ფრაქცია „ქართული ოცნება“ მუშაობას იწყებს საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, (ე.წ. გირგვლიანის შესწორებები) რომელიც, როგორც თავად აცხადებენ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან, მეორე მხრივ კი - მართლმსაჯულების შეუვალობას.
„გამკაცრდება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა წინასწარი დაპირებით, წინასწარი შეცნობით სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებულ ცვლილებას, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, ფარსს უწოდებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ პრობლემაა როცა ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსს არა - დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უამრავი შემთხვევა გვახსოვს, როცა ხელისუფლება მართლმსაჯულების განხორციელებას და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიდა ან დღესაც უშლის. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი დასჯილი მაღალჩინოსანი. ამის კარგი მაგალითია თუნდაც მუხთარლის საქმე, სადაც გამოძიება ჩიხშია შესული და ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს. მსგავსია „ბირჟა მაფიის“ შემთხვევაც. სიმღერისთვის დასაჯეს მუსიკალური ჯგუფი და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. გვახსენდება ციხეში წამებით მოკლული კორტავას საქმეც. ყველა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს უშლიდნენ და უშლიან გამოძიებას. ამ საქმეების გამოძიებას არ სჭირდება ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. სიმართლის დადგენას სჭირდება ნება და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება. ამას კი „ქართული ოცნება“ არ აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავადაც გეგმავს სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში აქტიურად ჩართვას, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, ადმინისტრაცია საკითხში დაინტერესებულ საზოგადოებასაც ჩართავს.
„ჩვენ ვითხოვთ შემდეგს - სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები. იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში - ის სისტემური დანაშაული, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. აუცილებელია ყველა იმ რგოლში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ვინც ამ სისტემურ ბრძოლაში იყო ჩართული. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, ისინი უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სისტემისგან, ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანონო ქმედებებში და რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან. ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უნდა ვიხილოთ ამ ნაწილში აღსრულებული მართლმსაჯულება. ის მოსამართლეები, ვინც ამ დანაშუალებრივ ჯაჭვს ბეჭედს ასვამდნენ სამართლიანობის სახელით და დღესაც სასამართლო სისტემაში არიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი თქმით, სისტემა ვერ გაჯანსაღდება, თუკი თანამდებობის პირებმა არ იგრძნეს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მათ მიერ სისტემური დანაშაულის აღსრულების საქმეში ხდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე კი თვლის, რომ კანონის გამკაცრების შემთხვევაში, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ დაგებულ მახეში გაებმებიან, რადგან სწორედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერევიან მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის საქმიანობაში და დადგება დრო, როცა მათ მიერვე მიღებული კანონით გასამართლდებიან.
„კანონის გამკაცრება ეს არის პროპაგანდისტული ხრიკი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი „გირგვლიანის საქმეს“. სინამდვილეში ხდება შეწყალების გამო პრეზიდენტის დევნა. სურთ იმ სამარცხვინო სასამართლო პროცესის გადაფარვა, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირი მუქარა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც აშანტაჟებენ, არ გადადგას ნაბიჯები, რომელიც კონსტიტუციურად არის მისი უფლებამოსილების სფერო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
„რა „გირგვლიანის პაკეტზეა“ საერთოდ საუბარი, როცა შემსრულებლები, დამკვეთები არა მხოლოდ სისტემაში რჩებიან, არამედ დაწინაურებულები და აღზევებულები არიან“, - აცხადებს მედიასთან საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, სანამ რეალური საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება და არ მოხდება კონკრეტული პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად დასჯა, მანამდე უმრავლესობის მხრიდან წარმოდგენილი პაკეტები, უბრალოდ ფარსის გაგრძელება იქნება.
ანა ნაცვლიშვილი უკანონო ფარული ჩანაწერების საკითხსაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ მსგავსი მასალებით დღემდე შეიძლება ხდებოდეს კონკრეტული პირების დაშანტაჟება. მისივე განცხადებით, ადამიანები რომლებიც მსგავს ჩანაწერებს აკეთებდნენ, დღემდე რჩებიან სისტემაში, რომელიც ქვეყანას მართავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ოპონენტებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია გასაკვირია.
როგორც სესიაშვილი აღნიშნავს, ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ მომავალში არ მოხდეს ვინმეს მიერ მართლმსაჯულების პროცესში ჩარევა.
სესიაშვილის შეფასებით, სანდრო გირგვლიანთან მიმართებაში, თავის დროზე სახელმწიფომ და მაშინდელმა პოლიტიკურმა კლანმა მრავალდონიანი დანაშაული ჩაიდინა.
„სიმართლე გითხრათ, გასაოცარი იყო ოპონენტების თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია. გასაოცარი იყო იმ ნაწილში და მე მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც სანდრო გირგვლიანთან მიმართებაში თავის დროზე სახელმწიფომ და მაშინდელმა პოლიტიკურმა კლანმა ჩაიდინა, იყო მრავალდონიანი დანაშაული, დაწყებული უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე პირების მხრიდან, დამთავრებული პრეზიდენტით. ასე რომ, არავის გვინდა ეს განმეორდეს, იმასაც კი, ვინც ჩვენთან ოპონირების რეჟიმშია. სწორედ ეს ვთქვით. ჩვენ არ გვინდა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ვინმე ჩაერიოს.
ჩვენ გვინდა ადამიანის უფლებათა დაცვის მეტი სტანდარტი და გარანტია. ბევრს ჩვენი ნათქვამი სამწუხაროდ არ მოეწონა, ალბათ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო და არა იმიტომ, რომ ეს ცუდი ინიციატივაა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ შს სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადმინისტრირებაშია, რომელსაც შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
„ადმინისტრირებაში რომ არის პრობლემა, ამიტომაა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას რომ სწევენ მაღლა. ვფიქრობ, აღსრულებისკენ არის ორიენტიებული ის, რომ თანამდებობის პირს, რომელიც უყურადღებო ან ლოიალური იქნება დანაშაულის მიმართ, გაეზარდოს სასჯელი. ასეთი ლოიალურობის კატასტროფული მაგალითი იყო გირგვლიანის საქმე. როგორც ჩანს, შეიძლება თანამდებობის პირებში იყოს ჩადებული ეს საფრთხე, რომ გარკვეული მფარველობა გაუწიონ დანაშაულს“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.