„რეიგანი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა ავსტრალიას და ავსტრიას, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ რეიგანი ყოფილიყო“

„რეიგანი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა ავსტრალიას და ავსტრიას, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ რეიგანი ყოფილიყო“

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი აშშ-ის პრეზიდენტს გეოგრაფიის ცოდნას უწუნებს და დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი რუკაზე საქართველოს, დიდი ალბათობით, ვერ იპოვის. თორნტონმა ტრამპის განათლებას სოციალურ ქსელში სტატუსიც მიუძღვნა.

„გასულ ღამეს, „იმედის“ ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!“, - წერს ლორა თორნტონი.

ამ სკანდალურ სტატუსს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, რომლიც მიმართავს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. დეპუტატის ლოგიკა ასეთია: „გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან, განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების ურღვევობას და მტკიცედ გმობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, არც კი იცის სად არის ეს საზღვრები!?“.

დეპუტატის შეფასებით, თორნტონის ეს ირონიული კომენტარი, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზედაც კი შეუძლებელია. მისი თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-ის, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორიცაა NDI.

„მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ანტიტერორისტული კოალიციის ფორმატში, აშშ-ის პოლიტიკური ლიდერშიფი იღებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნებისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას, ნარტივისა, რომლის თანახმადაც აშშ-ს არაფრად უღირს ჩვენსავით პატარა ქვეყნების პარტნიორობა. მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

დეპუტატი აქვე აზუსტებს, რომ თორნტონის მისამართით მის მიერ გაკეთებული განცხადება გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის. როგორც ირაკლი მეზურნიშვილი ამბობს, განცხადების გაკეთებამდე მას გარკვეული კონსულტაცია ჰქონდა. დეპუტატი ახლა გუნდის წევრების რეაქციას ელოდება.

პირადი მოსაზრების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი. „მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვერდზე გამოვხატე. ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ლორა თორნტონმა.

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეფასებამ ავღანეთში ჩატარებული ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაცია გაახსენა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, როცა ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები ალყაში მოექცნენ, ქართველმა ჯარისკაცებმა ალყა გაარღვიეს და პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინეს.

„ძალიან გულსატკენია, როცა ასეთი განცხადება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან კეთდება. მას ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები სწორად ვერ გაიგებდნენ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ლორა თორნტონთან შეხვედრას გეგმავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, რომელიც NDI-ის ოფისის ხელმძღვანელისგან შეეცდება მიიღოს პასუხი, რა იგულისხმა თავის კომენტარში.

„განცხადებას, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოების რუკაზე არ არის, არ ვიზიარებ. ამის დასტურია ორ ქვეყანას შორის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო 2017 წელს საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტი, რა დროსაც მან საქართველოსთან მიმართებაში უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები გააჟღერა. ეს დასტურია იმისა, საქართველოს აშშ-სთან რამდენად მჭიდრო ურთიერთობა აქვს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სოფიო ქაცარავამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის კომენტარი, სიმბოლური გამოთქმა იყო და პოლიტიკოსებს ალეგორიების გაგება უნდა შეეძლოთ. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, არც ამერიკაში და არც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არავინ უკრძალავს ადამიანს საკუთარი აზრის გამოთქმას.

„ჩვეულებრივ კომენტარზე ასეთი რეაქცია უმრავლესობის მხრიდან ნიშნავს, რომ ისინი საერთაშორისო საკითხებს შიდა სტანდარტებით უყურებენ. „ქართული ოცნება“ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ებრძვის, დაწყებული პრეზიდენტის განსხვავებული აზრიდან, დამთავრებული ოპოზიციის. ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან ასეთ ოფიციალურ განცხადებას მოსდევს ქვეყნის მმართველი პარტიის იმიჯის შელახვა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ეს განცხადება წარმოადგენდა კრიტიკას საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ. შესაბამისად, უმცირესობის წევრმა უცნაური უწოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის მოთხოვნას, ლორა თორტონის მიერ საჯარო ბოდიშის მოხდის შესახებ.

„აშშ-ის მოქალაქემ იუმორით, მწვავედ, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა. ლორა თორტონის განცხადება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა. საქართველოს საგარეო ინტერესები „ქართულმა ოცნებამ“ დააზარალა, რომლის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დისკუსიის საგანი აღარ იყოს. თუკი ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი უკან გადაიდგა, ეს სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

NDI-ს ხელმძღვანელის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან ანალიტიკოსები. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ვერც ერთი რუსული პროპაგანდა ვერ მიაყენებდა ისეთ ზიანს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, როგორც თორნტონმა თავისი განცხადებით.

„გაოგნებას ვერ ვმალავ ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება უაღრესად ავლენს არაკომპენტენტურობას. გაკვირვების გარდა, არაფერს არ იწვევს. არ ვიცი, რა უნდოდა ლორა თორნტონს ეთქვა, ის, რომ თავის პრეზიდენტს გეოგრაფიული კრეტინიზმი ახასიათებს და რუკაზე ვერ პოულობს, მათ შორის თავის პარტნიორ ქვეყანას, თუ ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კრიტიკულად აღარ არ აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი.

ამ განცხადების გამო, უამრავი ინტერპრეტირების გაკეთებაა შესაძლებელი: იმის თქმა შეიძლება, რომ ამერიკას არ მიაჩნია, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია, რომ ამერიკა ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს სვლას ჩრდილოატლანტიკური სივრცის მიმართ?! მინდა ვთქვა, რომ ვერც ერთი რუსული, ან სხვა ტიპის პროპაგანდა ვერ მიაყენებდა ისეთ ზიანს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ქვეყნის მოქალაქეებს, რაც გააკეთა ქალბატონმა თორნტონმა თავის, რბილად რომ ვთქვათ, დაუფიქრებელი განცხადების მეშვეობით“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის თავზე საქართველო იყო მეოთხე ქვეყანა, რომლის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგა აშშ-ი და თავად პრეზიდენტის ინიციატივით შედგა დონალდ ტრამპისა და გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი. შესაბამისად, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით NDI-ის დირექტორის განცხადება არის უტაქტობა.

„ამ შემთხვევაში, ეს ტრამპის შეურაცხყოფაა. თუ არ ვცდები რეიგანი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა ავსტრალიას და ავსტრიას, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ რეიგანი ყოფილიყო. როგორც ჩანს, ქალბატონ ლორას დიდად არ მოსწონს თავისი ქვეყნის ხელმძღვანელი და იმ ბრძოლაშია ჩაბმული, რომელსაც ტრამპი არაერთხელ აღნიშნავს ხოლმე“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.