პრემიერი გადადგომას „გადარჩა“

პრემიერი გადადგომას „გადარჩა“

კონკურენციის სააგენტომ სწორედ ის საკითხი გააბათილა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა დააანონსა - როგორც ცნობილია, კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა კომპანიებთან მიმართებაში მოკვლევა დაიწყო.

როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ოთხი ტენდერი ჩატარდა რეანიმობილების შემოსაყვანად და ოთხივე ტენდერი ჩაიშალა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრების გამო.

„სასწრაფო სამედიცინო მანქანებთან დაკავშირებით 2016 წლის შემოდგომაზე შემოვიდა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი, რომელზეც 2016 წლის 23 დეკემბერსვე უარი ეთქვა განხილვაზე. მათ მიიღეს ეს უარი და არ გაასაჩივრეს, შესაბამისად, ის შევიდა კანონიერ ძალაში. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებზე დაწესებული იყო ე.წ crash test.

როგორც ხადური აღნიშნავს, ეს საკითხი არის ტექნიკური და სცილდება კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციას, მაგრამ crash test-ის დაწესებით არ შეზღუდულა ბაზარზე მონაწილე კომპანიის რაოდენობა.

ხადურის ინფორმაციით, „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრები შეეხებოდა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, ბაზარზე არსებულ მორგებულ პირობებს და ა.შ. ამის შემდეგ, სატენდერო კომისიამ ეს ე.წ crash test მოხსნა სატენდერო პირობებიდან.

„როდესაც გამოცხადდა მეხუთე ტენდერი, საერთოდ არავინ მიიღო მონაწილეობა. მეექვსე ტენდერში გამოცხადდა რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთმა მათგანმა ავტომობილები შემოიყვანა 16%-ით უფრო იაფად, ვიდრე სატენდერო ფასი იყო. ეს კომპანია არ ყოფილა ბატონ ხეჩიკაშვილის. ანუ გაიმართა კონკურენტული ბრძოლა და კომპანიამ ბაზრის კვლევით დადგენილ ფასზე 16%-ით უფრო იაფად შემოიყვანა მანქანები“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

საპარლამენტო უმრავლესობა, როგორც ჩანს, აღაფრთოვანა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებამ - ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე ყურადღებას „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. როგორც გეგიძე აცხადებს, აქედან გამომდინარე, გაბათილდა საკითხი, რაზეც შეიძლება პრემიერ-მინისტრს პასუხისმგებლობა აეღო.

„პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი ავტომატურად დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - აცხადებს გეგიძე.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, არავითარი საფუძველი არ აქვს, რომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანოს.

კაკულიას თქმით, ის კონკურენციის სააგენტოს საქმიანობას ნდობას უცხადებს, რომ „მათგან მაღალი ხარისხის სიმართლეს მიიღებს“.

„გასათვალისწინებელია რასაც კონკურენციის სააგენტო ამბობს, რომ გონივრული ეჭვიც კი, რომ მოკვლევა დაიწყონ, მათ არ აქვთ. სააგენტოს პროფესიონალი ადამიანი ხელმძღვანელობს. ისინიც ნელ-ნელა იხვეწებიან. ის ფაქტი, რომ აპირებენ გააგრძელონ მოკვლევა და კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ სიმართლე დადგენილი იქნება ყველა მაღალი სტანდარტით“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

თუმცა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე თვლის, რომ კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ხოლო მისი გადაწყვეტილება რეალურად, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

გოცირიძის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ კონკურენციის სააგენტო შესყიდვების სფეროში კარტერული გარიგებების საკითხს შეისწავლის, რადგან, რეალურად, მოხდა საკითხის გადავადება და მისი აქტუალურობის შემცირებისთვის დროის მოგება.

„ამ საქმეში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით კარტერულ გარიგებაზე. კონკურენციის სააგენტოს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი უნდა მიეღო, ამის ნაცვლად სააგენტო მთავრობას და იმ სტრუქტურებს გადაეფარა, რომელიც არის ეჭვმიტანილი კონკურენციის კანონის დარღვევაში. სააგენტომ მოკვლევა მაინც დაიწყო და ამით არც მწვადი დაწვა და არც შამფური“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.