„ბახალა“ 45 აბი სუბუტექსის ქონას  აღიარებს, ენჯეოები მის დაკავებას აპროტესტებენ

„ბახალა“ 45 აბი სუბუტექსის ქონას აღიარებს, ენჯეოები მის დაკავებას აპროტესტებენ

„ყველა ერთისთვის“ - ამ ლოზუნგით მოძრაობა „თეთრი ხმაური“ და არასამთავრობო სექტორი არსებულ ნარკოპოლიტიკას და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დაკავებას პარლამენტის შენობასთან აპროტესტებს. აქციის მონაწილეები მსახიობისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებენ და პარალელურად, შეწყალების პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ მხარდამჭერები მოითხოვენ მსახიობის გათავისუფლებას და პოლიციის იმ თანამშრომლების დასჯას, რომელმაც მას ნარკოტიკი ჩაუდეს. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ვნახოთ რას იტყვის გამოძიება, მაგრამ ამ საქმის გარშემო for.ge-მ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის თანახმად მსახიობი აღიარებს 45 აბი სუბუტექსის ქონას.

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის ოქმი N040240117065–ს თანახმად, გიორგი გიორგანაშვილი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მეთოთხმეტე კილომეტრზე 2017 წლის 25 იანვარს 03:23 საათზე დააკავეს. ოქმში საგამოძიებო სამუშაოების დასრულების დროც მითითებულია – 03:45.

ოქმის თანახმად, დაკავებულის ჩხრეკაში ორი დეტექტივი მონაწილეობდა ისე, რომ პროცესში ტექნიკური საშუალებები არ გამოუყენებიათ. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავების წინადადებაზე, თავისი ნებით წარმოედგინა დაკავებულს ამოსაღები ობიექტი, გიორგანაშვილმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რომელიც მიმდინარეობდა შემდეგ ვითარებაში:

„მშვიდ ვითარებაში, იძულებას ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია ჩხრეკის ოქმში. იქვე აღნიშნულია, რომ დაკავებულის ქურთუკის წინა მარჯვენა გარეთა ჯიბიდან გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში გახვეული მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის 45 ცალი აბი და აბის 4 ნატეხი ჰქონდა. დოკუმენტის ბოლო გვერდზე მითიებული ტექსტის - „პირადი ჩხრეკის ოქმს გავეცანით, იგი გამომძიებლის მიერ შედგენილია სრულად და სწორად. პირი რომელთანაც ჩატარდა პირადი ჩხრეკა“ - შემდეგ გარკვევით არის მითითებული ხელმოწერა გიორგი გიორგანაშვილი“.

მასხიობის ადვოკატი, გიორგი მახარაძეს საკუთარი ლოგიკა სხვა რამეს კარნახობს: ეს არის ჩხრეკის ოქმი და არა აღირება“. „ჩხრეკის ოქმი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს აღიარებას. ეს ოქმი როგორ იქნა შედგენილი, ამას ის გამოძიება გვაჩვენებს, რომელიც ქალაქის პროკურატურაში მიმდინარეობს. გიორგი არ ადასტურებს ნარკოტიკის არსებობას, ეს ნარკოტიკული ნივთიერება არ ჰქონია. ნარკოტიკი მას პოლიციელებმა ჩაუდეს. როგორ შედგა ჩხრეკის ოქმი, ამას იმედი მაქვს მეორე გამოძიება გაარკვევს, რომელიც მიმდინარეობს. როგორც გითხარით, გიორგის ნარკოტიკულ საშუალებასთან შეხება არ ჰქონია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მახარაძე.

მახარაძე იმასაც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პოლიციასთან არ ითანამშრომლა, რადგან „სხვა არ ჩაუშვა, თორემ მშვენიერ საპროცესოს სთავაზობდნენ და ხელი რომ დაედო იმ ვიღაცაზე, გაუფორმებდნენ საპროცესოს და გიორგანაშვილის გვარს ვერ გაიგონებდითო“.

გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურა ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

„არ უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუ ასეთ მძიმე (თუნდაც მსუბუქ) დანაშაულს ეხება? ხან ქუჩის ინსტიტუტი არ გვინდაო გავიძახით, ხან „კაი ბიჭობას ვაწვებით“? რატომ უფორმებდნენ და თანხმდებოდა საპროცესოს, ე.ი. დამნაშავეა? საპროცესო რას ნიშნავს იცის საზოგადოებამ?

ისე, გაიკითხ-გამოიკითხეთ ვინ ვინაა. დოზებშიც კარგად გაერკვიეთ. ახლა ისეთი ფონი შექმნეს, თუ ნარკოტიკების საქმეა, წინასწარ უდანაშაულოდ ითვლება. საინტერესოა, ნარკობარონები და ნარკოსინდიკატები თუ აფინანსებენ საზოგადოებრივ მოძრაობებს, ჯგუფებს, პარტიებს, მედიას, ენჯეოებს? მე კი ვიცი, რასაც აკეთებენ, ისე ვსვამ კითხვას, რიტორიკულად.

10%-ით რომ ვიყო დარწმუნებული, რომ რეალიზატორი არ იყო ან ჩაუდეს, აუცილებლად მხარდამჭერ პოსტს დავწერდი. მაგრამ, როცა ადვოკატმა საპროცესოს ფაქტი აღიარა, რაღაზე ვსაუბრობთ? ამავე დროს მიუღებელია ღია მოწოდებები და მუქარები, რომლებსაც მხარდამჭერები აჟღერებენ და მედია ამ მოწოდებების გასახმოვანებლად ტრიბუნას უთმობს ისე, რომ კითხვებიც არ უჩნდებათ“, წერს სალუქვაძე.