საპენსიო რეფორმამ თითქოს მომავალ პენსიონერებს შვება უნდა მოუტანოს, თუმცა იგი ჯერჯერობით ყველასთვის დამატებითი ვალდებულებაა. ბიზნესიც და ბიუჯეტიც ახალი დაგროვებითი მოდელის ამოქმედების შემდეგ იზარალებს. ცალკე საკითხია ნდობა იმ ფონდისა, რომელსაც ადამიანებმა სიბერისთვის განკუთვნილი თანხა უნდა ანდონ.
საქართველოს პარლამენტი „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. ირკვევა, რომ დაგროვებითი პენსია დასაქმებულისთვის სავალდებულო, თვითდასაქმებულისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ვალდებულების დარღვევის გამო დაჯარიმდება. საპენსიო სააგენტოში დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი - 500 ლარით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება.
სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას აკრიტიკებს. მისი აზრით, ეს ახალი ტიპის გადასახადია იურიდიული პირებისთვის, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„ანტიკონსტიტუციურია ამ გზით და წესით საპენსიო რეფორმის დაწყება. იდეის დისკრედიტაციაც მოხდება და რეფორმაც (გრძელვადიანი პერსპეტივაში) ჩაფლავდება. საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე თუკი მთავრობა მაინც ჯიუტად ამ გადაწყვეტილებას გაიტანს! ვერ შეიფუთება ახალი ინიციატივა სხვაგვარად. ეს არსებითად სწორედ გადასახადია, მისი ყველა ნიშნით“, - აღნიშნავს ალაფიშვილი.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 40-მილიონ ლარამდე შეამცირებს. საპენსიო რეფორმა გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც – სისტემის ამოქმედების შემდგომ, საბიუჯეტო ხარჯი დაახლოებით 150-მილიონი ლარი იქნება.
როგორც მთავრობა განმარტავს, კონტრიბუციის გაანგარიშება ხდება დარიცხული ხელფასიდან და შემდეგ მოხდება საშემოსავლოს 20%-ის გადახდა. საშემოსავლო დასაბეგრი ბაზის შემცირების გამო, ბიუჯეტში დაახლოებით 17 მლნ ლარამდე ნაკლები თანხა მობილიზდება. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დამსაქმებელს თავის კონტრიბუციის 2% შეუძლია გამოქვითოს შემოსავლიდან და შეამციროს მოგების დასაბეგრი ბაზა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 23 მლნ ლარამდე დააკლდება. მთავრობის ინფორმაციით, ჯამურად, სრულ წელზე ბიუჯეტში დაახლოებით 40 მლნ ლარით ნაკლები შევა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდგომ, საბიუჯეტო ხარჯი 150 მლნ ლარი იქნება, თუმცა საკუთრივ 2018 წელს - 90 მლნ ლარი. ეს იმიტომ, რომ სისტემა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. გარდა ამისა, როგორც მთავრობა განმარტავს, კანონპროექტით განსაზღვრულია საპენსიო სააგენტოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოს ამოქმედებიდან პირველი სამი წელი.
სპეციალისტები კარგა ხანია კრიტიკულად არიან განწყობილი ახალი სისტემისადმი. მათი აზრით, მთავრობის მიდგომა არ გაამართლებს. ეკონომისტი დემურ გიორხელიძე საპენსიო რეფორმას კრახს უწინასწარმეტყველებს.
„საპენსიო რეფორმას სრულ კრახი ელოდება. როდესაც ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობა არ არსებობს, მოსახლეობას ვერ აიძულებ, ენდოს ფონდს, სადაც მათი დანაზოგები განთავსდება. არავინ იცის, რა მოხდება წლების შემდეგ, როცა დასაქმებული საპენსიო ასაკს მიაღწევს და როგორ შეძლებს თავისი თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რეფორმა არ გაამართლებს“, - აცხადებს გიორხელიძე.