„გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო“, -პლუტარქეს ამ სიტყვებს იშველიებს განათლების მინისტრი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში და მიიჩნევს, რომ ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას მოაზროვნე ადამიანები სჭირდება. ამიტომ ყველა სპეციალობაში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად აქცენტი შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე უნდა გაკეთდეს.
მინისტრის თქმით, გაუქმდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ გამოცდების სისტემა ბევრად უფრო ეფექტური უნდა გახდეს, გამოცდების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს და გამოცდაზე რეალურად მოწმდებოდეს ცოდნა. მინისტრის მოსაზრებით, რასაკვირველია, გამოცდაზე უნდა შემოწმდეს, რამდენად აქვს მოსწავლეს ინფორმაცია მიღებული კონკრეტული საგნის შესახებ, მაგრამ, ამავე დროს, აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი აზროვნების კუთხითაც.
ამასთან, მიხეილ ჩხენკელი აკონკრეტებს, რომ, მართალია, სკოლის გამოსაშვები და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ ცვლილება შეიძლება ორივე ტიპის გამოცდებს შეეხოს. განსაკუთრებით კი - სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
უნდა გაუქმდეს თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები?!
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მინისტრის მიერ ნახსენები პლუტარქეს სიტყვები პირადად მას ისე ხიბლავს, რომ ეს სიტყვები წამძღვარებული აქვს ჯერ კიდევ 25 წლის წინ გამოცემულ ერთ-ერთი პირველი სახელმძღვნელოს დასაწყისში და მას შემდეგ სხვა ყოველწლიურ გამოცემებშიც იმეორებს ამ სიტყვებს.
„ნამდვილად ასეა, გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო“. ამ მხრივ ჩვენი საატესტატო გამოცდები არ ვარგა. რაც დღეს არის, არაფრის მომცემია და ტყუილად იხარჯება სახელმწიფოს დიდძალი თანხა. ამიტომ ოპტიმიზაციაა საჭირო, მაგრამ გამოცდების გაუქმებას მე არ ვემხრობი. პირიქით, მიმაჩნია, რომ უფრო მეტი გამოცდა უნდა იყოს, მათ შორის, მე-4, მე-6, მე-9 კლასების ბოლოს და ეს უნდა იყოს სავალდებულო სახელმწიფო გამოცდები, რათა ცოდნის ხარისხის კონტროლი აწარმოოს სახელმწიფომ. სწორედ ეს უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი სამუშაო და არა გაუთავებელი ბიუროკრატოა და სისულელეები, რითაც ტანჯავენ მასწავლებლებს. პედაგოგებს უნდა მისცენ წესიერი სახელმძღვანელოები და, თუკი ნორმალურ სახელმძღვნელოს მიაწოდებ, მერე მასწავლებელმაც და ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო შეამოწმებს სწავლების შედეგს. ხარისხის კონტროლი აუცილებელია“, - აღნიშნა ზურაბ ვახანიამ.
მისივე განმარტებით, დიდი ხანია, საუბრობენ იმაზე, ხომ არ სჯობს საატესტატო გამოცდები ეროვნულ გამოცდებს შეერწყას. ეს სწორი იდეაა, თუკი გარანტია იქნება, რომ გამოცდები სწორად ჩატარდება, ანუ კორუფციისა და გაყალბების გარეშე. ზურაბ ვახანია მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაციული და პრაქტიკული საკითხია, ამიტომ უჭირს იმის თქმა, რამდენად მოხერხდება გამოცდების სამართლიანად ჩატარება, რადგან CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) საატესტატო გამოცდებზე ძალიან ბევრგან გაყალბება, კარნახი და გადაწერაა. ამდენი სკოლის გაკონტროლება კი ძნელია. როდესაც გაქვს 20 საგამოცდო ცენტრი, ამ ცენტრების კონტროლი უფრო ადვილია, ეროვნულ გამოცდებს შერწყმული საატესტატო გამოცდები კი 200 სკოლაში რომ ჩატარდეს, მისი გაკონტროლება რთული იქნება. (ზოგადად, სკოლების რიცხვი 2000-ია).
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთოდ ვერ ხვდება, რა დანიშნულება აქვს საატესტატო გამოცდებს. მისი თქმით, სახელმწიფო უნდა ეცადოს, მაქსმალურად ხარისხიანი განათლება მისცეს მოსწავლეებს, რასაც ვერ ახერხებს და, საბოლოო ჯამში, ეუბნება მოსწავლეს, რომ ცენტრალიზებულად შეამოწმებს.
„სახელმწიფო ამოწმებს იმას, რაც თვითონ ვერ გააკეთა და იძულებულს ხდის მოსწავლესა და მშობელს, დამატებითი თანხა იხადონ რეპეტიტორებში. ჩემი აზრით, უფრო მეტი ენერგია ეროვნულ შეფასებებზე უნდა დაიხარჯოს, რომ ვნახოთ, სად გვაქვს სუსტი მხარეები და ეს სისუსტეები გამოვასწოროთ სხვადასხვა კლასებში, მათ შორის, დაწყებითი საფეხურიდანაც. ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ მე-12 კლასის ბოლოს აღმოაჩენ, რომ მათემატიკას ვერ აბარებენ შენი მოსწავლეები. ვისი ბრალია ეს? რატომ ვაიძულებთ მოსწავლეებს, დამატებითი ფული იხადონ იმაში, რასაც სახელმწიფო ხეირიანად ვერ აკეთებს?“ - აცხადებს რევაზ აფხაზავა და შეკითხვის საპასუხოდ, უნდა შეერწყას თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდას, განმარტავს, რომ შერწმით ვერ შეერწყმება, მაგრამ რაღაც ახალი სისტემაა მოსაფიქრებელი.
მისი აზრით, წლების განმავლობაში მოსწავლე რა განათლებასაც იღებს, ის საბოლოოდ სადღაც უნდა აისახებოდეს, მე-4 კლასი იქნება, მე-7 თუ მე-8. უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ამოვიღოთ მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისგან, ვიდრე დღეს ჩვენ ამას ვაკეთებთ. დღეს მხოლოდ მეხსიერებას ვუზომავთ ბავშვებს. ამიტომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები არაა მოსაწონი, ეს უნდა იყოს უფრო კომპლექსური შეფასება, რომელიც მაქსიმალურად მრავალმხრივ ინფორმაციას მოგვცემს მოსწავლის შესახებ და არა ის, რომ კონკრეტული დროის მომენტში ტესტში მან სწორად გასცა პასუხი თუ არა.
რევაზ აფხაზავას ნაკლოვანებად მიაჩნია თუნდაც ის, რომ არსად მოწმდება ადამიანის ვერბალური უნარები, რომელიც უმაღლესი განათლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ასევე, არ მოწმდება ანალიტიკური აზროვნების საკითხები და სხვა. შესაბამისად, ეს დამატებითი ტვირთია მშობლებისთვის, რომ რეპეტიტორებთნ ატარონ ბავშვები.