„სააკაშვილს პიჯაკებზე ვედავებოდეთ და აქცენტის გადატანა მარგველაშვილზე - ლოგიკას აცდენილია“

„სააკაშვილს პიჯაკებზე ვედავებოდეთ და აქცენტის გადატანა მარგველაშვილზე - ლოგიკას აცდენილია“

ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ მიღების ინიციატივით გამოდის, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ინიციატივის ავტორი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ ვალდებულად თვლის საზოგადოების წინაშე თავს, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდრო გირგვლიანის და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად. უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ჩნდება ეჭვი, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ამოცანა სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდებაა.

„ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის განცხადებით, მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი.

სისხლის სამართლის კოდექსში დადგემილ ცვლილებებს მხარს უჭერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ ახლანდელი პრეზიდენტი გვევლინება. შესაბამისად, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ამგვარი ინიციატივები ქვეყნის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა საინტერესოა, რომელსაც ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ, რათა მომავალში არ განმეორდეს ის, რასაც ახლა ვესწრებით. კერძოდ, მომსწრენი ვართ იმისა, რომ ხშირად ცდილობენ გირგვლიანის საქმის გაუბრალოებას. თუ ერთი მხრივ, გასაკვირი არ არის, რომ თავად სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეს პოლიტიკური ცირკი უწოდა, რა თქმა უნდა, გასაკვირი და მიუღებელია, რომ სხვა პოლიტიკოსებიც ცდილობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლებას. გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება“, -აცხადებს თეა წულუკიანი.

პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივას არ იცნობს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომელიც მომავალში თავიდან აგვაცილებს ერთი ადამიანის წინააღმდეგ ხელისუფლების შეთქმულებას. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გირგვლიანის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ხელის დაფარება არავის არგებს.

„ცოტა ხნის წინ ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ეს გამოსვლა დაემთხვა თუ როგორ იყო, არ ვიცი, გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს. მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის არის მართალი ამ საქმეში. ამის წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ის, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ, იყო ხელისუფლების ძალიან დიდი დანაშაული. ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არ არგებს არავის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სისხლის სამართლის კოდექსში დადგემილ ცვლილებები და პრეზიდენტის მიმათ გამოთქმული კრიტიკა მიუღებელია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის. როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, შემსრულებლები და დამკვეთები არა მხოლოდ სისტემაში რჩებიან, არამედ დაწინაურებულები და აღზევებულები არიან. შესაბამისად, მისთვისთვის გაუგებარია რა „გირგვლიანის პაკეტზე“ საუბრობს მამუკა მდინარაძე.

ნაცვლიშვილის განცხადებით, სანამ რეალური საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება და არ მოხდება კონკრეტული პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად დასჯა, მანამდე უმრავლესობის მხრიდან წარმოდგენილი პაკეტები, უბრალოდ ფარსის გაგრძელება იქნება. ნაცვლიშვილი უმრავლესობას უკანონო ფარული ჩანაწერების საკითხს ახსენებს და არ გამორიცხა, რომ მსგავსი მასალებით დღემდე შეიძლება ხდებოდეს კონკრეტული პირების დაშანტაჟება.

„26 000 ფაილი რომ არსებობდა, რომლითაც აშანტაჟებდნენ და შესაძლოა, დღემდე აშანტაჟებდნენ ადამიანებს და რომელსაც კონკრეტული პირები ახორციელებდნენ, სად არიან დღეს ეს ადამიანები?! ისინი კვლავ რჩებიან სისტემაში და ეს არის აქ მთავარი პრობლემა. პროკურორები, სპეცსამსახურის თანამშრომლები და მოსამართლეები, რომელიც სისტემურ დანაშაულს ჩადიოდნენ, კვალავაც სისტემაში რჩებიან და რეალურად, სწორედ ისინი აფერხებენ მართლმსაჯულებას და არა პრეზიდენტის განცხადებები.

სისტემური დანაშაულებით დაზარალებული ათობით თუ არა ასობით მოქალაქე წლებია, ელოდება სამართალს. ამიტომ, გირგვლიანის პაკეტი უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის სისტემის გათავისუფლება იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ დაანოსნებულ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ანალიტიკოსები აფასებენ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ინიციატივა ცუდი არ არის, მაგრამ გაუგებარია რატომ აღამოჩნდა ინიციატივის ერთ-ერთი თემა გიორგი მაგრველაშვილი.

„რაც შეეხება მარგველაშვილის განცხადებებს, რომელიც სააკაშვილთან მიმართებაში გააკეთა, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც მარგველაშვილი ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვას. არა მგონია, რომ მისი ქმედება მიმართული იყოს სააკაშვილის, როგორც პიროვნების დაცვაზე. და, არა მგონია იმ მიზეზის გამო, რომ მარგველაშვილი საკმაოდ კომფორტულად იყო მოწყობილი „ჯიპაში“, არაფერი არ ემუქრებოდა თვითონ, რომ არ აბობოქრებულიყო სააკაშვილის წინააღმდეგ. მაშინ მარგველაშვილმა უკან არ დაიხა და საკმაოდ პრინციპულად, არაერთგზის დააფიქსირა თავისი პოზიცია. პირდაპირი არა, მაგრამ ირიბი ზეგავლენის წყალობით სააკაშვილი გადადგა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, ამ ფონზე მარგველაშვილისთვის ბრალდების წაყენება, რომ ის სააკაშვილს იცავს, ძალიან არადამაჯერებელია.

„ვერც მოტივს ვხედავ და არც მარგველაშვილში მეგულება ამის ტენდენცია. ყველა შესაძლო შემთხვევაში მოქმედი პრეზიდენტი ცდილობს არავის არ დააჩაგრინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამიტომ, ამ შეფასებაში მიჭირს მდინარაძის დათანხმება. მაგრამ ის, რომ კანონმდებლობა ითხოვს დახვეწას და კანონმდებლობა არ გამორცხავს პრეცედენტი განმეორდეს, ფაქტია. თავისთავად ინიციატივა ცუდი არ არის, მაგრამ გაუგებარია რატომ აღამოჩნდა ინიციატივის ერთ-ერთი თემა მარგველაშვილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის, დავით ზარდიაშვილის განმარტებით, მარგველაშვილის პოლიტიკა სააკაშვილის მიმართულებით წავიდა და ცხადია, იქმნება განწყობა, რომ დაუახლოვდა სააკაშვილის გუნდს. თუმცა, ფიქრობს, რომ გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილის პოლიტიკური ამოცანას სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან დახსნა წარმოადგენს.

„არა მგონია ასე იყოს. კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში არ განვიხილავდი ამ პროცესს. გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი. ეს იყო სისტემა, რომელიც კლავდა ადამიანებს. ახლა მივედით ახალ კონსტიტუციურ წყობილებამდე და ვის რა ადგილი ექნება, ეს დეტალებია. ჩვენ სისტემა უნდა შევაფასოთ და სისტემის მიმართ უნდა ვიყოთ დაუნდობლები. ჩემთვის თითოეულო ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის. მთავარია, სისტემური დანაშაული აღარ განმეორეს არასდროს.

სისტემას უნდა მიცემოდა შეფასება, რაც არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაპირების გაცემა არ არის საკმარისი. სისტემას უნდა მიცემოდა სამართლებრივი შეფასება, სისტემა უნდა გასამართლებულიყო და ამის მერე უკვე შესაძლებელი იყო პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. სისტემამ შექმნა გირგვლიანი და სააკაშვილი, რომელიც ამ სისტემის სახე იყო, ამისთვის უნდა გასამართლებულიყო და არა დეტალებისთვის. სისტემას, რომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცემოდა, ეს ფაქტია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტს ელოდება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რათა გაერკვეს რა უნდა „ქართულ ოცნებას“. მაგრამ მეორე მხრივ, მისი თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ცდილობს დაიცვას ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, ამბობს, რომ საკმაოდ აცდნელია რეალობას.

„მე ვუსმინე მარგველაშვილის ბოლო ინტერვიუს „რუსთავი 2“-ის ეთერში. შეიძლება რაღაცა იყო მისაღები, რაღაცა მიუღებელი, მაგრამ ფაქტია და ცალსახაა, რომ საზოგადოების პროტესტი სააკაშვილის პიჯაკებს არ გამოუწვევია. გირგვლიანის საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სისტემურ დანაშაულზე საუბრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა და ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირი, ვინც მაშინ სისტემაში მუშაობდა და გადაწყვეტილებას ღებულობდა, ჩართული იყო ამ საქმეში.

ასე რომ, თუ „ქართულ ოცნებას“ სურდა გამოეძიებინა ეს საქმე, მას შეეძლო ამის გაკეთება, არა მარტო გირგვლიანთან მიმართებაში, არამედ იგივე 7 ნოებერი, ტელევიზიაში შევარდნის საქმე, 26 მაისი, უამარავი ფაქტი მოხდა მაშინ საქართველოში. ამ დროს ვლაპარაკობთ რაზე - სააკაშვილმა იყიდა პიჯაკები, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისეთი დავარცხნილი ქვეყანა, რომ პრეზიდენტს პიჯაკებზე ვედავებოდეთ. დღეს აქცენტის გადატანა იმაზე, რომ მარგველაშვილს უნდა სააკაშვილის გათეთრება, მიმაჩნია, რომ ლოგიკას აცდენილია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

გარდა ამისა, როგორც კონსტიტუციონალისტი აცხადებს, თუ მარგველაშვილი ფიქრობს კენჭი იყაროს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, არც ერთ შემთხვევაში არ დაიცავს სააკაშვილს.

„როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ ეს პრობლემა უფრო აწუხებს, ვიდრე სააკაშვილის გასამართლება-არგასამართლება. მარგველაშვილისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნება, თუ სააკაშვილი შეიწყალა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობისადმი“ სიმპათია გამოავლიან. ძალიან უვიცი უნდა იყო პოლიტიკურად, რომ ხედავადე რაც ხდება 2012 წლიდან დღემდე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ და განასაკუთრებით სააკაშვილის მიმართ, თან ამ საზოგადოების მხარდაჭერა გინდოდეს და თან სიმპათიებს გამოხატავდე სააკაშვილის მიმართ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია.

წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ მთლიანად მუშაობს იმაზე, რომ აი, ნაციონალები დაბრუნდებიან, ამით აპელირებენ და ღებულობენ ამომრჩევლის ხმებს, ეს ხომ ნათელია და ღიად ჩანს. ამიტომ, ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ მარგველშვილი ცდოლობს პოლიტიკური ქულები დაიწეროს და სააკაშვილი შეიწყალოს, ეს წარმოუდგენელია. არა მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ასეთი მიდგომა გამართლებული იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ