ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების შერწყმის იდეა. გამოცდების გამარტივება მომგებიანი იქნება მოსწავლეებისთვის, მაგრამ საბოლოოდ რამდენად მომგებიანი აღმოჩნდება ეს სახელმწიფოსთვის და მივიღებთ თუ არა ამ ბავშვებისგან არაპროფესიონალებს?! ამის შესახებ For.ge ექსპერტს განთლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.
მანანა ნიკოლაიშვილი: განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საატესტატო გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების თემას შეეხო. ეს არ არის ჩხენკელის აზრი. უკვე რამდენიმე წელიწადია ვიცი, რა აზრებიც მუსირებს განათლების სამინისტროში. მარგველაშვილი რომ იყო მინისტრი, იმ დროიდან დაიწყო ამ აზრის მუსირება, რომ თურმე რა საჭიროა სასკოლო გამოცდები. სამინისტროში არიან ისეთი თავები, რომელთაც სასკოლო გამოცდების საერთოდ მოხსნა ან ოპტიმიზაცია უნდათ. სინამდვილეში, საატესტატო გამოცდებს ხელი არ უნდა ახლონ, გამოცდების შემცირება თუ უნდათ, მაშინ ერთიანი ეროვნული გამოცდები მოხსნან.
ეგ ხალხი, ვინც ახლა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს განათლების სამინისტროში (მაია მიმინოშვილის გარდა), ამ სტრუქტურაში არ მოღვაწეობდა, როცა ჩვენს ქვეყანაში დაიწყო და გატარდა ღრმა რეფორმები. ეს ხდებოდა კარტოზიას მინისტრობის დროს, ანუ შევარდნაძის პერიოდში. ამიტომ მაგათ არ იციან და ახლა გაიგებენ ამ ინტერვიუდან, რომ ეროვნული გამოცდების ცენტრი როცა იქმნებოდა, ასეთი პირობა იყო, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები გარკვეული წლების შემდეგ უნდა მოხსნილიყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოხსნა ჩვენი განათლების სისტემისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა?
- ეს რეფორმები უცხოელი ექსპერტების დახმარებით ტარდებოდა. უცხოეთში არსად არის ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ სასკოლო გამოცდები ნამდვილად არის. ახლაც სასკოლო გამოცდებს ხელი არ უნდა მოჰკიდონ, უბრალოდ, შეიძლება, ეს გამოცდები სხვანაირი ფორმით ჩატარდეს. არ უნდა დაუჯეროს ჩხენკელმა ამ ადამიანებს. გამოცდების რომელ ოპტიმიზაციაზეა საუბარი? ხვდებით, რომელ გამოცდას მოაკლებენ? ცხადია, შეამცირებენ ფიზიკას, ქიმია, ალბათ, ბიოლოგიას, საბუნებისმეტყველო საგნებს, რაც უჭირთ ბავშვებს და კრება დარჩება მხიარული. მე-12 კლასში უცხო ენისა და ისტორიის გამო ივლიან ბავშვები? ან კიდევ ქართულის და მათემატიკის რაღაც სტატისტიკის გამო? გამოდის, არაფრის გამო ატარებენ მოსწავლეებს სკოლაში.
მე ისტორიის საგანს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც ინგლისურს, მაგრამ ისტორია, ინგლისური, სტატისტიკა და ქართულია მთავარი? ქართულის სწავლება მაგათ მოსპეს. აჯობებს, გრამატიკა შემოიღონ და ნორმალურად ასწავლონ ბავშვებს და ოთხი საგნის გამო არ ატარონ მოსწავლეები მე-12 კლასში.
ხომ არ აჯობებს, სკოლის საატესტატო გამოცდების, ანუ CAT-ის შინაარსი და ფორმატი შეიცვალოს?
- უნდა შეიცვალოს, მაგრამ გამოცდების შემცირება და ამოღება არ შეიძლება, რადგან მთელი ათეული წლების განმავლობაში, როცა ჩვენი განათლების სისტემა მაგრად იდგა ფეხზე და მყარ ცოდნას აძლევდა სკოლა, 9 და 12 გამოცდა ბარდებოდა. მაგალითად, მე 9 გამოცდა ჩავაბარე, რა, მოვკვდი ამით? აბა, როგორ უნდათ მაგათ სკოლა? ყველაზე ხანგრძლივი პროცესი დაამთავრონ ბავშვებმა და გამოცდაც არ ჩააბარონ? მარტო ისტორიაში, ინგლისურსა და ქართულში ჩააბარონ გამოცდა? ჩხენკელი იმ სწორი გზით კი არ მიჰყავთ, რაც დასაწყისში იყო, რომ წლების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმებულიყო, არამედ მიჰყავთ მცდარი გზით. ჩხენკელმა ჩვენი ინტერვიუს საშუალებით უნდა გაიგოს, რომ ეს მოძველებული აზრია. ეს ნაბიჯი არ გადადგა თამარ სანიკიძემ, ეს არ გააკეთა ჯეჯელავამ, ახლა კი უნდათ, ჩხენკელს გააკეთებინონ. არ გააკეთო ეს, ბატონო ჩხენკელო!
მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ ბავშვებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება უნდა განუვითარდეთ, ამიტომ ზედმეტი სწავლებით მათი გონება არ უნდა გადავტვირთოთ.
- თუ ეს ადამიანი ამბობს, რომ შემოქმედებითი და ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება უნდა განუვითარდეთ ბავშვებს, რომელი საგანი ავითარებს ლოგიკას? - ცხადია, მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია. ამათ კი უნდათ, ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერება ამოაგდონ და დატოვონ სამი-ოთხი გამოცდა. კი ბატონო, ქართული დარჩეს, მაგრამ სხვა საგნებიდან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რაც ბარდება ქართულის გარდა, ანუ მათემატიკა, უფრო სწორად, უნარები და ინგლისური, მაშინ ესენი ამოაგდონ CAT-ის გამოცდიდან, სხვა საგნებს თავი დაანებონ. ვიმეორებ, ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს სამი საგანი - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. მეტი არ ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, დანარჩენი არის ლოგიკური აზროვნების მომხმარებელი.
როგორც ჩანს, საატესტატო გამოცდები ბავშვებზე მორგებული იქნება და მათ გაუმარტივებენ გამოცდის ჩაბარებას.
- მაშინ არაფერი გამოვა, ეს იქნება ბნელეთის საზოგადოება, აღარც ლაბორატორიები იმუშავებს, ვეღარც ანალიზებს გაიკეთებს ადამიანი. მედიცინა ხომ კატასტროფისკენ მიექანება, მედიცინის ხერხემალი არის ქიმია და ამ დროს ბავშვმა არ იცის მაპროფილებელი საგანი არც ერთ სპეციალობაში. ნაგავსაყრელად არის გადაქცეული ჩვენი ქვეყანა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ. კიბოს ყველაზე დიდი რაოდენობა რატომ არის საქართველოში? რადგან არ მოწმდება აქ შემოტანილი პროდუქტები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები თუ არ იქნება განვითარებული, კასტასტროფა იქნება. ვერც საჭმელს შეჭამ, რადგან გლეხსა და ფერმერსაც სჭირდება ზოგადი განათლება, მან უნდა იცოდეს, რა ოდენობის სასუქი დაუყაროს, როგორ მოუაროს მცენარეს. საქართველოს ნებისმიერ პრეზიდენტს თავის პროგრამაში უწერია, რომ საქართველო უნდა გახდეს მაღალი ტექნოლოგიების ამთვისებელი ქვეყანა, რომლითაც გავმდიდრდებით. რაღაცაში დაოსტატდება ჩვენი ქვეყანა, დიდ თანხებს იშოვის, რაც არაერთმა პატარა სახელმწიფომ გააკეთა. მიხეილ ჩხენკელისგან მიკვირს, რადგან ლოგიკოსია ეს ადამიანი, მათემატიკოსია, თანაც ამბობს, უძლიერესი მეცნიერები გვყავს, ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლის გაძლიერებაზე თანხებს დავხარჯავო. ამ ყველაფერში ვეთანხმები, მაგრამ, თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ამოაგდებენ გამოცდებიდან და ხალხის მასა გაიგებს, რომ ეს არ არის საჭირო, მაშინ რა განათლება ექნება მასას? მარტო ჰუმანიტარული საგნებით ფონს ვერ გავალთ, დღეს 21-ე საუკუნეა. მე ვიცი, რა აზრიც ტრიალებს იმ სამინისტროში, მე ეს მომისმენია, ერთხელ ვიჯექი ერთ-ერთი მინისტრის კაბინეტში, როცა შემოვიდნენ მაღალჩინოსნები და ავითარებდნენ ამ მიუღებელ აზრებს. ის მინისტრი და მე ვუსმენდით, მაგრამ ეს აზრები არ გაატარა იმ მინისტრმა, რადგან არ იყო გასატარებელი. რა თქმა უნდა, მინისტრს მეც ვუთხარი ჩემი აზრი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მხოლოდ ის მინისტრი მისმენდა, დანარჩენები კი აფრქვევდნენ ამ „ჭკვიანურ აზრებს“.
თუკი თავის დროზე გათვალისწინებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება, ამ გამოცდების მოხსნა არ შეუშლის ხელს უმაღლესებში ღირსეული კადრის მოწყობას? ნუთუ შეიძლება, სკოლის საატესტატო გამოცდების უხარვეზოდ ჩატარებას ვენდოთ?
- საატესტატო გამოცდებს უნდა ვენდოთ, ამიტომაც უნდა შეიცვალოს საატესტატო გამოცდების ფორმატი. ბარიერები უნდა აიწიოს, თანაც, სკოლა ხომ არ ატარებს ამ გამოცდებს? ერთიანი გამოცდების ცენტრი ატარებს. თუ ესენი სასკოლო გამოცდებს შეამცირებენ და ის ჯგუფი დააჯერებს ჩხენკელს ამ სიმცდარეში, მაშინ ეს იქნება ჩხენკელის კატასტროფული მარცხი და ეს კაცი იძულებული გახდება, თანამდებობა დატოვოს. CAT-ის გამოცდები რომ შეამცირონ, იცით, რა მოხდება სკოლებში? ზუსტად საბუნებისმეტყველო საგნების გამო დადიან კიდევ ბავშვები სკოლებში და მერე სულ აღარ ივლიან.
მანდატურები რატომ შემოიღეს? როგორ დაიწყო ეს პროცესი? სააკაშვილის დროს მე-12 კლასი არ იყო, ეს კლასი მოგვიანებით, წლების შემდეგ დაემატა, მაგრამ თანდათანობით მე-12 , მე-11, მე-10 კლასები დაიცალა, არ დადიოდნენ ბავშვები. ვაფრთხილებდი სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას, რომ ასე მოხდებოდა. იმის მერე ვთქვი, რომ მომავალში უკვე მე-9, მე-8, მე-7 კლასები დაიცლებოდა. მართლაც ასე მოხდა. ამის შემდეგ კიდევ მივეცი ინტერვიუ და ვთქვი, ახლა მე-6, მე-5 კლასები დაიცლება-თქო, ზუსტად ასე მოხდა მთელი საქართველოს სკოლებში. ბავშვები მასობრივად აღარ დადიოდნენ. როცა ეს პრობლემა დაწყებით კლასებამდე ჩამოვიდა, შეიკრიბნენ პრეზიდენტთან, მათ შორის, ძალოვანი მინისტრებიც. ეს უკვე კატასტროფა იყო, რომ სახელმწიფოს ამდენ სკოლაში არ დადიოდნენ ბავშვები, ფაქტობრივად, ეს ფულის არამიზნობრივი ხარჯვა გამოდიოდა. ვაუჩერი რისთვის გაიცემოდა, თუკი ბავშვი სკოლაში არ ივლიდა? სად დადიოდნენ ეს ბავშვები? ქუჩაში დახეტიალობდნენ. ამის გამო მიიღეს სასწრაფო გადაწყვეტილება და სააკაშვილმა მინისტრ შაშკინს სკოლებში მანდატურები შეაყვანინა. ამას დაემატა კიდევ ერთი განკარგულება - გამოცდების დანიშვნა ყველა საგანში. ცხადია, მაშინდელმა ხელისუფლებამ შეიგნო, რომ ჰუმანიტარული საგნების გამო ვინ ივლიდა სკოლაში? ამიტომ მოსწავლეებს 8 ძირითადი საგნის გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ამითაც ვერ აღადგინეს სასკოლო დისციპლინა. ამიტომ ამას დაუმატეს, რომ მთელი წლის განმავლობაში ბავშვს თუ ექნებოდა გაცდენების 25%, გინდ არასაპატიო ყოფილიყო, გინდ საპატიო, უნდა გასულიყო ექსტერნი გამოცდაზე, თორემ კლასში დარჩებოდა. ეს იყო ეფექტური სადამსჯელო მეთოდი, მაგრამ იმდენად იყო დარღვეული დისციპლინა არა მარტო ბავშვებში, არამედ სკოლის დირექციაშიც, რომ დაამატეს, თუ ბავშვი ჩაიჭრებოდა, სკოლის დირექტორი და მასწავლებელი მოიხსნებოდა. ეს ნაბიჯები მართებული იყო, ოღონდ არასწორი ისინი იმაში იყვნენ, რომ იქამდე მიიყვანეს საქმე.
გაცდენების გამო, რა თქმა უნდა, სკოლაში სასჯელი უნდა იყოს და გამოცდებზეც უნდა გახვიდე. დირექტორმა და მასწავლებელმაც უნდა აგოს პასუხი, ბავშვი თუ ჩაიჭრება. რატომღაც ამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი გააუქმა. რეალურად, ეს უნდა აღდგეს. მით უმეტეს, რომ კანონში წერია, დირექტორი პასუხს აგებს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესზე. ამიტომაც ქირაობს სახელმწიფო დირექტორს. ამაში ბავშვის უსაფრთხოებაც შედის, დირექტორი ბავშვის სიცოცხლეზეც აგებს პასუხს და განათლებაზეც. როგორც კი გაამარტივებენ გამოცდებს და მთავარ, ყველაზე რთულ საგნებს ამოიღებენ, არავინ ივლის სკოლაში. ეს ხელისუფლება არ არის ისეთი მკაცრი ხელისუფლება. ამათ დროს რეჟიმი ძლიერ დარღვეულია სკოლებში. პატრული უშველის ამ საქმეს? თუ ბავშვი არ ივლის სკოლში, ცარიელ სკოლასთან იმორიგეოს პატრულმა? ამიტომ მანდატურს კი არ უნდა აუმაღლდეს უფლებამოსილება და სკოლებთან კი არ უნდა პატრულირებდეს პოლიცია, არამედ პოლიცია უნდა გადმოვიდეს ძვირადღირებული მანქანებიდან, ფეხით პატრულირება მოახდინოს იქ, სადაც საზოგადოების დიდი ნაკადები მოძრაობს. იქვეა სკოლები და მიაქციონ ბავშვებს ყურადღება.
როგორ, ქალაქის ცენტრში ორი ბავშვი დაკლეს და სად იყო პატრული? შენ რომ მანდატურს უძლიერებ უფლებებს, ამით დირექტორის, მასწავლებლის ავტორიტეტი ეცემა. ეს მაშინ, როცა ბავშვისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი მასწავლებელი და დირექტორია. თუკი სკოლაში თავის დონეზე დგას საქმე, უმეტესად მშობელს არ უჯერებს ბავშვი, მაგრამ მასწავლებელს უჯერებს. მთელ ამ ბაკქანალიაში ავტორიტეტულ მასწავლებლებს უჯერებენ. როგორ ფიქრობთ, არ არიან სკოლებში ავტორიტეტული მასწავლებლები? ასეთები ყველა სკოლაში არიან, მაგრამ ცოტაა, რადგან წინა ხელისუფლებამ დაუგდო მათ ავტორიტეტი. ამ ხელისუფლებამ კი არაფერი გააკეთა, რომ მასწავლებლის ავტორიტეტი ამაღლებულიყო.
უშიშროება რას აკეთებს? განათლების სისტემას რატომ არ აკონტროლებს? ისინი ხომ თავიანთი წყაროდან უნდა იგებდნენ სკოლაში არსებულ ინფორმაციას? საიდუმლო ფოსტა ხომ მოქმედებდა განათლების სამინისტროში? ჩხენკელი მარტო თავისი მოადგილეების იმედად უნდა იყოს, სხვა ინფორმაცია არ უნდა მიიღოს? უშიშროებაში ადრე განათლებასთან დაკავშირებით განყოფილება მოქმედებდა. ახლა არ მუშაობს? არ უნდა იცოდნენ, რა ხდება სკოლებში? რით სულდგმულობენ ბავშვები, წამლებს ყლაპავენ თუ რაღაცას ყნოსავენ? ეს არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი? რატომ ინარჩუნებენ ასეთ დირექტორებს? გამაოგნებელია, გამოძიებას ველოდებით და მერე მივიღებთ ზომებსო.
სკანდალურ რამეს გეტყვით, პირველ რიგში, ჩხენკელმა ის აკრძალოს, სკოლის დირექტორები ტრენინგებს რომ ატარებენ. სამუშაო საათებში დირექტორები რომ ტოვებენ თავიანთ პოსტებს, მიდიან და ტრენინგებს უტარებენ მასწავლებლებს, მასწავლებლის სახლთან თანამშრომლობენ და ორმაგ დაფინანსებას იღებენ. ჩხენკელმა, ალბათ, ეს არ იცის. ამ დროს დირექტორს ერთი წუთით არ აქვს უფლება, სკოლა დატოვოს. საერთოდ, დირექტორები არავინ უნდა გამოიძახოს სასწავლო პროცესის დროს, სანამ ბავშვები სახლებში არ წავლენ. ახლა კი დიდი სკოლების დირექტორები არიან ტრენერები და დარბიან ტრენინგებზე. ახლა დაადგინოს გამოძიებამ, ის დირექტორები სად იყვენ, როცა სკოლის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. თუ დირექტორს უნდა ტრენერობა, მაშინ დარჩეს ტრენერად და იქ აიღოს საკმაოდ დიდი ხელფასი, ხოლო, თუ დირექტორობა უნდა, მაშინ იდირექტოროს. დირექტორი კაბინეტში კი არ უნდა იჯდეს, დილიდან მოყოლებული, ყველა მოსწავლე უნდა მიიღოს და შუადღისას ყველა მოსწავლე გააცილოს, მან უნდა იცოდეს, ყველა სასწავლო ოთახში რა ხდება.