბაშიძე-კარასინის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ამ თემაზე ექსპერტი, კორნელი კაკაჩია გვესაუბრება.
კორნელი კაკაჩია: იმ განცხადებებში, რაც კარასინის მხრიდან ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, ახალი არაფერი იყო - კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი არ აპირებს საკუთარი როლის გადაფასებას საქართველოსთან მიმართებაში. ვგულისხმობ კონფლიქტებს - რუსეთი არ აპირებს, გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. როგორც ვნახეთ, საქართველოს მოუწოდებს, ახალი რეალიების გათვალისწინებით განაგრძოს რუსეთთან ურთიერთობა, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია.
საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული ილუზიები, რომ თუკი ეკონომიკური ურთიერთობები მოგვარდებოდა, შესაძლო იყო, რუსეთს ამ საკითხის მიმართ საკუთარი მიდგომა შეეცვალა. ამ თემაზე სხვა დროსაც გაკეთებულა განცხადებები სხვადასხვა დონეზე და ყოველთვის ნათელი იყო, რომ რუსეთი ამ პოლიტიკას არ შეცვლის. უკვე ნათელია, დაყვავების პოლიტიკა არ ამართლებს და დროა, საქართველოს ხელისუფლებამ იფიქროს, საჭიროა თუ არა, ახალი პოლიტიკის შემუშავება.
ეს ყველაფერი - ტრანზიტული გზების გახსნა და ა.შ. არის რუსეთის ინტერესებში, თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასიაში პოზიცია მეტად განიმტკიცოს, მაგრამ საქართველოს ინტერესში რა არის, ამას ბოლომდე ნათლად ვერ ვხედავ.
ამ ხელშეკრულების სანაცვლოდ საქართველომ რუსეთს ხმა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად და როგორც ქართული მხარე აცხადებს, მისი ამოქმედება, საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს კიდევ უფრო განამტკიცებს. ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად მაღალია თამასა? - კონკრეტულად რა სიკეთეების მოლოდინი უნდა გვქონდეს?
- სწორედ ამაშია საქმე, რომ ბოლომდე არ არის ეს საკითხი შესწავლილი - საფუძვლიანი კვლევა არავის არ გაუკეთებია და ახლა ვაპირებთ, რომ დეტალურად შევისწავლოთ საკითხი.
ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თავის დროზე, ფორსირებულად მოხდა, იყო გარკვეული ზეწოლა აშშ-ს ხელისუფლებისგან და საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. იმ სიტუაციაში ეს მეტ-ნაკლებად გასაგები იყო, რადგან ომის შემდგომი პერიოდი გახლდათ, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე რამდენად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ეს არის საკითხავი. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ამ ხელშეკრულებას სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევს როგორც ქართული ისე, რუსული მხარე. ერთი შეხედვით ცუდი არ არის, მაგრამ შიგნით უამრავი ნაღმია, რომელსაც კარგად გააზრება სჭირდება.
ქართულმა მხარემ უკვე მოაწერა ხელი შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშკრულებას და ახლა ამაზე საუბარი დაგვიანებული ხომ არ არის? რა რისკები შეიძლება იყოს ამ ხელშეკრულებაში საქართველოსთვის?
- ერთი მხრივ, რუსეთს საშუალებას აძლევს, თქვას, რომ შეასრულა საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები; პლუს, იღებს დამატებით ბერკეტებს და საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა კიდეც, რომ ისინი მზად არიან, ცხინვალის რეგიონის მეშვეობით ტვირთები გაატარონ სომხეთის მიმართულებით.
ეს ვის აწყობს უფრო მეტად? თუ ერთხელ გაიხსნა ეს გზა, მერე შეიძლება, ლაპარაკი იყოს იმაზე, რომ ხშირად მოხდეს ამ გზით ტვირთების გატარება და მერე შეიძლება, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე დაიწყონ ლაპარაკი.
ვფიქრობ, ამით რუსეთი შეეცდება საქართველოს ნელ-ნელა შეაცვლევინოს აზრი და დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ, ისე, რომ არ შეიცვალოს ის გეოპოლიტიოკური რეალიები რაც მოცემულ მომენტში გვაქვს და აგვისტოს ომის შემდეგ დარჩა - ეს არის პრობლემა და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
საქართველომ მუდმივად უნდა აკონტროლოს, რომ ამ ხელშეკრულებამ რაიმე დამაზიანებელი ეფექტი არ მოიტანოს.
არ ვიცით, რა მოლაპარაკებები შედგა საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებასთან, სომხეთისა და რუსეთის ხელისუფლებასთან ცხინვალის ტვირთებთან დაკავშირებით. სწორედ აქ არის საჭირო სიფრთხილე - ვგულისხმობ, ხელშეკრულების ამოქმედების შემდგომ ნაბიჯებს, როგორც რუსეთის, ასე - საქართველოს მხრიდან.
სომხეთს რომ ვასიამოვნოთ კი არა, საქართველოს ინტერესი და მოგება რაშია, თუ ეს ტვირთები ცხინვალის გზით გაივლის? - ეს არის საინტერესო და დასათვლელი.
გასაგებია, რომ საერთაშორისი ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და მისი შესრულებაა საჭირო, მაგრამ მისი რეალიზების დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სრტატეგიული შეცდომა არ დავუშვათ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს, დასავლეთში შექმნას აზრი, რომ ის საქართველოსთან ურთიერთობას ყოველგვარი შუამავლების გარეშე ახერხებს. თუ რსუეთმა დასავლეთი ამაში დაარწმუნა, მაშინ აზრს კარგავს მთელი ჩვენი მცდელობა, რომ დასავლეთი ჩვენს გვერდით იდგეს და დაგვეხმაროს რუსეთთან ურთიერთობაში.
31 იანვარს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება, ელოდებით, რომ რუსეთმა შეიძლება, კიდევ ახალი ულტიმატუმები წამოგვიყენოს?
- არ მგონია, რადგან ახლა მისი მთავარი თავისტკივილი უკრაინაა და საქართველოსთან საგარეო პოლიტიკა არ არის ისე აქტუალური, როგორც გასულ წლებში. ამას ადასტურებს საზოგადოებრივი გამოკითხვები, სადაც რამდენიმე წლის წინ საქართველო მუდამ მეორე-მესამე ადგილზე ხვდებოდა, აშშ-ს შემდეგ. ახლა ათეულშიც ვერ ხვდება - ანუ აღარ განიხილება ეს თემა.
მთავარი პრობლემა ქართული მხარისთვის ის არის, რომ არ ჩანს ამ წლების მანძილზე დამყარებული ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტი. ანუ ქართულმა დიპლომატიამ ვერ შეძლო, თვალსაჩინო გაეხადა, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე და ეს როლი აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა. თუ ამასაც ვერ მივაღწიეთ, მაშინ რა პერსპექტივა გვაქვს წინ?!
ყველამ იცის, რომ რუსეთი მხარეა და თვითონ ამტკიცებს, რომ მშვიდობისმყოფელია, ჩვენ ვერ ვაღიარებინეთ, რომ მას შავიზღვისპირეთში, თუნდაც, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება სურს. სწორედ ამიტომ, ცოტა პესიმისტური დამოკიდებულება მაქვს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების მიმართაც.
ერთი კოზირი, რაც ჰქონდა საქართველოს ამ ხელშეკრულების სანაცვლოდ უკვე გამოიყენა. თუ რაღაც ისე არ წავიდა, არსებობს, მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან თანხმობის გაწვევის ან რაიმე სხვა მექანიზმი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მისთვის უფრო ეფექტური შედეგი მიიღოს?
- სწორედ იმისი მეშინია, რომ უკვე ძალიან მივუახლოვდით იმ წითელ ხაზს, რომლის იქითაც საქართველოს შემოსათავაზებელი აღარაფერი რჩება - ასეთ მომენტში პაუზის აღებაა საჭირო, რომ საჭირო მომენტს დაელოდო. მთელი 25 წელია, ცდილობენ, ეს კონფლიქტი მხოლოდ საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე გადაჭრან, მაგრამ ეს ვერ მოხდება - ყველა კონფლიქტს აქვს მინიმუმ ორი, რეალურად - სამი ან მეტი მხარე და ყველამ რაღაც უნდა დათმოს. როდესაც შეთანხმება ვერ ხერხდება, არის ის ბოლო წერტილი, როდესაც სტრატეგიული ტაიმ-აუტია საჭირო.
სწორედ ამაში გვჭირდება დასავლეთის, იგივე, ამერიკის მხარდაჭერა, მით უმეტეს, რომ სწორედ ამერიკის აქტიური მხარდაჭერით შედგა შეთანხმება და საქართველო დათანხმდა მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას. ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიური მხარდაჭერა მოვითხოვოთ?
- არ მგონია, ამ თემით შევძლოთ ყურადღების მიქცევა, რადგან უკრაინისა და სირიის კონფლიქტებმა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. ერთადერთი, რაც შეუძლია საქართველოს, არის ის, რომ აქტიურად ითანამშრომლოს დასავლეთთან და ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში მუდმივად იყოს საქართველოს საკითხი უკრაინის თემასთან ერთად - ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ქართული დიპლომატიისთვის, რომ საქართველოს თემა დავიწყებას არ მიეცეს და არ ჩათვალოს საერთაშორისო საზოგადოებამ, რომ კონფლიქტი გაიყინა ან მოგვარდა. სხვა გზას ვერ ვხედავ, თუ ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური რევოლუცია არ მოხდა და ამისი ნიშნებიც ნამდვილად არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში.