„კრიმინალთან ბრძოლას მხოლოდ ერთი უწყების მცდელობა ვერ უშველის“

„კრიმინალთან ბრძოლას მხოლოდ ერთი უწყების მცდელობა ვერ უშველის“

კრიმინალთან ბრძოლას, არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მთავრობაც ამკაცრებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. უწყებას შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს, რომლის თანახმად აღნიშნული მიმართულებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე ფართოვდება.

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, იგი შეეხება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას; ასევე, ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებაში.

„თუ გააცნობიერეს, რომ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მიმართულებით ჩავარდნა აქვთ და ნაბიჯებს გადადგამენ, მისასალმებელია“, - თვლის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

მისი შეფასებით, საქართველოს ჰქონდა არნახული მონაპოვარი, როდესაც კრიმინალური სამყარო დამარცხდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველოში დაბრუნდა კრიმინალური იდეოლოგია, ქურდული სამყარო.

„ჩვენ ვხედავთ რომ, დღეს ახალგაზრდები, ფაქტობრივად, უბრუნდებიან ქუჩურ გარჩევასა და სხვა კრიმინალურ მსოფლმხედველობას. თუ გააცნობიერეს, რომ ამ მიმართულებით ჩავარდნა აქვთ და რაღაც ნაბიჯებს გადადგამენ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, თუკი კრიმინოგენური ვითარება გაუარესებულია, მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები ან შს სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა არ იქნება საკმარისი.

„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ პოლიციამ მოსახლეობის ნდობა დაკარგა და საკმაოდ რთული ვითარებაა საზოგადოებასა და პოლიციას შორის. უნდობლობის მუხტი საკმაოდ დიდია. თუ თვლიან, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია პოლიტიკის გამკაცრება და ალბათ, აუცილებელია, მაშინ პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. მგონია, რომ ეს სწორი ნაბიჯია“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისივე შეფასებით, საჭიროა არა მხოლოდ შს სამინისტროს რეაგირება, არამედ მთლიანად ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის და საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

„როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ეს პრობლემა თითქოს არ არსებობდა. შემდეგ, არ ვიცი, რამდენად მართალი იყო, მაგრამ ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს კანონიერი ქურდები ჩამოდიოდნენ და გადიოდნენ ქვეყნიდან თავისუფლად. როგორც ჩანს, თანდათანობით მოხდა საზოგადოების დაჯერება, რომ სიტუაცია თანდათანობით ემორჩილებოდა ქურდულ სამყაროს. მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პოლიციის მიმართ და ეს არის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ამან შეიძლება უმართავ პროცესებამდე მიგვიყვანოს. ვგულისხმობ არა მხოლოდ კრიმინალური ვითარების გაუარესებას, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილეც, მობილიზებაც და საკანონმდებლო ბაზაც“, - აღნიშნავს ძაბირაძე.