„ცხადია, კვირიკაშვილს ეს არ მოეწონებოდა, უარყოფდა“

„ცხადია, კვირიკაშვილს ეს არ მოეწონებოდა, უარყოფდა“

ანალიტიკოსის, დავით ზარდიაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არასასურველ პოლიტიკურ დატვირთვას შეიძენს, რომელსაც თავისი პოლიტიკური ინტერესები ექნება, შეიძლება განმეორდეს, რაც მარგველაშვილის შემთხვევაში. ზარდიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტობის შანსი აქვს ალექსანდე ელისაშვილს და, ასევე ირაკლი ალასანიას იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელ კანდიდატად შემოვლენ ქართულ პოლიტიკაში.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

2018 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ ქვეყანა განსხვავებული სტილის პრეზიდენტს ირჩევს. ამის მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირისპირება დაწყებულია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, მთავრობასა და პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. როგორ ფიქრობთ, კანდიდატებს რატომ უჭირთ აღიარება, რომ 2018 წელის არჩევნებზე სისტემურად იცვლება ყველაფერი?

დავით ზარდიაშვილი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მედიასაც ყურადღების მიღმა აქვს დატოვებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი არა პრეზიდენტობის კანდიდატია, არამედ ის, რომ სისტემურად იცვლება ყველაფერი. საპრეზიდენტო არჩევნების მერე ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. ე.ი. ახალი კონსტიტუციის პირობებში 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი მმართველობითი სისტემისთვის როგორც აქამდე იყო. დღეს გიორგი მარგველაშვილის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქციები და გარკვეული მმართველობითი პრეროგატივები აქვს. ახალ პრეზიდენტს ეს ფუნქცია არ ექნება.

მაგრამ ამის აღქმა უჭირთ პოლიტიკოსებს...

- რა თქმა უნდა, პოლიტიკური ძალებისთვის მნიშვნელოვანია ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ ეს უფრო პრესტიჟის საქმეა, ვიდრე რეალური ძალაუფლების. ასე უნდა შეხედონ საკითხს. პრეზიდენტად ისეთი კანდიდატი უნდა იქნას შერჩეული, რომელსაც ავოტორიტეტიც ექნება, ასევე პრესტიჟი როგორც წარმომადგენლობით ფიგურას და არა როგორც მოქმედ პოლიტიკოსს, რომელსაც რეალური ძალაუფლება და რეალური მმართველობითი ბერკეტები აქვს, ეს არის ძალიან არსებითი. სხვადასხვა კანდიდატურების განხილვა მიდის, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცვლილების ეს ხასიათი ნაკლებად არის აღქმული.

გიორგი კვირიკაშვილი და დავით სერგეენკოამ დრომდე მმართველი გუნდის გარშემო ეს ორი კანდიდატი განიხილება თუმცა, ორივემ უარყო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა...

- რა თქმა უნდა, გიორგი კვირიკაშვილი უარყოფდა. ის არის მოქმედი პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ ლიდერია და მისი ისეთ ადგილას გამწესება, ნიშნავს, რომ პრაქტიკულად რეალური პოლიტიკიდან უნდა იქნას ჩამოშორებული. ცხადია, კვირიკაშვილს ეს არ მოეწონებოდა, უარყოფდა. ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ ადრე ამაზე საუბარი. მაგრამ მედიამაც და საზოგადოებაც მთავარი აქცენტი ამაზე უნდა გააკეთოს, რომ სისტემურად იცვლება ქვეყანა. საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა იმით, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ, არამედ იმით, რომ აბსოლუტურად ახალ განახლებულ მმართველობით სისტემაზე უნდა გადავიდეთ.

2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მმართველობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, მაგრამ მაგალითად თუ ავიღებთ თვითმმართველობის არჩევნებს, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა, როგორ ფიქრობთ, როგორი კანდიდატი უნდა დაასახელოს მმართველმა გუნდმა, რამდენად ძლიერი უნდა იყოს იგი?

- როცა საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტს პირდაპირ ირჩევენ (ეს იშვიათად ხდება), გაცილებით უფრო გავრცელებული პრაქტიკა არის არაპირდაპირი წესით არჩევნები. მაგრამ პირდაპირი არჩევნები ისეთი სისტემა არის, რომელშიც მოქმედი პოლიტიკოსები ნაკლებად მონაწილეობენ. უფრო პენსიაზე გასული პოლიტიკოსები მონაწილეობენ არჩევნებში, რომლებსაც თავიანთი მოღვაწეობით დიდი ავტორიტეტი აქვთ მოხვეჭილი საზოგადოებაში.

ეს არის „საპენსიო“ თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადამიანი რომელიც პრეზიდენტად აირჩევა, ის მომქმედი პოლტიკიდან არის ჩამოშორებული, ანუ მას არ აინტერესებს კულუარებში მიმდინარე თამაშები, პოლიტიკური დაპირისპირებები, პარტიული პოლიტიკა. მას არ აქვს ამომრჩევლის წინაშე პირდაპირი ვალდებულება, რომ რაღაცა პოლიტიკური პროგრამები გაატაროს და არც შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან ამის არავითარი ბერკეტი არ აქვს. ის არის ადამიანი, რომელიც მთლიანობაში არსებული პოლიტიკური სისტემის წარმომადგენელია და პასუხს აგებს მის გამართულ საქმიანობაზე, ერთგვარი არბიტრია. პრეზიდენტი ერთგვარი მეთვალყურეა, საზოგადოების თვალი და ყურია, რომ სახელმწიფო სამსახურებმა გამართულად იმუშაოს. პრეზიდენტს იმხელა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, რომ მისი ერთი სიტყვა საკმარისი იყოს. სამთავრობო გადაწყვეტილებას არ იღებს, კაბინეტს არ აკომპლექტებს, რეალურ პოლიტიკას არ ატარებს, მაგრამ უყურებს სისტემას, სადმე რამე ხარვეზი არ იყოს და ხელისუფლება თავისი სამოქმედო არეალიდან არ გავიდეს. ეს არის მისი მთავარი დანიშნულება.

გამოცდილება უნდა ჰქონდეს, წონა, მოქმედი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს, ქართულ სინამდვილეში ასეთი კანდიდატის შერჩევა რამდენად არის შესაძლებელი?

- კურიოზული ვითარება იქმნება. როცა ასეთი პოლიტიკური კონტექსტია, გნებავთ მმართველ ძალას და გნებავთ ოპოზიციას, გაუჭირდება ზეპარტიული კანდიდატის შერჩევა. რასაკვირველია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. შეძლება „ქართულმა ოცნებამ“ თავის რიგებში შეარჩიოს ზეპარტიული პრეზიდენტი? - ლაპარაკია სხვადასხვა კანდიდატებზე და ყველა მათგანი ან მოქმედ პოლიტიკოსს წარმოადგენს, ან ყოფილი პოლიტიკოსია. მოიაზრება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას უბრუნდება. ამ დროს კი, პრეზიდენტი სულ სხვა შინაარსის მატარებელი არის.

როგორი იქნება არაპარტიული კანდიდატების შანსი?

- რასაკვირველია, მოსახლეობაშიც არ არის აღქმა, რომ ასეთი ტიპის პრეზიდენტი ირჩევა. შეიძლება პოლიტიკურად იმდენად დაძაბული არჩევნები იყოს, რომ იგივე როლი შეასრულოს არაპარტიულმა კანდიდატმა, როგორც ადგილობრივი არჩევნების დროს. ანუ, ეს იყოს ერთგვარი პროტესტი ამ პარტიული წარმომადგენლობითი ისტებლიშმენტის მიმართ. მე ვვარაუდობ, რომ არაპარტიულმა კანდიდატმა შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწიოს.

ერთია რამდენად ენდობა ხელისუფლება NDI-ის კვლევას, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვი იზრდება. პრინციპში ეს NDI-ის კვლევის გარეშეც ცხადია. აქედან გამომდინარე ალბათ, ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი კანდიდატი, რომ გაბრაზებული მოსახლეობის ხმები არ წავიდეს კონკრეტული ოპოზიციური ძალების სასარგებლოდ, ან თუნდაც დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, მით უფრო საუბარია, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება ირაკლი ალასანია როგორც დამოუკიდებელი ფიგურა?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ ისეთ ადამიანს ავირჩევთ პრეზიდენტად, რომელსაც პოლიტიკური და პარტიული ინტერესები აქვს, ეს თავისთავად პრობლემა იქნება. პოლიტიკა რა არის? - ხელისუფლებაში მოსვლის მექანიზმი. ასეთი კანდიდატი სისტემას გაჭედავს. იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი ასეთად არ მოიაზრება. მარგველაშვილიც ეს შემთხვევა არის. ცდილობს პოლიტიკაზე რეალური ბერკეტების მოპოვებას, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ გამოსდის. ძალიან რთულია ამის გაკეთება, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით ქმნის პრობლემას.

თუ პრეზიდენტი არასასურველ პოლიტიკურ დატვირთვას შეიძენს, ანუ თავისი პოლიტიკური ინტერესები ექნება, იგივე შეიძლება განმეორდეს. ამიტომ, დიდი პასუხისმგებლობა მოეთხოვება მმართველ პარტიას. მან ერთი მხრივ უნდა დაასახელოს საკმაოდ ძლიერი კანდიდატი და მეორე მხრივ ეს უნდა იყოს ზეპარტიული კანდიდატი, რომელსაც არ აქვს თავისი პირადი პოლიტიკური ინტერესი. ეს არის ძალიან რთული პროცესი, არ ვიცი რამდენად გაუმკლავდება ამ ამოცანას „ქართული ოცნება“.

არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ არაპარტიულმა კანდიდატმა მოიგოს არჩევნები? მოსახლეობამ უკვე აჩვენა, რომ მას არ უნდა პარტიული პოლიტიკოსი, არჩევანს აკეთებს უპარტიო კანდიდატზე, ამ შემთხვევაში საუბარია ორ დამოკიდებელ კანდიდატზე - ირაკლი ალასანიასა და ალეკო ელისაშვილზე...

- არ ვიცი ირაკლი ალასანია დაუბრუნდება თუ არა პარტიულ პოლიტიკას. თუ კავშირი არ ექნება „თავისუფალ დემოკრატებთან“ ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, მისი განხილვა პრეზიდენტობის კანდიდატად. მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე უფრო მისაღებ კანდიდატად, ზეპარტიული ფიგურის თვალსაზრისით, რომელიც მაინც „ოცნების“ ორბიტაზე არის, ეს არის სალომე ზურაბიშვილი.

თითქოსდა პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება, დისტანცირებულია, მაგრამ მმართველი ძალა მას მხარს უჭერს. ჩემთვის ასეთი ფიგურა უფრო არის მისაღები. თუ „ქართული ოცნება“ პარტიულ ამბიციას დაძლევს და ასეთ კანდიდატს შემოგვთავზებს, ეს იქნება კარგი შანსი მმართველი გუნდისთვის. ასეთი განწყობით უნდა შეხედოს მმართველმა პარტიამ ამ არჩევნებს.

ზურაბიშვილს რა შანსები აქვს როგორც დამოუკიდებელ ფიგურას?

- იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ დაასახელებს როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, რასაკვირველია აქვს შანსი.

მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის გარეშე შანსი არ აქვს?

- არა, რასაკვირველია, არ აქვს შანსი. ვნახოთ რა იქნება. მთავარი ამოცანაა, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს მოქმედი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ჩაერევა პოლიტიკურ ძალთა ურთიერთობაში.

ალექსანდრე ელისაშვილს აქვს შანსი, რომ ამ შემთხვევაშიც მიიღოს განაწყენებული მოსახლეობის ხმები?

- რასაკვირველია, არსებობს ამის შანსი. თუ ელისაშვილი გახდება პრეზიდენტი და თეორიულად შეიძლება ამის დაშვება, ასეთ შემთხვევაში ძალიან საინტერესო კონფიგურაცია გამოვა. მას არ ექნება რეალური პოლიტიკური ბერკეტები და შესაძლებლობები, რომ გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე. არც საკანონმდებლო ხელისუფლება იქნება მისი და არც აღმასრულებელი. მაშინ ვინ იქნება იგი? - მარგველაშვილზე უფრო გაძლიერებული ვარიანტი იქნება. შეეცდება რა შესაძლებლობაც ექნება, ის ხრიკები დაუდოს ხელისუფლებას, ასეთი ტიპის პრეზიდენტი გვეყოლება. თუ ელისაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“ უკვე საპარლამენტო არჩევნებში. ასეთი რამე კი შესაძლებელია.

რამდენად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ვის მხარეს დაიჭერს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საერთო როგორ არჩევანს გააკეთებს ის?

- ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მარგველაშვილი დაასახელებს თავის კანდიდატურას. ასე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები.

შანსები არ აქვს?

- ძალიან ცოტა, მარგველაშვილს არ აქვს შანსები, იმიტომ, რომ ჩამოყალიბებული არ არის. ფიქრობს შექმნას თუ არა თავისი პოლიტიკური ძალა, მაგრამ საბოლოოდ ესეც ვერ გადაუწყვეტია. ცდილობს ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი იყოს ლიბერალური ბანაკისთვის, მაგრამ მთლად ესეც არ გამოსდის. ცდილობს პოლიტიკაში ჩაერიოს და არც ეს გამოუვიდა. მოკლედ, ასეთ გადაუწყვეტელ მდგომარეობაშია. შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი გადაუწყვეტელი კანდიდატები შედეგს ვერ იღებენ. ჯერ თავის თავში უნდა გაერკვეს. თვითგამორკვევის პროცესში ბოლოში უნდა გავიდეს, რომ მერე რაღაცა წარმატების შანსი ჰქონდეს.