სააკაშვილი ელექტრონული სამაჯურით ივლის

სააკაშვილი ელექტრონული სამაჯურით ივლის

კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეეფარდა. გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის სადღეღამისო შინაპატიმრობას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უკრაინის გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.

მაშ ასე, კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში, კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს. სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.

განაჩენით უკმაყოფილო სააკაშვილი აცხადებს, რომ ესენი მოსამართლეები კი არა, გაყიდული არსებები არიან. მისი თქმით, საქმე სრულიად ფალსიფიცირებულია.

„მათ არ უნდათ მე რომ გადავადგილდებოდე, მაგრამ არ გამოუვათ ეს. უახლოეს დღეებში ჩვენ მარშს გამოვაცხადებთ, რათა იმ ადამიანის იმპიჩმენტს მივაღწიოთ, ვინც უღალატა მაიდნის იდეალებს. მინდა ყველას ვუთხრა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ მოუწევთ ხელისუფლება დათმონ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს აქ მოვიდა. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინამ პოლონეთს მისი რეადმისიის შესაძლებლობის განხილვის თხოვნით მიმართა.

„ოფიციალურად ვაცხადებ! უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა პოლონეთს ოფიციალური თხოვნით, განიხილონ ჩემი რეადმისიის შესაძლებლობა. მათ სურთ ქვეყნიდან გამაგდონ! გარდა ამისა, ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ირინა გერაშჩენკომ ითხოვა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ სევერიონ დანგაძე გაცვლის სიებში შეიყვანოს! მე - პოლონეთში, სევერიონი - „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“! აი, რას სურთ მათ!“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა უკრაინის პარლამენტის 10 დეპუტატი, მათ შორის პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელმაც სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

„ვაცხადებთ, რომ თავდებში ჩავუდგებით მიხეილ სააკაშვილს და ასევე სასამართლოს ვთხოვთ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა“, - აღნიშნა იულია ტიმოშენკომ.