„ბახალას“ საქმეში უფრო დიდი ინტერესებია ჩართული, ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია ნარკოტრაფიკთან“

„ბახალას“ საქმეში უფრო დიდი ინტერესებია ჩართული, ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია ნარკოტრაფიკთან“

როგორ მოხდა ისე, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა და ნარკოდანაშაულში ბრალდებულს მხარი დაუჭირა; ვისი სისუსტეა სახეზე, საზოგადოების თუ კანონმდებლობის და რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების წყალობით ნარკომანიის მხარდამჭერ აქციას ვიღებთ - ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე: მგონია, რომ აქციის მონაწლეთა შორის ნარკოტიკების მომხმარებლებიც იქნებოდნენ. სავარაუდოა ისიც, რომ ისტორიის შემობრუნების სურვილი ბევრს შეიძლება ჰქონდეს. ეს ისტორია ორად არის გაყოფილი, ერთი - თავად „ბახალას“ ისტორიაა, მეორე - ნარკოტიკის ტრანზიტის. როგორც ვიცი, ტრანზიტის ამბის განხილვა ჯერ არ დაწყებულა და რამდენადაც ცნობილია, გაცილებით დიდ რაოდენობაზეა ლაპარაკი, ვიდრე 45 აბი სუბოტექსია.

სავარაუდოა, რომ ასეთი ტრანზიტი ვერ განხორციელდებოდა დიდი თანხების მობილიზაციის გარეშე. ამდენად, ვიღაც სხვაც უნდა იყოს ამ ამბავში ჩართული, და თუ ეს ასეა, ალბათ, მის ინტერესშია აქციების მოწყობა და თემისთვის ისეთი ჟღერადობის მიცემა, როგორიც დღეს მიიღო.

გამოდის, იმ მასშტაბის გავლენაზე შეიძლება იყოს საუბარი, რომ მსგავსი აქციის მოწყობა შეეძლოს?

- როდესაც დიდი ფული ტრიალებს და ნარკოტიკის დიდი პარტია დიდი ფულია, ყოველთვის მოიძებნება იმის ძალა და ხერხი, რომ იმ ადამიანების მობილიზება მოხდეს, რომლებიც გულახდილად აპროტესტებენ. ნამდვილად გასაპროტესტებელია ის, რომ ვიღაცას ნარკოტიკი ჩაუდონ, ან ვიღაცას იმაზე მეტი მიუსაჯონ, ვიდრე ლოგიკურად დასაშვებია.

ნარკოპოლიტიკაში თავისთავად, ბევრი ელემენტია მიუღებელი საზოგადოებისთვის, იმის მიუხედავად, ისინი ნარკოტიკის მომხმარებლები არიან თუ არა. ადამიანების მობილიზაცია არ არის პრობლემა, მთავარია, ნაპერწკალი გაჩნდეს და ასეთი ნაპერწკალი გაჩნდა რამდენიმე მხრიდან.

ბევრი ნარკომანი დაუკავებიათ, მაგრამ აქცია არ გამართულა, როგორც ჩანს, ეს განსაკუთრებით სერიოზული საქმეა და ამიტომაც მიიღო ასეთი მასშტაბი - არა მხოლოდ მოხმარებას, პრობლემა ნარკოტიკის გადმოტანასაც ეხება.

გარდა ამისა, პრობლემის განზოგადებაც მოხდა. ვიცით, რომ ხელისუფლება აპირებს კანონმდებლობის დახვეწას - ეს კონკრრტული შემთხვევა და პრობლემა, რაც არსებობს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ურთიერთკავშირშია? - ამ მიმართულების განხილვაც შეიძლება?

- ახლა ვსაუბრობთ არა ნარკოპოლიტიკაზე, არამედ იმ ხმაურის იმ მასშტაბზე, რაც ამ კონკრეტულმა საქმემ მიიღო და ვფიქრობ, მასშტაბური იმიტომ გახდა, რომ უფრო დიდი ინტერესებია ჩართული ვიდრე ის, იღებს თუ არა „ბახალა“ ნარკოტიკებს.

ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია ნარკოტრაფიკთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტრანზიტში არიან ჩართული. ეს არ იქნება ერთი ადამიანი და როგორც წესი, საერთაშორისო მასშტაბებზე გადის ხოლმე. ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, თურქეთზეც იყოს ლაპარაკი, რადგან ითქვა, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა და შესაბამისი ფოტომასალაც არსებობს - ეს ამბავიც მხოლოდ „ბახალას“ დაკავებით არ დაწყებულა.

შეიძლებოდა მტკიცებულებების გასაჯაროებაც, ან რაიმე განმარტებების გაკეთება გამოძიების მხრიდან...

- ჩემი ასახსნელი ნამდვილად არ უნდა იყოს, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - დალაგებული და გასაგები ვერსია იმ უწყებებმა უნდა დადონ, რომელსაც ეს ეხება. პიარი არ ვარგაო ვამბობთ, მაგრამ პიარი არაფერ შუაშია, უვარგისია ინფორმაციის მიწოდების ფორმა მოსახლეობისთვის, რაც პიარის ერთ-ერთი ფუნქციაა. იმ ინფორმაციის მიღმა რაც გასაჯაროვდა, იკითხება, რომ ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ერთი კონკრეტული პირის მიერ ნარკოტიკის მიღება-არმიღებაა.

ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მეორე საქმის განხილვის დროს გამოიკვეთებიან, წინასწარ ცდილობენ, გარკვეული, დამცავი ფარი გაიკეთონ „ბახალას“ საქმით.

არასამთავრობო სექტორიც ცდილობს, რომ კონკრეტული შემთხვევები განაზოგადოს, მაშინ, როცა ხელისუფლება ისედაც აპირებს ნარკოპოლიტიკის გადახედვას. პრობლემა იმაზე გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თუ არასამთავრობო სექტორი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გრანტისგამართლებასცდილობს?

- ყველა ამბობს, რომ თუ არ იარსებებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ნარკომანებს უმკურნალებენ, მაშინ მხოლოდ კანონმდებლობის შემსუბუქება ნარკომანიას არ შეამცირებს. თუკი მოთხოვნა მხოლოდ შემსუბუქებაა, არ ვიცი - არასამთავრობო სექტორისგან იმისი დაბეჯითებით მოთხოვნაც არ მომისმენია, რომ ინფრასტრუქტურა მომზადდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ თემა ნარკომანიის ლეგალიზებაა და არა ნარკომანიის პრობლემის მოგვარება. ეს აჩენს იმ ვერსიას, რაღაც სხვა ხომ არ იმალება ამ მოთხოვნაში.

არასამთავრობოების რეტინგები რომ კეთდებოდეს, ვნახავდით, რომ საზოგადოება მათ საკმაოდ ცუდი თვალით უყურებს, არადა ეს არის ერთ-ერთი წამყვანი სექტორი ევროპაში. ძალიან დასანანია, თუ არასამთავრობოების დევალვაცია მოხდება ხალხის თვალში, თუმცა ძალიან ხშირად, თავადვე აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ხელს უწყობს მათი იმიჯის დაცემას.