შესაძლოა, სკოლებში რელიგიის სწავლება აღდგეს. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პატრიარქი გამოვიდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიისა და სულიერებასთან დაკავშირებულ საკითხთა სწავლება აუცილებელია.
განათლების ახლანდელი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის პოზიციით, რელიგიის ისტორია არჩევით საგნად ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. თუმცა რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ქართველ სპეციალისტებს.
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ექსპერტს განათლების საკითხებში, პროფესორ ზურაბ ვახანიას ახარებს ამ ინიციატივაზე საუბარი, ვინაიდან ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაწერა სახელმძღვანელო, სახელწოდებით „კულტურის ისტორია, რელიგიები“. დღესაც მე-10, მე-11 კლასელი ასიოდე ბავშვი სწავლობს ამ საგანს ცალკეულ სკოლაში. ასევე, ამ სახელმძღვანელოს დამატებით სახელმძღვანელოდ იყენებენ ისტორიის მასწავლებლები.
„მე მგონი, პატრიარქი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს აღმსარებლობით მხარეს და საღვთო სჯულის ტიპის სწავლებას სკოლებში. უბრალოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ მოსწავლემ ანი და ბანი უნდა იცოდეს ბიბლიიდან. ამის არცოდნა უკულტურობაა. სამწუხაროდ, ზოგიერთები ისე ამთავრებენ სკოლას, რომ წარმოდგენა არ აქვთ ბიბლიაზე, ყურანზე, ბუდიზმი რა არის, სიტყვაც კი არ იციან. რომელ შემწყნარებლობაზეა საუბარი, როცა ბავშვებს წარმოდგენაც არ აქვთ, იქვე ახლოს მდებარე სინაგოგა რა არის. ამიტომ ეს საგანი აუცილებელია როგორც სამოქალაქო, ისე ზოგადი კულტურისა და განათლების კუთხით. ისტორიაში ათას ზედმეტ რამეს ასწავლიან ბავშვებს, ღმერთმა ქნას, ახლა შეიცვალოს სტანდარტები და მოსწავლემ მოკლედ მაინც იცოდეს, თითოეული რელიგია სად ჩაისახა, დღეს ვინ ჰყავს მიმდევრები, რას ქადაგებს“, - აღნიშნა ზურაბ ვახანიამ ჩვენთან საუბარში და შეკითხვის საპასუხოდ, გვყავს თუ არა რელიგიის ისტორიის საკმარისი სპეციალიტები, აღნიშნა, „ჩვენ არაფრის სპეციალისტები არ გვყავს საკმარისი რაოდენობით. არ გეგონოთ, ის საგნები, რაც ისწავლება, ყველა ვარსკვლავს კრეფს, მაგრამ არ ვასწავლოთ?“
ამასთან, ზურაბ ვახანია დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზოგჯერ სკოლებში სასულიერო პირებიც შევიდნენ. შესაძლოა, ერთხელ შევიდეს მართლმადიდებელი მოძღვარი, მეორედ სხვა რელიგიის წარმომადგენელი. ბავშვისთვის ეს საინტერესო იქნება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გადაბირების მცდელობა, რაც აკრძალულია. განათლების კანონში პირდაპირ წერია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება მქადაგებლური შესვლა, გადაბირება, პროზელიტიზმი.
„თბილისში ბევრი აღმსარებლობის ეკლესიაა და თითოეულის მოძღვარი ხანდახან თუ მოიცლის და ბავშვებს თუნდაც ათი წუთით გაესაუბრება, კარგი იქნება. სხვათა შორის, მე პროექტიც მქონდა ამ რამდენიმე წლის წინ, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს უნდა შემოევლოთ ყველა აღმსარებლობის ტაძარი თბილისში, ფოტოები გადაეღოთ, ჩაეწერათ ინტერვიუები, მოემზადებინათ პატარა ჟურნალი თავიანთი შთაბეჭილებების შესახებ, მაგრამ ეს პროექტი არ დააფინანსეს. ამდენად, რელიგიის ისტორიის სწავლებას ეს პრაქტიკული მხარე, ანუ შემოწმებითი ექსკურსიებიც თუ დაემატება, კარგი იქნება“.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა სკოლებში რელიგიის სწავლებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ წლების წინ ჩვენ გვქონდა ეს პრაქტიკა, რამაც ცუდად იმუშავა. მით უმეტეს, რომ ჩვენი მრავალეროვანი მოქალაქენი სხვადასხვა რელიგიას განეკუთვნებიან. ამიტომ არ უნდა მოხდეს კონკრეტული რელიგიების სწავლება, ხოლო, თუ ზოგადად რელიგიის ისტორიას ასწავლიან ბავშვებს და არა კონკრეტულად ერთ რელიგიას, მაშინ შეიძლება ამაზე იფიქროს ადამიანმა.
„მთლიანობაში, რელიგიის საგნის სწავლებას არ ვემხრობი, რადგან საამისოდ კვალიფიციური კადრიც არ გვყავს, რომელიც მიკერძოების გარეშე ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის ბავშვს. პირიქით, ამან შეიძლება, უფრო მეტად გათიშოს ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთისგან. უნდა ვიფიქროთ, რომ მოსწავლის რელიგიური გრძნობების შებღალვა არ მოხდეს. ამ თემის აწევა კი ჩვენს სისტემას არ შეუძლია. არავითარ შემთხვევაში, სასულიერო პირები არ უნდა შევიდნენ სკოლებში. სასულიერო პირს რა უნდა სკოლაში? პირველ რიგში, ჩვენი საპატრიარქო უნდა იყოს ამის წინააღმდეგი, რადგან სკოლა არ არის რელიგიური ინდოქტრინაციისა და ქადაგების ადგილი. ყველანაირი ტიპის სამლოცველოებია საქართველოში და მათ აკეთონ ეს საქმე. სკოლამ კი იზრუნოს მოსწავლის განათლებაზე. ზოგადად, ინფორმაცია რელიგიების შესახებ მოცემულია საზოგადოებრივ მეცნიერებებში, მაგრამ ესეც დელიკატურად უნდა იყოს მიწოდებული“, - აღნიშნა რევაზ აფხაზავამ For.ge-სთან საუბარში.
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ, თუკი ჩვენს განათლების სისტემის მესვეურებს პატრიარქის ნათქვამის შესრულება სურთ, მაშინ დააბრუნონ სკოლაში საგანი - „რელიგიების ისტორია და კულტურა“, რომელიც ადრე ისწავლებოდა.
მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, მართალია, მინისტრი ამბობს, რომ რელიგიის ისტორია არჩევითი საგანი უნდა იყოს, მაგრამ არჩევითი საგანი ეფექტს არ გამოიღებს, ეს სავალდებულო უნდა გახდეს.
„წინათაც სავალდებულო იყო ეს საგანი და საგნების ძირითად ჩამონათვალში შედიოდა. „რელიგიების ისტორია და კულტურა“ არ არის მარტო მართლმადიდებლობის საფუძველი. ეს ნეიტრალური საგანია, სადაც ყველა რელიგიის ისტორია და კულტურა ისწავლება“.