„ჩვენ საკმაოდ კარგად ვწერთ დოკუმენტებს, თუმცა იმპლემენტაციის პრობლემა გვაქვს“

„ჩვენ საკმაოდ კარგად ვწერთ დოკუმენტებს, თუმცა იმპლემენტაციის პრობლემა გვაქვს“

თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია შეიმუშავა. იქმნება ორი ტიპის რეზერვი - აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი.

ახალი კონცეფციის თანახმად, აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად - შეიარაღებული ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი.

კონცეფციის მიხედვით, შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას, ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით.

ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სპეციალისტების რეზერვი ახალი ნოვაციაა და დღეს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს. მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა.

რაც შეეხება რეზერვის მეორე ტიპს - სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა. კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურეობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში.

სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეფასებით, რეზერვის რეფორმა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის კონცეფცია განხორციელდეს. მინისტრის განცხადებით, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტთან და ქვეყნის მთავარსარდალთან. თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ დოკუმენტს პარლამენტი არსებული სახით დაამტკიცებს.

„ჩვენი ინიციატივის მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში გვექნება, ერთი მხრივ, აქტიური რეზერვი და მეორე მხრივ, სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური რეზერვის ფარგლებში შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული და სპეციალისტთა რეზერვი. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ეს იქნება ნებაყოფლობით, დაფინანსების პირობებით, რაც ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას.

რაც შეეხება სამობილიზაციო რეზერვს, ეს უკვე იქნება ყველა იმ მოქალაქის ვალდებულება, რომელიც გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. იმისთვის, რომ პროცესი იყოს თანმიმდევრული და ეფექტიანი, ჩვენ დღეიდან დავიწყებთ მართვის ელექტრონული სისტემის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს როგორც სამობილიზაციო რეზერვის სუბიექტთა წრეს, ისე მათი აღრიცხვის, გაწვევის, მომზადების პროცედურებს.

ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში განვახორციელოთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტია საზოგადოების ფართო ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის საქმეში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, რეზერვის გამოყენების 3 საფუძველი და შესაბამისად, ამაზე პასუხისმგებელი სამი სუბიექტი განისაზღვრება: საომარი მდგომარეობის დროს სამობილიზაციო რეზერვში მოქალაქეების გაწვევაზე უფლებამოსილი იქნება პრეზიდენტი; საგანგებო მდგომარეობის დროს რეზერვში მოქალაქეთა გაწვევის უფლებამოსილება ექნება მთავრობას; ხოლო რეზერვისტთა მომზადების დონის შეფასებისთვის და წელიწადში 45-დღიან მომზადებაზე გადაწყვეტილებას თავდაცვის მინისტრი მიიღებს. მინისტრის თქმით, აქტიური რეზერვის სამსახური უკვე წელს, საპილოტე პროექტის სახით ამოქმედდება.

„ჩვენ ამისთვის უკვე გვაქვს თავდაცვის ბიუჯეტში თანხები გამოყოფილი. ასევე, თანხები გამოიყო იმ მართვის ელექტრონული სისტემის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს სამობილიზაციო რეზერვის მართვის პროცესის ჩამოყალიბებას. ასე რომ, ჩვენ მომავალ წელს და შემდეგ წლებშიც გამოვყოფთ თანხებს იმისთვის, რომ ამან უფრო მეტი მასშტაბი მიიღოს. მზად ვართ იმისთვის, რომ უკვე წელს აქტიური რეზერვი საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ. პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიიღება. მომავალს წელს მზარდ ტენდენციას ველით. ბუნებრივია, ეს დამოკიდებული იქნება საბიუჯეტო შესაძლებლობებზეც“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

სამხედრო რეზერვის სისტემის ცვლილებას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის შეფასებით, უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ რეზერვის მოქმედი სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს რეზერვის კონცეფციის დაფინანსების და ადამიანური რესურსის პრობლემები აქვს და მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოიძებნება ფინანსები. მისი თქმით, მთავარია სურვილი და ნება გვინდა თუ არა ამის განხორციელება.

„მნიშვნელობა არ აქვს 100 000-იან კონცეფციაზე ვისაუბრებთ თუ რაზე, მთავარია თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს ფინანსური და ადამიანური რესურსი და ამის განხორციელება პატარა მასშტაბებიდან დაიწყოს და გაიზარდოს იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ექნება დაფინანსება. ამ ეტაპზე ჩემთვის არ არის ცნობილი და არც არსად გამოქვეყნებულა თუ რამდენი იქნება რეზერვის დაფინანსება 2018 წელს. მთავარია ნება და არა ის როგორი კონცეფცია გვექნება. დაველოდოთ თუ როგორ იქნება ლევან იზორიას ხელში ამის განხორციელების ნება.

თვითონ კონცეფცია საკმაოდ ნორმალურია. ჩვენ საკმაოდ კარგად ვწერთ დოკუმენტებს, თუმცა იმპლემენტაციის პრობლემა გვაქვს. თვითონ კონცეფცია მისაღებია, მთავარია როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „საქართველოს ანალიტიკური საბჭოს“ წევრი დავით სიხარულიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არის თუ არა გათვალისწინებული თავდაცვის ბიუჯეტის 5-წლიან პერიოდში თანმიმდევრული ზრდა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით იმ პირობებში არის აქტუალური, როდესაც დღეის მდგომარეობით, თავდაცვის ბიუჯეტი ადეკვატურად არ პასუხობს იმ უსაფრთხოებას და გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

„როგორც მინიმუმ 15-20% არის მოსამატებელი ბიუჯეტი იმისათვის, რომ არსებული შეიარაღებული ძალები სრულად ეფექტურად გაწვრთნა, მოამზადო და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება იქნას შესაძლებელი. რეზერვის სისტემა თავისთავად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფისათვის. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კონცეფციას და სისტემას მაშინ აქვს ღირებულება და ფასეულობა, თუ ის გამაგრებულია რესურსებით და შესაბამისი გათვლებით.

ამ კონცეფციაზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, აქვს თუ არა ამას შესაბამისი ფინანსური, მატერიალური გათვლები და თუ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი რესურსები. თუკი ამ კონცეფციის განხორციელებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ რამდენი იქნება დამატებული თავდაცვის ბიუჯეტზე, იქნება ეს ერთი წლის პერიოდში თუ 5 წლის პერიოდში.

ამ კონცეფციის აღსრულებას 1 და 2 წელიწადი არ ეყოფა. ეს არის ძალიან სერიოზული სამუშაო, რომელსაც სჭირდება რესურსებით შესაბამისი უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სერიოზული ფინანსური რესურსების დამატება. ამასთანავე, საჭიროა ადამიანური რესურსების გათვლაც. ეს არის ქვაკუთხედი ყველა კონფეციის წარმატების“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.