თხილის ექსპორტი განახევრდა, ევროპის ბაზარს სულ უფრო ვშორდებით

თხილის ექსპორტი განახევრდა, ევროპის ბაზარს სულ უფრო ვშორდებით

ქართული თხილი და კაკალი საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციებს კარგავს. გარდა ამისა, მოსავალი საგრძნობლად შემცირდა, ხარისიც დაეცა და ფასიც, შესაბამისად, ბოლო წლების მინიმუმზე ჩამოვიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან მთლიანმა ექსპორტმა 2,728 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა 2017 წელს 83,081 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 3% იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის ექსპორტი 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 96,428 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, ეს მაჩვენებელი შარშანწინ 179,510 მილიონი დოლარი და მთელი ექსპორტის 8.5% იყო.

ზოგადად, თხილის დარგისთვის 2017 წელი საკმაოდ მძიმე წელი იყო, რადგან საგრძნობლად შემცირდა მოსავალი. ის, რაც გადარჩა, სამწუხაროდ, მაღალი ხარისხის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. 2017 წელი მეთხილეობისთვის იმდანად რთული იყო, რომ ზოგიერთმა ფერმერმა პალტაციების გაჩეხვა გადაწყვიტა.

„მნიშვნელოვანი ნიშა, რაც ევროპის ბაზარზე ქართულმა თხილმა მოიპოვა, სამწუხაროდ, გარკვეულწილად, დავთმეთ. გარკვეული დრო დაგვჭირდება, რათა ძველ პოზიციებზე დავბრუნდეთ. ადრე არა თუ პოზიციების განმტკიცებაზე, არამედ მის გაფართოებაზე ვსაუბრობდით, ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ძველი პოზიციების დაბრუნებას, დრო დასჭირდება.

შარშან პრობლემა მხოლოდ აზიური ფაროსანა არ ყოფილა, კომპლექსური პრობლემები გვქონდა. ვგულისხმობ თხილის ბაქტერიოზს, სოკოვან დაავადებებს, ზოგადად, ბუნებრივ-კლიმატური პირობებს, იმას, რომ თხილის პლანტაციების უმრავლესობა მოუვლელია, ფერმერები და ნედლეულის სხვა მწარმოებლები აგროწესებს არ იცავენ. ერთი სიტყვით, უამრავმა პრობლემამ მოიყარა თავი და ასეთი მძიმე შედეგი მივიღეთ.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ბევრი კუთხეა, სადაც წელს „აზიური ფაროსანა“ არ გამოჩენილა, მაგრამ თხილი მაინც გაფუჭდა. ამ ადგილებში მოსავალი თხილის ბაქტერიოზმა და სხვადასხვა, სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა“, - განაცხადა საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელია.

ქართული თხილის პოზიციები ევროპის ბაზარზე მნიშვნერლოვნად შეირყა, ხოლო საქართველოში პროდუქტის ფასი მინიმუმამდე დავიდა. ამ ფონზე, თავად ევროპელი ჩინოვნიკები უფრო იმედიანად არიან განწყობილი, ვიდრე ქართველი მეწარმეები.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მკაფიოდ გამოხატული ლიდერია. ქვეყანაში გატარდა მასშტაბური რეფორმები მრავალი მიმართულებით. როგორც კარიმმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წყალობით, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მკვიდრდება.

„ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები გატარდა, განხორციელდა მნიშვნელოვანი ძალისხმევა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, და ეს ძალიან შთამბეჭდავია.

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მასზე ქვეყნის მთლიანი ვაჭრობის ერთი მესამედი მოდის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წყალობით, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე გადის. გვიხარია, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს“, - განაცხადა საჯად კარიმმა.

წელს მავნებლებთან ბრძოლის მიმართულებით მთავრობა მასშტაბური ღონისძიებების გატარებას გეგმას. ამ მიზნით 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. დაიბრუნებს თუ არა ძველ პოზიციებს ქართული თხილი და კაკალი, ეს შემოდგომით გამოჩნდება.